მთავარი,სიახლეები

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი 10 ათასი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს

26.01.2017 • 4073
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი 10 ათასი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, ჯემალ დუმბაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ განაჩენი დღეს, 26 იანვარს გამოუტანა. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძის გადაწყვეტილებით, ჯემალ დუმბაძე 10 ათასი ლარის სანაცვლოდ გათავისუფლდა. საქმეზე არსებითი განხილვა არ შემდგარა. ბრალის აღიარების შემდეგ, პროკურატურამ მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმა.

ჯარიმის გარდა, ჯემალ დუმბაძეს ოთხწლიანი პირობითი სასჯელი დაუწესდა. 2 წლის განმავლობაში ის ვერ იმუშავებს საჯარო დაწესებულებებში, ასევე იმ კომპანიებში, სადაც სახელმწიფო წილს ფლობს.

„ბათუმის ინფექციური, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრის“ ხელმძღვანელი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გასული წლის 28 ნოემბერს დააკავა. მას დიდი ოდენობით სხვისი ქონების მითვისება, ან გაფლანგვა ედებოდა ბრალად. თუკი საპროცესო შეთანხმება არ შედგებოდა, მას 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდა.

დაკავებიდან ერთ თვეში ჯემალ დუმბაძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან, 5 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ჯემალ დუმბაძემ იგივე საავადმყოფოში განაგრძო მუშაობა ექიმის პოზიციაზე. 

დარღვევები  ამ სამედიცინო დაწესებულებაში გასულ წელს სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტომ დააფიქსირა. უწყების დასკვნით, გამოვლენილი ფინანსური დარღვევების საფუძველზე საავადმყოფო 206 231 ლარით დაჯარიმდა.

ინფექციურ საავადმყოფოს სოლიდური ოდენობის განაცდურის გადახდაც მოუწია იმის გამო, რომ დირექტორმა ჯემალ დუმბაძემ უკანონო გადაწყვეტილებები მიიღო. გათავისუფლებულ ექიმს, დავით მურვანიძეს საავადმყოფომ 70 ათასი ლარი გადაუხადა. გასული წლის 15 ნოემბერს, ჯემალ დუმბაძეს საქმე სასამართლოში მისმა ყოფილმა იურისტმა, რუსლან ბერიძემაც მოუგო.

შპს „ბათუმის ინფექციური, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრის“ 100 პროცენტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ფლობს. ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურის დაინტერესებამდე, ამ უწყების საქმიანობასა და მისი დირექტორის უკანონო გადაწყვეტილებებზე რეაგირება არ ჰქონია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს. ამ უწყებას ექვემდებარება ბათუმის ინფექციური საავადმყოფო.

საპროცესო შეთანხმებაზე სასამართლ პროცესზე საუბრის დროს, პროკურორმა დავით ჭარბაძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ „ზიანი ანაზღაურებულია“. ადვოკატის, ედიშერის მახარაძის თქმით, ზარალი 26 ათასი ლარი იყო, რაც ჯემალ დუმბაძემ უკვე გადაიხადა. საქმის ზედამხედველი პროკურორი ანზორ უსტიაძეა.

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჯემალ დუმბაძემ „ბათუმელებთან“ კომენტარი არ გააკეთა. ის ინფექციურ სააავადმყოფოში ამჯერად ექიმად განაგრძობს მუშაობას. საქმის დეტალებზე არც მისი ადვოკატი, ედიშერ მახარაძე დაგველაპარაკა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: