მთავარი,სიახლეები

მეწყერი ქვემო თხილვანაში – აჭარის მთავრობისგან სწრაფ რეაგირებას ითხოვენ

20.01.2017 •
მეწყერი ქვემო თხილვანაში – აჭარის მთავრობისგან სწრაფ რეაგირებას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა თხილვანაში განვითარებულ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებისგან სასწრაფოდ რეაგირებას ითხოვს.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა თხილვანაში მეწყრული პროცესები 2017 წლის 12 იანვარს განვითარდა, რაც დღემდე საფრთხეს უქმნის 60-ზე მეტ ოჯახს. მოსახლეობა ხელისუფლებისგან სასწრაფოდ რეაგირებას და განსახლებას ითხოვს.

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ „საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობისა და აჭარის მთავრობის მიერ განხორციელდა გარკვეული მოქმედებები, რომლებიც მოიცავდა განვითარებული მეწყრული პროცესების ზოგად და ლოკალურ შესწავლას. ჩატარდა შესაბამისი გეოლოგიური კვლევები და მიმდინარეობს თითოეული ოჯახის მდგომარეობისა და საჭიროებების დეტალური შესწავლა.“

ორგანიზაციის ინფორმაციით, დეტალური შესწავლის დასრულებამდე და შესაბამის პროგრამებში ჩართვამდე, ხელისუფლებამ დაზარალებულ ოჯახებს შესთავაზა სამი თვით ქირით გაყვანა, რაზეც დაზარალებული ოჯახები უარს ამბობენ, როგორც ამას მედიასაშუალებებით მოსახლეობა საჯაროდ აცხადებს.

მოცემული მდგომარეობის გათვალისწინებით, პროცესების შემდგომი გაუარესებისა და სამომავლოდ უფრო მძიმე შედეგების თავიდან აცილების, ასევე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა თანასწორ პირობებში ჩაყენების მიზნით, „დემოკრატიის ინსტიტუტი“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას /საკრებულოს მიმართავს რეკომენდაციით:

  • დაზარალებული ოჯახები უზრუნველყონ უსაფრთხო დროებითი თავშესაფრით, რის შესახებაც ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ წერილობითი ფორმით, ინდივიდუალურად უნდა შესთავაზოს დაზარალებულ ოჯახებს და მისცეს არჩევანის უფლება: 1) გონივრული თანხა (ქირა), რაც საკმარისია ამავე მუნიციპალიტეტში დაზარალებული ოჯახის დროებით საცხოვრებლად: (საცხოვრისი, სათავსო, პირუტყვის დაბინავება); 2) ამავე წერილით თავად შესთავაზოს ასეთი დროებითი, ალტერნატიული საცხოვრებელი.
  • დაზარალებული ოჯახების დროებით საცხოვრებელში გადასვლის პროცესში უზრუნველყონ ყველა ტექნიკური და ორგანიზაციული საკითხების მოგვარება (ავეჯის გადატანა, პირუტყვის გადაყვანა და ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებული სხვა ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა);
  • გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში დროებით საცხოვრებელში მოთავსებული დაზარალებული ოჯახები უზრუნველყონ მინიმალური საარსებო საშუალებებით (საკვები, გათბობა, პირუტყვის მოვლა და ა.შ.);
  • დაზარალებული ოჯახებისთვის, რომლებიც დროებით გადავლენ სხვა საცხოვრებელში უზრუნველყონ ადგილზე არსებული სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა (განათლების, სოციალური, სამედიცინო მომსახურების და სხვა);
  •  დაზარალებულ ოჯახებს, როგორც სიტყვიერად, ასევე წერილობითი ფორმით შესთავაზონ გრძელვადიანი უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამებში ჩართულობის თანაბარი შესაძლებლობა, ისე რომ გამოირიცხოს სტიქიური მოვლენების შედეგად სხვა დაზარალებული ოჯახებისადმი განსხვავებული (დისკრიმინა-ციული, პრივილეგირებული) მიდგომა.

შესაძლო საფრთხის და მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით, „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ასევე, მოუწოდებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, რომ გავიდნენ დროებით თავშესაფარში და მას შემდეგ გააგრძელონ სამომავლოდ უსაფრთხო გარემოში ცხოვრებაზე ზრუნვა მათთვის მისაღები ნებისმიერი ფორმით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: