მთავარი,სიახლეები

აქცია ადექვატური კომპენსაციის მიღების მოთხოვნით

24.01.2017 • 2473
აქცია ადექვატური კომპენსაციის მიღების მოთხოვნით

ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე, ხიხანის ქუჩაზე მცხოვრებმა მოსახლეობამ აქცია გამართა. მათ ელექტროგადამცემი მაღალი ძაბვის ხაზის მშენებელი კომპანიისგან საკუთრების დათმობის სანაცვლოდ „არაადეკვატური ფასის შეთავაზება“ გააპროტესტეს.

„მიწის ნაკვეთზე, კვადრატულ მეტრზე 20 ლარი, ხოლო სახლზე კვადრატულ მეტრზე 200 ლარი შემოგვთავაზეს. ასე ავუნაზღაურეთ სხვებსაცო ამბობენ, მაგრამ საინტერსოა ქედაში და ბათუმში შეიძლება ფასი ერთნაირი იყოს? კვადრატულ სოცხოვრებელს 200 ლარად ვიყიდით? – მერიის წარმომადგენელმა ზვიად ჭელიძემ გვითხრა მეტს ითხოვთო, ვუთხარი შენი ჯიბიდან ხომ არ გთხოვ-მეთქი. მე შვიდი შვილი მყავს, მათ შორის ერთი უნარშეზუდულია, მათ რომ რამე დაემართოთ ვინ დაგვეხმარება?“ – ამბობს ზვიად გურგენიძე.

მოსახელობა კომპანიასთან მორიგებაში მთავრობას მხარდაჭერას სთხოვს. ზვიად გურგენიძის თქმით, წინაააღმდეგ შემთხვევაში ის ოჯახთან ერთად შიმშილობას დაიწყებს.

„ბათუმელები“ მერიის წარმომადგენელსაც დაუკავშირდა, ზვიად ჭელიძის თქმით, მერია კომპანიისა და მოსახლეობის მოლაპარაკებებში ჩართული არ არის და მათ მხოლოდ შეხვედრების ორგანიზებაში ეხმარება. ის კატეგორიულად უარყოფს მოსახლეობასთან რაიმე სახის მოთხოვნას ფასთან დაკავშირებით.

აქციის მონაწილეების თქმით, მათთან კომპანიების წარმომადგენლები დოკუმენტებით მიდიან და ხელის მოწერას სთხოვენ. აქციის მონაწილე ზვიად გურგენიძე ამბობს, რომ ეს საკუთრების უფლების დათმობასთან დაკავშირებული დოკუმენტებია.

აჭარაში მაღალი ძაბვის ახალციხე-ბათუმის 220 კილოვოლტიან ელექტროგადამცემ სისტემას საქართველოს სახელმწიფოს დაკვეთით ინდური კომპანია KEC-ი აშენებს. ელექტროგადამცემი ხაზი ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გაივლის. პირველადი მონაცემებით, ბუფერულ ზონაში 50 ოჯახი მოხვდება. მშენებლობა 2018 წლის დასაწყისისთვის უნდა დასრულდეს. ამ ქსელით ახალაშენებული ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ერთ სისტემაში მოქცევა და თურქეთისთვის მიწოდება იგეგმება.

იგივე მიზეზით საპროტესტო აქციები იმართება ქედაშიც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: