მთავარი,სიახლეები

„ბათუმელები“ ყოველკვირეული გაზეთის ნაცვლად ჟურნალის გამოცემას იწყებს

26.01.2017
„ბათუმელები“ ყოველკვირეული გაზეთის ნაცვლად ჟურნალის გამოცემას იწყებს

შპს „გაზეთი ბათუმელები“ 2017 წელს ყოველკვირეული გაზეთ „ბათუმელების“ ნაცვლად ანალიტიკურ, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჟურნალს გამოსცემს.  

მაღალპოლიგრაფიული, 104-გვერდიანი ჟურნალი „ბათუმელები“ თვეში ერთხელ გამოვა. მისი შეძენა შესაძლებელი იქნება ხელმოწერის საშუალებით, ასევე, სტელაჟებსა და ჯიხურებში.

ჟურნალის მიზანია საზოგადოების ყურადღების გამახვილება ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: ადამიანის უფლებები, კორუფცია და ნეპოტიზმი, სიღარიბე, განათლების პრობლემები, ძალაუფლების ბალანსი სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის, ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესების ანალიზი, მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესები და მათი გავლენა საქართველოზე.  

ჟურნალის გამოცემის პარალელურად „ბათუმელები“ წყვეტს ყოველკვირეული გაზეთ „ბათუმელების“ გამოცემას, რომელიც 15 წელი გამოდიოდა. ამ ხნის მანძილზე გაზეთის 621 ნომერი გამოვიდა. არსებობის მანძილზე გაზეთ „ბათუმელებს“ მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის გერმანული ფონდ ცაიტის და ნორვეგიულ გამოხატვის თავისუფლების ფონდის პრემია „პრესის თავისუფლების პრიზი” და პრიზი ორგანიზაციისაგან „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” გაზეთში გამოქვეყნებული საგამოძიებო სტატიების გამო.

ბოლო წლებში მედიის მიმართ იზრდება საზოგადოების მოთხოვნა, მიიღოს კიდევ უფრო მეტი, მისთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაცია, იზრდება იმ მკითხველთა რაოდენობა, რომლებიც ინფორმაციის მიღებას ონლაინმედიით ამჯობინებენ, ამიტომ აუცილებელი იყო 2017 წელს „ბათუმელების“ რედაქციას ერთი მხრივ, ეზრუნა ჰიპერლოკალური ვებგვერდის – batumelebi.ge-ს მუშაობის გაუმჯობესებაზე და მეორე მხრივ, ბეჭდური მედიის ბაზარზე დარჩენილიყო, როგორც სანდო, დაბალანსებული გამოცემა.  

ყოველთვიური ჟურნალის გამოცემა მოგვცემს საშუალებას, ბეჭდური მედიის მკითხველს  მივაწოდოთ საგამოძიებო, ანალიტიკური და ექსკლუზიური მასალები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უკეთესი ხარისხით, ხოლო ვებგამოცემის მკითხველებს შევთავაზოთ შპს „ბათუმელების“ კიდევ უფრო მრავალფეროვანი ჰიპერლოკალური ვებგამოცემა batumelebi.ge.     

უცვლელია ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა –  „ბათუმელები” რჩება კრიტიკულ, მწვავე პრობლემებზე და მოვლენების ანალიზზე ორიენტირებული ბეჭდურ და ვებგამოცემად.  

ჟურნალ „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი იქნება ეთერ თურაძე, ჟურნალში სტატიების მომზადებაზე იმუშავებენ როგორც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“  ჟურნალისტები, ასევე სხვა ავტორები.  

ჟურნალის პირველი ნომერი 2017 წლის პირველ მარტს გამოვა და მისი ფასი 5 ლარი იქნება.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: