Batumelebi | უნივერსიტეტის სტუდენტების პრობლემები გრიშაშვილის #5-ში უნივერსიტეტის სტუდენტების პრობლემები გრიშაშვილის #5-ში – Batumelebi
RU | GE  

უნივერსიტეტის სტუდენტების პრობლემები გრიშაშვილის #5-ში

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის ფაკულტეტის 200-მდე სტუდენტისთვის, რომლებიც გრიშაშვილის #5-ში მდებარე შენობაში სწავლობენ, წლებია ელემენტარული პრობლემები მოუგვარებელია. მოუწესრიგებელია ლაბორატორიები, გასარემონტებელია შენობა, დაძველებულია ლიტერატურა, გაუმართავია გათბობის სისტემა, თვალსაჩინოებები, არ აქვთ სასადილო და სასმელი წყალი – ეს სტუდენტების ყოველდღიურობაა.

ლაშა მელაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის ფაკულტეტის აგრონომიის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტია. მას ლექციები ბენზეს დასახლებაში, გრიშაშვილის #5-ში მდებარე აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტში უტარდება. იგი „ბათუმელებთან“ ყვება, რომ სწავლისთვის შესაფერისი პირობები არც წინა შენობაში ჰქონდათ, რომელიც მწვანე კონცხზე მდებარეობს და არც აქ აქვთ.

„ჩვენს ფაკულტეტზე მხოლოდ ცარიელი ოთახები _ კედელი და მერხები არ არის საკმარისი, თვალსაჩინოებებია საჭირო“, – ამბობს ლაშა და დასძენს, რომ ერთადერთ აუდიტორიაში, სადაც თვალსაჩინოებების მსგავსი მასალაა წარმოდგენილი, კედელზე წებოვანი ლენტით გაკრული სხვადასხვა მცენარის ფოთლებია. ეს `თვალსაჩინოება~ სტუდენტებმა გააკეთეს. „ასეთს დაწყებით კლასებში ვაკეთებდით, რა ირონიაა“, – ამბობს ლაშა.

მისი თქმით, ბიბლიოთეკარს ყოველდღე მწვანე კონცხიდან პარკებით მოაქვს წიგნები სტუდენტებისთვის, რადგან ბიბლიოთეკიდან წიგნები სრულად არ გადმოუტანიათ, თუმცა ეს ლიტერატურაც მოძველებულია.

„ჩვენ გვჭირდება თანამედროვე მიღწევები, ახალი ნაშრომები. აქ კი, ახალი წიგნი თუ იწერება, ახალი მხოლოდ ავტორი და ფურცლებია, დანარჩენი ძველი, საბჭოთა ლიტერატურიდან გადმოტანილი ტექსტებია… 21-ე საუკუნეში ამ ფაკულტეტზე ასე სწავლა შეუძლებელია. ვუსმენ ამ დაპირებებს და არ ვიცი როდესმე თუ შესრულდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბრძოლად მიღირს“, – ამბობს ლაშა.

ამ ფაკულტეტის სტუდენტები მიმდინარე სასწავლო წლამდე მწვანე კონცხზე, ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტერიტორიაზე მდებარე შენობაში სწავლობდნენ. გასულ წელს მწვანე კონცხზე არსებული შენობის მიმდებარე ტერიტორია გასხვისდა. ტერიტორია იყიდა ყოფილ პრემიერთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ. აჭარის მთავრობაში მაშინ მზად იყვნენ, გაეყიდათ უნივერსიტეტის შენობაც მწვანე კონცხზე, ინვესტორის დაინტერესების შემთხვევაში, ხოლო ბსუ-სთვის ის შენობა გადაეცათ, სადაც ახლა უმაღლესი საბჭოა განთავსებული, დამატებით 2000 კვ.მეტრ ფართობთან ერთად.

ბსუ-ს კანცლერის, ჯემალ ანანიძის თქმით, ამჟამად მწვანე კონცხის ტერიტორიაზე არსებული შენობის გასხვისების საკითხი არ განიხილება. კანცლერის თქმით, მწვანე კონცხის ტერიტორიაზე არსებული შენობა მართლაც ამორტიზებულია, თუმცა ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ შენობა ექვემდებარება რეაბილიტაციას.

აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი

აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი

„შენობის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა მოცულობითია, სადღაც სამიდან ოთხ მილიონ ლარამდე. შესაბამისი ფინანსური რესურსიც ნამდვილად არ გვაქვს – რუსთაველზე და ფიროსმანზე არსებული ძირითადი სასწავლო კორპუსების რეაბილიტაცია უნდა დავასრულოთ წელს. შევეცდებით პროექტი გავამზადოთ, თანხის გამოჩენის შემთხვევაში, მზად რომ ვიყოთ მწვანე კონცხზე მდებარე შენობის რეაბილიტაციისათვის“, – ამბობს ჯემალ ანანიძე და დასძენს, რომ ამ ეტაპზე ძველ შენობაში რჩება ლექტორ-პროფესორების სამუშაო კაბინეტები და ძველი ლაბორატორიები.

კანცლერის თქმით, სტუდენტებსაც თუ ექნებათ გეგმური საველე გასვლა ან მწვანე კონცხზე არსებულ ლაბორატორიებში სამუშაო, მათ უნივერსიტეტის ტრანსპორტი მოემსახურება. თუმცა სტუდენტები ამბობენ, რომ იმ შენობაში მდებარე ლაბორატორიები გაუმართავია.
„ჩვენ მხოლოდ სასწავლო პროცესები გადმოვიტანეთ, რადგან ფიზიკურადაც შორს იყო და სტუდენტთა ტრანსპორტირების საკითხი დისკომფორტს ქმნიდა. გარდა ამისა, ზამთარში ვერ ვუზრუნველყოფდით გათბობას. არც კვების ბლოკი გვქონდა [კვების ბლოკი არც გრიშაშვილის №5-ში მდებარე შენობაშია. – ავტორი] და არც რაიმე ტიპის მარკეტი იყო მიმდებარედ. გრიშაშვილის №5-ში მდებარე კვლევითი ინსტიტუტის შენობაში ყოფნა მათთვის ბევრად ხელსაყრელია“, – ამბობს ჯემალ ანანიძე და ამატებს, რომ აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის ტერიტორიაზე იგეგმება სათბურის აშენება და შენობაში დამატებითი ადგილის გამოთავისუფლება სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიებისთვის. მისი თქმით, შენობა სტუდენტთა არსებული კონტიგენტისთვის საკმარისია.

აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორის რაულ გოცირიძის თქმით, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მწვანე კონცხზე გადადიოდნენ, ლაბორატორიაში უამრავი ინსტრუმენტი დაზიანდა თუ დაიკარგა, თუმცა მისი თქმით, განათლების სამინისტრომ დაახლოებით მილიონი ლარი გამოყო ლაბორატორიების განახლებისათვის და ახალ სასწავლო წელს ინსტიტუტი უკვე განახლებული ლაბორატორიით შეხვდება. ინსტიტუტის დირექტორი ასევე ელოდება დაპირებულ თაროებს ბიბლიოთეკისათვის, _ ამ ბიბლიოთეკაში არსებული წიგნები ჯერ კიდევ იატაკზე აწყვია.

„ბათუმელების“ შეკითხვას, მოუწევთ თუ არა სტუდენტებს გრიშაშვილის #5-დან სხვაგან გადასვლა, ან მწვანე კონცხზე არსებული შენობის რეაბილიტაციის შემთხვევაში იქ დაბრუნდებიან თუ არა, ბსუ-ს კანცლერი პასუხობს, რომ ამას აკადემიური საბჭო და ლექტორატი წყვეტს: „ამ ეტაპისთვის კი ეს მდებარეობა ყველანაირად მისაღებია“.

აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი

აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი

აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი

აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ირმა დიმიტრაძე არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2016 წლიდან