მთავარი,სიახლეები

სოფელ გოგიაშვილებში მოსახლეობის პროტესტის გამო პოლიციაა მობილიზებული

09.11.2016 • 2260
სოფელ გოგიაშვილებში მოსახლეობის პროტესტის გამო პოლიციაა მობილიზებული

ამ დრომდე გრძელდება საპროტესტო აქცია ქედაში, სოფელ გოგიაშვილებში. ადგილობრივები მძიმე ტექნიკას შესვლის საშუალებას არ აძლევენ სოფელში , სადაც ახალი ელექტროგადამცემი ხაზების სისტემა უნდა დამონტაჟდეს. აქციის მონაწილეების თქმით, ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

“ჩვენს სოფელში ანძებს არ დავადგმევინებთ. ეს იწვევს უშვილობას, სიმსივნეს. არის საშუალება, რომ მდინარის პირას გაიყვანონ ელექტროხაზები, მაგრამ არ უნდათ. ეტყობა, პროექტში ფული უკვე გადახდილია და მისი შეცვლა არ უნდათ,” – ამბობს “ბათუმელებთან” გოგიაშვილების მკვიდრი, შახო არძენაძე.

“მოსახლეობის წინააღმდეგობა უსაფუძვლოა,” – გვითხრა გიორგი შარკოვმა, სააქციო საზოგადოება “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მმართველთა საბჭოს წევრმა. მისი თქმით, პროექტში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მოსახლეობის ჩართულობით არაერთი ცვლილება შევიდა.

“მათ არ უნდათ მოსმენა, უსასრულო ცვლილებები შეუძლებელია, გადამცემი ხაზები მაქსიმალურად დაშორებულია სოფელს და სხვა მარშრუტის შესაძლებლობა არ არსებობს,” – ამბობს შარკოვი.

აპირებს თუ არა “სახელმწიფო ელექტროსისტემა” პოლიციის გამოყენებას იმისთვის, რომ ტექნიკამ სოფელში მუშაობა შეძლოს? – გიორგი შარკოვმა “ბათუმელების” შეკითხვას ასე უპასუხა: “გამოვიყენებთ კანონით განსაზღვრულ ფორმას”.

“ბათუმელების” სატელეფონო ზარს არ უპასუხა ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით დუმბაძემ. გოგიაშვილების მკვიდრის, შახო არძენაძის ინფორმაციით, გამგებელი აქციაზე იმყოფება: “გვეხვეწება, დაიწიეთ უკან, ასე არ შეიძლებაო.”

საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებებისათვის” ხელმძღვანელი, თამაზ ბაკურიძეც: “მოსახლეობის პროტესტი არის სამართლიანი. საპროტესტო აქცია ამ ადამიანებმა გამართეს წინასაარჩევნო პერიოდშიც. მაშინ გიორგი შარკოვმა გვითხრა, რომ ალტერნატიული პროექტი შემუშავდებოდა. დღეს გავიგეთ, რომ თურმე ალტერნატივის შემუშავება შეუძლებელია, თუმცა მათ ვერ წარმოგვიდგინეს გეოლოგების დასკვნა ან რამე დოკუმენტი, რაც ამას დაადასტურებდა”.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ და შპს ,,აჭარისწყალი ჯორჯია” აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში ერთობლივად ახორციელებენ ელექტროენერგეტიკული სისტემის განვითარების პროექტებს, რომლის ფარგლებში, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) დაფინანსებით ხორციელდება ახალციხე – ბათუმის 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა. ამ ხაზით მოხდება ახალი ჰესების (,,შუახევის“ და ,,კორომხეთის“ ჰესები) მშენებლობის შედეგად გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემა, განაწილება ან/და ექსპორტი.

აჭარაში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს, ახალციხე-ბათუმის 220 კილოვოლტიან ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის ფარგლებში, ინდური კომპანია KEC-ი ააშენებს. ელექტროგადამცემი ხაზი ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გაივლის.

gogiashvilebi 4

gogiashvilebi 5

gogiashvilebi 2

სოფელი გოგიაშვილები. 9.11.2016 /ფოტომასალა აქციის მონაწილეებმა მოგვაწოდეს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: