მთიანი აჭარა

ეკოლოგიური დასკვნა კინტრიში ჰესის მშენებლობაზე

10.05.2014 • 2811
ეკოლოგიური დასკვნა კინტრიში ჰესის მშენებლობაზე

 

 

მდინარე კინტრიში 1877-1878 წწ. (ავტორი: დიმიტრი ერმაკოვი (1846-1916)

 

„ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესთან და გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ დებულებასთან შეუსაბამობის გამო სამინისტრომ არ უნდა გასცეს ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა,“ _ ასეთი იყო ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ რეკომენდაცია სამინისტროსადმი, თუმცა დადებითი ეკოლოგიური დასკვნა მაინც გაიცა.

კინტრიში ჰესს თავდაპირველად კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“ აშენებდა. მოგვიანებით კომპანიამ უარი თქვა ჰესის აშენებაზე, მისი დაცული ტერიტორიის სიახლოვეს ყოფნის გამო. საქართველოს მთავრობამ „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანისთან“ კინტრიშის ჰესის მშენებლობაზე ახალი ურთიერთგაგების მემორანდუმი 2012 წელს გააფორმა. მემორანდუმის მიხედვით, კომპანიას მშენებლობა 2012 წლის მარტში უნდა დაეწყო.

 

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პერიოდისთვის კომპანიას ჯერ მშენებლობის და გარემოზე ზემოქმედების ნებართვა მოპოვებული არ ჰქონდა, 2012 წლის გაზაფხულზე კინტრიშის ხეობაში ჰესის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. „ბათუმელები“ ამის შესახებ 2012 წლის მაისში წერდა. ამასთან არ იყო გასაჯაროებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში. აღნიშნული დოკუმენტის საჯარო განხილვა კომპანიამ რამდენიმე თვის შემდეგ, სექტემბერში მოაწყო.

 

კინტრიში ჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასების განხილვა კიდევ რამდენჯერმე მოეწყო. პროექტზე შენიშვნები ჰქონდა არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“, რომელსაც ყოველი განხილვის შემდეგ სამინისტროს წარუდგენდა.
ბოლო საჯარო განხილვის შემდეგ, რომელიც 2013 წლის ნოემბერში გაიმართა, „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანიმ“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გზშ ანგარიში წარადგინა, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მისაღებად. სამინისტრომ დადებითი ეკოლოგიური დასკვნა ჰესის მშენებლობაზე მიმდინარე წლის აპრილში გარკვეული პირობებით გასცა.

 

19-პუნქტიანი ვალდებულებების ნუსხაში, რომელიც ჰესის მშენებარე კომპანიამ უნდა შეასრულოს, ნათქვამია, რომ კომპანია უნდა შეეცადოს არსებული ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას. მაგალითად, უნდა მოხდეს შავი ზღვის ორაგულის აღწარმოების ცენტრის მოწყობა და აღნიშნული ცენტრიდან გამოყვანილი შავი ზღვის ორაგულის ლიფსიტის მდინარე კინტრიშში გაშვება მდინარის იქტიოფაუნის შენარჩუნების მიზნით.
სამინისტრომ არ გაითვალისწინა ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ შენიშვნები, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასების საბოლოო ვერსიაზე იქნა წარდგენილი.

 

„დაგეგმილი საქმიანობის/პროექტის შემთხვევაში, ისევე როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ ამ დრომდე ნებადართული ყველა სხვა პროექტის შემთხვევაში, ცხადია, რომ საზოგადოების, განსაკუთრებით, დაგეგმილი პროექტების ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ადამიანების/თემების ინფორმირებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები არაეფექტურია.

 

ამასთან, „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დებულებები არ უზრუნველყოფს საქართველოს მიერ „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ ორჰუსის კონვენციით აღებული ვალდებულებების შესრულებას,“ _ ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც „მწვანე ალტერნატივამ“ ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სამინისტროს გაუგზავნა.
„მწვანე ალტერნატივას“ განცხადებით, წარმოდგენილი პროექტის შედეგად, განსაკუთრებით, დერივაციის მონაკვეთზე ბუნებრივ კალაპოტში მცირე რაოდენობით (დაახლოებით 13%) წყლის დატოვების, ასევე კალაპოტის (მძიმე ტექნიკისა და აფეთქებების გამოყენებით) დაღრმავების გამო, გარდაუვალია „საქართველოს „წითელი წიგნისა“ და „წითელი ნუსხის შესახებ“ და „გარემოს დაცვის შესახებ“ კანონების, ბიომრავალფეროვნების შესახებ კონვენციისა და ბერნის კონვენციის დებულებების დარღვევა.

გადაბეჭდვის წესი