კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

როგორ ემზადება მერია ზამთრისთვის

15.12.2016 • 3377
როგორ ემზადება მერია ზამთრისთვის

არის თუ არა ქალაქი მზად ზამთრისთვის, როგორია მერიის გეგმები? ამ და სხვა დეტალებზე „ბათუმელებთან“ ბათუმის მერის მოადგილემ, ბაგრატ მანველიძემ ისაუბრა.

–  ბატონო ბაგრატ, იმ შემთხვევაში, თუკი ქალაქში ისევ მოვა უხვი ნალექი, შეძლებს თუ არა მერია დროულად ქუჩების გაწმენდას?

– 300 ტონა ტექნიკური მარილია შესყიდული, რომელიც მთელ ქალაქზეა გათვლილი. თოვლის მოსვლის შემთხვევაში, მარილი ყველა ქუჩაზე დაიყრება.

გასულ წელს თოვლის გამწმენდმა მანქანებმა დააზიანა ქვაფენილები, რის გამოც მეეზოვეებს მოუხდათ ქუჩების ნიჩბებით გაწმენდა. ხომ არ შეუძენია მერიას ისეთი ტექნიკა, რომელიც ქვაფენილს დაზიანების გარეშე გაწმენდს?

– ეს საკითხი განვიხილეთ კიდევ ერთხელ, „სანდასუფთავებას“ აქვს შეძენილი სპეციალური ტექნიკა, რომელიც წმენდს ქუჩებს თოვლისგან. ამ თვეში შევიძინეთ ორი ერთეული ტექნიკა, რომელიც კომბინირებულია, დამატებით ოთხი თოვლსაწმენდია კიდევ შეძენილი, ხუთი ე.წ. სპეციალური დანა შევიძინეთ, რომელიც ნაგვის მანქანებზე დამაგრდება და ტექნიკური მარილის მომბნევი ოთხი მანქანაა შეძენილი. თოვლის გადამყრელი მანქანები აპრობირებულია და ვფიქრობ, ქვაფენილს არ დააზიანებს. სხვანაირი ტექნიკა არ არსებობს. ამ ტექნიკის შეძენაზე მილიონამდე ლარი დაიხარჯა. გარდა ამისა, კიდევ ველოდებით ორი `კამაზის~ ტიპის თოვლსაწმედს, რომლებიც იანვრის დასაწყისში შემოვა. დამატებითი საჭიროებისთვის გათვალისწინებული გვაქვს 600 ათასი ლარი და თუკი დაგვჭირდა, გამოვაცხადებთ ტენდერს ტექნიკის შესყიდვაზე.

რა ტიპის ტექნიკა შეიძლება დაგჭირდეთ და რა შემთხვევაში, რადგან როგორც მეუბნებით, თოვლსაწმენდი ტექნიკა საკმარისია.

– იმ შემთხვევაში, თუკი სტიქიური მოვლენები განვითარდება უხვი ნალექის გამო, შესაძლებელია დაგვჭირდეს დამატებითი ტექნიკის დახმარება. ასეთი შემთხვევებისთვის გვაქვს ტექნიკის დასაქირავებელი თანხა გათვალისწინებული.

სარეზერვო ფონდი თუ აქვს მერიას გამოყოფილი და რამდენი ლარია გათვალისწინებული?

– თუ არ ვცდები, 50 ათასი ლარია ფონდში, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია გამოვყოთ თანხა.

გასულ წელს დიდთოვლობის შედეგად ბევრი მწვანე ნარგავი დაზიანდა. მოხალისეები ცდილობდნენ ხეების თოვლისგან გათავისუფლებას და მერიას არ აღმოაჩნდა რესურსი, რომ ხეები დროულად გაწმენდილიყო თოვლისგან. წელს თუ გაქვთ რაიმე გეგმა შემუშავებული?

–  ხეები, რომლებიც გასასხლავი იყო, გაზაფხულზე გაისხლა. რისი აკვრაც შეიძლებოდა, აკრულია. მომარაგებულია ბამბუკის ჯოხები, რომლებიც გამწვანების სამსახურმა შეიძინა და დიდთოვლობის შემთხვევაში მოხდება ხეების ჩამოფერთხვა. შრომითი რესურსები გვაქვს და იმედია, მოქალაქეებიც გამოიჩენენ აქტიურობას და დაგვეხმარებიან საჭიროების შემთხვევაში.

მეეზოვეებთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, თოვლისგან ტროტუარებს ისინი წმენდენ ყოველ წელს, მათ დამატებითი გასამრჯელო ეძლევათ ამისთვის, თუ დამატებით, უსასყიდლოდ უწევთ ამ სამუშაოს შესრულება?

– არსებობს სპეციალური განკარგულება პრემიებზე, რომელიც გაიცემა ტროტუარების გაწმენდის შემთხვევაში, მაგრამ ყველა კომერციული დაწესებულება ვალდებულია მის წინ მდებარე ფართობი თავისი ძალებით გაწმინდოს. ჩვენ არ ვართ ვალდებული, რომ ამაზე დამატებითი რესურსები ვხარჯოთ. ამიტომ, მოვუწოდებ კომერციულ დაწესებულებებს, იქნება ეს კაფე, მაღაზია თუ სხვა ობიექტი, მათ წინ მდებარე ტროტუარები გაწმინდონ. ვალდებულებიც რომ  არ იყვნენ, ადამიანური ფაქტორია და ქალაქის სიყვარულია და სახალისოც არის. თუ არ გაწმენდენ, იძულებული ვიქნებით დამატებითი თანხები გავიღოთ, რაც ძალიან ცუდია.

ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მომწოდებელ კომპანიებთან თუ გქონდათ შეხვედრა, როგორია მათი მზაობა და ხომ არ არის მოსალოდნელი გაზის ან ელექტროენერგიის გათიშვა თოვლის მოსვლის შემთხვევაში?

–  გვქონდა შეხვედრები და სადაც მოგვმართა ენერგოკომპანიამ კაბელების გამოცვლასთან დაკავშირებით ნებართვის გაცემაზე, ყველაზე მიღებული აქვს ნებართვა. აქედან ჩანს, რომ ემზადებიან ზამთრისთვის. დღეში ათ ნებართვას მაინც ვაძლევთ. ჩვენ გვეუბნებიან, რომ მზად არიან. გარე განათების ბოძებიც დავიარეთ და გამოვცვალეთ ნათურები, შეიღება ბოძები და მონიტორინგიც ყოველდღე მიმდინარეობს.

ბათუმი / 15.12.2016

პირველი თოვლი ბათუმში / 15.12.2016

ბათუმი / 15.12.2016

ბათუმი / 15.12.2016

გადაბეჭდვის წესი


ასევე: