მთავარი,სიახლეები

როცა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ძალიან ცივა

29.01.2017
როცა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ძალიან ცივა

სალომე დუმბაძე, ბსუ-ს სტუდენტი

გუშინ, 28 იანვარს, ანუ შაბათს, ჩვეულებრივ მოვემზადე უნივერსიტეტში წასასვლელად. სიცივე ძვლებში ატანდა არათუ ქუჩაში, არამედ შენობებშიც, მაგრამ ამ სემესტრში ბოლო ლექცია გვქონდა და გაცდენა არც მიფიქრია. ეს ლექცია აქამდე, ძირითადად, ოთხ საათზე გვიტარდებოდა, მაგრამ გუშინ, უბრალოდ, ადრე დაგვიბარა ლექტორმა და ჩვენც 11 საათზე უნივერსიტეტში ვიყავით.

ლექცია ჩვეულებრივზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა, მალევე მოვრჩით სამუშაოს და ლექტორმაც – თავისუფლები ხართო. რადგან გარეთ საშინლად ციოდა, თან თოვდა, ამიტომ გადავწყვიტე დრო არ დამეკარგა და ჩემს კურსელს ბიბლიოთეკაში ასვლა შევთავაზე, ცხადია, სამეცადინოდ. ორშაბათიდან გამოცდები გვეწყება და ახლა ჩვენთვის თითოეული წუთი ძალიან მნიშვნელოვანია… ანუ ჩვენი სტრატეგია იყო ის, რომ ვიდრე თოვა გადაიღებდა, ვიმეცადინებდით.

თითქმის პირველის ნახევარი იყო, როცა ბიბლიოთეკაში ავედით. სამკითხველო დარბაზში, ჩვენდა გასაოცრად, საშინელი სიცივე დაგვხვდა. იქვე იყო წიგნებში თავჩარგული 12-მდე სტუდენტი. ყველა გამათბობელთან იყო მიმჯდარი, მაგრამ სახეზევე ეტყობოდათ, რომ სიცივეზე უფრო ბევრს ფიქრობდნენ, ვიდრე იმაზე, რასაც კითხულობდნენ. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენც  გამათბობელს მივუსხდებოდით… მართალია, ეს გამათბობლები იქეთ იყო გასათბობი, მაგრამ მოვიმარაგეთ წიგნები და მის გვერდით დავსხედით.

ერთ საათსაც კი ვერ გავძელით და წამოვედით. გავიყინეთ და იმიტომ. გზაში ვფიქრობდი ბიბლიოთეკის თანამშრომლებზე: კიდევ კარგი ისინი სამკითხველო დარბაზის სივრცეში არ სხედან-მეთქი. სამკითხველო დარბაზი მათ ოთახს კარებით უკავშირდება, შესაბამისად, ნამდვილად არ ვიცი მათთან არის თუ არა სითბო. იმედია, ისინი მაინც არ სხედან სიცივეში.

გუშინ არ იყო პირველი შემთხვევა, როცა უნივერსიტეტის შენობაში გავიყინეთ. ხშირად სწორედ სიცივის გამო ვერც აუდიტორიებში ვმუშაობთ. ჩვენს უნივერსიტეტში ნამდვილად არსეობს ისეთი აუდიტორიები, რომლებიც კარგად თბება, მაგრამ, მაგალითად, მე-15 აუდიტორიაში მთელი ლექცია გვიწევს ხელების გათბობა. სულ არ ვიქნები გადაჭარბებული თუ ვიტყვი, რომ აცახცახებულები ვისმენთ ამ აუდიტორიაში ლექციებს.

არ ვიცი რატომ არ გვაქვს გათბობა, ვერც ის გავარკვიე, რატომ არ მუშაობს აუდიტორიაში სამიდან ორი გამათბობელი. მე ვცადე, მაგრამ ამის გარკვევა არც ისე მარტივი ყოფილა.

ახლა არ დავიწყებ იმაზე წუწუნს, რამდენად ძვირი გვიჯდება სტუდენტებს ამ უნივერსიტეტში სწავლა და რომ ჩვენ მშობლები ძალიან ბევრს მუშაობენ ამ ფულის შესაგროვებლად. ახლა მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ გათბობა გვჭირდება უნივერსიტეტის შენობაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.