სიახლეები

XVII საუკუნის ციხეზე მიშენებული სახლი ქედაში

18.07.2015 • 3462
XVII საუკუნის ციხეზე მიშენებული სახლი ქედაში

 

 

ზენდიდის ციხეზე მიშენებული სახლი

 

XVII საუკუნით დათარიღებული ზენდიდის ციხე ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზიდან, ქედის მუნიციპალური ცენტრიდან ორ კილომეტრში, სოფელ ზენდიდში მდებარეობს. ციხესთან მისვლამდე ბანერი და მასზე ციხის შესახებ ინფორმაციაა განთავსებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს ადგილი ტურისტულ მარშრუტშია შეტანილი. 5 000 კვადრატულ მეტრზე გაშენებული ციხიდან დღეს მხოლოდ კედლების ნაწილია შემორჩენილი. ციხეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შიგა პერიმეტრზე სამი ოჯახი ცხოვრობს. ერთ-ერთი სახლი პირდაპირ ციხის კედლების ნაწილზეა მიშენებული, სახლის გვერდით საქათმეა. აქ მცხოვრები ილია ბეჟანიძე ამბობს, რომ ეს სახლები ორი საუკუნის წინ აშენდა და დასძენს, რომ ციხეს ხშირად უცხოელი ტურისტები სტუმრობენ.

ქედის ისტორიული მუზეუმის დირექტორი, პროფესიით ისტორიკოსი და მკვლევარი ვაჟა ფარტენაძე ამბობს, რომ თუ დროულად არ განხორციელდა ციხის კონსერვაცია, შეიძლება ციხე მალე ჩამოიშალოს.

„ნაგებობა XVII საუკუნეს მიეკუთვნება. ეს გონიოს ციხის შემდეგ ერთ-ერთი უდიდესია აჭარაში. 1998 წელს აქ არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა, კედლები გასუფთავდა მცენარეებისგან, რამაც დაშლის პროცესი დააჩქარა, თოვლი წვიმა თუ ქარი ციხეს ყოველდღიურად აზიანებს. შენობის შესანარჩუნებლად ციხის კონსერვაცია აუცილებელია, კონსერვაცია მხოლოდ ციხის დღემდე შემორჩენილ ნაწილს შეინახავს. აღდგენითი სამუშაოები გაცილებით დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული“, – ამბობს ვაჟა ფარტენაძე.

მუზეუმის დირექტორის თქმით, ანალოგიურ მდგომარეობაშია ქედის ტერიტორიაზე არსებული სხვა ძეგლები – ციხეები და სათვალთვალო კოშკები.
ქედაში მდებარე სათვალთვალო კოშკები პირობითად XI-XIII საუკუნეებით არის დათარიღებული. ამ კოშკების დანიშნულება მტრის გაკონტროლება და ინფორმაციის გადაცემა იყო. ვაჟა ფარტენაძე ამბობს, რომ კოშკების ჯაჭვური ქსელი სოფელ სალიბაურიდან გოდერძის უღელტეხილამდე იყო, ქედის ტერიტორიაზე კი ასეთი ხუთი კოშკი არსებობს.

ვაჟა ფარტენაძე: „ქედის ტერიტორიაზე არსებული ყველა ისტორიული ძეგლი თუ ნაგებობა ცუდ მდგომარეობაშია. ამ ძეგლებმა საუკუნეებს გაუძლო და დღემდე მოაღწია. შესაძლებელია მათი იმ სახით შენახვა, რა სახითაც ჩვენამდეა მოღწეული. რაც მთავარია, ჩამონგრევის საშიშროება აღარ იქნება. ისტორიული ძეგლებიდან მხოლოდ თაღოვანი ხიდებია კარგ მდგომარეობაში. ოთხივე ხიდი რესტავრირებულია. სოფელ ზუნდაგაში არსებული საწნახელი უძველესია, მაგრამ შესაძლოა დაიშალოს, თუ არ გადაიხურა და მიწისგან არ გათავისუფლდა. ცუდ მდგომარეობაშია როგორც სოფელ საღორეთში არსებული სათვალთვალო კოშკი, რომელიც მთელ აჭარის ხეობას გადაჰყურებს, ასევე ძენწმანში, გულებსა და სოფელ დანდალოში არსებული კოშკებიც.“

ვაჟა ფარტენაძე ამბობს, რომ ისტორიული ძეგლებიდან არქეოლოგებს მხოლოდ ზენდიდის ციხე აქვთ შესწავლილი. მისივე თქმით, არქეოლოგებმა შეისწავლეს ჯვარიქედის გამოქვაბული და სოფელ კვაშტაში ნასახლარები, ჯვარიქედში 8 000 წლის წინანდელი ნივთები აღმოჩნდა, კვაშტაში ნაპოვნი ნივთები კი V საუკუნით დაათარიღეს.

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია-კომახიძე ამბობს, რომ ამ დროისთვის ქედაში 37 ძეგლს აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, 17 ძეგლი კი შესწავლის პროცესშია. იგი განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობაში არსებული სამსახური ისტორიულ მუზეუმთან ერთად სწავლობს ახალ ძეგლებს და ძეგლის ადგილმდებარეობის კოორდინატებს აზუსტებს:

„45 ძეგლია, აქედან 37 არის კულტურული მემკვიდრეობის. 17 ძეგლი შემთხვევით იქნა აღმოჩენილი დ შესასწავლია. რაც შეეხება ძეგლების მოვლა-პატრონობას, ჩვენ ძეგლებთან მისასვლელ გზებს ვაკეთებთ, ზუსტ კოორდინატებს ვადგენთ და მიმდებარე ტერიტორიებს ვასუფთავებთ.
შემთხვევით აღმოჩენილ ძეგლებს შორის ბევრია ნაეკლესიარი და ნამოსახლარი. რაც შეეხება სტატუსის მქონე 37 ძეგლს – ეს არის ჯამეები, სათვალთვალო კოშკები, ზენდიდის ეკლესია, შერვაშიძეების ნამოსახლარი, მედრესე, თაღოვანი ხიდები, გამოქვაბული და საწნახელები“.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლებზე ნებართვების გაცემისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი ზაურ ახვლედიანი ამბობს, რომ მიმდინარე წლისთვის სააგენტოს ქედაში არსებულ ძეგლების რეაბილიტაცია – კონსერვაციისთვის თანხა არ აქვს გაწერილი და აღნიშნავს, რომ სააგენტო ძეგლების რეაბილიტაციას ქედაში მომავალი წლისთვის გეგმავს.

„ქედაში შარშან ჩვენ განვახორციელეთ ხიდების რეაბილიტაცია, წელს ხაბელაშვილების ხის ხიდს ჩაუტარდება რეკონსტრუქცია, რისთვისაც 60 000-ზე მეტი ლარია გათვალისწინებული. ტენდერი გამოცხადებულია და გამარჯვებული ფირმა გამოვლენილი. ხაბელაშვილების ხიდთან ერთად საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდება პეტრასა და ხიხანის ციხეებს. ქედაში მომავალი წლისთვის ვფიქრობთ რომელიმე ძეგლის რეაბილიტაციას, მაგრამ ჯერ უნდა მოვიკვლიოთ რომელია უფრო სავალალო მდგომარეობაში, ამ საკითხებზე სააგენტო მუშაობს.

ჩვენ პერიოდულად ვაწარმოებთ მონიტორინგს ძეგლებზე. რაც შეეხება ზენდიდის ციხეს, მასზე სახლი მანამდე იყო მიშენებული, ვიდრე ძეგლის სტატუსი მიენიჭებოდა. თუ დაიგეგმება მისი კონსერვაცია, საპროექტო დოკუმენტაცია რესტავრატორებისა და არქიტექტორებთან ერთად შედგება და ეს საკითხიც გადაწყდება“ – აღნიშნა ზაურ ახვლედიანმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: