მთავარი,სიახლეები

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

04.01.2017 • 20930
ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, ჯემალ დუმბაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საპატიმრო დაწესებულება დატოვა. ინფექციური საავადმყოფოს ყოფილი დირექტორი წინასწარი პატიმრობიდან 5 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ჯემალ დუმბაძემ იგივე სამედიცინო დაწესებულებაში ექიმის სტატუსით დაიწყო მუშაობა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ჯემალ დუმბაძეს დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და გაფლანგვას ედავება. დარღვევები  ამ სამედიცინო დაწესებულებაში გასულ წელს სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტომ დააფიქსირა. უწყების დასკვნით, გამოვლენილი ფინანსური დარღვევების საფუძველზე საავადმყოფო 206 231 ლარით დაჯარიმდა.

აღკვეთი ღონისძიების შეფარდების ეტაპზე ჯემალ დუმბაძის ადვოკატმა ედიშერ მახარაძემ მოსამართლეს ბრალდებულის გათავისუფლება 20 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ სთხოვა. მაშინ მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გირაოს სანაცვლოდ ყოფილი დირექტორის, ჯემალ დუმბაძის წინასწარ პატიმრობიდან გათავისუფლებაზე უარი თქვა.

ჯემალ დუმბაძე გასული წლის 28 ნოემბერს დააკავეს. ბრალდებული წარდგენილ ბრალს აღიარებს.

გუშინ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორად ლევან გორგილაძე დანიშნეს. ლევან გორგილაძე ბოლო პერიოდში აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობას ასრულებდა, ხოლო უფრო ადრე, წლების განმავლობაში, ის აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე იყო.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: