მთავარი,სიახლეები

მწვანე კონცხზე უნივერსიტეტის შენობას, სავარაუდოდ, ივანიშვილი ყიდულობს

24.01.2017
მწვანე კონცხზე უნივერსიტეტის შენობას, სავარაუდოდ, ივანიშვილი ყიდულობს

აჭარის მთავრობა მწვანე კონცხზე ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის ორ შენობას [3239,62 კვ.მ და 4912,07 კვ.მ] და მათზე დამაგრებულ ფართობს [ჯამში 13 640 კვ.მ] პირობადებული აუქციონით ყიდის. ამ შენობებიდან ერთი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსია [თუმცა, სასწავლო პროცესი აქ აღარ მიმდინარეობს], მეორე კი ამავე უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი.

ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის შენობა. მწვანე კონცხი.

ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის შენობა. მწვანე კონცხი.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქონების საწყისი ფასი 4 მილიონ 500 ათასი ლარია. შესაბამისად, საწყისი ფასის მიხედვით, ინვესტორს 1 კვ/მეტრ მიწის ნაკვეთში 330 ლარის გადახდა მოუწევს. მაშინ, როდესაც ზღვისპირა ზოლში მიწის საბაზრო ფასი გაცილებით მაღალია.

რაც შეეხება პირობებს, ამჯერად სამინისტრო ქონების საფასურის ნაწილის ჩარიცხვას [სამი მილიონი ლარი] ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტში ითხოვს. დარჩენილი თანხა კი მყიდველმა აჭარის ბიუჯეტში უნდა შეიტანოს. გარდა ამისა, მყიდველმა უნდა აიღოს ვალდებულება, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი წლის ვადაში, საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე არანაკლებ ხუთი მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

რუსთაველის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი მწვანე კონცხი.

რუსთაველის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი მწვანე კონცხი.

მწვანე კონცხზე საქართველოს ყოფილი პრემიერის – ბიძინა ივანიშვილის პროექტის ე.წ. „პანორმა ბათუმის“ შესაძლო განხორციელებაზე არაოფიციალურად საუბრობენ. ერთ-ერთი ინფორმირებული პირი, რომელიც საჯაროდ თავისი ვინაობის დასახელების წინააღმდეგია, ამბობს, რომ ტერიტორიის ყიდვას სწორედ ბიძინა ივანიშვილი აპირებს. ივანიშვილის მწვანე კონცხთან დაკავშირებული გეგმების შესახებ “ბათუმელები” აქამდეც წერდა.

ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის შესასვლელ ჭიშკარზე ადრე პატარა დაფა იყო გამოკრული წარწერით: „მწვანე კონცხი, ბოტანიკური ბაღის ზედა შესასვლელის მიმდებარედ სასტუმრო კომპლექსი 300-320 ნომერზე“. აქ მშენებლობა უკვე დაწყებულია და დაფაც შეცვლილია. ახალი საინფორმაციო დაფა გვაუწყებს, რომ აქ „Magnolia – Resort & SPA“ შენდება.

საინფორმაციო დაფა მწვანე კონცხზე

საინფორმაციო დაფა მწვანე კონცხზე

მიმდინარე მშენებლობა უნივერსიტეტის ყოფილ ტერიტორიაზე. მწვანე კონცხი

მიმდინარე მშენებლობა უნივერსიტეტის ყოფილ ტერიტორიაზე. მწვანე კონცხი / ფოტო: თედო ჯორბენაძე

აგრარული უნივერსიტეტის შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნის პროექტზე პირველად აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ გაახმოვანა. არჩილ ხაბაძე ამბობდა, რომ სანაცვლოდ უნივერსიტეტი მიიღებდა ჩაქვში მდებარე უმაღლესი საბჭოს შენობას, უმაღლესი საბჭო კი სამუშაოდ ბათუმში დაბრუნდებოდა.

აუქციონის ბიჯი არის 100 ათასი ლარი. აუქციონი 3 თებერვალს, 17:00 საათზე დასრულდება.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: