მთავარი,სიახლეები

„ბათუმის ბულვარში“ დასაქმებულთა რაოდენობა 37-ით გაიზარდა

27.01.2017
„ბათუმის ბულვარში“ დასაქმებულთა რაოდენობა 37-ით გაიზარდა

„ბათუმის ბულვარის“ ახალი დებულება დღეს, 27 იანვარს, აჭარის მთავრობამ დაამტკიცა. „სტრუქტურის შეცვლით ბათუმის ბულვარი უფრო ეფექტურად განახორციელებს თავის ფუნქციას,“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

შეცვლილი დებულების მიხედვით, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის 7 სამსახურს კიდევ ერთი სტრუქტურული ერთეული – ადმინისტრაციული სამსახური დაემატება. მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ სამსახურის დამატება პირიქით, შტატების შემცირებას გამოიწვევს და ხარჯები დაიზოგება.

შტატების რაოდენობა სსიპ „ბათუმის ბულვარში“ 94-დან 66-მდე შემცირდა, თუმცა ადმინისტრაციას 65 შტატგარეშე თანამშრომელი ეყოლება. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ეთერ მაჭუტაძე ესაუბრა, „ბათუმის ბულვარის“ დირექტორი.

„მებაღეების რაოდენობა აქამდე იყო მხოლოდ 28 და ეს იყო შტატით გათვალისწინებული… მე ასეთი მუშაობა არ მიყვარს. ამხელა ტერიტორიას 28 მებაღე ვერ მოუვლის. მებაღე ამჯერად მეყოლება 65 და ისინი იქნებიან შტატგარეშე თანამშრომლები, ისინი გამომუშავებით მიიღებენ ხელფასს. ამისთვის მე ბიუჯეტიდან დამატებით არაფერი მომითხოვია“, – აცხადებს ეთერ მაჭუტაძე.

ბულვარის ადმინისტრაციის ახალი დირექტორის თქმით, მოახერხებს ახალი მებაღეებისთვის ანაზღაურების მიცემას. პირველი კვარტლის შემდეგ მონაცემების შეჯერების შემდეგ კი, ეთერ მაჭუტაძე არ გამორიცხავს ცვლილებებს, მათ შორის დაფინანსების კუთხით.

რით არის დასაბუთებული ახალი სამსახურის დამატება? – ამ კითხვაზე „ბათუმელებს“ ზურაბ პატარაძემ სხდომის დასრულების შემდეგ ასე უპასუხა:

„მცირდება ადმინისტრაციული ხარჯები, თქვენ იქნებით მომსწრე ამის, რომ უახლოეს პერიოდში მთავრობის აპარატშიც დაგეგმილია ცვლილებები და იქნება ოპტიმიზაცია, იქნება უფრო მოქნილი სისტემა. უშუალოდ ბულვარის ადმინისტრაციას რაც შეეხება, ბულვარი არის ჩვენი პრიორიტეტი. იქ იქნება ეფექტური მართვა. ადმინისტრაციას ყავს ახალი დირექტორი და მალე ახალი პროექტებიც დაანონსდება“.

მთავრობის თავმჯდომარემ  ბულვარის ადმინისტრაციას ახალ უფროსად ეთერ მაჭუტაძე მიმდინარე წლის 10 იანვარს  წარუდგინა. ბათუმის ბულვარის მართვასა და ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისთვის კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2017 წლისთვის 7 მილიონ 590 ათას 200 ლარი გამოყო.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: