მთავარი,სიახლეები

დამეწყრილ მოსახლეობას ხელისუფლება ბინებს უმიწოდ, ხულოს ცენტრში სთავაზობს

21.01.2017 • 3316
დამეწყრილ მოსახლეობას ხელისუფლება ბინებს უმიწოდ, ხულოს ცენტრში სთავაზობს

„მოვრიგდით, შედეგი უკვე გვაქვს. ნებისმიერ დროს, როცა ოჯახები თანხმობას განაცხადებენ, ჩვენ მზად ვართ მათი ტრანსპორტირება მოვახდინოთ“, – უთხრა „ბათუმელებს“ რამაზ ჯინჭარაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. სოფელ თხილვანაში მეწყერი 10 იანვარს გააქტიურდა. გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, აქ მცხოვრები 62 ოჯახის განსახლება აუცილებელია, რადგან მათ მეწყრისგან საფრთხე ემუქრებათ.

რამაზ ჯინჭარაძემ ვერ დაგვიკონკრეტა, რამდენმა ოჯახმა განუცხადა თანხმობა ქირით გასვლაზე სამთავრობო კომისიას. მისი თქმით, ოჯახების ერთი ნაწილი ეჭვობს, რომ სამი თვის შემდეგ, როცა მთავრობა ქირის ფულს აღარ გადაიხდის, ისინი ისევ ღია ცის ქვეშ დარჩებიან. მთავრობა თხილვანას მოსახლეობას სოციალურ სახლში შესახლებას ჰპირდება, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტის ცენტრში მდებარეობს და მიწის ნაკვეთი არ ახლავს.

„მიწის ნაკვეთი არაა, მაგრამ ქალაქში რომ უნდათ, იყო ამაზეც საუბარი, იქაც ხომ არ ექნებათ მიწა და ვერ წაიყვანენ საქონელს?… ქალაქში მათი დაკმაყოფილება ვერ მოხერხდება ამ ეტაპზე. ეს კარგი შეთავაზებაა. შეუძლიათ საკუთარი მიწები ისევ დაამუშაონ“, – ამბობს რამაზ ჯინჭარაძე. კითხვაზე, როგორ სთავაზობთ სამუშაოდ მეწყერსაშიშ ადგილებს ადამიანებს, გვპასუხობს: „ეს საფრთხე იქ არსებობს 1984 წლიდან. ღმერთმა დაგვიფაროს, რამე რომ მოხდეს…“.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, რას შესთავაზებენ კონკრეტულ ოჯახებს, რადგან საფრთხის ქვეშ მყოფი ოჯახების ნაწილს მიღებული აქვთ სარგებელი წინა წლებში, როგორც ეკომიგრანტებს.

„მე არ დავეთანხმე ქირით გადასვლას,“ – გვითხრა თხილვანაში მცხოვრებმა ნათელა შაინიძემ. ამბობს, რომ მისი მიწის ნაკვეთი სრულად წაიღო მეწყერმა. ხულოს ცენტრში მდებარე სოციალურ სახლში გადასვლა მისთვის კატეგორიულად მიუღებელია: „იქ რა ვჭამო მერე?… მიწა რომც მქონდეს, რაფერ უნდა ვიარო იქიდან აქ? დილის რვაზე რომ წამოხვიდე იქიდან, 12-ზე თუ აქ იქნები, კაია. მერე საღამოს ვეღარ წახვალ. შენი მანქანა უნდა გყავდეს მაშინ. მირჩევნია, ფული მომცენ და მივხედავ ჩემს თავს, მიწის ნაკვეთს ვიყიდი სადმე, კიტრის დავრგავ, ლობიოს მოვიყვან…”

ნათელა შაინიძემ თავისი პირობა უკვე უთხრა სამთავრობო კომისიის წევრებს. ქირით გადასვლაზე ამ კომისიისგან პასუხის მიღებამდე ამბობს უარს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: