მთავარი,სიახლეები

დეპუტატის „წამოცდენა“ და „დაბოღმილი“ სამოქალაქო საზოგადოება

28.01.2017 • 4208
დეპუტატის „წამოცდენა“ და „დაბოღმილი“ სამოქალაქო საზოგადოება

ტარიელ ცეცხლაძე, ჟურნალისტი 

ამ დღეებში უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ლადო მგალობლიშვილმა ფეისბუქზე სტატუსი დაწერა უმაღლესი საბჭოს დეპუტაციის მხრიდან დახარჯულ დიდი რაოდენობით საწვავზე და არგუმენტები მოიყვანა, თუ რატომ ხარჯავს ერთი დეპუტატი თვეში 400 ლიტრ საწვავს. არგუმენტები, ვაი, რომ არ იყო საფუძვლიანი. ის, რომ აჭარის საკანონმდებლო ორგანო ქალაქიდან 15 კილომეტრშია და დეპუტატებს დღეში შეიძლება რამდენჯერმე მოუწიოთ ჩაქვი-ბათუმის გზაზე სიარული, სულაც არ ნიშნავს, რომ თვეში ერთ დეპუტატს 400 ლიტრი საწვავი უნდა მივცეთ და 3000-დან 5000 ლარამდე ხელფასი გადავუხადოთ, 

ეს არაფერი, საწვავის თემასაც მარტივად გადავიტანდით, რომ არა მანქანების თემა. 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატების უმრავლესობას “მიცუბიში აუტლენდერები” ემსახურება. ძალიან მაგარი მანქანებიაო ვერ ვიტყვით, მაგრამ საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის ნამდვილად კარგია. ჩვენ, ვინც ვმუშაობთ უმაღლესი საბჭოს თემაზე, კარგად ვიცით, რომ ეს მანქანები შესაკეთებელია ან გამოსაცვლელია, რიგ შემთხვევაში სიძველის, დეპუტატების მხრიდან ცუდი მოპყრობის («ჩემი არაა და სახელმწიფო მაინც შეაკეთებს») ან სხვა ტექნიკური მიზეზების გამო. თუმცა ყიდვის ან შეკეთების შემთხვევაში უნდა დაუსაბუთო გადასახადის გადამხდელებს, რატომ არის საჭიროება და რატომ აჯობებს ერთჯერადად გაიღოს სახელმწიფომ შედარებით მეტი ხარჯი, ვიდრე რამდენიმე წლის მანძილზე.

თუმცა ვალდებულება, რომ აუხსნა ამომრჩეველს, ამას რატომ აკეთებ, იმ შემთხვევაში გექნება, თუკი იგრძნობ, რომ შენ ხარ არჩეული დეპუტატი და არა რჩეული. ჩვენთან კი ჰგონით, რომ ისინი რჩეულები არიან და, შესაბამისად, მოქალაქეების მიმართ ანგარიშვალდებულების გრძნობა არ აქვთ. 

ესეც «არაფერი», მაგრამ როცა დეპუტატი საჯარო სივრცეში საკუთარი კრიტიკული პოზიციის გამოხატვის გამო საჯარო მოხელეს, რომელიც არა პირდაპირ, მაგრამ ირიბად მის დაქვემდებარებაშია, უზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, აი, აქ კი უკვე განგაშის სიგნალი უნდა ჩაირთოს. 

თუკი ავტოპარკის განახლებას გადავწყვეტთ, ეს თქვენთან შეთანხმებას არ საჭიროებს“,  ეს არჩეული დეპუტატის სიტყვებია, რომელიც საჯარო მოხელეს, სამოქალაქო საზოგადოებას თუ უბრალო მოქალაქეს გვეუბნება. ჩვენ არავინ გვეკითხება ჩვენს მიერ გადახდილი თანხით რას იზამს დეპუტატი. მისი ნებაა ივლის პრადოთი თუ ჰამერით. ფეხით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გავლა ხომ არავის უნდა. ყველას უნდა ბოლომდე მიიღოს სიამოვნება 4-წლიანი მანდატით და აღარავინ ფიქრობს, რა მოხდება 4 წლის მერე. 

კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა ისაა, რომ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი არასამთავრობო სექტორიდან ხელისუფლებაში გადასულ, დღეისთვის საჯარო მოხელეს ეუბნება: „თუ მონიტორინგის განხორციელების სურვილი გაქვთ, მაგის გაკეთება საჯარო მოხელის პოზიციის სურვილიდან რთულია, სამოქალაქო სექტორში ყოფნა სჭირდება“. ვითომც არაფერი, ხომ? არადა ეს გზავნილია. რიგითი მოქალაქეები, ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბიზნესმენი და საჯარო მოხელეები – ყველა ვქმნით სამოქალაქო სექტორს. 

რატომ არ შეიძლება საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანს ჰქონდეს კრიტიკული დამოკიდებულება ვინმეს ან რაიმეს მიმართ? მონური მორჩილება აუცილებელი მოთხოვნაა საჯარო მოხელის შერჩევისას?

ამ კონკრეტულ შემთხვევაში ის საჯარო მოხელე საფრთხის ქვეშ არაა. თუკი სამუშაოდან გაუშვებენ, ეს უფრო სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი კადრის დაკარგვის პრობლემა იქნება, ვიდრე იმ მოხელის უმუშევრად დარჩენა, თუმცა ეს კომენტარი, ალბათ, უფრო სხვა მიზანს ისახავდა. საჯარო მოხელეები, რომლებიც ამ კომენტარს წაიკითხავდნენ, მიხვდებოდნენ, რომ მათთვისვე აჯობებს ჩუმად იყვნენ, ვიდრე საკუთარი პოზიცია ან აზრი ჰქონდეთ.

აქამდე არ მივიდოდა საქმე თუკი იგრძნობდნენ, რომ დეპუტატები არიან არჩეულები და არა რჩეულები. ალბათ უპრიანი იქნება ორივე მხარე არგუმენტებით საუბრობდეს და განსხვავებული აზრის მქონეს დაუსაბუთო, რომ არ არის სწორი, მაგრამ ისევ მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულებამდე მივდივართ, რაც ჩვენთან უცხო ხილია. 

კიდევ იცით რა განაცხადა დეპუტატმა? – ვინც დეპუტატებსა და მთავრობას აკრიტიკებს დაბოღმილები ხართო.

ვინც ხელფასებზე, პრემიებზე და მანქანებზე და მსგავს რამეებზე პრეტენზიას გამოხატავს, ჩემი მოკრძალებული აზრით აქ ძირითადად არის შურის მომენტი. ადამიანები დაბოღმილები არიან, რომ თვითონ არ არიან მსგავს პოზიციებზე, არ აქვთ მსგავსი ხელფასი და ასე შემდეგ და აპროტესტებენ გამწარებულები ამ ყველაფერს, მაგრამ საკმაოდ კარგად ნიღბავენ თითქოს ბიუჯეტის ხარჯვის შემცირება აინტერესებთ“.

ანუ, ვისაც გვაქვს კითხვა, რატომ ხარჯავს დეპუტატი ბათუმიდან ჩაქვამდე სიარულში თვეში 400 ლიტრ ბენზინს, რა დამსახურებისთვის იღებს სახელფასო დანამატს, რა მიზნით დადის უცხოეთში მივლინებაში, პასუხად გვეუბნებიან, რომ ბოღმიანები ვართ. და ეს ბრალდება იმ საკანონმდებლო ორგანოს მხრიდანაა, რომელსაც ბოლო ოთხ წელიწადში 20 მილიონზე მეტი აქვს დახარჯული და არც ერთი კანონი არ აქვს მიღებული. 

ზოგი იტყვის, რა მოხდა, ფეისბუქზე რაღაც დაწერა დეპუტატმა, არ ღირს ყურადღების გამახვილებადო. არადა, ასეთი წამოცდენა უფრო მეტად გულწრფელია და მხოლოდ ამ ერთი დეპუტატის პოზიციას არ წარმოადგენს. ფეისბუქი კი კარგა ხანია საჯარო სივრცეა და ისეთივე ძალა აქვს, როგორც მედიას, თუმცა ალბათ ბევრისთვის იგი კვლავაც პრივატულ სივრცედ რჩება, შესაბამისად, ადამიანების გულახდილობის ხარისხი ფეისბუქკომენტარში უფრო მაღალია, ვიდრე კამერების წინ, როცა პოლიტიკოსები უფრო მოზომილები და არაგულწრფელები არიან. 

ეს პრობლემები ახალი არაა. ყოველთვის იგივე დამოკიდებულება ჰქონდათ რჩეულ დეპუტატებს. ჩვენ კი, ვინც დაბოღმილებად კიდევ ერთხელ მოგვნათლეს, დროა რეალობას გავუსწოროთ თვალი – ჩვენ წრეზე ვტრიალებთ, მოდიან ახალი დეპუტატები ძველი მიდგომებით. მთავარია, არ დავკარგოთ შეგრძნება, რომ ხელისუფლება ეკუთვნის საზოგადოებას და არა საზოგადოება ხელისუფლებას.  

გადაბეჭდვის წესი


ასევე: