Batumelebi | ნათია სირაბიძე – დელეგატი აჭარიდან ევროპის კულტურის პარლამენტში ნათია სირაბიძე – დელეგატი აჭარიდან ევროპის კულტურის პარლამენტში – Batumelebi
RU | GE  

ნათია სირაბიძე – დელეგატი აჭარიდან ევროპის კულტურის პარლამენტში

ევროპის კულტურის პარლამენტის შესარჩევმა კომიტეტმა პარლამენტის ახალ წევრად, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია სირაბიძე დაამტკიცა. ნათია სირაბიძე ბლიც-ინტერვიუში თავად განმარტავს, რას გულისხმობს ევროპის კულტურის პარლამენტის დელეგატობა და რა უფლება-მოვალეობები აქვთ მის წევრებს.

ქალბატონო ნათია, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, აჭარისთვის  ევროპის კულტურის პარლამენტში კიდევ ერთი დელეგატის ყოლას?

მართალია რეგიონების მიხედვით დაყოფა არ არის, მაგრამ გადაწყვეტილება, რომ წევრად წარვედგინე, სწორედ ბათუმში გასვლითი სხდომის ჩატარების დროს მიიღეს. მიიღეს იმიტომ, რომ  საკმაოდ ახალი ინიციატივებით გამოვედი მათ წინაშე. ის, რომ მე ვარ ევროპის კულტურის პარლამენტში წევრი აჭარიდან,  მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ გვექნება უფრო მეტი საშუალება მოვიზიდოთ უფრო მეტი გრანტი კულტურის სფეროში, დავხვეწოთ კულტურაში კრეატიული ინდუსტრიები, ვიმუშავოთ ახალ ინიციტივებზე და სამომავლოდ ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელოთ ერთობლივად.

რა მიმართულებით ფიქრობთ საწყის ეტაპზე მუშაობას, წინასწარ რა არის ცნობილია?

ახლა დაიწყო სწორედ ახალი მიმართულება – კულტურული დიპლომატია, რომელიც გულისხმობს კულტურათა შორის დიალოგს, გარკვეული კონფლიქტების მოგვარებას უშუალოდ კულტურის გავლით, კულტურის საშუალებით. ჩვენს ჩართვას და თუნდაც ბათუმის, აჭარის  ამ დიალოგის ცენტრად ქცევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, სამომავლოდ აუცილებლად ვიმუშავებთ ამაზე.

თქვენს გარდა რამდენი დელეგატია ევროპის კულტურის პარლამენტში საქართველოდან?

საქართველოდან  სულ ხუთი დელეგატი ვართ: რუსუდან ფეტვიაშვილი[მხატვარი],  ლევან ხეთაგური [თეატრმცოდნე], დავით საყვარელიძე  და დავით ლორთქიფანიძე [საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი]. ეს არის საპატიო წოდება. წელიწადში ორჯერ იმართება ევროპის კულტურის პარლამენტის სხდომა, რომელსაც უნდა დაესწრო… მაქვს ხმის უფლება და ასევე ინიციატივების უფლება. კარგი საშუალებაა უფრო მეტი კონტაქტის მოძიების და სხვადასხვა ღონისძიების ბათუმში, საქართველოში წამოღებისა.

ნათია სირაბიძე ევროპის კულტურის პარლამენტის წევრად 2016 წლის ოქტომბერში, ბათუმში გამართულ ევროპის კულტურის პარლამენტის გასვლით სხდომაზე წარადგინეს და ახლახან აირჩიეს. დელეგატის ჩართულობა არ არის ანაზღაურებადი საქმიანობა.

ევროპის კულტურის პარლამენტი (ECP ) 2001 წლის ნოემბერში, ევროპის საბჭოს შენობაში, სტრასბურგში დაარსდა. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს სხვადასხვა კულტურულ თუ შემოქმედებით იდეებსა და ინიციატივებს ევროპაში. გარდა ამისა, ევროპის კულტურის პარლამენტის დამფუძნებლებს სურდათ გაეღრმავებინათ თანამშრომლობა და დიალოგი აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის მოქალაქეებს შორის ხელოვნების სხვადასხვა სფეროში.  2016 წლის ზაფხულიდან ECP -ში 43 ქვეყნის 160 წევრია გაერთიანებული.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან