Batumelebi | რა ვითარებაა აჭარის მაღალმთიანეთში რა ვითარებაა აჭარის მაღალმთიანეთში – Batumelebi
RU | GE  

რა ვითარებაა აჭარის მაღალმთიანეთში

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია, დაბებში თოვლის ახალი საფარი ხუთ, მაღალმთიან სოფლებში კი 15-20 სანტიმეტრს აღწევს.

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, სოფიო ხაბაზის ინფორმაციით, ისეთ მაღალ სოფლებში, როგორიცაა უჩხითი და ზუნდაგა, უხვი ნალექის გამო გზები გუშინ გაიწმინდა: „ამ დროისთვის გადაადგილებაში პრობლემა არც ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზეა და არც შიდა სასოფლო გზებზე, ქედის მუნიციპალიტეტში“.

ხულოს გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ ამ დროისთვის თოვამ გადაიღო, გადაადგილების და შუქის მიწოდების პრობლემა მუნიციპალიტეტში არ არის. გუშინ მაღალ სოფლებში 10-15, დაბაში კი 5 სანტიმეტრამდე თოვლი მოვიდა, გავწმინდეთ სხვადასხვა მიმართულებებით სასოფლო გზები. მხოლოდ ერთი პრობლემაა, ტემპერატურის ვარდნასთან ერთად გზები მოიყინა და გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გარეშე არ არის რეკომენდირებული, განსაკუთრებით ბაკი-ბაკოს, ღურტისა და ღორჯომის მიმართულებით“.

სიტუაცია უცვლელია ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაშიც, სადაც 10 იანვარს მეწყერი განვითარდა, რის გამოც მთელ სოფელს საფრთხე ემუქრება.

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელის, ტარიელ ებრალიძის განცხადებით, ამ დროისთვის ბათუმში უფრო დიდია თოვლის საფარი, ვიდრე შუახევის ცენტრში: „შუახევის დაბაში 3, მაღლობში კი 5-7 სანტიმეტრამდე აღწევს თოვლის საფარი, მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის არანაირი პრობლემა არ არის, მოვლენები კონტროლს ექვემდებარება“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი