მთავარი,სიახლეები

როცა დოკუმენტაცია და დიაგნოზი არ ასახავს სინამდვილეს – დარღვევები ინფექციურ საავადმყოფოში

09.05.2016 • 3196
როცა დოკუმენტაცია და დიაგნოზი არ ასახავს სინამდვილეს – დარღვევები ინფექციურ საავადმყოფოში

„108 შემთხვევაში ჩატარდა არაჯეროვანი სამედიცინო მომსახურება“, – ეს და კიდევ უფრო კრიტიკული ჩანაწერები სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ ასახა შემოწმების აქტში, რომელიც შპს „ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრის“ საქმიანობას ეხება. ცენტრი 206 231 ლარით გასული წლის 30 ნოემბერს დააჯარიმეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ შემოწმებიდან 5 თვე გავიდა, უცნობია იზიარებს თუ არა აჭარის მთავრობა აქტში აღწერილ დარღვევებს.

აჭარის მთავრობა იმიტომ, რომ შპს „ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრი“ სწორედ მისი დაფუძნებულია, უფრო კონკრეტულად კი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსი. ცენტრის დირექტორი ექიმი ჯემალ დუმბაძეა, ხოლო ინფექციური დეპარტამენტის უფროსი – ექიმი ნატო მიშველაძე.

სწორედ ჯემალ დუმბაძემ გაათავისუფლა 2014 წლის დასაწყისში სამსახურიდან ექიმი დავით მურვანიძე, რომელმაც სასამართლოში იჩივლა. დავით მურვანიძის კანონიერად გათავისუფლების დადასტურება „ცენტრმა“ ქვეყნის სასამართლოს სამივე ინსტანციაში სცადა, მაგრამ გასულ კვირას უზენაესმა სასამართლომ მას დავით მურვანიძის სამსახურში აღდგენა და ნაცდური ხელფასის ანაზღაურება დაავალდებულა. ექიმს 70 000 ლარი სამედიცინო დაწესებულებამ უკვე გადაუხადა.

ინფექციური საავადმყოფო (11)დავით მურვანიძეს მიაჩნია, რომ ეს უსამართლობაა, რადგან ის სამსახურიდან პირადი ახირებით გაუშვა დირექტორმა და მისი ახირებების შედეგებს სახელმწიფო არ უნდა ასწორებდეს.

ექიმ-ინფექციონისტ მურვანიძის თქმით, ვიდრე მას გაათავისუფლებდა ჯემალ დუმბაძე, მანამდე სწორედ იმავე მოტივით და, შესაბამისად, უკანონოდ, „12 ექთანი და სანიტარი დაითხოვა, მაგრამ მათ სასამართლოში ჩივილი ვერ მოახერხეს“.

„ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალურ ცენტრში“ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ანაზღაურება დირექტორს ჯემალ დუმბაძესა და დეპარტამენტის უფროსს ნატო მიშველაძეს აქვთ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ჯემალ დუმბაძის ყოველთვიური ანაზღაურება საშუალოდ 8 ათასი ლარია, ხოლო ექიმ მიშველაძის – 5-6 ათასი ლარი. შესაბამისად, მათვე ეკისრებათ ცენტრის გამართულ საქმიანობაზე პასუხისმგებლობა.

რევიზიის აქტების მიხედვით, რომლებიც „ბათუმელებმა“ მოიპოვა, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ცენტრის საქმიანობას, რომელსაც ეს ორი ექიმი ხელმძღვანელობს, გამოვლენილი დარღვევების გამო კრიტიკულად აფასებს. აქტი 2015 წლის 30 ნოემბრით არის დათარიღებული.

#35 შემოწმების აქტში წერია შემდეგი: „591 შემთხვევაში [ანაზღაურებულია 228 816 ლარი] სამედიცინო მომსახურების გაწევაზე არ არის მიღებული პაციენტის წერილობითი ინფორმირებული თანხმობა… არ არის ფორმა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ცნობა ფორმა #IV-100/ა. არ არის დაფიქსირებული დიაგნოზი, სამედიცინო მომსახურების გამწევი პირის ხელმოწერა“.

აქტში წერია, რომ ამ და სხვა დარღვევებისთვის სამედიცინო დაწესებულება დაჯარიმდება ბიუჯეტიდან ანაზღაურებული თანხის 10%-ით, ანუ  22 881 ლარით.

იმავე აქტში საუბარია 45 ისეთი შემთხვევის შესახებ [ანაზღაურებულია 18 369 ლარი], როდესაც რეგულირების სააგენტოს მიერ კომისიისთვის წარდგენილი დოკუმენტები თუ მონაცემები არ ასახავს სინამდვილეს.

ამ კონკრეტულ „45 შემთხვევაში“ ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობა უშუალოდ პაციენტებს უკავშირდება – საქმე ეხება დიაგნოზთან დაკავშირებულ სხვადასხვა დადასტურებულ ინფორმაციას. დოკუმენტში წერია: „ძირითადად [პროგრამულ ანაზღაურებას დაქვემდებარებული] დიაგნოზი არ დასტურდება პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემებით ან „კალკულაციაში“ ასახულია გამოკვლევები, რომელთა ჩატარების პერიოდი არ შეესაბამება პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება/დაყოვნების პერიოდს“.

ამ შემთხვევაშიც რეგულირების სააგენტოს მიაჩნია, რომ სამედიცინო ცენტრისთვის ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხა – 18 369 ლარი სრულად უნდა დაიბრუნოს სახელმწიფომ.

სააგენტოს მონაცემებით, 108 შემთხვევაში სამედიცინო ცენტრში ასევე ადგილი ჰქონდა არაჯეროვან სამედიცინო მომსახურებას [ანაზღაურებულია 43 095 ლარი]. ამ დარღვევისთვის სამედიცინო ცენტრს ჯარიმის სახით ანაზღაურებული თანხის სამმაგი ოდენობის – 129 286 ლარის გადახდა მოუწევს.

4 შემთხვევაში [ანაზღაურებულია 1265 ლარი] მიმწოდებელმა მოსარგებლის ანუ პაციენტისგან პროგრამით გათვალისწინებული თანაგადახდის ოდენობაზე მეტი თანხა ამოიღო. „ამ შემთხვევაში სამედიცნო დაწესებულებამ პაციენტს გადაახდევინა ის თანხა, რასაც სახელმწიფო პროგრამა სრულად აფინანსებდა“. რეგულირების სააგენტოში მიიჩნევენ, რომ სწორედ ამის გამო სამედიცინო ცენტრი გადახდილი თანხის სამმაგი ოდენობით უნდა დაჯარიმდეს. საჯარიმო თანხა ჯამში 37 97 ლარია.

რეგულირების სააგენტოს კიდევ ერთი – 2015 წლის პირველი ივლისიდან 2015 წლის პირველ სექტემბრამდე პერიოდის შემოწმების მასალებით [რევიზიის აქტი #35/8], „16 შემთხვევაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია და მონაცემები არ ასახავს სინამდვილეს. …ძირითადი დიაგნოზი არ ადასტურებს პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს“.

ამ შემთხვევებში ბიუჯეტიდან სამედიცინო ცენტრში 6971 ლარია გადარიცხული. აქტის დამწერის აზრით, ეს თანხაც, ისე როგორც ზემოთ მოცემული თანხები, სრულად ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, „17 შემთხვევაში სამედიცინო ცენტრში ჩატარებულა 8 089 ლარის ღირებულების არაჯეროვანი სამედიცინო მომსახურება“. რეგულირების სააგენტო, ისევე როგორც წინა ჯერზე, სამედიცინო ცენტრის გახარჯული თანხის სამმაგი ოდენობით დაჯარიმების რეკომენდაციას გასცემს, რაც ჯამში 24 267 ლარია.

რეგულირების სააგენტოს მიერ აჭარა-გურიის რეგიონებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამედიცინო დაწესებულებაში გამოვლენილი დარღვევების შესაფასებლად „ბათუმელები“ თავად ცენტრის დირექტორს დაუკავშირდა. პირველ დღეს ჯემალ დუმბაძემ განაცხადა, რომ „თურქი ინვესტორები ჰყავს და არ სცალია“, ხოლო მეორე ჯერზე თქვა, რომ „ბოლოს და ბოლოს წითელი პარასკევია და ვერ ისაუბრებს, თუნდაც იმიტომ, რომ დოკუმენტებთან ხელი არ მიუწვდება“.

ჯემალ დუმბაძემ ორი სიტყვით მაინც შეაფასა შემოწმების აქტი და მას არასწორად დასმული „წერტილ-მძიმეების გამო დაშვებული შეცდომები“ უწოდა. ჯემალ დუმბაძე „ბათუმელებს“ დაჰპირდა, რომ მიმდინარე კვირაში შემოწმების აქტებში მითითებული დარღვევების თაობაზე აუცილებლად გააკეთებს განმარტებას.

„ბათუმელები“ ასევე დაუკავშირდა შპს პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრის დამფუძნებელს – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს ჯერ ვერ გააკეთებენ. სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, ოფიციალურ განცხადებას სამინისტრო მას შემდეგ გაავრცელებს, რაც რეგულირების სააგენტოს შემოწმების აქტში მოყვანილი დარღვევების შესახებ მონაცემებს გადაამოწმებენ.

პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრი C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული. ამ ცენტრთან ასევე თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც შიდსითა და ტუბერკულოზით ინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობენ.

განსაკუთრებით ბევრი პაციენტის მიღება ცენტრს მაინც ზაფხულობით უწევს – მათ შორის, რა თქმა უნდა, არიან ზღვის წყლით მოწამლული ტურისტები, ისევე როგორც ადგილობრივები. შესაბამისად, სწორედ ამ სეზონზე გაედინება ბიუჯეტიდან სამედიცინო დაწესებულებაში ყველაზე მეტი თანხა.

აღმოჩენილი დარღვევების მიუხედავად პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას – აქ ორი კვირის წინ მიიღეს ინვესტორი, რომლის მხარდაჭერითაც სამედიცინო დაწესებულების A კორპუსის რეაბილიტაცია დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებს თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო [TIKA] დააფინანსებს. ამ მიზნით 1 მილიონზე მეტი დოლარი დაიხარჯება.

სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრი 2016 წელს 2 530 810 ლარის ელექტრონულ შესყიდვებს განახორციელებს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: