მთავარი,სიახლეები

აბაზანაში დამონტაჟებული გაზის გამათბობლის გამონაბოლქვით მოწამლული მძიმე მდგომარეობაშია

24.01.2017
აბაზანაში დამონტაჟებული გაზის გამათბობლის გამონაბოლქვით მოწამლული მძიმე მდგომარეობაშია

უკვე მესამე კვირაა კლინიკაში მოთავსებულია 19 წლის ბათუმელი გოგონა, რომელიც სამედიცინო დასკვნის თანახმად ბუნებრივი აირის ნამწვით მოიწამლა. აბაზანაში შესული გოგონა, დაახლოებით 40 წუთის შემდეგ, უგონო მდგომარეობაში იპოვეს ოჯახის წევრებმა. გაზზე მომუშავე წყლის გამათბობელი სწორედ აბაზანაშია დამონტაჟებული.

გოგონას დედა ამბობს, რომ დაახლოებით ორი თვის წინ გამოიძახა კომპანია „სოკარის“ ტექნიკური ჯგუფი და გამათბობლის შემოწმება სთხოვა. „ავარიული ჯგუფის ხალხმა მითხრა, რომ არ ჟონავსო. „კალონკა“ იმიტომ არ ირთვება, რომ „ბატარეაა“ დასველებულიო. 8 იანვარს კი ეს ამბავი მოხდა“.

გოგონას, რომელიც კვლავაც უგონო მდგომარეობაშია, მოწამვლის მაღალი ხარისხი დაუდგინდა.  „როგორც მითხრეს, სიკვდილიანობა არის 3 ბალი და თბილისში 4 ბალზე ჩამოვიყვანე“ – ამბობს დედა. ექიმებმა მოწამვლის ხარისხი მას შემდეგ განსაზღვრეს, რაც პაციენტი თბილისში გადაიყვანეს, რადგან, როგორც ქალი ამბობს, ბათუმში ვერ ხერხდება მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის ისე გადაღება, რომ პაციენტი მიერთებული იყოს ხელოვნურ სუნთქვაზე.

მინდია თურმანიძე, რომელიც უკვე წლებია წყლის გამათბობლების მონტაჟზე მუშაობს, ამბობს, რომ მსგავსი მოწყობილობების დახურულ სივრცეში დამონტაჟება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ მას აქვს ვინტილატორი და მუშაობს ელექტროენერგიაზე. სხვა შემთხვევაში ამ მოწყობილობის დახურულ სივრცეში მონტაჟი დაუშვებელია.

ამის მიუხედავად, ბათუმში, არც თუ ისე იშვიათად  ამონტაჟებენ გაზზე მომუშავე წყლის გამათბობელს სახლში, დახურულ სივრცეში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.