ბათუმის თოვლისგან გაწმენდა დაიწყეს

ბათუმში დღეს დილიდან თოვს.

ბათუმის მერის განცხადებით, თოვლის მოსვლასთან დაკავშირებით ქალაქში გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაიწყო. მობილიზებულია შპს „სანდასუფთავების“ და შპს „ბათუმის წყლის“ მობილური ჯგუფები. მერიის ოფიციალური განცხადების თანახმად, იწმინდება სანიაღვრე ჭების ცხაურები და ზღვაში გამსვლელი ყველა არხი. გამწვანების სამსახურმა უკვე დაიწყო ხეების თოვლის საფარისგან გათავისუფლების ღონისძიებები.

წელს ქალაქის მერიას 300 ტონა ტექნიკური მარილი აქვს შესყიდული. ბათუმის მერის მოადგილის, ბაგრატ მანველიძის თქმით, ქალაქის ბიუჯეტში დამატებითი საჭიროებებისთვსი 600 000 ლარია გათვალისწინებული.

ამავე თემაზე:

როგორ ემზადება მერია ზამთრისთვის

„ეტალონი 2017“ ქედის გამგეობას 2 900 ლარი დაუჯდა

დღეს, 26 იანვარს, ქედის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლაში „ეტალონი 2017“  ჩატარდა. ინტელექტუალური თამაშის ჩასატარებლად ქედის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2900 ლარი დახარჯა.

ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, მამუკა ფარტენაძის თქმით, 2 900 ლარიდან 1000 ლარი ინტელექტუალურ ღონისძიებაში პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეებს შეხვდა. პირველ ადგილზე გასულ მონაწილეს 500, მეორე ადგილზე გასულს – 300 ლარი, მესამე ადგილზე გასულს კი 200 ლარი გადაეცა. რაც შეეხება დანარჩენ 1 900 ლარს, მამუკა ფარტენაძემ თქვა, რომ ამ თანხასთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებს.

სასპორტო სკოლაში დღეს ჩატარებულ ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობა ქედის საჯარო სკოლების 79 მოსწავლემ მიიღო.

ქედის ეტალონი მოსწავლე პირველ მაისის საჯარო სკოლის მოსწავლე მაკა გოგუაძე გახდა.

 

საქართველოს საგარეო ვაჭრობა რიცხვებში [ინფოგრაფიკა]

საქსტატის 2016 წლის წინასწარი მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ [არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე] 11 966 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 20 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 2114 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს [4 პროცენტით ნაკლები], ხოლო იმპორტი 9852 მლნ. აშშ დოლარს [27 პროცენტით მეტი].

2016 წელს, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, რამაც 312 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 15 პროცენტი შეადგინა. თხილის ექსპორტი – 179 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 9 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე ფეროშენადნობების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 169 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2016 წელს სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 2892 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 29 პროცენტი შეადგინა. აქედან, C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი 2619 მლნ. აშშ დოლარია. მეორე ადგილზე იყო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი 619 მლნ. აშშ დოლარით [იმპორტის 6 პროცენტი]. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 473 მლნ. აშშ დოლარით [იმპორტის 5 პროცენტი].

2016 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 3601 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 571 მლნ. აშშ დოლარი იყო [12 პროცენტით ნაკლები], ხოლო იმპორტი – 3030 მლნ. აშშ დოლარი [20 პროცენტით მეტი].

ხოლო, დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წელს 2721 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა [2015 წელთან შედარებით 3 პროცენტით ნაკლები]. აქედან ექსპორტი 739 მლნ. აშშ დოლარი [12 პროცენტით ნაკლები], ხოლო იმპორტი 1983 მლნ. აშშ დოლარი იყო [1 პროცენტით მეტი].

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში 8 შტატი გაუქმდება და 22 დაემატება

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი სამინისტროში პირველი თებერვლიდან რეორგანიზაციას აანონსებს. რეორგანიზაციის საფუძველზე სამინისტროში ორი ახალი დეპარტამენტი და ერთი ახალი სამსახური შეიქმნება, თუმცა, უშუალოდ სამინისტროში 8 შტატი გაუქმდება. პარალელურად სამინისტრო ქმნის ახალ აიპის, სადაც 22 ადამიანი დასაქმდება. გთავაზობთ ბლიც ინტერვიუს მინისტრ, ლაშა კომახიძესთან.

ბატონო ლაშა, რა ტიპის რეორგანიზაცია იგეგმება სამინისტროში?

სოფლის მეურნეობს სამინისტროს  2017-2020 წლების განვითარების სტრატეგია მოვამზადეთ. ეს სტრატეგიული დოკუმენტი ფარავს ყველ იმ საკითხს, რის გაკეთებაც სამინისტროში საჭიროა. ძველი  სტრუქტურა, პოზიციები და სამინისტროს მოწყობა არანაირად არ ესადაგებოდა ახალ საჭიროებებსა და მიზნებს, სტრატეგიული გეგმიდან გამომდინარე, ჩვენ ვქმნით სამინისტროში ისეთ ახალ ერთეულს, როგორიცაა სოფლის განვითარების დეპარტამენტი ორი – მუნიციპალური და აგრობიზნესის განვითარების განყოფილებით, შეიქმნება პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტი, რომელშიც იქნება პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგის და საინვესტიციო-საგრანტო პროექტების განყოფილებები. ასევე შეიქმნება ახალი სამსახური – აგროპროექტების დაგეგმვისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახური.  რეორგანიზაციამდე არ გვქონდა ისეთი ერთეულები, რომლებიც [თანამშრომლები] პასუხისმგებლები იქნებოდნენ აგრობიზნესთან ურთიერთობაზე,

რამდენი იქნება სამინისტროს საშტატო ნუსხა?  

რეორგანიზაციის შემდეგ სამინისტროში სამი დეპარტამენტი და ერთი სამსახური იქნება. რაც შეეხება შტატებს, ამ ეტაპზე სამინისტროში 68 შტატია, რეორგანიზაციის შემდეგ კი 60 დარჩება, ანუ რვა შტატით მოიკლებს, თუმცა იქნება 22-შტატიანი ერთი ახალი აიპი – „აგროპროექტების მართვის ცენტრი“ და თანამშრომლები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდეგ გამოთავისუფლდებიან, სწორედ ისინი განიხილებიან ახალი აიპის თანამშრომლებად. ამ ხალხს აქვს რამდენიმეწლიანი სამუშაო გამოცდილება და აიპში თითქმის იმავე სამუშაოს შესრულება მოუწევთ. სამინისტრო სამუშაო ადგილებს არ ამცირებს, პირიქით, აიპის შექმნით შტატები გაიზარდა.

რეორგანიზაცია შეეხება თუ არა მუნიციპალიტეტებში არსებულ აგროსერვისცენტრებს?

რეორგანიზაცია აგროსერვისცენტრებსაც შეეხება, მაგრამ არა თანამშრომლების შემცირების ან დამატების კუთხით, არამედ პროგრამული ნაწილი გაიზარდა, ადმინისტრაციული ხარჯები კი შემცირდა.

დაგეგმილ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გაფრთხილებულები არიან თანამშრომლები?

რა თქმა უნდა. ჩვენ სამი თვით ადრე გავაფრთხილეთ ყველა თანამშრომელი.

რეორგანიზაციის პროცესი აისახება თანამშრომელთა თანამდებობრივ სარგოზე?

რეორგანიზაციის შედეგად საერთო სახელფასო ფონდი შემცირდება, რაც თანამშრომლების ოპტიმიზაციამ გამოიწვია. სამინისტროში ადრე ისეთი ბევრი განყოფილება იყო, რომლის საჭიროება არ არსებობდა. განყოფილებებს, შესაბამისად, განყოფილების უფროსები ჰყავდა, განყოფილების უფროსების ანაზღაურება კი გაცილებით მაღალია, ვიდრე მთავარი სპეციალისტის ხელფასი. ასეთი ტიპის ცვლილების ხარჯზე შემცირდება სახელფასო ფონდი.


ვინ აიღო პრემიები აჭარის სამინისტროებში

როგორ იმუშავებს პროდუქციის გაყიდვის ახალი სისტემა მუნიციპალიტეტებში

ჭვანის ბიბლიოთეკას 400 წიგნი გადასცეს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სოციალური კამპანიის – „ეკვილიბრიუმის“ ფარგლებში, სოფელ ჭვანის ბიბლიოთეკას 400-მდე წიგნი გადასცა.

ბსუ-ს ადმინისტრაციის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში, სოფლის ბიბლიოთეკა უნივესრიტეტის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში ჩაერთვება.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქცია – „გაიღე წიგნი“’ გრძელდება. ღია ბიბლიოთეკაში წიგნების შეგროვება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. შეგროვებული ლიტერატურა ხულოს, ქედის, ქობულეთის და ხელვაჩაურის სოფლების ბიბლიოთეკებს გადაეცემა.

უნივერსიტეტის რექტორმა, მერაბ ხალვაშმა, სოფელ ჭვანის ახლად გახსნილ ბიბლიოთეკას კომპიუტერული ტექნიკით და ინვენტარით აღჭურვაც შეჰპირდა.

მოძრაობა  „ეკვილიბრიუმი“ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სოციალური აქციაა, რომელიც რეგიონული ბიბლიოთეკების განვითარებას და წიგნადი ფონდით დახმარებას გულისხმობს.

რუსთაველის უნივერსიტეტმა, ჭვანის ბიბლიოთეკას 400 ცალი წიგნი გადასცა
რუსთაველის უნივერსიტეტმა, ჭვანის ბიბლიოთეკას 400 ცალი წიგნი გადასცა

დაშვებული უნდა იყოს თუ არა ბათუმში გარევაჭრობა? [გამოკითხვა]

დაშვებული უნდა იყოს თუ არა ბათუმში გარევაჭრობა?
თქვენი აზრით, როგორ უნდა მოაგვაროს მერიამ უკანონო გარევაჭრობის პრობლემა?

ამავე თემაზე:

გარევაჭრობა ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე [ფოტორეპორტაჟი]

ხვალ – საჯარო ლექცია ბათუმში განაშენიანების პოლიტიკაზე [ანონსი]

ხვალ, 27 იანვარს, 13 საათზე „ლურჯი ფარი” და საზოგადოება “ბათომი” გიწვევთ საჯარო ლექციაზე –  „განაშენიანების პოლიტიკის საკანონმდებლო და პრაქტიკული ხარვეზები”.

ლექციას წაიკითხავს ანანო ცინცაბაძე – სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების იურისტი, გარემოს დაცვის სამართლის სპეციალიზაციით, რომელიც რამდენიმე წელია სამოქალაქო სექტორში სოციალური უფლებებისა და საჯარო სივრცეების სამართლებრივი დაცვისა და განვითარების მიმართულებით მუშაობს.

ლექციის ფორმატი თავისუფალია, ნებისმიერ მსურველს შეეძლება კითხვის დასმა და დისკუსიაში მონაწილეობა.

მისამართი:  ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, ფარნავაზ მეფის 62-64.

 

 

 

ახალი საბილეთო ელექტროსისტემა მუნიციპალურ ავტობუსებში

მუნიციპალურ ტრანსპორტში საბილეთო ელექტროსისტემა იცვლება. ახალი სისტემით, მგზავრობის საფასურის გადახდა „ლიბერთი ბანკის“ პლასტიკური ბარათების ნაცვლად, ახლა  სპეციალური სატრანსპორტო და „საქართველოს ბანკის“ პლასტიკური ბარათებით იქნება შესაძლებელი.  ყველა მუნიციპალური ავტობუსის ასასვლელში უკვე დამონტაჟებულია ბარათის ახალი ვალიდატორი.

როგორც შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორმა პაატა დუმბაძემ დღეს ბათუმის მერიაში გამართულ პრეზენტაციაზე განმარტა, არსებული სისტემისგან განსხვავებით, თანხის შეტანა ახალ ბარათზე ავტომატურად აისახება. მგზავრობის საფასურის გადახდა წამკითხველთან ბარათის მიტანის გზით ხდება. დადებითი ბალანსის შემთხვევაში ჩნდება შეტყობინება გადახდილი ტარიფისა და დარჩენილი ბალანსის შესახებ, რა დროსაც ეკრანი გამწვანებულია, ხოლო უარყოფითი ბალანსის შემთხვევაში ეკრანი წითლდება.

გადახდა შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“ ყველა უკონტაქტო ბარათით, რომელსაც გააჩნია სატრანსპორტო ფუნქცია (mastercard, solo, visa electron, army და სხვა) ასევე metromoney-ს საშუალებით. 


როგორც ,,ბათუმის ავტოტრანსპორტში“ განმარტავენ, ნულოვანი ან შეღავათიანი ტარიფის უფლებით მოსარგებლე მგზავრების მიერ საკუთარი ბარათის სხვა პირზე გადაცემა დაუშვებელია. ასეთ შემთხვევაში მგზავრი უბილეთო მგზავრობისთვის დაჯარიმდება.

ამ ეტაპზე რაიმე მექანიზმი იმის პრევენციისთვის, რომ ნულოვანი ან შეღავათიანი ტარიფის მქონე ბარათებით მოქალაქეებმა სხვა მგზავრები არ გაატარონ –  არ არსებობს. თუმცა, როგორც  პაატა დუმბაძემ „ბათუმელებთან” საუბარში აღნიშნა, ახალი სისტემის დანერგვის შემდეგ, გათვალისწინებული იქნება ნულოვანი ტარიფის მქონე ბარათების, ერთხელ გატარებიდან – მეორე გატარებამდე გარკვეული დროის ლიმიტი: – „როცა ნულოვანი ან შეღავათიანი ტარიფის მქონე ბარათს გაატარებენ ერთხელ, ამის შემდეგ იქნება გარკვეული შეზღუდვა დროში, დაახლოებით 10- წუთიანი, სანამ ამავე ბარათის მეორეჯერ გატარებას შეძლებს ბარათის მეპატრონე” – თქვა მან.


იმისთვის, რომ მოქალაქეებს არ გაუჭირდეთ ახალ სისტემასთან შეგუება, ახალი ბარათების პარალელურად, შეზღუდული დროით იმუშავებს ლიბერთი ბანკის გადახდის ტერმინალიც. შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის განმარტებით ეს ვადა მაქსიმუმ 5 თებერვლამდე გაგრძელდება – “თუმცა საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ცოტათი კიდევ გადავავადოთ,” – ამბობს პაატა დუმბაძე.

 

მოსწავლეებმა და სტუდენტებმა STUDENT და SCOOL CARD-ის მისაღებად უნდა მიმართონ „საქართველოს ბანკის“ ბათუმის სერვისცენტრებს შემდეგ მისამართზე:
1 მემედ აბაშიძის #58
2 ზუბალაშვილის #18
3 ნინოშვილის #11 (სასტუმრო ,,ინტურისტ პალასი“)
4 ბათუმის აეროპორტი
5 აღმაშენებლის #21
6 ხიმშიაშვილის ქ. (სასტუმრო ,,მარინა”)
7 მემედ აბაშიძის 58ბ
8 მაიაკოვსკის #23
9 რუსთაველის #28 (სასტუმრო ,,შერატონ ბათუმი”)
10 ხიმშიაშვილის ქ. იუსტიციის სახლი
11 რუსთაველის #40 (სასტუმრო ჰილტონი”)
12 ლუკა ასათიანის #10
13 ნინოშვილის #1 (სასტუმრო ,,რადისონ ბლუ”)
სტანდარტული და სხვა შეღავათებით მოსარგებლე კატეგორიებმა უნდა მიმართონ მეტროსერვისის სერვისცენტრს შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, გორგასლის ქ. #55.

გარევაჭრობა ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე [ფოტორეპორტაჟი]

ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვს. მათი თქმით, გარევაჭრობის გამო ქუჩაზე ანტისანიტარიაა. გარემოვაჭრეებს კი ტერიტორიის დატოვება არ სურთ, ისინი ამბობენ, რომ ალტერნატიულ ფართობზე მათთვის ვაჭრობა მომგებიანი არ იქნება. ნახეთ თორნიკე თავაძის ფოტორეპორტაჟი წერეთლის ქუჩიდან.

წერეთლის ქუჩა. თორნიკე თავაძის ფოტო
წერეთლის ქუჩა. თორნიკე თავაძის ფოტო

IMG_1249

წერეთლის ქუჩა. თორნიკე თავაძის ფოტო
წერეთლის ქუჩა. თორნიკე თავაძის ფოტო

IMG_1255 IMG_1258

წერეთლის ქუჩა. თორნიკე თავაძის ფოტო
წერეთლის ქუჩა. თორნიკე თავაძის ფოტო
წერეთლის ქუჩა. თორნიკე თავაძის ფოტო
წერეთლის ქუჩა. თორნიკე თავაძის ფოტო
წერეთლის ქუჩა. თორნიკე თავაძის ფოტო
წერეთლის ქუჩა. თორნიკე თავაძის ფოტო
წერეთლის ქუჩა. თორნიკე თავაძის ფოტო
წერეთლის ქუჩა. თორნიკე თავაძის ფოტო
წერეთლის ქუჩა. თორნიკე თავაძის ფოტო
წერეთლის ქუჩა. თორნიკე თავაძის ფოტო
წერეთლის ქუჩა. თორნიკე თავაძის ფოტო
წერეთლის ქუჩა. თორნიკე თავაძის ფოტო
წერეთლის ქუჩა. თორნიკე თავაძის ფოტო
წერეთლის ქუჩა. თორნიკე თავაძის ფოტო

მახუნცეთის ჩანჩქერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა წელს, პირველ ეტაპზე,  288 125 ლარს დახარჯავს, აქედან 224 355 ლარი დაბა მახუნცეთის კეთილმოწყობას მოხმარდება.

აჭარის ტურიზმის სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, მაღალმთიან აჭარაში ყველაზე მეტი ვიზიტორი ქედის მუნიციპალიტეტში მახუნცეთის ჩანჩქერსა და იქვე არსებულ თამარის ხიდს ჰყავს.

ტურისტების სიმრავლიდან გამომდინარე ქედის გამგეობა დაბა მახუნცეთის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად წელს 224 355 ლარს დახარჯავს, ამ თანხით ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიზე ტურისტული ცენტრი, ავტოსადგომი და საპირფარეშო მოეწყობა. ტურისტული ცენტრი ერთსართულიანი იქნება.

ქედის გამგებლის მოადგილის, გურამ ბერიძის ინფორმაციით, ტურისტული ცენტრი ინტერნეტქსელში ჩაერთვება და აქ მოსულ ტურისტს საშუალება ექნება ისარგებლოს ინტერნეტითა და ტურისტულ მარშრუტებთან დაკავშირებით ადგილზე სრული ინფორმაცია მიიღოს.

დაბა მახუნცეთის კეთილმოწყობის, ტურისტული ცენტრისა თუ ავტოსადგომის  მოსაწყობად ქედის გამგეობამ ტენდერი 20 იანვარს გამოაცხადა. დაბის კეთილმოწყობაზე მაქსიმუმ 35 588 ლარი, ტურისტული ცენტრისთვის – 59 892 და ავტოსადგომის მოსაწყობად 134  875  ლარი დაიხარჯება. გურამ ბერიძის თქმით,  სამუშაოები მახუნცეთში ტურისტული სეზონის გახსნამდე დასრულდება.

„მახუნცეთში, ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიას მახუნცეთის განაშენიანების გეგმის მიხედვით ვაკეთებთ. პირველ ეტაპზე ჩანჩქერის მიმდებარედ ერთი ავტოსადგომი, ხოლო თამარ მეფის ხიდის მიმდებარედ ორი ავტოსადგომი მოეწყობა, ტურისტულ ცენტრში იქნება ინტერნეტკაფე, ერთი საპირფარეშო ჩანჩქერის მიმდებარედ მოეწყობა, ხოლო პარკის მახლობლად არსებული საპირფარეშო გაფართოვდება, განაშენიანების გეგმის მიხედვით გაწერილ სამუშაოებს დაბა მახუნცეთში ეტაპობრივად განვახორციელებთ,“ – ამბობს გურამ ბერიძე.

მახუნცეთში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები შპს „arq-პროექტის“ მიერ დამუშავებული პროექტით განხორციელდება.

დაბა მახუნცეთში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან ერთად კეთილმოეწყობა ზენდიდის ციხესთან მისასვლელი საცალფეხო ბილიკიც. ციხესთან მისასვლელ გზაზე კიბისა და გარე განათების მოსაწყობად ქედის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 63 770 ლარია გამოყოფილი.

მახუნცეთის ჩანჩქერსა და თამარის ხიდს გასულ წელს  120 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.

16251557_1244678315627872_763009245_o
მახუნცეთი. ფოტოები „ბათუმელების“ არქივიდან

16325950_1244669122295458_2134959952_o


XVII საუკუნის ციხეზე მიშენებული სახლი ქედაში

რას ნახავენ ტურისტები მაღალმთიან აჭარაში

400 ლიტრი თვეში ერთ ავტომანქანაზე – საწვავის ხარჯები აჭარის უმაღლეს საბჭოში

აჭარის უმაღლეს საბჭოს, სადაც 21 დეპუტატია, 18 ავტომანქანა ემსახურება. აქედან ორი – უშუალოდ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს , „ტოიოტა კამრი“ და „ტოიოტა ლენ კრუიზერი“. უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, კონსოლიდირებული ტენდერის შესაბამისად, 2017 წელს გასახარჯი საწვავის რაოდენობა 87 000 ლიტრი იყო, რისთვისაც უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტიდან 128 ათას 250 ლარი უნდა დაიხარჯოს.

გასულ წელს უმაღლეს საბჭოში 74 050 ლიტრი საწვავი გაიხარჯა, რაშიც საბჭოდან გამოთხოვილი ინფორმაციით, 103 ათას 595 ლარი დაიხარჯა. ამასთან, შარშან სექტემბერ-ოქტომბერში უმაღლეს საბჭოს კიდევ ერთ, რიგით მე-19 ავტომანქანაზე 1040 ლიტრი საწვავი აქვს გაცემული. ეს ავტომანქანა, როგორც უმაღლეს საბჭოში განაცხადეს, ნაქირავები იყო და ის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს, ჯემალ ფუტკარაძეს ემსახურებოდა.

უმაღლეს საბჭოში ერთ ავტომანქანაზე ლიმიტით მაქსიმუმ 400 ლიტრი საწვავი გაიცემა ერთი თვის განმავლობაში.

გასულ წელს უმაღლესი საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს, ავთანდილ ბერიძეს, წლის განმავლობაში ერთ ავტომანქანაზე [„ტოიოტა კამრი“, სახ. ნომერი: SCA – 001] მთელი წლის ლიმიტი [4 800 ლიტრი]  ნოემბრის თვეში უკვე გახარჯული ჰქონდა. მეტიც, 11 თვეში წლიურ ლიმიტზე 126 ლიტრით მეტი იყო გახარჯული. მიუხედავად ამისა, ამავე ავტომანქანაზე დეკემბრის თვეში დამატებით 265 ლიტრი საწვავი გაიცა. ამ თვეში კი, აღნიშნული ავტომანქანით უკვე ახალი თავმჯდომარე, დავით გაბაიძე სარგებლობდა.

ავთანდილ ბერიძეს მისი თავმჯდომარეობის ბოლო თვეში, გასული წლის ნოემბერში, ყველაზე მეტი საწვავი აქვს გახარჯული – ორივე ავტომანქანაზე 948 ლიტრი. საბჭოდან მოწოდებული ინფორმაციით, თავმჯდომარის ავტომანქანებზე ავთანდილ ბერიძის თავმჯდომარეობის პერიოდში, გასული წლის 11 თვეში, სულ 8 378 ლიტრი საწვავი, ხოლო დეკემბერში, დავით გაბაიძის თავმჯდომარეობისას – 644 ლიტრი საწვავი გაიხარჯა.

უმაღლესი საბჭოს სატრანსპორტო განყოფილების უფროსის, პაატა მანჯგალაძის განმარტებით, თავმჯდომარის ავტომანქანებისთვის გამოყოფილი საწვავის [თვეში 800 ლიტრი, ორ ავტომანქანაზე] რაოდენობის გადათამაშება ხდებოდა თვეების მიხედვით და ამ ავტომანქანებზე ჯამში, წლის განმავლობაში ლიმიტით გათვალისწინებულ ოდენობაზე ნაკლები საწვავი გაიცა.

წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში 11 თვის ლიმიტით გათვალისწინებული საწვავიდან ყველაზე მეტი [თავმჯდომარის გარდა] გახარჯულია ავტომანქანებზე, რომლებიც ემსახურებოდა მაშინდელ დეპუტატებს: ირაკლი ჯაშს  [4395 ლიტრი], მერაბ აბაშიძეს [4393 ლიტრი], თემურ კახიძეს [4116 ლიტრი], ანზორ თხილაიშვილს [4387 ლიტრი], რობერტ ჩხაიძეს [4395 ლიტრი]; ასევე ერთ-ერთ მორიგე ავტომანქანაზე – „გრეიდ ვოლ ვინგლი“, SC502AU – გახარჯულია 4403 ლიტრი საწვავი.

რაც შეეხება ახალი მოწვევის უმაღლეს საბჭოს, გასული წლის დეკემბრის თვეში გაიხარჯა საწვავი შემდეგი ოდენობით [ლიტრი]:

avtooo


2017 წელს უმაღლეს საბჭოში 125 ადამიანზე [წევრების ჩათვლით] ხელფასებში სულ დაიხარჯება 3 მილიონ 464 ათასი ლარი. აქედან:

  • თანამდებობრივი სარგო – 1 943 520 ლარი;
  • პრემია – 24 600 ლარი;
  • დანამატი – 930 080 ლარი;
  • კომპენსაცია [სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელება] – 565 800 ლარი.

გარდა ამისა, წელს, უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტიდან შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებისთვის მთელი წლის განმავლობაში ჯამში 735 200 ლარია გათვალისწინებული, რომელიც ასე გადანაწილდება:

  • ფრაქციების აპარატები – 545 600 ლარი;
  • მაჟორიტარი დეპუტატების წარმომადგენლები – 97 200 ლარი;
  • სხვა შტატგარეშე მოსამსახურეები – 92 400 ლარი.

უმაღლესი საბჭოსთვის წელს აჭარის ბიუჯეტიდან მთლიანობაში 4 მილიონ 846 ათას 800 ლარი დაიხარჯება. აქედან ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვისთვის 226 ათასი ლარია გათვალისწინებული.

საბავშვო ინგლისურენოვანი კლუბი ბათუმის ამერიკულ კუთხეში

უკვე მეორე თვეა, ბათუმის ამერიკულ კუთხეში საბავშვო ინგლისურენოვანი კლუბის შეხვედრები იმართება. ბავშვები აქ ყოველ ყოველ ოთხშაბათს, 16:00 საათზე იკრიბებიან და ამერიკელ მოხალისე ლეა შაპიროსთან ერთად, სხვადასხვა სახალისო და შემეცნებით აქტივობას გადიან, რაც საბოლოოდ მათ ინგლისური ენის შესწავლაში ეხმარება.

ახლა კლუბი 8-10 წლის ოცამდე ბავშვს აერთიანებს და როგორც ამერიკულ კუთხეში გვითხრეს, ახალი წევრების მიღება – კვლავაც შესაძლებელია: “სწრებადობა ძალიან კარგია, ბავშვებიც და მშობლებიც ძალიან დაინტერესებული არიან კლუბით. ყოველკვირეულად ახალ-ახალი აქტივობებია დაგეგმილი, ამიტომ ახალი ბავშვებისთვის კლუბში შემოერთება პრობლემა არ იქნება. სახალისო აქტივობებით ვეხმარებით მათ იმ ბაზის გახსენებასა და განმტკიცებაში, რაც სკოლაში აქვთ მიღებული, ურიგდებათ სავარჯიშოები, რომლებზეც ჯგუფურად და ინდივიდუალურად მუშაობენ”, – ამბობს ამერიკული კუთხის კოორდინატორი სალომე ჟორჟიკაშვილი.

კლუბში ბავშვები უფასოდ მეცადინეობენ.

ბათუმის ამერიკული კუთხე, ვაჟა ფშაველას ქუჩის 21 ნომერში, საჯარო ბიბლიოთეკის შენობაშია განთავსებული.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი 10 ათასი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, ჯემალ დუმბაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ განაჩენი დღეს, 26 იანვარს გამოუტანა. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძის გადაწყვეტილებით, ჯემალ დუმბაძე 10 ათასი ლარის სანაცვლოდ გათავისუფლდა. საქმეზე არსებითი განხილვა არ შემდგარა. ბრალის აღიარების შემდეგ, პროკურატურამ მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმა.

ჯარიმის გარდა, ჯემალ დუმბაძეს ოთხწლიანი პირობითი სასჯელი დაუწესდა. 2 წლის განმავლობაში ის ვერ იმუშავებს საჯარო დაწესებულებებში, ასევე იმ კომპანიებში, სადაც სახელმწიფო წილს ფლობს.

„ბათუმის ინფექციური, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრის“ ხელმძღვანელი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გასული წლის 28 ნოემბერს დააკავა. მას დიდი ოდენობით სხვისი ქონების მითვისება, ან გაფლანგვა ედებოდა ბრალად. თუკი საპროცესო შეთანხმება არ შედგებოდა, მას 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდა.

დაკავებიდან ერთ თვეში ჯემალ დუმბაძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან, 5 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ჯემალ დუმბაძემ იგივე საავადმყოფოში განაგრძო მუშაობა ექიმის პოზიციაზე. 

დარღვევები  ამ სამედიცინო დაწესებულებაში გასულ წელს სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტომ დააფიქსირა. უწყების დასკვნით, გამოვლენილი ფინანსური დარღვევების საფუძველზე საავადმყოფო 206 231 ლარით დაჯარიმდა.

ინფექციურ საავადმყოფოს სოლიდური ოდენობის განაცდურის გადახდაც მოუწია იმის გამო, რომ დირექტორმა ჯემალ დუმბაძემ უკანონო გადაწყვეტილებები მიიღო. გათავისუფლებულ ექიმს, დავით მურვანიძეს საავადმყოფომ 70 ათასი ლარი გადაუხადა. გასული წლის 15 ნოემბერს, ჯემალ დუმბაძეს საქმე სასამართლოში მისმა ყოფილმა იურისტმა, რუსლან ბერიძემაც მოუგო.

შპს „ბათუმის ინფექციური, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრის“ 100 პროცენტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ფლობს. ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურის დაინტერესებამდე, ამ უწყების საქმიანობასა და მისი დირექტორის უკანონო გადაწყვეტილებებზე რეაგირება არ ჰქონია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს. ამ უწყებას ექვემდებარება ბათუმის ინფექციური საავადმყოფო.

საპროცესო შეთანხმებაზე სასამართლ პროცესზე საუბრის დროს, პროკურორმა დავით ჭარბაძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ „ზიანი ანაზღაურებულია“. ადვოკატის, ედიშერის მახარაძის თქმით, ზარალი 26 ათასი ლარი იყო, რაც ჯემალ დუმბაძემ უკვე გადაიხადა. საქმის ზედამხედველი პროკურორი ანზორ უსტიაძეა.

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჯემალ დუმბაძემ „ბათუმელებთან“ კომენტარი არ გააკეთა. ის ინფექციურ სააავადმყოფოში ამჯერად ექიმად განაგრძობს მუშაობას. საქმის დეტალებზე არც მისი ადვოკატი, ედიშერ მახარაძე დაგველაპარაკა.

 

ენმ უნივერსიტეტის შენობის გასხვისებასთან დაკავშირებით სარჩელს ამზადებს

ცოტა ხნის წინ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რევაზ ხარაზმა, უნივერსიტეტის შენობის 4 მილიონ ლარად გასხვისებასთან დაკავშირებით ბრიფინგი მოაწყო და თქვა, რომ პროცესის შესაჩერებლად ისინი სარჩელს ამზადებენ:

“4 მილიონ ლარად ყიდიან უნივერსიტეტის იმ ქონებას, რომელიც ათეულობით მილიონი ლარი ღირს… ჩვენ აუქციონის დღესაც და მანამდეც ვგეგმავთ შესაბამისი სარჩელის მომზადებას, დღესვე წერილობით მივმართავთ ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტროს. იმისთვის რომ გავასაჩივროთ და გავაპროტესტოთ ივანიშვილისა და  უნივერსიტეტის რექტორის ეს მძიმე გადაწყვეტილება, რომელიც ეხება უნივერსიტეტს… უნდა დადგეს ამ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი… სტუდენტებტან ერთად ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს სამუშაოები, ვითხოვთ რომ აუქციონი შეწყდეს და კარგად გააზრებული ნაბიჯებით მოხდეს ეს ყველაფერი. ” – ამბობს რევაზ ხარაზი.

მწვანე კონცხზე ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის შენობის გასხვისებასთან დაკავშირებით, “ბათუმელები” აქამდეც წერდა.  აჭარის მთავრობა მწვანე კონცხზე ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის ორ შენობას [3239,62 კვ.მ და 4912,07 კვ.მ] და მათზე დამაგრებულ ფართობს [ჯამში 13 640 კვ.მ] პირობადებული აუქციონით ყიდის. ამ შენობებიდან ერთი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსია [თუმცა, სასწავლო პროცესი აქ აღარ მიმდინარეობს], მეორე კი ამავე უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქონების საწყისი ფასი 4 მილიონ 500 ათასი ლარია. შესაბამისად, საწყისი ფასის მიხედვით, ინვესტორს 1 კვ/მეტრ მიწის ნაკვეთში 330 ლარის გადახდა მოუწევს. მაშინ, როდესაც ზღვისპირა ზოლში მიწის საბაზრო ფასი გაცილებით მაღალია. სამინისტროს პირობის თანახმად ქონების საფასურის ნაწილი [სამი მილიონი ლარი] ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტში უნდა ჩაირიცხოს.

 

ამავე თემაზე: ბსუ-ს რექტორის განმარტება უნივერსიტეტის შენობის გაყიდვაზე 

სკოლის დირექტორი: საქმისმწარმოებელი, რომელმაც პედაგოგებს სცემა, სკოლას დატოვებს

ხულოში, სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლაში, დღეს არ გამოცხადებულა საქმისმწარმოებელი ინეზა ხარაბაძე, რომელმაც პირველი კლასის მასწავლებელს, კოლეგასა და მეზობელს, დავით ხარაბაძეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მან დავით ხარაბაძეს გაკვეთილზე, ბავშვების თვალწინ, თავში ჯოხი ჩაარტყა, შემდეგ კი სამასწავლებლოში მასწავლებლებს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაამტვრია სკოლის ინვენტარი.

სკოლაში ვარაუდობენ, რომ 27 წლის საქმისმწარმოებლის გაღიზიანების მიზეზი ბიულეტენიდან გამოსული მასწავლებელი, დავით ხარაბაძე გახდა, რომლის ნაცვლადაც ინეზა ხარაბაძე ატარებდა გაკვეთილებს.

ტუნაძეების საჯარო სკოლის დირექტორი ავთანდილ ძირკვაძე ამბობს, რომ  ინეზა ხარაბაძე სკოლას დატოვებს:

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, საქმისმწარმოებელი გავათავისუფლოთ თანამდებობიდან. რადგან მას საათები დროებით ჰქონდა, ამაზეც დისციპლინური წესით საღამოს ბრძანება გამოიცემა. სისხლის სამართლის მუხლითაა საქმე აღძრული, სკოლაში დაზიანებები მიიღეს მასწავლებლებმა და გამოსულია მწყობრიდან სასკოლო ნივთები, კომპიუტერები და სხვა,“ – ამბობს სკოლის დირექტორი.

დირექტორის თქმით, ინეზა ხარაბაძე მეოთხე წელია სკოლაში მუშაობს საქმისმწარმოებლად და მანამდე მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

როგორ მოახერხა საქმისმწარმოებელმა ხუთი პედაგოგის ცემა? დირექტორი ამბობს, რომ პედაგოგები თავს იცავდნენ: „ხელს იფარებდნენ, ზოგი ხუმრობაშიც კი თვლიდა, ისე დაუჯერებელი ამბავი იყო. ხან ჯოხი ეჭირა ხელში, ხან რკინის ბლაგვი საგანი – რაც მოხვდებოდა ხელში. თავიდან მოვიდა ჯოხით, ვიფიქრეთ, რომ ეს მოიტანა დასაბჯენად, რადგან გზა გაყინულია. თურმე თავდასხმას გეგმავდა, ამას ჩვენ ვვარაუდობთ. “

ავთანდილ ძირკვაძე ამბობს, რომ სკოლა ამ ინცინდენტის შეფასებისას ერთიანია: „მთელი სკოლა უნდობლობას უცხადებს, დედამისიც სკოლაში ასწავლის, იმასაც უნდობლობას უცხადებენ, სავარაუდოდ მასზეც დაიწყება დისციპლინური წარმოება, იმიტომ, რომ ინცინდენტის მონაწილეა და მან დირექტორის მოადგილეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. არც მოსულა სკოლაში მას შემდეგ, ბოდიში არ მოუხდია პედაგოგებისთვის.“

კითხვაზე, რატომ ატარებდა საქმისმწარმოებელი გაკვეთილებს სკოლაში ბიულეტენში გასული პედაგოგის ნაცვლად, სკოლის დირექტორი პასუხობს, რომ ეს ხულოში პედაგოგთა დეფიციტითაა გამოწვეული:

„ხანდახან სკოლის დირექტორები იძულებული ვართ, ისეთი ნაბიჯები გადავდგათ, რომ მინიმალურ დონეზე მაინც იყოს სწავლება. ინეზა ხარაბაძეს ოთხი საათი ჰქონდა პირველ კლასში, ხელოვნება და მუსიკა. მას არ უნდა ეფიქრა, რომ შეუნარჩუნდებოდა ეს საათები, საქმისმწარმოებელია, ასეთი შეთანხმება არ ყოფილა.“

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხულოში, სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლაში მომხდარ ინცინდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე მუხლით [ძალადობა] დაიწყო.

ტუნაძეების სკოლაში მომხდარ ფაქტს აჭარის განათლების სამინისტროც სწავლობს. როგორც სამინისტროში უთხრეს „ბათუმელებს“, დღეს ხულოში, ტუნაძეების საჯარო სკოლაში, ვითარებას აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე გაეცნობა.

ვინ მიიღებს სარგებელს სესხის გალარებით

17 მარტამდე ნებისმიერ მოქალაქეს დოლარში აღებული სესხის ლარში გადატანა შეუძლია. ხელისუფლება თავდაჯერებულია, რომ მთავრობისა და ეროვნული ბანკის ეს ერთობლივი პროგრამა ლარის კურსის გამყარებას გამოიწვევს და მოსახლეობა შეღავათს იგრძნობს. რატომ ამბობს  მოქალაქეების უმეტესობა ჯერჯერობით ე.წ. ლარიზაციაზე უარს და რა რისკებს შეიცავს დოლარში აღებული სესხის ეროვნულ ვალუტაში გადატანა? „ბათუმელები“ ფინანსისტს, გიორგი ქათამაძეს ესაუბრა.

ბატონო გიორგი, რა პირობებით სთავაზობენ მსესხებლებს დოლარში აღებული სესხის გალარებას?

მთავარი გზავნილი, რაც მოქალაქეებამდე მივიდა არის ის, რომ მსესხებელს 2015 წლის პირველ იანვრამდე აღებული სესხის გალარება შეუძლია, მაგრამ ამ პროცესს ახლავს სხვადასხვა სახის დაბრკოლება. თუ ფიზიკური პირი რჩება იმავე ბანკში, ეს მისთვის უფრო კომფორტულია: თავისუფლდება დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენისგან, დამატებითი გადასახადებისგან და საკმარისია მხოლოდ მისი განაცხადი ლარიზაციაზე. სესხის სხვა ბანკში გადატანის შემთხვევაში,  მსესხებელმა უნდა წარადგინოს ცნობა სამუშაო ადგილის შესახებ, არადა, შესაძლოა, ადამიანს  შეცვლილი ჰქონდეს სამსახური, აღარ ჰქონდეს იგივე ხელფასი და იმავე რაოდენობით სესხზე ხელმისაწვდომობა აღარ ჰქონდეს. რამდენიმე მომენტია, რის გამოც მსესხებელს ურჩევნია იმავე ბანკში ისარგებლოს ლარიზაციით, ვიდრე სხვა რომელიმე აარჩიოს.

რატომ იკავებენ მოქალაქეები თავს იმავე ბანკში დარჩნენ და დოლარში აღებული სესხი ეროვნულ ვალუტაში გადმოიტანონ?

პირველი არის ის, რომ ბანკმა შესაძლოა კლიენტს შესთავაზოს ისეთი პირობა ლარში, რაც ბანკისთვის უფრო იქნება მისაღები. ეროვნულ ბანკს ლარში გასაცემი სესხისთვის მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი არ დაუწესებია. მაგალითად, თქვენ გაქვთ სესხი აღებული დოლარში 8 პროცენტად, ლარიზაციის შედეგად კი, შესაძლოა ბანკმა შემოგთავაზოთ 13 პროცენტი ლარში და თქვენი ხარჯი იგივე დარჩეს, რის გადახდაც დოლარში გიწევდათ. გარდა ამისა, ეს პროცენტი შეიძლება იყოს მცოცავი, რადგან იგი რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. ეროვნულ ბანკს შეზღუდვები ამ კუთხით არ დაუწესებია.

ამ დროს ბანკებს შორის კონკურენციის მომენტი არ აქტიურდება?

ქართულ საბანკო სექტორში არ ჩანს, რომ გალარების პროცესში კონკურენცია არის მაღალი. ვინაიდან მიმართვიანობა საკმაოდ დაბალია, მცოცავია საპროცენტო განაკვეთი, მიბმულია რეფინანსირების განაკვეთზე და ასე შემდეგ, კონკურენცია არ იგრძნობა. ლარიზაციის პროგრამა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ის მოახდენს პოზიტიურ გავლენას, თუმცა ამ ეტაპზე ჩანს რისკი, რომ მოქალაქეთა ერთი ნაწილი ისევ ამჯობინებს დოლარში დაიტოვოს სესხი.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, სესხის ლარში გადმოტანის დროს, კონვერტაციას ოფიციალურ კურსთან შედარებით 20 თეთრით ნაკლებით იანგარიშებენ ბანკები. ეს ფაქტორი რამდენად მნიშვნელოვანია კლიენტისთვის?

რა თქმა უნდა, ეს არის შეღავათი იმ შემთხვევაში, თუ დოლარი არ გააგრძელებს შემდგომ ზრდას. ეს მდგომარეობა ქმნის კომფორტულ პირობას იმ კლიენტებისთვის, ვისაც მობილიზებული აქვთ სესხის დასაფარი თანხა დოლარში. მას შეუძლია გადაალაროს ეს სესხი მინუს ოცი თეთრით და პირიქით, მოგება მიიღოს. სხვა კლიენტების შემთხვევაში კი, შესაძლოა, ეს 20 თეთრიანი დანაკლისი რეფინანსირების ხარჯზე დაიფაროს ისევ კლიენტის მიერ.

შეუძლია თუ არა მოქალაქეს ლარიზაციის შემდეგ იმავე ვადებით ისარგებლოს, რაც დოლარში აღებული სესხის დროს ჰქონდა?

ბანკების უმრავლესობას ვადები აქვთ ფიქსირებული. ბანკების ერთ ნაწილს მცირე ვადები აქვთ დაწესებული ლარში აღებული სესხის დასაფარად. ესეც ერთ-ერთი პრობლემაა, რაც კლიენტს დისკომფორტს უქმნის, რადგან შესაძლოა ლარში მისთვის მისაღები საპროცენტო განაკვეთით გადმოიტანოს სესხი, მაგრამ მის დასაფარად გაცილებით ცოტა დრო ჰქონდეს და ყოველთვიური ხარჯი შესაძლოა იგივე ჰქონდეს, რაც აქამდე ჰქონდა. ზოგადი პრონციპების მიხედვით, ეს მიუღებელია, მაგრამ ბანკი, რომელსაც ფიქსირებული აქვს ოფიციალურად სესხის ვადა ლარში, ვერ მოერგება მოქალაქეს. მოქალაქე იძულებული ხდება მოძებნოს სხვა, მისთვის ხელსაყრელი ბანკი.

როგორ აისახება ეს პროცესი იურიდიულ პირებზე, მათ შორის, მცირე მეწარმეებზე?

იურიდიულ პირებს ნაკლებად აწუხებთ ეს პრობლემა, რადგან მათ აქვთ საშუალება, ისარგებლონ საბანკო გარანტიებით, რომლებიც არსებობს უცხოურ ვალუტაში. მათ შეუძლიათ ასევე კონვერტაციის ხარჯი საერთო ხარჯებში გაწერონ. ამ ორი ფაქტორით სარგებლობა არ შეუძლიათ მცირე მეწარმეებს, ვისაც სესხი დოლარში აქვთ. მათ არც საბანკო გარანტიები აქვთ და არც ბუღალტერია ხშირ შემთხვევაში ისე მოწყობილი, რომ კონვერტაციის ხარჯები საერთო ხარჯებს მიაბან. ეს პროცესი მცირე მეწარმეების შემთხვევაში ნეგატიურად აისახება.

„ბათუმელები“ ყოველკვირეული გაზეთის ნაცვლად ჟურნალის გამოცემას იწყებს

შპს „გაზეთი ბათუმელები“ 2017 წელს ყოველკვირეული გაზეთ „ბათუმელების“ ნაცვლად ანალიტიკურ, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჟურნალს გამოსცემს.  

მაღალპოლიგრაფიული, 104-გვერდიანი ჟურნალი „ბათუმელები“ თვეში ერთხელ გამოვა. მისი შეძენა შესაძლებელი იქნება ხელმოწერის საშუალებით, ასევე, სტელაჟებსა და ჯიხურებში.

ჟურნალის მიზანია საზოგადოების ყურადღების გამახვილება ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: ადამიანის უფლებები, კორუფცია და ნეპოტიზმი, სიღარიბე, განათლების პრობლემები, ძალაუფლების ბალანსი სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის, ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესების ანალიზი, მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესები და მათი გავლენა საქართველოზე.  

ჟურნალის გამოცემის პარალელურად „ბათუმელები“ წყვეტს ყოველკვირეული გაზეთ „ბათუმელების“ გამოცემას, რომელიც 15 წელი გამოდიოდა. ამ ხნის მანძილზე გაზეთის 621 ნომერი გამოვიდა. არსებობის მანძილზე გაზეთ „ბათუმელებს“ მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის გერმანული ფონდ ცაიტის და ნორვეგიულ გამოხატვის თავისუფლების ფონდის პრემია „პრესის თავისუფლების პრიზი” და პრიზი ორგანიზაციისაგან „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” გაზეთში გამოქვეყნებული საგამოძიებო სტატიების გამო.

ბოლო წლებში მედიის მიმართ იზრდება საზოგადოების მოთხოვნა, მიიღოს კიდევ უფრო მეტი, მისთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაცია, იზრდება იმ მკითხველთა რაოდენობა, რომლებიც ინფორმაციის მიღებას ონლაინმედიით ამჯობინებენ, ამიტომ აუცილებელი იყო 2017 წელს „ბათუმელების“ რედაქციას ერთი მხრივ, ეზრუნა ჰიპერლოკალური ვებგვერდის – batumelebi.ge-ს მუშაობის გაუმჯობესებაზე და მეორე მხრივ, ბეჭდური მედიის ბაზარზე დარჩენილიყო, როგორც სანდო, დაბალანსებული გამოცემა.  

ყოველთვიური ჟურნალის გამოცემა მოგვცემს საშუალებას, ბეჭდური მედიის მკითხველს  მივაწოდოთ საგამოძიებო, ანალიტიკური და ექსკლუზიური მასალები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უკეთესი ხარისხით, ხოლო ვებგამოცემის მკითხველებს შევთავაზოთ შპს „ბათუმელების“ კიდევ უფრო მრავალფეროვანი ჰიპერლოკალური ვებგამოცემა batumelebi.ge.     

უცვლელია ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა –  „ბათუმელები” რჩება კრიტიკულ, მწვავე პრობლემებზე და მოვლენების ანალიზზე ორიენტირებული ბეჭდურ და ვებგამოცემად.  

ჟურნალ „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი იქნება ეთერ თურაძე, ჟურნალში სტატიების მომზადებაზე იმუშავებენ როგორც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“  ჟურნალისტები, ასევე სხვა ავტორები.  

ჟურნალის პირველი ნომერი 2017 წლის პირველ მარტს გამოვა და მისი ფასი 5 ლარი იქნება.

 

აჭარის განათლების სამინისტროს გრანტები სტუდენტებისთვის

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „სტუდენტთა დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში 2016 წელს ჩარიცხულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებისთვის აცხადებს კონკურსს.  სამინისტროში განცხადებების მიღების ვადები განისაზღვრა 2017 წლის 13 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც შემდეგ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ:

  • 2016 წელს ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე;
  • ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და ატესტატი მიიღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში;
  • ბოლო  სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია, ან მეტი 71% -სა;

დაფინანსება ასევე გაიცემა შემდეგი კატეგორიის სტუდენტებზე:

  • სტუდენტები მაღალმთიანი აჭარიდან: ქედა, შუახევი, ხულო;
  • დედით ან მამით ობოლი, უდედმამო;
  • მრავალშვილიანი ოჯახის წევრი: ოთხი და მეტი შვილი;
  • სოციალურად დაუცველი: 100 000 ქულა და ნაკლები.

განცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი შეგიძლიათ განათლების სამინისტროს ვებ-გვერდზე იხილოთ.

ახალი სპორტული კომპლექსი 23 000 კვ/მ ტერიტორიაზე აშენდება

ბათუმში ლეონიძის ქუჩაზე სპორტული კომპლექსი 23 000 კვ.მეტრ ტერიტორიაზე აშენდება. 16 000 კვ.მეტრ შენობაში სხვადასხვა სპორტული სახეობების სექციები – სპორტული ტანვარჯიში;  მხატვრული ტანვარჯიშის დარბაზი;  ბ/რ ჭიდაობის დარბაზი;  თავისუფალი ჭიდაობის დარბაზი;  სპორტული ცეკვების დარბაზი; ჭადრაკის დარბაზი; ტაეკვონდოს დარბაზი; ქართული საბრძოლო ხელოვნების დარბაზი; უნივერსალური ტრანსფორმირებადი დარბაზი; კრივის დარბაზი განთავსდება.

თანამედროვე სტანდარტების სპორტულ კომპლექსში გასახდელები, საპირფარეშოები, დამხმარე და საინვენტარო სათავსოები და სასტუმრო მოეწყობა. შენობას ასევე ღია ავტოსადგომი ექნება. აღნიშნულ ინფორმაციას, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ახალი სპორტული კომპლექსის ესკიზის პრეზენტაცია  სამინისტროში გუშინ გაიმართა. ესკიზის პროექტი სამინისტროში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა წარმოადგინა.

აჭარის მთავრობამ ბათუმში სასპორტო სკოლის უკან არსებული ორი სპორტული ცენტრი გაასხვისა. ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობის საჭიროება, სწორედ ამან გამოიწვია.  გასხვისებულ ტერიტორიაზე შპს „ორბი ჯგუფი“ სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ესკიზის სპორტის წარმომადგენლებთან განხილვის და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, პროექტის შეძენისთვის და მშენებლობისთვის საჭირო ტენდერის პროცედურები დაიწყება.

ახალი სპორტული კომპლექსის ესკიზი
ახალი სპორტული კომპლექსის ესკიზი

ამავე თემაზე:

აჭარის მთავრობა სპორტული კომპლექსისი წინარე პროექტს აქვეყნებს;

დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე ბათუმის სასპორტო სკოლის დემონტაჟზე.

როგორ მივიღოთ ინფორმაცია მიწის რეგისტრაციაზე

„წინასაარჩევნოდ გვითხრეს, დაგიკანონებთ მიწებსო და შევიტანეთ რეესტრში აზომვითი ნახაზები. მას შემდეგ პასუხს ველით“, – გვითხრა ესმა ცეცხლაძემ. ის მახვილაურში ცხოვრობს, რომელიც ამჟამად ბათუმის ტერიტორიაა. ესმას ოჯახი 20 წელია ყოფილი მეურნეობის მიწებს იყენებს. მისი თქმით, რეესტრისგან თვეების განმავლობაში, კონკრეტულად კი გასული წლის სექტემბრის შემდეგ, ცხელ ხაზზე დარეკვის დროს, მხოლოდ ასეთ პასუხს იღებს: „მიმდინარეობს მონაცემების მოძიება“.

ესმა ცეცხლაძის და მახვილაურში მცხოვრები ათეულობით ოჯახის დოკუმენტებს ამჟამად ბათუმის მერიის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლების აღიარების კომისია განიხილავს, თუმცა ამის შესახებ თავად მოქალაქეებს ინფორმაცია არ აქვთ. კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ბოლქვაძემ გვითხრა, რომ  სავარაუდოდ ესმას ოჯახის მიწის საკუთრების აღიარება ვერ მოხდება, რადგან მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა არ დგას:

„ამ ეტაპზე ჩვენ ველოდებით ხელვაჩაურის კომისიის პასუხს. შესაძლოა, 2009 წლამდე, ვიდრე კანონი შეიცვლებოდა, მანადე აღიარეს მიწის საკუთრება ამ ოჯახისთვის, ან მანამდე გაუქმდა და ამას აქვს შესაბამისი საფუძველი. ჩვენ საჯარო რეესტრის სააგენტომ გასული წლის ნოემბერში მოგვმართა მახვილაურში მცხოვრები ოჯახების მონაცემების გადასამოწმებლად“, – ამბობს ირაკლი ბოლქვაძე, ბათუმის მერიის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ხელმძღვანელი.

„უმჯობესია, მოქალაქეებმა რეესტრში საბუთების შეტანამდე, პირდაპირ მიწის საკუთრების აღიარების კომისიას მიმართონ,“ – გვითხრა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტმა, ნინო სიორიძემ.

იურისტი განმარტავს, რომ გასული წლის ბოლოს ამ კუთხით კანონმდებლობაში ცვლილება შევიდა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებული გახდა მოქალაქის მიმართვის შემთხვევაში, ნებისმიერი ინფორმაცია თავად მოაგროვოს, მიმართოს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოს და ზუსტი ინფორმაციის მიღების შემდეგ დაარეგისტრიროს ქონება.

არის თუ არა ვალდებული საჯარო რეესტრი მიაწოდოს ინფორმაცია მოქალაქეს საქმის წარმოების შესახებ? – იურისტი ნინო სიორიძე ამბობს, რომ ვალდებულია, თუმცა შეიცვალა ინფორმაციის მიწოდების ფორმა. ნებისმიერ პირს, ვინც საჯარო რეესტრს საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით მიმართა, შეუძლია თავისი პირადი ნომრით საჯარო რეესტრის სააგენტოს ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე მოიძიოს ინფორმაცია საქმის წარმოების შესახებ: „რეესტრს აღარ აქვს ვალდებულება განსაზღვრულ ვადაში წერილობით მიაწოდოს ინფორმაცია დაინტერესებულ მხარეს“.

საჯარო რეესტრს არც საქმის განხილვის ვადებშია შეზღუდული. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“ განმარტავენ, რომ რეესტრმა 2018 წლის იანვრამდე უნდა დაასრულოს თვითნებურად დაკავებული მიწების საკუთრებად აღიარების საქმეების შესწავლა.

საბოლოოდ საჯარო რეესტრისგან უარყოფით პასუხს მიიღების შემთხვევაში, მოქალაქეებს მხოლოდ ერთი არჩევანი რჩებათ მიწის დასაკუთრებისთვის – აუქციონის გზით მისი შეძენა. ამ დროს მიწის არამართლზომიერ მფლობელს უპირატესობა არ მიენიჭება.

ბათუმში „შერატონის“ მესაკუთრის სახელობის ქუჩის სახელის გადარქმევას ითხოვენ

ბათუმის საკრებულოში პეტიცია შევიდა. მოქალაქეები ქალაქის ერთ-ერთი პატარა ქუჩის სახელის გადარქმევას ითხოვენ. ამ ქუჩას წარმოშობით ლაზი თურქი ბიზნესმენის ნურეთინ ჩარმიქლუს სახელი საკრებულოს გადაწყვეტილებით 2010 წელს მიენიჭა. მის სახელს ბათუმში სასტუმრო „შერატონის“ მშენებლობა უკავშირდება.  გარდა ამისა, იგი საქართველოს საპატიო კონსულია ქალაქ იზმირში. 

საკითხი სხდომაზე გასვლამდე საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის კომისიამ უნდა განიხილოს. კომისიის ხელმძღვანელის ნინო ბერაძის ინფორმაციით, მოქალაქეები, რომლებმაც საკრებულოს პეტიციით მიმართეს, მიიჩნევენ, რომ „საქართველოს ჰყავს ბევრი პატივმისაგები ადამიანი“, რომელთა სახელებიც შეიძლება ეწოდოს ქუჩას ბათუმში, ხოლო ბიზნესმენ ჩარმიქლუს დამსახურება საქართველოს მიმართ „მათთვის გაურკვეველია“.

პეტიციის ავტორებს საკრებულოსთვის ნურეთინ ჩარმიქლუს ქუჩის სახელის ჩასანაცვლებლად რომელიმე კონკრეტული “პატივმისაგები ადამიანის” გვარი  არ შეუთავაზებიათ. ისინი ამ ქუჩისთვის სახელის სამ ვარიანტს განიხილავენ: „თავისუფლების ქუჩა, მშვიდობის ქუჩა ან ქართველი ჯარისკაცის ქუჩა“.

თვითმმართველობის შესახებ კოდექსის მიხედვით, ამა თუ იმ საკითხზე პეტიციით თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს შეიძლება მიმართოს ამ ქალაქში რეგისტრირებული ამომრჩევლის ერთმა პროცენტმა. ბათუმში 133 960 ამომრჩეველია. საკრებულოს განათლების კომისიის ხელმძღვანელის, ნინო ბერაძის თქმით, ხელმოწერები შემოწმებულია და პეტიცია იურიდიულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ნურეთინ ჩარმიქლუს ქუჩაზე სახელის გადარქმევას არანაკლებ 1350 ბათუმელი ამომრჩეველი ითხოვს. საკრებულოს ამ მოქალაქეების სახელით გენრი დოლიძემ და როინ აბუსერიძემ მიმართეს.

2010 წელს ბათუმის ერთ-ერთ ქუჩაზე რუსთაველიდან გორგილაძის [ქუჩამდე მონაკვეთი] თურქი ბიზნესმენის სახელის დარქმევას „რესპუბლიკელები“ ეწინააღმდეგებოდნენ. ირაკლი ჩავლეიშვილი და თემურ ყურაშვილი, რომლებიც მაშინ სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრნენ, დღესაც საკრებულოს წევრები არიან და თანამდებობებიც უკავით.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩავლეიშვილი მიიჩნევს, რომ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა გარდა იმისა, რომ უხერხული იქნება, მითუმეტეს მაშინ, როცა ამ ბიზნესმენს ნამდვილად აქვს წვლილი როგორც ბათუმის განვითარების, ასევე მთლიანად ქვეყნითვის, შესაძლოა დაინტერესებულმა პირებმა ცუდად გამოიყენონ კიდეც: „მაშინ შერატონს რომ აშენებდა, არ უთხოვია ჩემი სახელი დაარქვით ქუჩასო, მაგრამ ახლა რადგან გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, მისი შეცვლის შესახებ საკითხს ცოტა უფრო სიღრმისეულად უნდა შევხედოთ“.

კოლეგის მოსაზრებას განათლების კომისიის თავმჯდომარე ნინო ბერაძეც ეთანხმება. ის საკითხს სავარუდოდ მხარს არ დაუჭერს:

„მე არ დავუჭერ მხარს გადარქმევას. ახლა ამ პოზიციაზე ვარ და მსჯელობის დროს არ ვიცი რა იქნება დამატებითი არგუმენტი, რაც აზრს შემაცვლევინებს. ვფიქრობ, თავის დროზე დაუშვეს შეცდომა. ცოცხალი ადამიანის სახელს არ ვანიჭებთ ქუჩის სახელწოდებას. დებულებით განსაზაღვრულია, რომ გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ ენიჭება სახელი. სხვა საკითხია დამსახურება, არ დამსახურება, მაგრამ ვფიქრობ, ახლა ამის გამოსწორებით უფრო მეტ დანაშაულს ჩავიდენთ. ცუდი მას არაფერი გაუკეთებია, ინვესტიცია ჩადო და ქალაქის ეკონომიკას, განვითარებას ხელი შეუწყო. ეს არ არის ისეთი პიროვნება, რომლის საქმიანობაც კითხვის ნიშნის ქვეშაა ჩემთვის. მინდა დავაზუსტო პეტიციის ავტორებთან, ჯერ არ გვქონია განხილვა, მე უფრო ვხედავ ეთნიკურ ნიშანს, რაც მიუღებელია. მას ჩვენთვის არ უთხოვია ქუჩისთვის სახელის დარქმევა და ახლა მგონია, რომ შეურაცხვყოფთ ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორებით“, – ამბობს ნინო ბერაძე.

ჩარმიქლუს ქუჩაზე სახელის გადარქმევას კატეგორიულად ეწინააღმდეგება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე საკრებულოში, გიორგი კირთაძე. მაშინ, როცა ქუჩას სახელი მიანიჭეს, ის საკრებულოს თავმჯდომარე და საკითხის ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო.

„2006 წელს დაიწყო მშენებლობა და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მან შერატონი მოუტანა ბათუმს. 2008 წელს, ომის დროს, როცა ყველაფერი გაჩერდა, მას მშენებლობა არ შეუჩერებია. ეს ბათუმისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იყო ადამიანი, რომელმაც იმ პერიოდში 80 მილიონის ინვესტიცია ჩადო, მაშინ როცა მართლა რთული იყო ინვესტორის მოძებნა ბათუმისთვის. მართალია, ახლა ბრენდული სასტუმროები გვაქვს, მაგრამ ამის სტიმულირება გააკეთა ამ ბიზნესმენმა. ამიტომ ახლა საუბარი იმაზე, რომ ქუჩას ამ კაცის სახელი გადავარქვათ, იქნება დიდი უმადურობა მის მიმართ, ვინც მისცა სტიმული ბათუმის განვითარებას“, – ამბობს გიორგი კირთაძე.

იმაზე, რომ შერატონის შემოსვლა ბათუმში სხვებისთვის შეიძლება წამახალისებელ ფაქტორი ყოფილიყო, ნინო ბერძეც საუბრობს: „იმ პერიოდში ეს იყო ერთადერთი მსხვილი ინვესტიცია. რამდენადაც ვიცი, ომის პერიოდშიც არ გაუჩერებია. სუბიექტურია ამის შეფასებია. როცა ბიზნესი შემოდის, ინვესტიცია იმ ქალაქის, ქვეყნის უსაფრთხოების მაჩვენებელია. როგორც ბიზნესმენი იგებ, მაგრამ იგებს ქვეყანა და ქალაქი“.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, ლაშა სირაბიძეს ჯერ არ გადაუწყევტია დაუჭერს თუ არა მხარს ერთი ჯგუფის მოთხოვნას ჩარმიქლუს ქუჩის სახელის გადარქთმევასთან დაკავშირებით. „ჯერ კონსულტაციები უნდა გავიარო კოლეგებთან“, – უთხრა მან “ბათუმელებს”.

IMG_20170128_103244IMG_20170128_103440

ვინ აიღო პრემიები აჭარის სამინისტროებში

ხელფასებში, დანამატებსა და პრემიებში, აჭარის ოთხ სამინისტროში გასულ წელს მთლიანობაში 6 მილიონ 151 ათასზე მეტი ლარი გაიცა. აქედან 3,5 მილიონი ლარი –  ხელფასებში [თანამდებობრივი სარგო], 1,6 მილიონი ლარი – დანამატებში, ხოლო 867 ათას 724 ლარი პრემიებში დაიხარჯა.

აჭარის სამინისტროებში 2016 წელს გაცემული ხელფასები და პრემიები [ლარი]:

ხელფასები 2016

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ, გასული წლის დეკემბრის თვეში, ხელფასის სახით აიღო 2720 ლარი, ხოლო დანამატის სახით – 2 040 ლარი; მინისტრის პირველმა მოადგილემ 1 258 ლარი ხელფასი და 1 597 ლარი დანამატი; მინისტრის ორმა მოადგილემ კი, თითოეულმა ჯამში – 2 614 ლარი; ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა კი, ამავე თვეში – 2464 ლარი.

ფინანსთა სამინისტროში წინასაახალწლოდ, ჯამში, 82 720 ლარი პრემია დარიგდა. ვინ აიღო პრემია, სამინისტრო არ ასაჯაროებს.

ჯანდაცვის სამინისტროში, გასული წლის დეკემბერში, მინისტრმა ზაალ მიქელაძემ ხელფასის სახით 1236 ლარი აიღო, ხოლო დანამატის სახით 927 ლარი; ამ სამინისტროში მინისტრის პირველ მოადგილეს ჯამში 2 596 ლარი აქვს აღებული დეკემბერში, ხოლო ორ მოადგილეს, თითოეულს 2 636 ლარი, ხოლო მინისტრის კიდევ ერთ მოადგილეს – 2 016 ლარი.

ჯანდაცვის სამინისტროში წინასაახალწლოდ 44 951 ლარი პრემია გაიცა. მაქსიმუმი 825 ლარი იყო, მინიმუმი კი -425. სამინისტროში პრემია საახალწლოდ თითქმის ყველა თანამშრომელმა აიღო მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და მრჩევლების გარდა.

განათლების სამინისტროში, დეკემბერში, მინისტრმა ინგა შამილიშვილმა 1 236 ლარი ხელფასი და 927 ლარი დანამატი აიღო.

წინასაახალწლოდ განათლების სამინისტროში 46 360 ლარი გაიცა პრემიებში. მაქსიმუმი 1 540 ლარი იყო დეპარტამენტის უფროსებისთვის, ხოლო ყველაზე დაბალი – 425 ლარი ტექნიკური მუშაკებისთვის. მინისტრისა და მოადგილეების გარდა ამ სამინისტროშიც თითქმის ყველამ მიიღო პრემია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში, გასული წლის დეკემბერში, მინისტრმა ლაშა კომახიძემ ხელფასი 2 720 ლარი აიღო, ხოლო დანამატი – 2 040; მინისტრის პირველმა მოადგილემ ჯამში 2202 ლარი; ორმა მოადგილემ – თითოეულმა 2 947 ლარი, ხოლო კიდევ ერთმა მოადგილემ – 2 016 ლარი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც პრემიები წინასაახალწლოდ ანალოგიური წესით გაიცა, როგორც სხვა სამინისტროებში.

„ბათუმელებმა“ აჭარის სამინისტროებიდან თანამშრომლებზე ინდივიდუალურად გაცემული თანამდებობრივი სარგოს [ხელფასების], დანამატებისა და პრემიების შესახებ გამოითხოვა ინფორმაცია. ოთხიდან ერთმა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, მონაცემები ინდივიდუალურად, თანამშრომლებზე, არ მოგვაწოდა. სამინისტრომ მხოლოდ თანამდებობის პირების სახელი და გვარი მიუთითა, სხვა თანამშრომლების – არა. არადა, პრემიები, ფაქტობრივად ყველა სამინისტროში სწორედ თანამდებობის არმქონე პირებზეა გაცემული, თანაც რამდენჯერმე, წლის განმავლობაში.

„კონკრეტული ფიზიკური პირის  [სახელი, გვარი] ხელფასის, დანამატისა და პრემიის შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს პერსონალურ მონაცემს. პერსონალური მონაცემების მესამე პირზე გადაცემა კი დასაშვებია მხოლოდ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, ასევე მე-4 მუხლით განსაზღვრული პრინციპების დაცვით. ​

მთავარი სპეციალისტის, განყოფილების უფროსის, დეპარტამენტის უფროსის კონკრეტული სახელი-გვარის მითითება შესაძლებელია,  თუ ისინი თანამდებობის პირები იქნებოდნენ, ვინაიდან თანამდებობის პირების შემთხვევაში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად განსხვავებული მიდგომაა“ – მოგვწერეს სამინისტროდან და ხელფასების შესახებ ინფორმაციაში მხოლოდ მინისტრისა და მისი მოადგილეების სახელი და გვარი მიუთითეს. თან დაამატეს, რომ ამ პირებზე პრემია არ გაცემულა.​

​იურისტი სულხან სალაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ არსებული პრაქტიკის მიხედვით, კანონმდებლობის ინტერპრეტაციის საფუძველზე და სასამართლო პრაქტიკაც მიუთითებს იმაზე, რომ დანამატისა და პრემიის ნაწილში ხდება იმ ინფორმაციის გაცემა, რომელიც დაკავშირებულია თანამდებობის პირების მიერ მიღებულ დანამატსა და პრემიასთან, ხოლო სხვა დანარჩენი თანამშრომლების შემთხვევაში, საუბარია მათზე ჯამურად გაცემულ პრემიაზე.

„თუმცა, თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ თანამდებობრივი სარგო არის საჯარო ინფორმაცია და ადამიანი იღებს მას კონკრეტული გაწეული სამუშაოს შედეგად, ამავე ლოგიკით, თუკი ის უფრო კარგად და უფრო რთულ დავალებას  ასრულებს და ამის სანაცვლოდ ჩვენ ვაძლევთ პრემიას, ეს ინფორმაციაც უნდა იყოს ღია. ჩვენი მოქმედი კანონმდებლობა ერთმანეთისგან მკაფიოდ არ მიჯნავს რა განსხვავებაა პრემიას, დანამატსა და თანამდებობრივ სარგოს შორის. თითოეული მათგანი განიხილება როგორც საჯარო მოხელის მიერ შესაძლო მიღებული ანაზღაურება“ – აცხადებს სულხან სალაძე.

იურისტის თქმით, „საუბარი იმაზე, რომ ეს არის პერსონალური მონაცემები [თუმცა შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ასეა], არ ნიშნავს რომ მოექცეს მკაცრი დაცვის ქვეშ. არაერთი შემთხვევა არსებობს პრაქტიკაში, როდესაც თანამდებობის პირების მიღმა არსებულ სხვა ჩინოვნიკებზე თუ საჯარო მოხელეებზე მოთხოვნილი ინფორმაცია ერთ უწყებას გაუცია, ხოლო მეორე უწყებას, იგივე კატეგორიის თანამშრომელზე მოთხოვნილი ინფორმაცია, არ გაუცია. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ამ მიმართუულებით სათანადოდ ჩამოყალიბებული ხედვაც არ არსებობს. ეს ერთი და მეორე, ამ ტიპის ინფორმაცია თავისი არსით არ უნდა წარმოადგენდეს დახურულ ინფორმაციას“.

სულხან სალაძე ხაზს უსვამს, რომ „ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რაში ხარჯავენ საჯარო მოხელეები თანამდებობრივ სარგოს, დანამატსა თუ პრემიას, მაგრამ ჩვენ გვაქვს უფლება ვიცოდეთ რა დამსახურების გამო, რა ოდენობის თანხა მიიღო ამა თუ იმ საჯარო მოხელემ – არ აქვს მნიშვნელობა ეს ხელფასია, დანამატი თუ პრემია. ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტი, ეს არის თანხა, რომელიც ფიზიკური და იურიდიული პირების გადასახადების შედეგად გროვდება და შესაბამისად, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება ამ ტიპის ინფორმაციას ფლობდეს“.

მიმდინარე წელს, აჭარის ოთხ სამინისტროში ჯამში 6 მილიონ 45 ათას 700 ლარია გათვალისწინებული ზოგადად ხელფასებისთვის.

აჭარის 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით სამინისტროებში დასაქმებულთა რაოდენობა და მათზე გასაცემი ხელფასების ოდენობა [ლარი]:

es2017

აჭარის სამინისტროებსა და მთავრობის აპარატს ხელფასებისა და პრემიების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით ერთ დღეს [მიმდინარე წლის 13 იანვარს] მივმართეთ, თუმცა, მთავრობის აპარატისგან ინფორმაცია ამ დრომდე არ მიგვიღია.

რაც შეეხება აჭარის უმაღლეს საბჭოს, გაცემული პრემიების შესახებ დეტალური ინფორმაცია [სახელისა და გვარის მითითებით] არც რეგიონის საკანონმდებლო ორგანომ მოგვაწოდა.

აქცია გენეტიკური ექსპერტიზის მოთხოვნით

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქციაზე შეკრებილები გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ, რაც მათი აზრით, ბრალდებულის, ვაჟა ხ.-ს უდანაშაულობას დაამტკიცებს. ვაჟა ხ.-ს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვასა და გასაღებაში ედება ბრალი. ამ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას, დიდი ალბათობით, დღეს მიიღებს.

თუკი მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს დაადასტურებს, ვაჟა ხ.-ს 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება. სისხლის სამართლის კოდექსის იგივე მუხლი სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთით დასჯასაც ითვალისწინებს.

ბრალდებულების ახლობლების თქმით, ვაჟა ხ.-ს ნარკოტიკი ჩაუდეს, იძულებით ჩასვეს პოლიციელებმა მანქანაში და 6 საათის განმავლობაში სცემდნენ. შეკრებილები გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ, რაზეც პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ უარი თქვა. გენეტიკური ექსპერტიზით ნარკოტიკების შეფუთვაზე შემორჩენილი თითის ანაბეჭდების გამოკვლევა ხდება.

„პროკურატურამ მიიჩნია, რომ საკმარისი მტკიცებულებები ისედაც არსებობს საქმეში, თუმცა ძირითადად პოლიციების ჩვენებებია წარმოდგენილი,“ – გვიყვება მერი ცინარიძე, ბრალდებულის ადვოკატი. განმარტავს, რომ პროკურორს არ ჰქონდა გენეტიკურ ექპერტიზაზე უარის თქმის საფუძველი, ხოლო ბრალდებულის ახლობლებს ამისთვის საკმარისი ფული არ ჰქონდათ. გენეტიკური ექსპერტიზა დაახლოდებით 3 000 ლარი ჯდება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როცა გენეტიკურმა ექსპერტიზამ პოლიციელების მიერ მიცემული ჩვენებები საეჭვო გახადა. ერთ-ერთი მათგანი კობა კვირიკაძეა, რომლის საქმეზეც გენეტიკური ექსპერტიზა ჩატარდა და მისი თითის ანაბეჭდი მისი ჯიბიდან ამოღებულ ნარკოტიკზე საერთოდ არ აღმოჩნდა. კობა კვირიკაძე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გასული წლის აგვისტოში უდანაშაულოდ მიიჩნია და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. 

ბრალდებული ვაჟა ხ. კი, წარსულში რამდენჯერმეა ნასამართლევი ნარკოტიკების შეძენა-შენახვის გამო. ადვოკატის, მერი ცინარიძის თქმით, მან დაკავების დროს ამჯერადაც აღიარა დანაშაული, თუმცა შემდეგ, წინასწარი პატიმრობის ეტაპზე უარყო. მოსამართლე გიორგი გრატიაშვილს უკვე მოსმენილი აქვს პროკურორის საბოლოო სიტყვა. დღეს სასამართლო მხოლოდ ადვოკატის ბოლო საკამათო სიტყვას მოისმენს.

რა მოხდა კინტრიშის ხეობაში მშენებარე ჰესზე

კინტრიშის ხეობაში მშენებარე ჰესთან მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ სამშენებლო სამუშაოები ისევ მიმდინარეობს. ჰესის მშენებელ კომპანიაში თქვეს, რომ ჰესის გვირაბთან კლდე ჩამოინგრა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის და სოფელ ჭახათის რწმუნებულის თქმით კი, ჩამოინგრა გვირაბის ნაწილი.

შემთხვევა 2016 წლის დეკემბერში მოხდა. ჰესის მშენებლობაზე კომპანია  „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანი“ მუშაობს, რომლის დირექტორი პაატა ფხალაძე აცხადებს, რომ გეოლოგიური დასკვნების მიუხედავად, გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა და გვირაბთან მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ გეოლოგებმა დამატებით იმუშავეს, რომ მსგავსი შემთხვევა კიდევ არ განმეორდეს.

„დაახლოებით ხუთი მეტრის მონაკვეთში ჩამოწვა მეწყერი, რაღაც ნაპრალივით იყო და იმ მონაკვეთში. დასკვნა არსებობდა, თუმცა ასეთ პატარ-პატარა მეწყრებს წინასწარ ვერ გათვლი“, – ამბობს ის.

„ბათუმელების“ კითხვას, თუ არის ცნობილი, რა ზიანი მიადგა გარემოს,  კომპანიის დირექტორმა უპასუხა, რომ ზიანი დიდი არ არის: „პატარა კლდე ჩამოიშალა მხოლოდ, დაახლოებით ხუთმეტრიან მონაკვეთზე, სადაც გვირაბი გამოდის. სხვა არაფერი არ დაზიანებულა“.

ფაქტის შესახებ განსხვავებული ინფორმაცია აქვს ქობულეთის გამგებელს, სულხან ევგენიძეს.  მისი თქმით, ჩამოიშალა არა კლდე, არამედ  გვირაბის ახლად ჩამოსხმული ნაწილი.

„მე არ ვყოფილვარ ადგილზე გასული, თუმცა სოფელ ჭახათის გამგებელს ვესაუბრე და მან მითხრა, რომ უმნიშვნელო დაზიანება იყო, რომელიც შეარემონტეს. გვირაბის ნაწილი ახალი ჩამოსხმული იყო და ის ჩამოინგრა და არა კლდე“.

„ბათუმელები“ კინტრიშის ხეობაში სოფელ ჭახათის რწმუნებულს, ნუგზარ დავითაძესაც დაუკავშირდა, რომელმაც  გვითხრა, რომ  გვირაბის ნაწილი კლდის ჩამონგრევის გამო დაზიანდა:

„მთის ქედი ჩამოიშალა, მაგრამ ეს არ ყოფილა დიდი მასა, დაახლოებით ორი „კამაზი“ მიწა იყო. დიდი ზიანი რომ ყოფილიყო, ზედამხედველობის სამსახური მოვიდოდა და დააჯარიმებდა, მაგრამ მსგავსი არაფერი ყოფილა“.

ნუგზარ დავითაძის  თქმით, მიწა გვირაბის დატესტვის შემდეგ ჩამოიშალა. „დატესტვის მიზნით ცოტა წყალი იყო გაშვებული წესის მიხედვით. იქ რაღაც მოხდა, პრობლემა შეიქმნა, თუმცა უმნიშვნელო“, – გვეუბნება ის.

სოფლის რწმუნებული იმასაც დასძენს,  რომ ეს თემა „სალაპარაკოდ არ ღირს“, რადგან დაზიანება უმნიშვნელო იყო. „მე პირადად წინააღმდეგი ვიყავი ამ ჰესის მშენებლობის, ამიტომ იქ რომ რაიმე სერიოზული მომხდარიყო, პირველი მე ავტეხდი აჟიოტაჟს“, – ამბობს ნუგზარ დავითაძე.

ჰესის მშენებელი კომპანიის დირექტორი პაატა ფხალაძე ამბობს, რომ ამჟამად პრევენციული ღონისძიებები ტარდება იმისათვის, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს. იგივე კომპანია – „ჰიდრო დეველოპმენტი“ მუშაობს ჰესების მშენებლობაზე სამეგრელოსა და ზემო სვანეთშიც, თუმცა პაატა ფხალაძის თქმით, ამ რეგიონებში მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა.

კინტრიშის ხეობაში ჰესის მშენებლობას გარემოსდამცველი ორგანიზაციები ეწინააღმდეგებოდნენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი ირინე სვანიძე ამბობს, რომ ჰესთან მომხდარი შემთხვევის შემდეგ, ორგანიზაციის წარმომადგენლები ადგილზე არ ჩასულან, თუმცა მათ ჰქონდათ რეკომენდაციები, რომელიც ჰესის მშენებლობის პროცესში უმნიშვნელოდ იქნა გათვალისწინებული.

„სანამ ნებართვა გაიცემოდა, ჩვენ ჩართული ვიყავით და როგორც კომპანიას, ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს მივაწოდეთ ჩვენი შენიშვნები და რეკომენდაციები. პროექტი მდინარის წყლის 90 პროცენტის და მხოლოდ 10 პროცენტის დატოვებას ითვალისწინებდა, შესაბამისად, პროექტის ამ სახით განხორციელების შემთხვევაში მოსალოდნელი იყო ზემოქმედება ბიომრავალფეროვნებაზე, რადგანაც ჰესი იყო დერივაციული ტიპის და მდინარის წყლის მცირე ნაწილის დატოვება გარდაუვალ ზემოქმედებას მოახდენდა.

ასევე, არ იყო შეფასებული რა გავლენას მოახდენდა პროექტი გრუნტის წყლებზე, საერთოდ არ ჰქონდათ წარმოდგენილი, რა ზეგავლენას მოახდენდა სოფლების მოსახლეობაზე და ა.შ. აქედან მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი იქნა გათვალისწინებული, თუმცა რეკომენდაცია, რომ მდინარის წყლის 90 პროცენტი არ უნდა აეღოთ, არ გაუთვალისწინებიათ“, – ამბობს ირინე სვანიძე.

„კინტრიში ჰესს“ თავდაპირველად კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“ აშენებდა. მოგვიანებით კომპანიამ უარი თქვა ჰესის აშენებაზე, მისი დაცული ტერიტორიის სიახლოვეს ყოფნის გამო. საქართველოს მთავრობამ „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანისთან“ კინტრიშის ჰესის მშენებლობაზე ახალი ურთიერთგაგების მემორანდუმი 2012 წელს გააფორმა.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პერიოდისთვის კომპანიას ჯერ მშენებლობის და გარემოზე ზემოქმედების ნებართვა მოპოვებული არ ჰქონდა, 2012 წლის გაზაფხულზე კინტრიშის ხეობაში ჰესის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა.

 

ამავე თემაზე: 

ეკოლოგიური დასკვნა კინტრიში ჰესის მშენებლობაზე

ადიდებული მდინარე კინტრიში [ვიდეო]  

ამინდის პროგნოზი: აჭარაში მოსალოდნელია თოვა და შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ამინდი აჭარაში დღეიდან, 25 იანვრიდან, გაუარესდება და მომდევნო დღეებში ბარსა და მთაში მოსალოდნელია თოვა.

„დღეს ღამით მოსალოდნელია სანაპირო რაიონებში ნალექი, უმეტესად წვიმის სახით, მთაში – თოვა, ზვავსაშიშროება. ღამით გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი – 17-22 მეტრი წამში, ზღვაზე მოიმატებს შტორმი – 4-5  ბალამდე.

მომდევნო დღეებში პროცესი უფრო გააქტიურდება და როგორც მთაში, ასევე ბარში, 27-28 იანვარს, მოსალოდნელია თოვა, მათ შორის ბათუმშიც. ვვარაუდობთ, რომ დროგამოშვებით, თოვა იქნება ძლიერი.

სანაპირო რაიონებში როგორც დღისით, ისე ღამით, იქნება 0-5 გრადუსი სითბო, ხოლო მთაში მოსალოდნელია ყინვა – 5-10 გრადუსი.

რაც შეეხება ყინვას, ზღვის სანაპირო ზოლში, ძირითადად ყინვა გამოდარების შემდეგ ძლიერდება“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის სინოპტიკოსმა მარინე ქათამაძემ.

კანაფის მოყვანა – გაუქმდება თუ არა თავისუფლების აღკვეთით დასჯა

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არსებითი განხილვა დაიწყო სარჩელის, რომელიც ნარკოტიკული საშუალების შემცველი ნივთიერების, მათ შორის, კანაფის უკანონო დათესვას, მოყვანას და კულტივაციას ეხება. თუკი საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, თავისუფლების აღკვეთით ვეღარ დასჯიან ადამიანს კანაფის კულტივაციისთვის.

მოსარჩელეები ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგინაშვილი თვლიან, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი არღვევს „საქართველოს კონსტიტუციის“ მე-17 მუხლს – „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი და პატიება და ღირების შემლახავი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.“ მოსარჩელეები მიუთითებენ კონსტიტუციის მე-14  და მე-16 მუხლებს, სადაც წერია, რომ „ყველა ადამიანი თანასწორია“ და „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება“.

2015 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ ბექა წიქარიშვილის საქმეზე, პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანას შეძენა-მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთა ანტიკონსტიტუციურად მიიჩნია. მას შემდეგ, მარიხუანას მოხმარებისთვის ადამიანებს სისხლის სამართლის წესით ვეღარ სჯიან, თუმცა იმის გამო, რომ პარლამენტს კანონი არ შეუცვლია, მარიხუანას მოხმარება, ან პირადი მიზნისთვის მისი შეძენა დანაშაულად მიიჩნევა.

ამჯერად საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწევს მსჯელობა, უნდა დაისაჯოს თუ არა თავისუფლების აღკვეთით პირი მარიხუანას კულტივაციისთვის. ამ ქმედებისთვის კანონი 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საკონსტიტუციო სარჩელში აქცენტირებულია ისიც, რომ კანაფის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება მცენარის ისეთი ნაწილებიც, რომლებიც არ არის ვარგისი ნარკოტიკული საშუალების დასამზადებლად და არ ხდება მცენარეში შემავალი ნარკოტიკული ნივთირების – ტეტრაჰიდროკანაბინოლის ოდენობის განსაზღვრა, რის გამოც, შესაძლოა პირი დაისაჯოს ნარკოტიკული თრობისთვის სრულიად უვარგისი მცენარის მოყვანის შემთხვევაშიც კი.

 

ბსუ-ს რექტორის განმარტება უნივერსიტეტის შენობის გაყიდვაზე

სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის შენობა საერთო საცხოვრებლისა და მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით, მწვანე კონცხზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტრომ გასაყიდად აუქციონზე გაიტანა. მთავრობისთვის გადაცემამდე ქონება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეკუთვნოდა. რის სანაცვლოდ დათმო მილიონების ღირებულების ქონება ბათუმის უნივერსიტეტმა? – კითხვებს ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში პასუხობს.

ბატონო მერაბ, რა მიიღო უნივერსიტეტმა სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის შენობებისა და მისი მიმდებარე ფართობის დათმობის სანაცვლოდ?

ის, რომ გამარჯვებული კომპანია უნივერსიტეტის ბიუჯეტში ჩარიცხავს სამ მილიონ ლარს, რითაც აშენდება თანამედროვე სტანდარტების შენობა. ის იქნება ყველა იმ პირობით დაკმაყოფილებული, რასაც აგრარული უნივერსიტეტისთვის საჭირო სტანდარტი ითხოვს. თქვენ დაწერეთ 13 ჰექტარზე, რაც მთავრობამ გასაყიდად გამოიტანა, ჩვენს სარგებლობაში იქ რჩება 22 ჰექტარი მიწის ფართობი. გარდა ამისა, მთავრობა ლეონიძის 15 ნომერში გადმოგვცემს 7 ჰექტარ მიწის ფართობს, სადაც ავაშენებთ შენობას, ასევე გადმოგვცემს მეტაქსას ქუჩაზე მდებარე მთავრობის საკუთრებაში არსებულ ყოფილი ენდოკრინოლოგიური დისპანსერის შენობას. ხოლო თუ სამი მილიონი საკმარისი არ აღმოჩნდა სასწავლო კორპუსის მშენებლობისთვის, 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან დამატებით დაფინანსდება ჩვენი წინადადება საერთო საცხოვრებელთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი წერია ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწერილ წერლში.

ჩვენ ეს უცებ არ გადაგვიწყვეტია. შემოთავაზება დეტალურად განვიხილეთ წარმომადგენლობით საბჭოზე, აგრარული მიმართულების ყველა ლექტორს შევხვდით, ვიმსჯელეთ რა უფრო მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის განვითარებისთვის, ის რომ გვქონდეს შენობა, რომელსაც ვერ ვიყენებთ – სადაც სასმელი წყალი, სველი წერტილი არ არის, კვების ობიექტი არ არის, ინტერნეტი, კონდიცირება არ არის და ტრანსპორტი არ მიდის და მისი რეაბილიტაციისთვის სადღაც სამ მილიონ ლარზე მეტია საჭირო, მაშინ როცა ეს პრობლემები ისევ რჩება. უნივერსიტეტმა იმსჯელა სწავლებისა და განვითარებისთვის რა იქნებოდა უფრო მნიშვნელოვანი და მიიღო ეს გადაწყვეტილება. სრული პასუხიმგებლობით მინდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად მომგებიანი, უნივერსიტეტის განვითარებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებაა.

ეს მხოლოდ წერილში წერია თუ უკვე გადმოეცა ქონება უნივერსიტეტს?

ზუსტად ახლა მიმდინარეობს პროცედურა. ხვალ გაიგზავნება დილით წერილი და შემდგომ ამ ყველაფერს ისინი გადმოგვცემენ საკუთრებაში.

ანუ ფიქრობთ, რომ წინადადება სანდოა და გამორიცხავთ, რომ რაიმე შეიცვალოს?

სანდოა. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვღებულობთ შვიდ მილიონ 700 000-ის ქონებას. გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვარ, ეს ინფორმაცია განვიხილეთ და მივაწოდეთ თითოეულ პროფესორს არაერთხელ. რა იყო მისი ძლიერი და სუსტი მხარე და შემდგომ მივიღეთ გადაწყვეტილება.

P.S. საჯარო რეესტრის მონაცემებში რაიმე სახის შეთანხმებაზე ქონების მონაცვლეობით გადაცემასთან დაკავშირებით დოკუმეტი არ ფიქსირდება, რეესტრით მხოლოდ ის დგინდება, რომ უნივერსიტეტმა მთავრობას ქონება უსასყიდლოდ არსებობის ვადით, სარგებლობაში გადასცა.

აბაზანაში დამონტაჟებული გაზის გამათბობლის გამონაბოლქვით მოწამლული მძიმე მდგომარეობაშია

უკვე მესამე კვირაა კლინიკაში მოთავსებულია 19 წლის ბათუმელი გოგონა, რომელიც სამედიცინო დასკვნის თანახმად ბუნებრივი აირის ნამწვით მოიწამლა. აბაზანაში შესული გოგონა, დაახლოებით 40 წუთის შემდეგ, უგონო მდგომარეობაში იპოვეს ოჯახის წევრებმა. გაზზე მომუშავე წყლის გამათბობელი სწორედ აბაზანაშია დამონტაჟებული.

გოგონას დედა ამბობს, რომ დაახლოებით ორი თვის წინ გამოიძახა კომპანია „სოკარის“ ტექნიკური ჯგუფი და გამათბობლის შემოწმება სთხოვა. „ავარიული ჯგუფის ხალხმა მითხრა, რომ არ ჟონავსო. „კალონკა“ იმიტომ არ ირთვება, რომ „ბატარეაა“ დასველებულიო. 8 იანვარს კი ეს ამბავი მოხდა“.

გოგონას, რომელიც კვლავაც უგონო მდგომარეობაშია, მოწამვლის მაღალი ხარისხი დაუდგინდა.  „როგორც მითხრეს, სიკვდილიანობა არის 3 ბალი და თბილისში 4 ბალზე ჩამოვიყვანე“ – ამბობს დედა. ექიმებმა მოწამვლის ხარისხი მას შემდეგ განსაზღვრეს, რაც პაციენტი თბილისში გადაიყვანეს, რადგან, როგორც ქალი ამბობს, ბათუმში ვერ ხერხდება მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის ისე გადაღება, რომ პაციენტი მიერთებული იყოს ხელოვნურ სუნთქვაზე.

მინდია თურმანიძე, რომელიც უკვე წლებია წყლის გამათბობლების მონტაჟზე მუშაობს, ამბობს, რომ მსგავსი მოწყობილობების დახურულ სივრცეში დამონტაჟება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ მას აქვს ვინტილატორი და მუშაობს ელექტროენერგიაზე. სხვა შემთხვევაში ამ მოწყობილობის დახურულ სივრცეში მონტაჟი დაუშვებელია.

ამის მიუხედავად, ბათუმში, არც თუ ისე იშვიათად  ამონტაჟებენ გაზზე მომუშავე წყლის გამათბობელს სახლში, დახურულ სივრცეში.

რატომ იხურება ავეჯის მაღაზიები ბათუმში

ავეჯისა და საოჯახო ნივთების 4 ცნობილი მაღაზია ბათუმში იხურება. მაღაზიის მფლობელები დახურვას ლარის გაუფასურებას და შესაბამისად, იმპორტირებული საქონლის გაძვირებას არ უკავშირებენ. კვლევის მიხედვით კი, ავეჯით და საოჯახო ნივთებით ვაჭრობის სექტორში 22 პროცენტით შემცირდა ბრუნვა.

ჯერ არ დახურულა, მაგრამ აბრა, ფართობის გაქირავება-გაყიდვის შესახებ უკვე გამოკრულია გორგასლის ქუჩაზე, მაღაზია VALENTIN-ის შესასვლელთან. მაღაზიაში ზურაბ გოგიტიძე დაგვხდა, ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი. მისი თქმით, მაღაზია დაახლოებით თვის ბოლოს დაიხურება, მაგრამ ეს გაყიდვების შემცირებას არ უკავშირდება. ამავე ქუჩის მოპირდაპირე მხარეს VALENTIN-ახალი ოფისი გახსნილა, რომელიც გაცილებით უფრო მცირე ზომის ფართობს იკავებს. აქ არ დაუმალავთ, რომ ავეჯის მაღაზიის ეს პატარა ოფისი, ძირითადად, შეკვეთებზე იმუშავებს.

„მიზეზი არ არის ლარის კურსი, ან რომელიმე ეკონომიკური ფაქტორი. სხვა მიზეზია, რაზეც ახლა ვერ ვისაუბრებთ“, – გვითხრა ზურაბ გოგიტიძემ.

უკვე დაკეტილი დახვდა „ბათუმელებს“ მაღაზიები ჭავჭავაძის ქუჩაზე – „ლაბორატორია”  და „ჩემი სახლი“. ვიტრინებში ჯერ კიდევ შემორჩენილია საოჯახო ნივთების ნაწილი. ეს მაღაზიები საერთაშორისო კორპორაცია ICR-ს ეკუთვნის. კომპანიაში გვითხრეს, რომ ამ ნივთებს მალე სხვა მიმართულებით მომუშავე ბრენდის საქონელი ჩაანაცვლებს.

laboratoria

„მიმდინარეობს მოლაპარაკებები. სხვა ბრენდისთვის ვაპირებთ ამ სივრცის გამოყენებას, ჯერ კონრკეტულად ვერ გეტყვით. თბილისის მაღაზიაში არის გაცილებით უფრო დიდი Show room, რაც ბათუმში არ გვქონდა, რადგან ფართი იყო პატარა. ძირითადად ამის გამო დავხურეთ ეს მაღაზიები,“- გვითხრა კორპორაცია ICR-ის მარკეტინგის მენეჯერმა, მაკა გვრიტიშვილმა.

მენეჯერმა არ დაგვიდასტურა გაყიდვების შემცირება, ან სხვა ეკონომიკური გავლენა. კითხვაზე, რატომ არ შეიძლებოდა მოწყობილიყო იგივე Show room ბათუმში, თუკი მოთხოვნა არსებობდა, მაკა გვრიტიშვილმა გვიპასუხა: „ჩვენ ვეცდებით ეს მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ თბილისიდანაც, ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ ტრანპორტირებასაც… აჭარის ბაზარი ცხადია, უფრო პატარაა“.

„ჩვენი მაღაზია ხუთშაბათს დაიკეტება“, – გვითხრეს „კრეატივში”. საოჯახო ნივთების ეს მაღაზია „ბათუმი მოლში“ იყო განთავსებული. შორენა შარპილომ, მაღაზიის ბათუმის ოფისის ხელმძღვანელმა, გვითხრა, რომ ის ვერ ისაუბრებს დახურვის მიზეზებზე და „პაპილონის“ ცენტრალურ ოფისში გადაგვამისამართა. ამ კომპანიას ეკუთვნის მაღაზიათა ქსელი „კრეატივი“.DSCN4817

„პაპილონში“ გაუკვირდათ, რატომ დაინტერესდა ჟურნალისტი მაღაზიის დახურვით. მოგვიანებით კომპანიის საქალაქო ნომერზე გვითხრეს, რომ კომენტარი მენეჯერმა უნდა გააკეთოს, რომელიც „ამჟამად სამსახურში არ იმყოფება“. ამ კომპანიაში რომელიმე მენეჯერის პირადი ტელეფონის ნომერი არ მოგვცეს.

„როცა ვალუტის კურსი არასტაბილურია, იმპორტზე ჩამოკიდებული ფუფუნების პროდუქტების რეალიზატორები, პირველ რიგში, იწყებენ ბაზრიდან გასვლას და ახლაც ასე ხდება,“ – ამბობს ნონა ხუჯაძე. ის საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის „აფხაზეთის“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელია. ნონა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომელია პროექტისთვის „ეკონომიკური ლაბორატორია“.

ნონა ხუჯაძე ერთ-ერთი კვლევის მონაცემებზე აკეთებს აქცენტს, რომლის მიხედვითაც აჭარაში ავეჯით და საოჯახო ნივთების სექტორში ვაჭრობის ბრუნვა ბოლო პერიოდში 22 პროცენტით არის შემცირებული. მიიჩნევს, რომ ეს მოსალოდნელი პროცესი იყო, რადგან ეს არის ბიზნესი, რომელიც გარდა იმისა, იმპორტზეა დამოკიდებული, ვერც ტურისტული სეზონის მოსვლას დაელოდებოდა.

„ამ მაღაზიების მომხმარებლები ძირითადად არიან ადგილობრივები და არა ტურისტები. შესაბამისად, ტურისტული სეზონისთვის მოცდაც მათთვის ლოგიკური ვერ იქნებოდა. ჩვენ ისედაც არ ვართ მაღალგადახდისუნარიანი ბაზარი. ამ შემთხვევაში, ლარის კურსი გაიზარდა. ამ ტიპის მაღაზიები საქონელს ისევ დოლარში ყიდულობენ, როცა მათ მომხმარებელს შემოსავალი ისევ ლარში აქვთ… შედარებით დაბალ ფასებზე მომუშავე მაღაზიებს მსგავსი რყევა, ჩემი აზრით, არ შეეხება, ამ ტიპის მაღაზიებს კი, განსაკუთრებით რეგიონებში ექნებათ პრობლემა, რადგან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლები მაინც უფრო დაბალია, ვიდრე დედაქალაქში…“ – გვითხრა ნონა ხუჯაძემ.

ქობულეთის გამგებელი ხეების მოჭრაზე ნებართვის გაცემას არ გამორიცხავს

ქობულეთის გამგეობის ინფორმაციით, სოფელ ხუცუბნის ცენტრალური გზის გარკვეული მონაკვეთის გაფართოება იგეგმება.  როგორც გამგეობაში აცხადებენ, გზის გაფართოება „უსაფრთხოების დაცვის მიზნით იგეგმება“, რადგან გზის ამ ნაწილში ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები.

გამგეობა გზის გაფართოებას ხეების მოჭრის ხარჯზე აპირებს. „ხუცუბნის მოსახლეობის მოთხოვნაა რომ გზა გაფართოებულიყო, თუმცა, ჩვენ დაველოდებით საგზაო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას“ – გვეუბნება ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუკი გზის გაფართოებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ, მოხდება თუ არა ეს იმ მრავალწლოვანი ხეების მოჭრის ხარჯზე, რომელიც გზის გასწვრივ მდებარეობს? – გამგებელმა გვიპასუხა: „ნებართვა ხის მოჭრაზე მე უნდა გავცე, მაგრამ ჯერ ველოდებით საგზაო დეპარტამენტის დასკვნას, მოხერხდება თუ არა გზის გაფართოება. მესმის, რომ შეიძლება ხის მოჭრა დაგვჭირდეს, მაგრამ გზა სამი მეტრით გაფართოვდება და ორივე მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს ხილვადობა ექნება. ყველაზე დიდი ხეები არის ჭადრის, რომელიც წინ არის გამოწეული, თუმცა იქ სხვა ნარგავებიცაა“.

გამგებელი, ჭადრის ხეების მოჭრაზე ნებართვის გაცემას არ გამორიცხავს
გამგებელი გზის გასწვრივ მდებარე ხეების მოჭრაზე ნებართვის გაცემას არ გამორიცხავს. /ფოტო: ქობულეთის გამგეობა/

კითხვაზე, ხეების მოჭრის ნაცვლად, ხომ არ უფიქრია გამგეობას სხვა ალტერნატივაზე, – მაგალითად, სიჩქარის შემანელებელი ხელოვნური ბარიერების დამონტაჟებაზე? გამგებელი ამბობს, რომ  ერთ-ერთ საკითხად ესეც შეიძლება განიხილონ, მაგრამ „რამდენად იმუშავებს? შუქნიშანიც არის, ნიშნულებიც, მაგრამ აზრი მაინც არ აქვს“.

თუ მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს არღვევს, ის გზის გაფართოების შემთხვევაშიც ხომ დაარღვევს? – ვეკითხებით გამგებელს, რაზეც ის გვპასუხობს, რომ გზის გაფართოება მოსახლეობის სურვილია, თუმცა არ აკონკრეტებს სოფლის რამდენი მაცხოვრებელი ითხოვს ხეების მოჭრას.

გამგებლის თქმით, ამ საკითხს სამართლებრივად გადაჭრიან. „ვნახოთ რა გამოვა“ – გვეუბნება ის.

დიდება გმირებს – აქცია ბათუმში გიორგი ცერცვაძის მხარდასაჭერად

„არა რუსულ პოლიტიკას“, „დიდება გმირებს“ , „თავისუფლება გია ცერცვაძეს“ – ამ და სხვა შინაარსის ტრანსპარანტებით დღეს ბათუმის იუსტიციის სახლთან გიორგი ცერცვაძის დაკავება და მისი რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებზე შესაძლო გადაცემა გააპროტესტეს.

აგვისტოს ომის მონაწილის, უკრაინაში დაკავებული გიორგი ცერცვაძის მხარდასაჭერად აქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაგეგმა.

გიორგი ცერცვაძე 2017 წლის 15 იანვარს საქართველოდან უკრაინაში გამგზავრების შემდეგ კიევის აეროპორტში დააკავეს. 17 იანვარს კი კიევის სასამართლომ მას 40 დღით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

16251353_1530887983607838_494335662_o

გიორგი ცერცვაძის მხარდასაჭერი აქცია ბათუმში
აქცია ბათუმში გიორგი ცერცვაძის მხარდასაჭერად
ფოტო: თორნიკე თავაძე
ფოტო: თორნიკე თავაძე

აქცია ადექვატური კომპენსაციის მიღების მოთხოვნით

ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე, ხიხანის ქუჩაზე მცხოვრებმა მოსახლეობამ აქცია გამართა. მათ ელექტროგადამცემი მაღალი ძაბვის ხაზის მშენებელი კომპანიისგან საკუთრების დათმობის სანაცვლოდ „არაადეკვატური ფასის შეთავაზება“ გააპროტესტეს.

„მიწის ნაკვეთზე, კვადრატულ მეტრზე 20 ლარი, ხოლო სახლზე კვადრატულ მეტრზე 200 ლარი შემოგვთავაზეს. ასე ავუნაზღაურეთ სხვებსაცო ამბობენ, მაგრამ საინტერსოა ქედაში და ბათუმში შეიძლება ფასი ერთნაირი იყოს? კვადრატულ სოცხოვრებელს 200 ლარად ვიყიდით? – მერიის წარმომადგენელმა ზვიად ჭელიძემ გვითხრა მეტს ითხოვთო, ვუთხარი შენი ჯიბიდან ხომ არ გთხოვ-მეთქი. მე შვიდი შვილი მყავს, მათ შორის ერთი უნარშეზუდულია, მათ რომ რამე დაემართოთ ვინ დაგვეხმარება?“ – ამბობს ზვიად გურგენიძე.

მოსახელობა კომპანიასთან მორიგებაში მთავრობას მხარდაჭერას სთხოვს. ზვიად გურგენიძის თქმით, წინაააღმდეგ შემთხვევაში ის ოჯახთან ერთად შიმშილობას დაიწყებს.

„ბათუმელები“ მერიის წარმომადგენელსაც დაუკავშირდა, ზვიად ჭელიძის თქმით, მერია კომპანიისა და მოსახლეობის მოლაპარაკებებში ჩართული არ არის და მათ მხოლოდ შეხვედრების ორგანიზებაში ეხმარება. ის კატეგორიულად უარყოფს მოსახლეობასთან რაიმე სახის მოთხოვნას ფასთან დაკავშირებით.

აქციის მონაწილეების თქმით, მათთან კომპანიების წარმომადგენლები დოკუმენტებით მიდიან და ხელის მოწერას სთხოვენ. აქციის მონაწილე ზვიად გურგენიძე ამბობს, რომ ეს საკუთრების უფლების დათმობასთან დაკავშირებული დოკუმენტებია.

აჭარაში მაღალი ძაბვის ახალციხე-ბათუმის 220 კილოვოლტიან ელექტროგადამცემ სისტემას საქართველოს სახელმწიფოს დაკვეთით ინდური კომპანია KEC-ი აშენებს. ელექტროგადამცემი ხაზი ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გაივლის. პირველადი მონაცემებით, ბუფერულ ზონაში 50 ოჯახი მოხვდება. მშენებლობა 2018 წლის დასაწყისისთვის უნდა დასრულდეს. ამ ქსელით ახალაშენებული ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ერთ სისტემაში მოქცევა და თურქეთისთვის მიწოდება იგეგმება.

იგივე მიზეზით საპროტესტო აქციები იმართება ქედაშიც.

ქედის საბავშვო ბაღები მუშაობას, დაგვიანებით, 25 იანვარს განაახლებენ

ქედის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღმზრდელობითი პროცესი ხვალ, 25 იანვარს განახლდება. ბაღებში მუშაობის დაგვიანებით დაწყების მიზეზი ის არშემდგარი ტენდერი გახდა, რომლითაც ქედის ბაღების გაერთიანებას მუნიციპალიტეტში მოქმედი ბაღებისთვის პურ-ფუნთუშეული და სხვა საკვები პროდუქტები უნდა შეესყიდა.

იქედან გამომდინარე, რომ ბაღების გაერთიანების მიერ, საკვების შესაძენად გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი ორჯერ ჩაიშალა, შესყიდვების სააგენტომ გაერთიანებას უფლება დართო ბაღებისთვის, მაკარონი, პურ-ფუნთუშეული, შაქარი, მთლიანობაში ათი დასახელების პროდუქტი ერთი თვის განმავლობაში ერთ პირთან მოლაპარაკების გზითთ შეისყიდოს.

ქედის ბაგა-ბააღების გაერთიანების დირექტორის აიშე თებიძის ინფორმაციით, ხელშეკრულება გაერთიანებამ რამდენიმე ახალ მეწარმესთან უკვე გააფორმა.

ქედის მუნიციპალიტეტში 15 საბავშვო ბაღია.

ქვემო თხილვანა – რა წერია გეოლოგიურ დასკვნაში და რამდენად ადეკვატურია მთავრობა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში მეწყერი მიმდინარე წლის 10 იანვარს განვითარდა. გეოლოგიური დასკვნით, დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 1200-1500 მეტრში, დაგროვილია ნახევარ მილიონ კუბურ/მეტრზე მეტი მიწის მასა. ეს მეწყრულ-ღვარცოფული  მასა შესაძლოა ნებისმიერ დროს დაიძრას, რაც საფრთხეს უქმნის მთლიანად სოფელს. ოჯახების გაყვანა უსაფრთხო ადგილას აუცილებელია, მათთან პირობებზე შეთანხმებას კი მთავრობა დღემდე ვერ ახერხებს. მეტიც, აჭარის მთავრობას სტიქიიდან ორი კვირის შემდეგ სპეციალური კომისიაც კი არ შეუქმნია.

მეწყრული მასა სოფელ ქვემო თხილვანაში. ფოტო:
მეწყრული მასა სოფელ ქვემო თხილვანაში / ფოტო:აჭარის გეოლოგიის სამსახური /

ხულოს გამგებლის, ბესიკ ბუაჩიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის განსახლებას 62 ოჯახი საჭიროებს. თუმცა პრობლემაზე მომუშავე სამთავრობო ჯგუფში ამბობენ, რომ არ აქვთ ზუსტი მონაცემი, კონკრეტულად რამდენი ოჯახია დღეს განსასახლებელი. „ჩვენ სოფელში აღვწერეთ 101 სახლი და ახლა ვაზუსტეთ აქედან რამდენში ცხოვრობს ოჯახი და რამდენში არა“, – ამბობს რამაზ ჯინჭარაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მეწყერის ჩამოწოლიდან 14 დღის შემდეგ. რამაზ ჯინჭარაძე ამ ჯგუფის მუშაობაშია ჩართული.

10 იანვრიდან დღემდე ხელისუფლება ცდილობს დაითანხმოს მოსახლეობა სხვადასხვა პირობით განსახლებაზე, მაგრამ მოსახლეობა აცხადებს, რომ ბოლომდე ვერ ენდობა ხელისუფლებას და კვლავ რჩებიან უზარმაზარი მეწყერული მასის პირისპირ…

პირველ ეტაპზე ხელისუფლებამ მოსახლეობას სამი თვით საცხოვრებელი ბინების დაქირავება შესთავაზა. ამ სამ თვეში უნდა გადაწყვეტილიყო, საბოლოოდ რომელ ოჯახს რა საცხოვრებელს შეთავაზებდნენ. ამ წინადადებას მოსახლეობა არ დასთანხმდა.

მოგვიანებით მთავრობა ქვემო თხილვანელებს დაბა ხულოში მდებარე სოციალურ სახლში ბინებს დაჰპირდა მიწის ნაკვეთის გარეშე. მოსახლეობას კი უთხრეს, რომ ქვემო თხილვანაში მიწის ნაკვეთები დარჩებოდათ საკუთრებაში. მოსახლეობა აცხადებს, რომ დაბა ხულოში ჩასახლების შემთხვევაში ისინი მიწის დამუშავებს, სიშორის გამო, ვერ შეძლებდნენ. შესაბამისად, უმიწოდ და პირუტყვის გარეშე სოციალურ სახლში ცხოვრებაზე მათი უმრავლესობა უარს აცხადებს.

თხილვანაში მცხოვრები ნათელა შაინიძე ბათუმელებს“ სწორედ ამაზე ესაუბრა: „იქ რა ვჭამო მერე?… მიწა რომც მქონდეს, რაფერ უნდა ვიარო იქიდან სოფელში? დილის რვაზე რომ წამოხვიდე იქიდან, 12-ზე თუ იქნები სოფელში კაია. მერე საღამოს ვეღარ წახვალ. შენი მანქანა უნდა გყავდეს მაშინ. მირჩევნია, ფული მომცენ და მივხედავ ჩემს თავს, მიწის ნაკვეთს ვიყიდი სადმე, კიტრის დავრგავ, ლობიოს მოვიყვან…“

„უკვე გვაქვს კონკრეტული შეთავაზებები. ეს არის მაქსიმუმ 25 ათასი ლარის ფარგლებში დახმარება, როცა ოჯახი თავად ეძებს ახალ საცხოვრებელ ადგილს და თანხას აჭარის ბიუჯეტიდან ვურიცხავთ სახლის შესაძენად; მეორე, ეს არის ბინის გადაცემა ხულოს სოციალურ სახლში და მესამე – ქირა 300 ლარის ოდენობით თვეში, დროებით, ვიდრე ოჯახზე დახმარების საკითხი გადაწყდება“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ რამაზ ჯინჭარაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, შესაბამისი განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია. „ჩვენ გვაქვს მთავრობის თავმჯდომარის განკარგულება, ამ სიტუაციაში შეგვიძლია აჭარის სარეზერვო ფონდიდან გამოვყოთ თანხა და ოჯახები დავაკმაყოფილოთ. მთავარია, ისინი დაგვთანხმდნენ. მინდა გითხრათ, რომ უკვე დაიწყო განაცხადების შევსება. 20-მდე ოჯახი დარეგისტრირდა ე.წ. 25-ათასლარიან პროგრამაში ჩართვაზე. თუმცა, რომელი ოჯახი რაზე დაგვთანხმდება, ეს ცოტა მოგვიანებით გვეცოდინება“, – ამბობს რამაზ ჯინჭარაძე.

რამაზ ჯინჭარაძის თქმით, „თუ ოჯახს ერთხელ მიღებული აქვს დახმარება სახელმწიფოსგან, იმას თანხას ვერ შევთავაზებთ, ვინაიდან დავარღვევთ სამართლიანობის პრინციპს.  სოფელში 32 ოჯახია დარჩენილი ისეთი, რომლებსაც არასდროს მიუღიათ სახელმწიფოსგან დახმარება. ნაწილს საკუთრება აქვს, ნაწილი კი მარნეულშია გადასული და მათ შესაბამისი პროგრამით დავეხმარებით რიგითობის დაცვით. 1984 წელში მოხდა პირველად განსახლება, შემდეგ 1987-ში, 2009 წელში 50 ოჯახი წავიდა მარნეულში. აქედან ნაწილი დარჩა იქ, ნაწილი არა“.

გეოლოგების განცხადებით, მიწის ნაკვეთების დამუშავება ქვემო თხილვანაში არ არის რეკომენდირებული. ამის მიუხედავად მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მიწას, როგორც საკუთრებას, ოჯახებს არ ჩამოართმევენ: „თუმცა, რამდენად შესაძლებელი იქნება მისი დამუშავება ეს გეოლოგების გადასაწყვეტია. რაც შეეხება სოციალურ სახლს და პირუტყვის საკითხს, თავიდან ბათუმში ითხოვდნენ ბინებს და მაშინ არ იდგა პირუტყვის საკითხი, სოციალური სახლში ბინები რომ შევთავაზეთ, ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა. კონსენსუსამდე მივალთ, იმედია. დღეს ორმა ოჯახმა განაცხადა, რომ თანახმაა ბინა მიიღოს სოციალურ სახლში, რომელიც ისედაც ეკომიგრანტებისთვისაა გათვალისწინებული“.

კითხვაზე, რა გარანტია აქვს სახელმწიფოს, რომ ეს ოჯახები, რომლებიც ახლა დათანხმდებიან შეთავაზებულ პირობებს, აღარ გააგრძელებენ ქვემო თხილვანაში ცხოვრებას და ისევ არ დადგება ეს პრობლემა? – მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ეს პროცესი მუნიციპალიტეტის გამგეობამ უნდა აკონტროლოს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტი“ აჭარის მთავრობისგან სწრაფ რეაგიერებას მოითხოვს და რეკომენდაციით მიმართავს.

„ეს არის სტიქია. სახელმწიფო სთავაზობს ამ ოჯახებს უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოს, მაგრამ მთავრობამ მათ კონკრეტული პირობები წერილობით უნდა შესთავაზოს… გვესმის, რომ ბინაში გადასვლა შეუძლებელია 10 სული პირუტყვით, მაგრამ იქ დგომას და პიკეტირებას ჯობს ამ ადამიანებმა ნათესავებთან დროებით რაღაც გამონახონ, ტერიტორია, სახლი დაძებნონ… სახელმწიფო დაეხმარება მათ ტრანსპორტირებაში, მაგრამ არის მეორე საკითხიც, სად წაიყვანოს იგივე სახელმწიფომ, დავუშვათ, 200-300 სული პირუტყვი?.. რთული დასალაგებელია ეს ყველაფერი. დასრულდება შეთავაზებების ეტაპი და შემდეგ გადაწყვეტს ოჯახი რას დასთანხმდეს. არის კიდევ ერთი საკითხი – თანაბარ პირობებში ჩაყენება, ვთქვათ დაზარალებული მოსახლეობის. სპეციფიკა ამ საკითხს აქვს ის, რომ აქ არ არის 5 ან 10 ოჯახის საკითხი, მთელ სოფელს ემუქრება საფრთხე და გასასახლებელია…“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ არჩილ ხახუტაიშვილმა, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

მისივე თქმით, „ადეკვატურია თუ არა 300-ლარიანი ქირა ამ შემთხვევაში, ეს მსჯელობის საკითხია – თუ სად და რა პირობებში უხდის სახელმწიფო ოჯახს ქირას და საკმარისია თუ არა ეს თანხა… ჩვენი პოზიცია იყო, რომ თავად სახელმწიფოს დაეძებნა საცხოვრებელი ფართობები და შეეთავაზებინა მოსახლეობისთვის, ქირის ამბავიც სახელმწიფოს გაერკვია, ანუ მოეხდინა ამისი ლოჯისტიკაც. მოხერხდება თუ ვერა – ეს ტექნიკური ამბავია“.

„ჯერ კიდევ 2005 წელს, ქვემო თხილვანაში ჩატარდა დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევები, რომელმაც აჩვენა, რომ იმ დროისთვისაც საჭირო იყო ამ ზონაში მოქცეული მოსახლეობის განსახლება უსაფრთხო ადგილას. 2009 წელში იყო კიდეც განსახლება… თუმცა ფაქტია, რომ აქ ოჯახები ისევ ცხოვრობენ და იგივე პრობლემა დგას. ამჯერად გაცილებით რთული სიტუაციაა. მეწყრული მასა, რომელიც მდინარის კალაპოტშია ჩახერგილი აუცილებლად დაიძვრება.  ყველაზე კარგ ვარიანტში ღვარცოფულმა მასამ უნდა გაიაროს მდინარის კალაპოტში, მაგრამ ყველაზე ცუდ ვარიანტში ეს მასა შეიძლება გადმოვიდეს კალაპოტიდან და წავიდეს საცხოვრებელი სახლებისკენ. ეს სოფელი  ფაქტობრივად მეწყერზეა, ამიტომ ოჯახების გაყვანა აუცილებელია“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ მამუკა ფუტკარაძემ, აჭარის გეოლოგიის სამსახურის უფროსმა.

ქვემო თხილვანას ტერიტორიის გეოლოგიური დასკვნა სპეციალისტებმა ბოლოს, მიმდინარე წლის 12 იანვარს დადეს. დასკვნაში აღნიშნულია:

  • „…ქვემო თხილვანაში სტიქიურ-გეოლოგიური პროცესების განვითარებაში მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ასევე რელიეფის საკმაოდ დიდი დახრილობა და კლიმატური პირობების მკვეთრი ცვალებადობა;
  • მეწყრული პროცესები განვითარებულია მდინარე თხილვანისწყლის ორივე მხარეს, მიუხედავად თოვლის საფარისა ფიქსირდება სხვადასხვა ზომის მეწყრული ბლოკები, რომლებიც დაძრულია ფერდის დაქანების მიმართულებით მდინარის კალაპოტისკენ, ხოლო კალაპოტი ამოვსებულია მეწყრული მასით [500 ათასი კუბ/მ-ზე მეტი]. თოვლის დნობის პერიოდი და უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლა გამოიწვევს გრუნტების გაწყლიანება-დამძიმებას, ფიზიკურ-მექანიკური თვისებების მკვეთრ დაცემას და გეოლოგიური პროცესების აქტივიზაციას;
  • გასულ წლებში მეწყრული ჩამოქცევების ზემოქმედების შედეგად მწყობრიდანაა გამოსული სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი, ხოლო ფერდზე განლაგებულ საცხოვრებელ სახლებს და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებს აღენიშნებათ სხვადასხვა ხასიათის დეფორმაციის კვალი;
  • აღნიშნულიდან გამომდინარე თხილვანისწყლის ხეობაში განვითარებული სტიქიურ-გეოლოგიური პროცესები იმყოფება აქტიურ ფაზაში და მეწყრული მასის დაძვრა მოსალოდნელია ადრე გაზაფხულზე, თოვლის დნობის თუ წვიმების პერიოდში, თუმცა დღეის მდგომარეობით პროცესები იმდენად გააქტიურებულია, რომ მეწყრულ-ღვარცოფული მასის დაძვრა მოსალოდნელია გაზაფხულამდეც ნებისმიერ დროს. აღნიშნულის ზუსტი პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია;
  • ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე აქ მცხოვრები მოსახლეობა იმყოფება მაღალი რისკის ზონაში, ემუქრება სერიოზული საფრთხე და მიზანშეწონილია მათი განსახლება უსაფრთხო ადგილას“.

16237514_526784464158594_1049079527_n

ნათია სირაბიძე – დელეგატი აჭარიდან ევროპის კულტურის პარლამენტში

ევროპის კულტურის პარლამენტის შესარჩევმა კომიტეტმა პარლამენტის ახალ წევრად, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია სირაბიძე დაამტკიცა. ნათია სირაბიძე ბლიც-ინტერვიუში თავად განმარტავს, რას გულისხმობს ევროპის კულტურის პარლამენტის დელეგატობა და რა უფლება-მოვალეობები აქვთ მის წევრებს.

ქალბატონო ნათია, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, აჭარისთვის  ევროპის კულტურის პარლამენტში კიდევ ერთი დელეგატის ყოლას?

მართალია რეგიონების მიხედვით დაყოფა არ არის, მაგრამ გადაწყვეტილება, რომ წევრად წარვედგინე, სწორედ ბათუმში გასვლითი სხდომის ჩატარების დროს მიიღეს. მიიღეს იმიტომ, რომ  საკმაოდ ახალი ინიციატივებით გამოვედი მათ წინაშე. ის, რომ მე ვარ ევროპის კულტურის პარლამენტში წევრი აჭარიდან,  მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ გვექნება უფრო მეტი საშუალება მოვიზიდოთ უფრო მეტი გრანტი კულტურის სფეროში, დავხვეწოთ კულტურაში კრეატიული ინდუსტრიები, ვიმუშავოთ ახალ ინიციტივებზე და სამომავლოდ ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელოთ ერთობლივად.

რა მიმართულებით ფიქრობთ საწყის ეტაპზე მუშაობას, წინასწარ რა არის ცნობილია?

ახლა დაიწყო სწორედ ახალი მიმართულება – კულტურული დიპლომატია, რომელიც გულისხმობს კულტურათა შორის დიალოგს, გარკვეული კონფლიქტების მოგვარებას უშუალოდ კულტურის გავლით, კულტურის საშუალებით. ჩვენს ჩართვას და თუნდაც ბათუმის, აჭარის  ამ დიალოგის ცენტრად ქცევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, სამომავლოდ აუცილებლად ვიმუშავებთ ამაზე.

თქვენს გარდა რამდენი დელეგატია ევროპის კულტურის პარლამენტში საქართველოდან?

საქართველოდან  სულ ხუთი დელეგატი ვართ: რუსუდან ფეტვიაშვილი[მხატვარი],  ლევან ხეთაგური [თეატრმცოდნე], დავით საყვარელიძე  და დავით ლორთქიფანიძე [საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი]. ეს არის საპატიო წოდება. წელიწადში ორჯერ იმართება ევროპის კულტურის პარლამენტის სხდომა, რომელსაც უნდა დაესწრო… მაქვს ხმის უფლება და ასევე ინიციატივების უფლება. კარგი საშუალებაა უფრო მეტი კონტაქტის მოძიების და სხვადასხვა ღონისძიების ბათუმში, საქართველოში წამოღებისა.

ნათია სირაბიძე ევროპის კულტურის პარლამენტის წევრად 2016 წლის ოქტომბერში, ბათუმში გამართულ ევროპის კულტურის პარლამენტის გასვლით სხდომაზე წარადგინეს და ახლახან აირჩიეს. დელეგატის ჩართულობა არ არის ანაზღაურებადი საქმიანობა.

ევროპის კულტურის პარლამენტი (ECP ) 2001 წლის ნოემბერში, ევროპის საბჭოს შენობაში, სტრასბურგში დაარსდა. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს სხვადასხვა კულტურულ თუ შემოქმედებით იდეებსა და ინიციატივებს ევროპაში. გარდა ამისა, ევროპის კულტურის პარლამენტის დამფუძნებლებს სურდათ გაეღრმავებინათ თანამშრომლობა და დიალოგი აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის მოქალაქეებს შორის ხელოვნების სხვადასხვა სფეროში.  2016 წლის ზაფხულიდან ECP -ში 43 ქვეყნის 160 წევრია გაერთიანებული.

 

 

აჭარის მთავრობა ციხისძირის „შუქურას“ ყიდის

აჭარის მთავრობა სააქციო საზოგადოება „დასასვენებელი სახლი შუქურა“-ს 99, 956 % – ის აქციათა პაკეტს პირობიანი აუქციონით ყიდის. ქონების დარჩენილი ნაწილი ფიზიკურ პირებს ეკუთვნით. სახლებში კი, რომლებსაც ეს სააქციო საზოგადოება ფლობს, თვითნებურად შესახლებულები ცხოვრობენ. აუქციონის პირობებში მითითებულია, რომ ქონების ნაწილი თვითნებურადაა დაკავებული, თუმცა არსად წერია იმის შესახებ რაიმე ვალდებულებას დააკისრებს თუ არა მთავრობა შემძენს, იქ მცხოვრები ოჯახების მიმართ.

გასაყიდად გამოტანილი ქონება არის 7871 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, ხოლო მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობების ფართობი 1910 კვადრატული მეტრია. ქონების საწყისი გასაყიდი ფასი 420 000 ლარია. საუკეთესო წინანადადების კრიტერიუმად კი განისაზღვრება მაქსიმალური გასაყიდი ფასის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებულ საწყის საპრივატიზებო საფასურს დამატებული არანაკლებ ერთი ბიჯის ოდენობა. ბიჯი 10 000 ლარია.

აჭარის მთავრობა ციხისძისში „შუქურას“ ქონებას ყიდის

აჭარის მთავრობა ციხისძისში „შუქურას“ ქონებას ყიდის

სააქციო საზოგადოების საკუთრებაშია რამდენიმე დასასვენებელი სახლი და მიწის ნაკვეთი სოფელ ციხისძისში. აუცქიონის პირობების მიხედვით, ქონების შემძენმა ამ ტერიტორიაზე ხელშეკრულების დადებიდან არანაკლებ სამი წლის განმავლობაში ტურისტული დანიშნულების ობიექტები უნდა აამოქმედოს. საერთო ჯამში კი მან არანაკლებ მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება უნდა აიღოს.

2

საჯარო რეესტრის მონაცემებით, სააქციო საზოგადოება „შუქურას“ ქონება დაყადაღებულია. სააქციო საზოგადოების დირეტორად კი ჯემალ ბოლქვაძე ფიქსირდება, ის ხელმძღვანელობს ასევე კურორტ „გოდერძის.“
ჯემალ ბოლქვაძის ინფრომაციით, სააქციო საზოგადოების ქონება სასამართლოს გადაწყვეტილებით საგადასახადო გირავნობის გამო დააყადაღეს.

3

6

Exit mobile version