მთავარი,სიახლეები

დეპუტატის შენიშვნას საჯარო მოხელე ზეწოლად არ აფასებს

27.01.2017 • 11430
დეპუტატის შენიშვნას საჯარო მოხელე ზეწოლად არ აფასებს

„მოდით რა, ყველამ მივხედოთ ჩვენს საქმეს. თუ მონიტორინგის განხორციელების სურვილი გაქვთ, მაგის გაკეთება საჯარო მოხელის პოზიციიდან რთულია, მაგას სამოქალაქო სექტორში ყოფნა სჭირდება“, – ასე გამოეხმაურა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ლადო მგალობლიშვილი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ადმინისტრაციული განყოფილების უფროსის, ირინე ურუშაძის კომენტარს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ირინე ურუშაძე მას შემდეგ გამოეხმაურა ლადო მგალობლიშვილს ფეისბუქზე, რაც დეპუტატმა  ვრცელი განმარტებით გააზიარა  „ბათუმელების“ სტატია უმაღლესი საბჭოს ავტომანქანების ხარჯების შესახებ.

16326896_1327064720647918_350599289_o

უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ლადო მგალობლიშვილის მიმართვა ირინე ურუშაძისადმი ფეისბუქზევე შეაფასეს, როგორც მინიშნება და ზეწოლა საჯარო მოხელეზე განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო, რასაც ლადო მგალობლიშვილი არ დაეთანხმა. დეპუტატმა მოგვიანებით გაზიარებული მასალა საერთოდ წაშალა ფეისბუქის გვერდიდან.

როგორ აფასებს ამას თავად ირინე ურუშაძე, რომელიც პროფესიით იურისტია და საჯარო სამსახურში მუშაობამდე არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი იყო? – იგი ამბობს, რომ ლადო მგალობლიშვილს კარგად იცნობს და მისი კომენტარი ზეწოლად არ აღუქვამს, თუმცა, მისი აზრით, აქ სხვა ტიპის პრობლემა იკვეთება:

„იმდენად ზეწოლას ვერ ვხედავ, რამდენადაც იმას, რომ თუნდაც საჯარო მოხელემ თურმე არ შეიძლება აკონტროლოს ხელისუფლება, რომ საჯარო მოხელე არ უნდა იყოს…  კრიტიკულსაც ვერ ვიტყვი, არ უნდა ჰქონდეს საჯარო მოხელეს „ვოჩდოგის“ ფუნქცია, რომ რაღაც თუ არ მოეწონა, თქვას. საჯარო მოხელე სამოქალაქო სექტორის ნაწილია და სამოქალაქო სექტორი მაინც და მაინც „ენჯეოებს“ არ ნიშნავს. სამოქალაქო სექტორი ნიშნავს აქტიურ მოქალაქეებს. აქ უფრო ვხედავ პრობლემას.

ჩემი აზრით, ნებისმიერ მოქალაქეს არათუ შეუძლია [აკონტროლოს ხელისუფლება], არამედ უნდა აკეთოს ეს. მხოლოდ „ენჯეოებმა“ კი არ უნდა აიღონ საკუთარ თავზე ბიუჯეტის კონტროლი, არამედ მთელმა საზოგადოებამ. მითუმეტეს საჯარო მოხელემ, რომელმაც უკეთ იცის რას ნიშნავს ბიუჯეტის ხარჯვა. მე არასამთავრობო ორგანიზაციაშიც მიმუშავია და  საჯარო სამსახურშიც, გაცილებით მეტი იცი, როცა საჯარო სამსახურში ხარ, ტექნიკურად რა ხდება, როგორ იგეგმება, როგორ სრულდება ბიუჯეტი. უფრო კარგად შეძლებს საჯარო მოხელე ამის კონტროლს და უფრო ადვილად იტყვის რა პრობლემებია, რადგან გამოცდილებით იცის, სად რა შეიძლება გაკეთდეს.“

კითხვაზე, სხვა საჯარო მოხელეს როგორ შეეძლო აღექვა უმაღლესი საბჭოს წევრისგან მსგავსი კომენტარი, ირინე ურუშაძე ამბობს, რომ ეს ადრესატზე უფროა დამოკიდებული:

„თუ სხვა საჯარო მოხელე ამას ზეწოლად აღიქვამდა, ალბათ უფრო იმიტომ, რომ თვითონ ექნებოდა რაღაც დამოკიდებულება, თვითცენზურის მსგავსი. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა“.

_________________________________

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ლადო მგალობლიშვილისთვის ბიუჯეტით დაფინანსებული ორგანიზაციის თანამშრომლების მხრიდან კრიტიკული დამოკიდებულება მიუღებელია.

ლადო მგალობლიშვილი

ლადო მგალობლიშვილი

გასული წლის ივნისში ლადო მგალობლიშვილმა, რომელიც მაშინ აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე იყო, საგანგებო ბრიფინგი გამართა  და განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, შაბათს, დასვენების დღეს პედაგოგებისათვის გამართულ ტრენინგზე, სადაც სკაიპით ჩაერთო ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ბათუმელი პედაგოგები თაღლითური გზით მიიყვანეს. მაშინ ერთ-ერთმა პედაგოგმა, რომელიც ამ ტრენიგს ესწრებოდა, „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ სკოლაში ამ ტრენინგზე ყოფნის შემდეგ ახსნა-განმარტებითი ბარათის დაწერა მოსთხოვეს.

„…პრობლემა ყველა ხელისუფლებას აქვს, რადგან ცდილობენ პედაგოგები, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანები თუ ის პირები, რომლებიც საქმიანობენ სახელმწიფოს მიერ დაქვემდებარებულ უწყებებში, გამოიყენონ მათი პოლიტიკური მიზნებისთვის. …ცდუნება აქვს ყველა ხელისუფლებას, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ვერც წინა ხელისუფლების შეცდომებზე ისწავლა მმართველმა გუნდმა და არც საკუთარი შეცდომებიდან მიიღო მაგალითი“ – აღნიშნა მაშინ „ბათუმელებთან“ არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერმა მალხაზ ჭკადუამ „ბათუმელებთან“ ფაქტის შეფასებისას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: