Batumelebi | რატომ იხურება ავეჯის მაღაზიები ბათუმში რატომ იხურება ავეჯის მაღაზიები ბათუმში – Batumelebi
RU | GE  

რატომ იხურება ავეჯის მაღაზიები ბათუმში

ავეჯისა და საოჯახო ნივთების 4 ცნობილი მაღაზია ბათუმში იხურება. მაღაზიის მფლობელები დახურვას ლარის გაუფასურებას და შესაბამისად, იმპორტირებული საქონლის გაძვირებას არ უკავშირებენ. კვლევის მიხედვით კი, ავეჯით და საოჯახო ნივთებით ვაჭრობის სექტორში 22 პროცენტით შემცირდა ბრუნვა.

ჯერ არ დახურულა, მაგრამ აბრა, ფართობის გაქირავება-გაყიდვის შესახებ უკვე გამოკრულია გორგასლის ქუჩაზე, მაღაზია VALENTIN-ის შესასვლელთან. მაღაზიაში ზურაბ გოგიტიძე დაგვხდა, ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი. მისი თქმით, მაღაზია დაახლოებით თვის ბოლოს დაიხურება, მაგრამ ეს გაყიდვების შემცირებას არ უკავშირდება. ამავე ქუჩის მოპირდაპირე მხარეს VALENTIN-ახალი ოფისი გახსნილა, რომელიც გაცილებით უფრო მცირე ზომის ფართობს იკავებს. აქ არ დაუმალავთ, რომ ავეჯის მაღაზიის ეს პატარა ოფისი, ძირითადად, შეკვეთებზე იმუშავებს.

„მიზეზი არ არის ლარის კურსი, ან რომელიმე ეკონომიკური ფაქტორი. სხვა მიზეზია, რაზეც ახლა ვერ ვისაუბრებთ“, – გვითხრა ზურაბ გოგიტიძემ.

უკვე დაკეტილი დახვდა „ბათუმელებს“ მაღაზიები ჭავჭავაძის ქუჩაზე – „ლაბორატორია”  და „ჩემი სახლი“. ვიტრინებში ჯერ კიდევ შემორჩენილია საოჯახო ნივთების ნაწილი. ეს მაღაზიები საერთაშორისო კორპორაცია ICR-ს ეკუთვნის. კომპანიაში გვითხრეს, რომ ამ ნივთებს მალე სხვა მიმართულებით მომუშავე ბრენდის საქონელი ჩაანაცვლებს.

laboratoria

„მიმდინარეობს მოლაპარაკებები. სხვა ბრენდისთვის ვაპირებთ ამ სივრცის გამოყენებას, ჯერ კონრკეტულად ვერ გეტყვით. თბილისის მაღაზიაში არის გაცილებით უფრო დიდი Show room, რაც ბათუმში არ გვქონდა, რადგან ფართი იყო პატარა. ძირითადად ამის გამო დავხურეთ ეს მაღაზიები,“- გვითხრა კორპორაცია ICR-ის მარკეტინგის მენეჯერმა, მაკა გვრიტიშვილმა.

მენეჯერმა არ დაგვიდასტურა გაყიდვების შემცირება, ან სხვა ეკონომიკური გავლენა. კითხვაზე, რატომ არ შეიძლებოდა მოწყობილიყო იგივე Show room ბათუმში, თუკი მოთხოვნა არსებობდა, მაკა გვრიტიშვილმა გვიპასუხა: „ჩვენ ვეცდებით ეს მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ თბილისიდანაც, ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ ტრანპორტირებასაც… აჭარის ბაზარი ცხადია, უფრო პატარაა“.

„ჩვენი მაღაზია ხუთშაბათს დაიკეტება“, – გვითხრეს „კრეატივში”. საოჯახო ნივთების ეს მაღაზია „ბათუმი მოლში“ იყო განთავსებული. შორენა შარპილომ, მაღაზიის ბათუმის ოფისის ხელმძღვანელმა, გვითხრა, რომ ის ვერ ისაუბრებს დახურვის მიზეზებზე და „პაპილონის“ ცენტრალურ ოფისში გადაგვამისამართა. ამ კომპანიას ეკუთვნის მაღაზიათა ქსელი „კრეატივი“.DSCN4817

„პაპილონში“ გაუკვირდათ, რატომ დაინტერესდა ჟურნალისტი მაღაზიის დახურვით. მოგვიანებით კომპანიის საქალაქო ნომერზე გვითხრეს, რომ კომენტარი მენეჯერმა უნდა გააკეთოს, რომელიც „ამჟამად სამსახურში არ იმყოფება“. ამ კომპანიაში რომელიმე მენეჯერის პირადი ტელეფონის ნომერი არ მოგვცეს.

„როცა ვალუტის კურსი არასტაბილურია, იმპორტზე ჩამოკიდებული ფუფუნების პროდუქტების რეალიზატორები, პირველ რიგში, იწყებენ ბაზრიდან გასვლას და ახლაც ასე ხდება,“ – ამბობს ნონა ხუჯაძე. ის საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის „აფხაზეთის“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელია. ნონა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომელია პროექტისთვის „ეკონომიკური ლაბორატორია“.

ნონა ხუჯაძე ერთ-ერთი კვლევის მონაცემებზე აკეთებს აქცენტს, რომლის მიხედვითაც აჭარაში ავეჯით და საოჯახო ნივთების სექტორში ვაჭრობის ბრუნვა ბოლო პერიოდში 22 პროცენტით არის შემცირებული. მიიჩნევს, რომ ეს მოსალოდნელი პროცესი იყო, რადგან ეს არის ბიზნესი, რომელიც გარდა იმისა, იმპორტზეა დამოკიდებული, ვერც ტურისტული სეზონის მოსვლას დაელოდებოდა.

„ამ მაღაზიების მომხმარებლები ძირითადად არიან ადგილობრივები და არა ტურისტები. შესაბამისად, ტურისტული სეზონისთვის მოცდაც მათთვის ლოგიკური ვერ იქნებოდა. ჩვენ ისედაც არ ვართ მაღალგადახდისუნარიანი ბაზარი. ამ შემთხვევაში, ლარის კურსი გაიზარდა. ამ ტიპის მაღაზიები საქონელს ისევ დოლარში ყიდულობენ, როცა მათ მომხმარებელს შემოსავალი ისევ ლარში აქვთ… შედარებით დაბალ ფასებზე მომუშავე მაღაზიებს მსგავსი რყევა, ჩემი აზრით, არ შეეხება, ამ ტიპის მაღაზიებს კი, განსაკუთრებით რეგიონებში ექნებათ პრობლემა, რადგან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლები მაინც უფრო დაბალია, ვიდრე დედაქალაქში…“ – გვითხრა ნონა ხუჯაძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი