მთავარი,სიახლეები

ახალი საბილეთო ელექტროსისტემა მუნიციპალურ ავტობუსებში

26.01.2017 • 3340
ახალი  საბილეთო ელექტროსისტემა მუნიციპალურ ავტობუსებში

მუნიციპალურ ტრანსპორტში საბილეთო ელექტროსისტემა იცვლება. ახალი სისტემით, მგზავრობის საფასურის გადახდა „ლიბერთი ბანკის“ პლასტიკური ბარათების ნაცვლად, ახლა  სპეციალური სატრანსპორტო და „საქართველოს ბანკის“ პლასტიკური ბარათებით იქნება შესაძლებელი.  ყველა მუნიციპალური ავტობუსის ასასვლელში უკვე დამონტაჟებულია ბარათის ახალი ვალიდატორი.

როგორც შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორმა პაატა დუმბაძემ დღეს ბათუმის მერიაში გამართულ პრეზენტაციაზე განმარტა, არსებული სისტემისგან განსხვავებით, თანხის შეტანა ახალ ბარათზე ავტომატურად აისახება. მგზავრობის საფასურის გადახდა წამკითხველთან ბარათის მიტანის გზით ხდება. დადებითი ბალანსის შემთხვევაში ჩნდება შეტყობინება გადახდილი ტარიფისა და დარჩენილი ბალანსის შესახებ, რა დროსაც ეკრანი გამწვანებულია, ხოლო უარყოფითი ბალანსის შემთხვევაში ეკრანი წითლდება.

გადახდა შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“ ყველა უკონტაქტო ბარათით, რომელსაც გააჩნია სატრანსპორტო ფუნქცია (mastercard, solo, visa electron, army და სხვა) ასევე metromoney-ს საშუალებით. 


როგორც ,,ბათუმის ავტოტრანსპორტში“ განმარტავენ, ნულოვანი ან შეღავათიანი ტარიფის უფლებით მოსარგებლე მგზავრების მიერ საკუთარი ბარათის სხვა პირზე გადაცემა დაუშვებელია. ასეთ შემთხვევაში მგზავრი უბილეთო მგზავრობისთვის დაჯარიმდება.

ამ ეტაპზე რაიმე მექანიზმი იმის პრევენციისთვის, რომ ნულოვანი ან შეღავათიანი ტარიფის მქონე ბარათებით მოქალაქეებმა სხვა მგზავრები არ გაატარონ –  არ არსებობს. თუმცა, როგორც  პაატა დუმბაძემ „ბათუმელებთან” საუბარში აღნიშნა, ახალი სისტემის დანერგვის შემდეგ, გათვალისწინებული იქნება ნულოვანი ტარიფის მქონე ბარათების, ერთხელ გატარებიდან – მეორე გატარებამდე გარკვეული დროის ლიმიტი: – „როცა ნულოვანი ან შეღავათიანი ტარიფის მქონე ბარათს გაატარებენ ერთხელ, ამის შემდეგ იქნება გარკვეული შეზღუდვა დროში, დაახლოებით 10- წუთიანი, სანამ ამავე ბარათის მეორეჯერ გატარებას შეძლებს ბარათის მეპატრონე” – თქვა მან.


იმისთვის, რომ მოქალაქეებს არ გაუჭირდეთ ახალ სისტემასთან შეგუება, ახალი ბარათების პარალელურად, შეზღუდული დროით იმუშავებს ლიბერთი ბანკის გადახდის ტერმინალიც. შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის განმარტებით ეს ვადა მაქსიმუმ 5 თებერვლამდე გაგრძელდება – “თუმცა საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ცოტათი კიდევ გადავავადოთ,” – ამბობს პაატა დუმბაძე.

 

მოსწავლეებმა და სტუდენტებმა STUDENT და SCOOL CARD-ის მისაღებად უნდა მიმართონ „საქართველოს ბანკის“ ბათუმის სერვისცენტრებს შემდეგ მისამართზე:
1 მემედ აბაშიძის #58
2 ზუბალაშვილის #18
3 ნინოშვილის #11 (სასტუმრო ,,ინტურისტ პალასი“)
4 ბათუმის აეროპორტი
5 აღმაშენებლის #21
6 ხიმშიაშვილის ქ. (სასტუმრო ,,მარინა”)
7 მემედ აბაშიძის 58ბ
8 მაიაკოვსკის #23
9 რუსთაველის #28 (სასტუმრო ,,შერატონ ბათუმი”)
10 ხიმშიაშვილის ქ. იუსტიციის სახლი
11 რუსთაველის #40 (სასტუმრო ჰილტონი”)
12 ლუკა ასათიანის #10
13 ნინოშვილის #1 (სასტუმრო ,,რადისონ ბლუ”)
სტანდარტული და სხვა შეღავათებით მოსარგებლე კატეგორიებმა უნდა მიმართონ მეტროსერვისის სერვისცენტრს შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, გორგასლის ქ. #55.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: