Batumelebi | ბათუმში „შერატონის“ მესაკუთრის სახელობის ქუჩის სახელის გადარქმევას ითხოვენ ბათუმში „შერატონის“ მესაკუთრის სახელობის ქუჩის სახელის გადარქმევას ითხოვენ – Batumelebi
RU | GE  

ბათუმში „შერატონის“ მესაკუთრის სახელობის ქუჩის სახელის გადარქმევას ითხოვენ

ბათუმის საკრებულოში პეტიცია შევიდა. მოქალაქეები ქალაქის ერთ-ერთი პატარა ქუჩის სახელის გადარქმევას ითხოვენ. ამ ქუჩას წარმოშობით ლაზი თურქი ბიზნესმენის ნურეთინ ჩარმიქლუს სახელი საკრებულოს გადაწყვეტილებით 2010 წელს მიენიჭა. მის სახელს ბათუმში სასტუმრო „შერატონის“ მშენებლობა უკავშირდება.  გარდა ამისა, იგი საქართველოს საპატიო კონსულია ქალაქ იზმირში. 

საკითხი სხდომაზე გასვლამდე საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის კომისიამ უნდა განიხილოს. კომისიის ხელმძღვანელის ნინო ბერაძის ინფორმაციით, მოქალაქეები, რომლებმაც საკრებულოს პეტიციით მიმართეს, მიიჩნევენ, რომ „საქართველოს ჰყავს ბევრი პატივმისაგები ადამიანი“, რომელთა სახელებიც შეიძლება ეწოდოს ქუჩას ბათუმში, ხოლო ბიზნესმენ ჩარმიქლუს დამსახურება საქართველოს მიმართ „მათთვის გაურკვეველია“.

პეტიციის ავტორებს საკრებულოსთვის ნურეთინ ჩარმიქლუს ქუჩის სახელის ჩასანაცვლებლად რომელიმე კონკრეტული “პატივმისაგები ადამიანის” გვარი  არ შეუთავაზებიათ. ისინი ამ ქუჩისთვის სახელის სამ ვარიანტს განიხილავენ: „თავისუფლების ქუჩა, მშვიდობის ქუჩა ან ქართველი ჯარისკაცის ქუჩა“.

თვითმმართველობის შესახებ კოდექსის მიხედვით, ამა თუ იმ საკითხზე პეტიციით თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს შეიძლება მიმართოს ამ ქალაქში რეგისტრირებული ამომრჩევლის ერთმა პროცენტმა. ბათუმში 133 960 ამომრჩეველია. საკრებულოს განათლების კომისიის ხელმძღვანელის, ნინო ბერაძის თქმით, ხელმოწერები შემოწმებულია და პეტიცია იურიდიულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ნურეთინ ჩარმიქლუს ქუჩაზე სახელის გადარქმევას არანაკლებ 1350 ბათუმელი ამომრჩეველი ითხოვს. საკრებულოს ამ მოქალაქეების სახელით გენრი დოლიძემ და როინ აბუსერიძემ მიმართეს.

2010 წელს ბათუმის ერთ-ერთ ქუჩაზე რუსთაველიდან გორგილაძის [ქუჩამდე მონაკვეთი] თურქი ბიზნესმენის სახელის დარქმევას „რესპუბლიკელები“ ეწინააღმდეგებოდნენ. ირაკლი ჩავლეიშვილი და თემურ ყურაშვილი, რომლებიც მაშინ სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრნენ, დღესაც საკრებულოს წევრები არიან და თანამდებობებიც უკავით.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩავლეიშვილი მიიჩნევს, რომ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა გარდა იმისა, რომ უხერხული იქნება, მითუმეტეს მაშინ, როცა ამ ბიზნესმენს ნამდვილად აქვს წვლილი როგორც ბათუმის განვითარების, ასევე მთლიანად ქვეყნითვის, შესაძლოა დაინტერესებულმა პირებმა ცუდად გამოიყენონ კიდეც: „მაშინ შერატონს რომ აშენებდა, არ უთხოვია ჩემი სახელი დაარქვით ქუჩასო, მაგრამ ახლა რადგან გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, მისი შეცვლის შესახებ საკითხს ცოტა უფრო სიღრმისეულად უნდა შევხედოთ“.

კოლეგის მოსაზრებას განათლების კომისიის თავმჯდომარე ნინო ბერაძეც ეთანხმება. ის საკითხს სავარუდოდ მხარს არ დაუჭერს:

„მე არ დავუჭერ მხარს გადარქმევას. ახლა ამ პოზიციაზე ვარ და მსჯელობის დროს არ ვიცი რა იქნება დამატებითი არგუმენტი, რაც აზრს შემაცვლევინებს. ვფიქრობ, თავის დროზე დაუშვეს შეცდომა. ცოცხალი ადამიანის სახელს არ ვანიჭებთ ქუჩის სახელწოდებას. დებულებით განსაზაღვრულია, რომ გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ ენიჭება სახელი. სხვა საკითხია დამსახურება, არ დამსახურება, მაგრამ ვფიქრობ, ახლა ამის გამოსწორებით უფრო მეტ დანაშაულს ჩავიდენთ. ცუდი მას არაფერი გაუკეთებია, ინვესტიცია ჩადო და ქალაქის ეკონომიკას, განვითარებას ხელი შეუწყო. ეს არ არის ისეთი პიროვნება, რომლის საქმიანობაც კითხვის ნიშნის ქვეშაა ჩემთვის. მინდა დავაზუსტო პეტიციის ავტორებთან, ჯერ არ გვქონია განხილვა, მე უფრო ვხედავ ეთნიკურ ნიშანს, რაც მიუღებელია. მას ჩვენთვის არ უთხოვია ქუჩისთვის სახელის დარქმევა და ახლა მგონია, რომ შეურაცხვყოფთ ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორებით“, – ამბობს ნინო ბერაძე.

ჩარმიქლუს ქუჩაზე სახელის გადარქმევას კატეგორიულად ეწინააღმდეგება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე საკრებულოში, გიორგი კირთაძე. მაშინ, როცა ქუჩას სახელი მიანიჭეს, ის საკრებულოს თავმჯდომარე და საკითხის ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო.

„2006 წელს დაიწყო მშენებლობა და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მან შერატონი მოუტანა ბათუმს. 2008 წელს, ომის დროს, როცა ყველაფერი გაჩერდა, მას მშენებლობა არ შეუჩერებია. ეს ბათუმისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იყო ადამიანი, რომელმაც იმ პერიოდში 80 მილიონის ინვესტიცია ჩადო, მაშინ როცა მართლა რთული იყო ინვესტორის მოძებნა ბათუმისთვის. მართალია, ახლა ბრენდული სასტუმროები გვაქვს, მაგრამ ამის სტიმულირება გააკეთა ამ ბიზნესმენმა. ამიტომ ახლა საუბარი იმაზე, რომ ქუჩას ამ კაცის სახელი გადავარქვათ, იქნება დიდი უმადურობა მის მიმართ, ვინც მისცა სტიმული ბათუმის განვითარებას“, – ამბობს გიორგი კირთაძე.

იმაზე, რომ შერატონის შემოსვლა ბათუმში სხვებისთვის შეიძლება წამახალისებელ ფაქტორი ყოფილიყო, ნინო ბერძეც საუბრობს: „იმ პერიოდში ეს იყო ერთადერთი მსხვილი ინვესტიცია. რამდენადაც ვიცი, ომის პერიოდშიც არ გაუჩერებია. სუბიექტურია ამის შეფასებია. როცა ბიზნესი შემოდის, ინვესტიცია იმ ქალაქის, ქვეყნის უსაფრთხოების მაჩვენებელია. როგორც ბიზნესმენი იგებ, მაგრამ იგებს ქვეყანა და ქალაქი“.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, ლაშა სირაბიძეს ჯერ არ გადაუწყევტია დაუჭერს თუ არა მხარს ერთი ჯგუფის მოთხოვნას ჩარმიქლუს ქუჩის სახელის გადარქთმევასთან დაკავშირებით. „ჯერ კონსულტაციები უნდა გავიარო კოლეგებთან“, – უთხრა მან “ბათუმელებს”.

IMG_20170128_103244IMG_20170128_103440

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი