Batumelebi | ასამდე ადამიანი ბათუმის ღამის თავშესაფრებში ასამდე ადამიანი ბათუმის ღამის თავშესაფრებში – Batumelebi
RU | GE  

ასამდე ადამიანი ბათუმის ღამის თავშესაფრებში

ბათუმში მდებარე ღამის თავშესაფრებში ზამთრის დადგომასთან ერთად უსახლკაროთა რაოდენობამ იმატა. ძირითადად ეს ის ადამიანები არიან, ვისაც ღამის გასათევი არსად აქვს და რომ არა ღამის თავშესაფარი, ქუჩაში მოუწევდათ ღამის გათევა.

ბათუმში ამჟამად ღამის ორი თავშესაფარი ფუნქციონირებს. ერთს მუნიციპალიტეტი აფინანსებს, ხოლო მეორეს საქველმოქმედო ორგანიზაცია – „საქართველოს კარიტასი“. ამ თავშესაფრებში მისულ ადამიანებს ცხელი ვახშამი, საწოლი და საუზმე გარანტირებული აქვთ.

საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ დაარსებული ღამის თავშესაფარი ბათუმში 2003 წლიდან ფუნქციონირებს და მეტაქსას ქუჩის #10ა-ში მდებარეობს. ღამის თავშესაფრის ხელმძღვანელი თამაზ მღებრიშვილი ამბობს, რომ ამჟამად მათთან დაახლოებით 28 ადამიანი ათევს ღამეს, მათგან ყველაზე ახალგაზრდა 22 წლისაა, ყველაზე ხანდაზმული კი – 70 წელს მიტანებული.

ღამის თავშესაფარი, რომელსაც „საქართველოს კარიტასი" აფინანსებს

ღამის თავშესაფარი, რომელსაც „საქართველოს კარიტასი” აფინანსებს

„ჩვენთან ზოგი ერთი თვე რჩება, ზოგი – სამ თვეს. უკვე რამდენიმე წელია ჩვენთან მუდმივად მოდის 10-მდე ადამიანი, დანარჩენები კი იცვლებიან. ძირითადად ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც ბინის ან ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, არიან პენსიონერებიც და ახალგაზრდებიც. დღის მანძილზე ეს ადამიანები ძირითადად ქუჩაში არიან და საღამოს მოდიან ჩვენთან. ზოგიერთი ახალგაზრდა მშენებლობაზე მუშაობს, ზოგს პენსია აქვს, ზოგი, რა დასამალია და მოწყალებას ითხოვს,“ – ამბობს თამაზ მღებრიშვილი. მისი თქმით, წელს ღამის გათევის მსურველთა რაოდენობა არც ზაფხულში შემცირებულა, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა:

„30-32 ადამიანზე მეტი არ გყოლია ამ ხანებში. საღამოს 7-ზე ვაღებთ და დილას ვკეტავთ. საღამოს ვახშამი გვაქვს. კვება, აბანო, თეთრეული – ყველაფერია. წამალი თუ სჭირდება, ვცდილობთ ყველანაირად მივაქციოთ ადამიანს ყურადღება. ჯანდაცვის სამინისტროშიც ვიყავით, მინისტრს შევხვდით, თუ ვინმეს რამე პრობლემა აქვს ჯანმრთელობის მხრივ, ოპერაცია სჭირდება ან მკურნალობა, უფასოდ ეხმარებიან. 20 დღის წინ ქალმა გაიკეთა ოპერაცია, რომელიც ჩვენთან ათევს ღამეს. თავშესაფარს საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“ აფინანსებს, სხვა შემომწირველები არ გვყავს, მაგრამ მთავარი დახმარება მთავრობის მხრიდან ის არის, რომ შენობა გადმოგვეცა უზურფრუქტით და ქირას არ ვიხდით.“

თავშესაფარში სულ 40 ადგილია. თამაზ მღებრიშვილი ამბობს, რომ ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, როცა ადგილები არ იყო საკმარისი და საგანგებოდ შლიდნენ საწოლებს დერეფანში, თუმცა მუნიციპალური თავშესაფრის ამუშავების შემდეგ ეს პრობლემა აღარ დგას.

ბათუმის მუნიციპალური ღამის თავშესაფარი ურეხში, ვარშანაძის #74-ში მდებარეობს. თავშესაფარი 2014 წელს გაიხსნა და მას ქალაქის მერია აფინანსებს. თავშესაფრის ადმინისტრირებას კი მერიის აიპი, „სოციალური სერვისების სააგენტო“ ახორციელებს. „სოციალური სერვისების სააგენტოს“ ხელმძღვანელი ბადრი გოგიძე ამბობს, რომ თავშესაფარი სრული დატვირთვით მუშაობდა მთელი ზაფხულის განმავლობაში და ახლაც მზადაა ის ადამიანები შეიფაროს ღამით, ვისაც სახლკარი არ აქვს.

მუნიციპალური ღამის თავშესაფარი ბათუმში

მუნიციპალური ღამის თავშესაფარი ბათუმში

„ამ ბოლო დროს 40-45 ადამიანს შორის მერყეობს იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც ჩვენთან ათევს ღამეს. დილის 7 საათზე მოდიან, დილის ათზე უნდა დატოვონ თავშესაფარი. ვახშამი, დილას – საუზმე, პირადი ჰიგიენური ნივთები, აბაზანა, გათბობა – თავშესაფარი ყველაფრით უზრუნველყოფს მათ. დღეში 13 ლარამდე იხარჯება ერთ ადამიანზე. არიან ისეთი ადამიანები, ვინც ციხეში იჯდა დიდი ხნის მანძილზე, გამოვიდნენ და სახლ-კარი არ გააჩნიათ. ზოგს იპოთეკაში გაუყიდეს სახლი და დარჩნენ გარეთ. თავშესაფარს ძირითადად ერთი და იგივე ადამიანები აკითხავენ, თუმცა ზოგი მოჰყავს პოლიციას, მას შემდეგ რაც დაადგენენ, რომ უსახლკაროა. გარეთ არავის დავტოვებთ. გვყოლია უცხოეთის მოქალაქეებიც, რომელთაც დაკარგეს პასპორტი, ასევე სხვა რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანები. დილის ათ საათზე თავშესაფარი იხურება საღამომდე, რჩება დაცვა და ხდება შენობის დასუფთავება, დეზინფიცირება,“ – ამბობს ბადრი გოგიძე.

ორივე თავშესაფარში ამბობენ, რომ მოსახლეობა თავშესაფრებს პერიოდულად ტანსაცმლით ეხმარება, თუმცა ზამთარში ეს საკითხი უფრო აქტუალური ხდება, რადგან მიუსაფარ ადამიანებს, რომელთა ნაწილი უმეტეს დროს ქუჩაში ატარებს, თბილი ტანსაცმელი ესაჭიროებათ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com