სტუდენტი ანრი კაკაბაძე სასჯელის მოხდის შემდეგ პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ბათუმელმა სტუდენტმა ანრი კაკაბაძემ სასჯელი  სრულად მოიხადა და პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მას 9 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული და სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს, 8 სექტემბერს დატოვა.

ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტი ანრი კაკაბაძე 2024 წლის დეკემბერში დააკავეს სამ სტუდენტთან და ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორთან ერთად.

გამოძიება მათ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავებოდა.

საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 7 თვე გრძელდებოდა.

25 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ანრი კაკაბაძეს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ხოლო მასთან ერთად დაკავებული მამუკა ჯორბენაძე, გურამ მიქელაძე, დავით გვიანიძე და გიორგი დავითაძე 18 და 15- ათასლარიანი გირაოთი გამოუშვა.

ამავე თემაზე:

დეკანისა და 4 სტუდენტის საქმის განხილვა დასრულდა – რა გადაწყვიტა ბათუმის სასამართლომ

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 8 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 8 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 089 060 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +910]
  • ტანკი – 11 168 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 23 258 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 32 545 ერთეული [+29]
  • MLRS – 1 481 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 217 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 422 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 341 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 57 278 ერთეული [+461]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 691 ერთეული [+5]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 61 135 ერთეული [+81]
  • სპეცტექნიკა – 3 961 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 8 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 666 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 82 445 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 627 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 25 004 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 590 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 29 376 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 41 319 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთი უკრაინას თავს დაესხა 810 დრონით – არიან დაღუპულები და დაშავებულები

„შეუძლია კიევში ჩამოვიდეს“ – ზელენსკის პასუხი პუტინის მოსკოვში შეხვედრის შეთავაზებაზე

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ოპოზიციამ ბათუმსა და აჭარის მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები დაასახელა

დღეს, 7 სექტემბერს, კოალიციამ „ლელო-ძლიერი საქართველო“ და   „გახარია საქართველოსთვის“ ბათუმსა და აჭარის მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები წარადგინა.

ბათუმსა და ხულოში მერობისთვის პარტია „გახარია საქართველოსთვის“ კანდიდატები იბრძოლებენ, ქობულეთში, შუახევში, ქედასა და ხელვაჩაურში კი – კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ კანდიდატები.

ბათუმის მერობისთვის იბრძოლებს გოჩა გუგუნავა – პარტია „გახარია საქართველოსთვის“.

ქობულეთის მერობისთვის იბრძოლებს პაატა ცივაძე  – კოალიცია „ლელო ძლიერი საქართველო“.

ხელვაჩაურის მერობისთვის იბრძოლებს ბადრი მამულაძე – კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველო“.

ქედის მერობისთვის იბრძოლებს რამაზ დავითაძე – კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველო“.

შუახევის მერობისთვის იბრძოლებს ნათია მგელაძე – კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველო“.

ხულოს მერობისთვის იბრძოლებს ირაკლი ბოლქვაძე – პარტია „გახარია საქართველოსთვის“.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 4 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში არ მონაწილეობს ოპოზიციური პარტიების ნაწილი.

რუსეთი უკრაინას თავს დაესხა 810 დრონით – არიან დაღუპულები და დაშავებულები

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 7 სექტემბერს რუსეთმა უკრაინას დრონების რეკორდული რაოდენობით – 800-ზე მეტი დრონით შეუტია.

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაში დრონებითა და სახმელეთო რაკეტებით კომბინირებული შეტევა განახორციელეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რუსეთის საჰაერო თავდასხმის 823 იარაღიდან 751 სამიზნე გაანეიტრალა.

რუსეთმა თავდასხმისთვის 810 დრონი გამოიყენა – უკრაინული გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, ეს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ერთ დღე-ღამეში გამოყენებული დრონების რეკორდული რაოდენობაა. გამოცემა აქვე აზუსტებს, რომ დრონების წინა „რეკორდი“ იყო 2025 წლის 9 ივლისის ღამეს, როცა რუსეთი უკრაინას თავს დაესხა 741 დრონით.

ასევე, უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა შეტევისთვის გამოიყენა „ისკანდერის“ რაკეტები.

რუსეთის თავდასხმის სამიზნე უკრაინის სხვა რეგიონებთან ერთად, ქვეყნის დედაქალაქი, კიევიც იყო. მასშტაბური თავდასხმის შედეგად კიევში სულ მცირე 20 ადამიანი დაშავდა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, ცნობილია ორი დაღუპულის შესახებ, თუმცა კიევის სვიატოშინსკის რაიონში დაზიანებულ სახლში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს და შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ კიდევ იყვნენ ადამიანები.

ინფორმაცია რეგიონებში დაშავებულების შესახებ ზუსტდება.

______________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/SERGEY DOLZHENKO

რატომ ებრძვის „ოცნების“ პროპაგანდა ისტორიკოსებს – ბექა კობახიძე

ისტორიკოსი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ბექა კობახიძე ფეისბუქზე განმარტავს, რატომ გახდა „ოცნების“ პროპაგანდისტული მედიის სამიზნე მისი გადაცემა იუთუბზე – „აქტუალური ისტორია“ და ისტორიკოს ნიკა ხოფერიას იუთუბ გადაცემა – „მწარე პოდკასტი“. ორივე გადაცემა საქართველოს ისტორიაზეა. 

„საბჭოთა დროს ისტორიკოსებს არათუ არავინ უშლიდა, არამედ ახალისებდნენ, რომ ეწერათ და ესაუბრათ დიდგორზე, კრწანისზე, მარაბდასა და მუსლიმ დამპყრობლებთან სხვა უთანასწორო, მაგრამ ჰეროიკულ ბრძოლებზე. სამაგიეროდ, აკრძალული იყო 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატსა და 1801 წლის ანექსიაზე კითხვების დასმა. სრულიად აკრძალული იყო მე-19-20 საუკუნეების პოლიტიკურ ნაციონალიზმზე წერა. კულტურა, ღვინო და დამწერლობა – კი ბატონო; ფოლკლორული ერი – კი ბატონო, მაგრამ პოლიტიკური ერი – არას დიდებით. 1921 და 1924 წლებზე საუბრისას საერთოდ დასაჭერად გაიხდიდი საქმეს.

ჰოდა, ახლანდელ საქართველოში რა ხდება: 2021 წელს, ოკუპაციის 100 წლისთავზე, მაშინდელმა პრემიერმა რუსული სახელმძღვანელოებიდან გადმოწერილი ნარატივი დადო. ამით შემოიფარგლა ოკუპაციის 100 წლისთავის აღნიშვნა; 2024 წლის აგვისტოში, აჯანყების 100 წლისთავზე, საერთოდ არაფერი არ მოხდა. ვითომ არც ყოფილა; თეა წულუკიანის კომისიამ 2008 წლის ომზე რუსული სააგენტო „ტასის“ სტატიათა ნაკრები შემოგვთავაზა.

ვგმობთ ძირმომპალ დასავლურ იმპერიალიზმს, დაუღლელად. გაზეთ „კომუნისტს“ ახლა ჰუმანური სახელი – „იმედი“ – ქვია, „ზარია ვასტოკას“ – „პოსტივი“, თბილისს – „რუსთავი2“.

სამაგიეროდ, „ფუტბოლი“? კი ბატონო!

კალათბურთი? კი ბატონო!

„ბოი ბეზ პრავილ“? კი ბატონო!

ხინკალი, მწვადი და ჩაკრულო? კი ბატონო!

იოანე ზოსიმე, ერეკლე მეორე და დიდგორი? კი ბატონო!

მეგობრებო, ეს ქვეყანა ოკუპირებულია, რეოკუპირებული, 1801 და 1921 წლების შემდეგ, უკვე მესამედ.

1943 წელს, მაშინ უკვე გარდაცვლილი ივანე ჯავახიშვილის და მისი მოწაფეების – სიმონ ჯანაშიასა და ნიკო ბერძენიშვილის ავტორობით, გამოიცა წიგნი „საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან მეცხრამეტე საუკუნემდე”. თუ რატომ ჩერდებოდა ეს თხრობა მეცხრამეტე საუკუნეზე, ეს ზემოთ აღვწერე. ეს წიგნი პირადად დაარედაქტირა იოსებ სტალინმა, ყველა წერტილი და მძიმე გადასინჯა. ამან შექმნა საქართველოს ისტორიის გრანდ ნარატივი, რომელიც შემდეგ ლევან სანიკიძემ გაამხატვრულა და დღეს ეს ვერსია აქვს თავში ყველა ქართველს, რომელიც სადღეგრძელოებში იღვრება.

დიდი უბედურება დამართეს სახელოვან მეცნიერებს: 1924 წლის აჯანყება საჯაროდ აგმობინეს და დასავლეთის ავანტიურა აძახებინეს; მერე ივანე ჯავახიშვილს გადასარჩენად სტალინის გენეალოგიის კვლევა მოუწია, მაგრამ ვერ გადარჩა – მისსავე სახელოვან მოწაფეებს გააგდებინეს ის უნივერსიტეტიდან და ბოლოს – 1943 წელს გამოცემული ეს წიგნი.

ისტორიის ამ ფოლკლორული აღქმით ორი მისია სრულდებოდა: 1. მასა კმაყოფილია; 2. რუსეთი ხელშეუხებელი და ერთადერთი დამცველია.

ამის პარალელურად, საერთაშორისო ისტორიოგრაფია თავისუფალ გარემოში ვითარდებოდა, იქმნებოდა ისტორიული სკოლები, იხვეწებოდა კვლევის მეთოდები, მაგრამ ამ ამბავს ჩვენამდე დღესაც არ მოუღწევია. ამასობაში კი აღდგა რუსეთთან პატრონყმური დამოკიდებულება, ხელახლა დამყარდა ავტორიტარიზმი და როგორც ჰომოსოვიეტიკუსი მასის საამებლად, ასევე რუსეთის დასაკმაყოფილებლადაც, სკივრიდან ამოიღეს ისტორიისადმი ის ძველი მიდგომა, უფრო გააპოპულისტურეს და ამას აჭმევენ ხალხს. ისტორიაზე, ეროვნულობაზე, საქართველოს ისტორიის ანტიდასავლურ, საბჭოთა გაგებაზე დაწესდა მონოპოლია.

ამასობაში, ჯერ ნიკა ხოფერიას „მწარე პოდკასტი“, მერე ჩემი „აქტუალური ისტორია“ გამოჩნდა, რომელთაც ათიათასობით ადამიანი უსმენს. რიცხვები მხოლოდ მზარდია და ეს პოდკასტები პატრიოტული, თუ გნებავთ კონსერვატიული ნიშიდან ხალხს თავისუფლად ელაპარაკება საკუთარი სამშობლოს ისტორიაზე. ჩვენ არც 1943 წელს გამოცემული წიგნით ვხელმძღვანელობთ, არც ლევან სანიკიძის გმირული ეპოსებით, არც მე-19-20 საუკუნის ისტორიაზე საუბრისას ვიჩლიქავთ ენას.

ეს ქოცებმა აღიქვეს, როგორც მათ მონოპოლიაში შევარდნა და საფრთხე. თავად ხომ ოდნავ სერიოზული კარის ისტორიკოსიც არ ჰყავთ (დღეს მრავალჯერ გადაყიდული სვიმონ მასხარაშვილი ასაუბრეს ჩვენზე). ჰოდა, მათი ამოცანა არის შემდეგი: იმდენჯერ უნდა ილაპარაკონ ჩვენზე, სანამ მათი მსმენელი „უსამშობლოებად“ არ დაგვაიდენტიფიცირებს და სანამ ჩვენს მოსმენაზე არ იტყვის უარს. ამიტომ, ეს პროცესი მხოლოდ ახლა დაიწყო და წინ უამრავი შეტევა გველის.

თუმცა აქ პრობლემა აქვთ: მათმა შავმა პიარმა შეიძლება ჩვენდამი ინტერესი მათ მსმენელებში გააღვივოს, გვიყურონ და ძალიანაც მოეწონოთ სამშობლოს სიყვარულის პოზიციიდან საკუთარი ისტორიის კრიტიკული ანალიზი, ღვინო, სადღეგრძელო და საინტერესო ამბები. ამიტომ, მე მათ ქმედებას ძალიან მშვიდად ვუყურებ და ვემხრობი. ჩვენ შეიძლება გავიდეთ ისეთ მაყურებელზე, რომელზეც მათი დახმარების გარეშე ვერ გავიდოდით.

ამასთანავე, პროპაგანდის ხარისხი არის ძალიან მდარე, მაგ ხალხს საბაზისო წერა-კითხვის პრობლემა აქვს, რაც ასევე ჩვენს სასარგებლოდ მოქმედებს.

ამ ყველაფერს რომ ვხსნი, ამით ვცდილობთ გაჩვენოთ, რომ ეს არ არის ჩემი და ნიკა ხოფერიას პირადი საქმე. ჩვენ ჩვენი ფრონტის ბრძოლაში ვართ, რაც ვიცით იმას ვაკეთებთ რუსეთის ჭანჭიკების წინააღმდეგ.

როგორ შეგიძლიათ ამ ბრძოლაში დაგვეხმაროთ: ვისაც ეს ჯერ არ გაგიკეთებიათ, გამოიწერეთ „მისმინე Mismine-ს“ და „მწარე პოდკასტი Bitter Podcast-ის“ პლატფორმები, გვიყურეთ, დააკომენტარეთ, გააზიარეთ ჩვენი ვიდეოები; ვისაც ეს შეგიძლიათ, დაგვეხმარეთ ფინანსურადაც. საერთო ბრძოლაში ვართ და ეს ბრძოლა აუცილებლად მოსაგებია. ჩვენს ფრონტზე, მგონი სწორ გზაზე ვართ და მოვიგებთ.
ცალკე საკითხია თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამა. აქაც დაგვჭირდება თქვენი დახმარება, მაგრამ ამაზე სხვა დროს, ცალკე დავწერ“ – წერს ბექა კობახიძე ფეისბუქზე.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 სექტემბრის 21 საათიდან 8 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში – წვიმა, ღამით – შესაძლებელია ძლიერი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:

  • დღისით: 23– 28 გრადუსი სითბო
  • ღამით: 16 – 21 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 3-4 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 9-10 სექტემბერს წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 7 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 7 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 088 150 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +970]
  • ტანკი – 11 163 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 23 254 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 32 516 ერთეული [+42]
  • MLRS – 1 481 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 217 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 422 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 341 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 56 817 ერთეული [+294]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 686 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 61 054 ერთეული [+104]
  • სპეცტექნიკა – 3 961 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 7 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 666 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 82 250 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 627 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 992 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 590 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 29 337 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 41 243 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„შეუძლია კიევში ჩამოვიდეს“ – ზელენსკის პასუხი პუტინის მოსკოვში შეხვედრის შეთავაზებაზე

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

კაცმა მეუღლის პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაცია ოჯახთან და მეგობრებთან გაავრცელა

მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისა და გავრცელების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს.

პროკურატურა წერს, რომ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საკუთარი მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით დაზარალებულის ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან გაავრცელა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა და გავრცელება) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჟურნალ „ქართული მწერლობის“ ახალი ნომერი მზია ამაღლობელის ფოტოთი გამოვიდა

გამომცემლობა „ინტელექტი“ ჟურნალ „ქართული მწერლობის“ ახალი ნომრის ანონსს ავრცელებს. ჟურნალის სექტემბრის ნომრის გარეკანზე მზია ამაღლობელის ფოტოა.

რედაქტორების წერილში განმარტებულია, თუ რატომ არის მზია ამაღლობელის ფოტო ჟურნალის ახალი ნომრის გარეკანზე.

„საქართველოს სახელით“ – ასე ჰქვია ლაშა ბუღაძის ბოლო რომანს, რომელიც 80-90-იანი საქართველოს მნიშვნელოვან ამბებზე გვიყვება, ავტორი 1991 წლის მოვლენების საუბრისას წერს, რომ: „არსებითად, მართლაც შეგეძლო ფეხებზე დაგეკიდებინა ეს ქვეყანა, რადგან რაც ხდებოდა, ხდებოდა მხოლოდ რესპუბლიკის მოედნის მოჭრილი მუხიდან ყოფილი ლენინის მოედნამდე, თავისუფლების მოედანი რომ ერქვა ახლა. დანარჩენ საქართველოს თავისუფლად შეეძლო, განსაკუთრებული ყურადღება არც მიექცია იმისთვის, რაც ამ მცირე გეოგრაფიული ზონის შუაგულში ხდებოდა, თუმცა საქმეც ისაა, უკანასკნელ წლებში ჩამოყალიბებული ტრადიციის მიხედვით, სწორედ ეს მცირე გეოგრაფიული ზონა ყოფილიყო საქართველო და არა რაიმე სხვა, რაც ამ ზონის მიღმა არსებობდა“.

დღესაც ხომ ასეა, მკითხველო, განა დღესაც ეს ტრადიცია არ გრძელდება?! ეგაა, რომ უამრავი ადამიანი განდევნეს ამ ზონიდან და უსამართლოდ სჯიან ამ საქართველოს ერთგულებისთვის, უპირველესად ხომ თქვენც მზია ამაღლობელი გაგახსენდებათ, რომელიც ჟურნალ „ქართული მწერლობის“ ყდიდან შემოგცქერით და აქეთ გამხნევებთ და ბრძოლის მაგალითს გაძლევთ.

ჩვენც გვინდოდა, რომ მკითხველს ჟურნალის ეს ნომერი სწორედ მისი სახით გადაშლოდა, როგორც სიმბოლო იმისა, რომ თავისუფალი სიტყვა და სამართლიანობა საქართველოში იდევნება.

მზია ამაღლობელი ბევრისთვის ცნობილია როგორც ჟურნალისტი, რომელმაც შექმნა სივრცეები, სადაც შესაძლებელი იყო ხელისუფლების კრიტიკაც და საზოგადოების პრობლემებზე გულწრფელი საუბარიც. ჯერ იყო გაზეთი „ბათუმელები“, შემდეგ – ონლაინგამოცემა „Netgazeti“. ორივე მათგანი დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის მაგალითად იქცა ქვეყანაში, სადაც მედიისთვის მუშაობა ყოველთვის მარტივი არ ყოფილა.

ჩვენთვის ბევრი რამის გამოა მზია ამაღლობელი ძვირფასი მოქალაქე და ადამიანი, მაგრამ უპირველესად კი იმიტომ, რომ ის იყო ჩაგრული ადამიანების ხმა, განსაკუთრებით ქალების, რომელთა ამბები ხშირად უხილავი რჩებოდა. ის ეხმარებოდა და ესარჩლებოდა მათ, ვისაც ხმა არ ჰქონდა და ვისი ტკივილიც ვერასოდეს მიაღწევდა ფართო საზოგადოებამდე და მით უმეტეს, უგრძნობი, ბრმა და გაზულუქებული ხელისუფლების წარმომადგენლებამდე, რომ არა მისი შრომა და პროფესიონალიზმი.

ჟურნალისტი, რედაქტორი, წლების განმავლობაში უსამართლობას რომ აშუქებდა, ახლა თავად აღმოჩნდა სისტემის სამიზნეში. მისი უკანონო და უსამართლო დასჯა კი მხოლოდ მის პირად ბედზე არ აისახება, ეს არის დარტყმა ყველასთვის, ვისაც ერთხელ მაინც დასჭირვებია მზიას ხმა, რომელსაც სხვაგვარად ვერავინ გაიგებდა.

მზია ამაღლობელი სინდისის პატიმარია. ეს შეფასება ემყარება არა ემოციას, არამედ ფაქტებს, მის პროფესიულ გზას, მის საქმის გარემოებებსა და იმ რეაქციებს, რომლებიც ქვეყნის შიგნით და გარეთ მოჰყვა მის დაპატიმრებას.

გვსურს, მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენოთ: მზიაც, ჩვენი ზვიად რატიანიც და ყველა უსამართლოდ დაპატიმრებული ადამიანი, ჩვენი სინდისის პატიმრები, საქართველოს სახელით იბრძვიან,

ჩვენც საქართველოს სახელით!..“, – ნათქვამია წერილში.

ჟურნალის რედაქტორები არიან ირაკლი კაკაბაძე და ზვიად კვარაცხელია.

„ჩვენი მწერლობა“ 19 სექტემბრიდან გაიყიდება.

სინდისის პატიმარი ნინო დათაშვილი ციხიდან „ლელოს“ ლიდერებს მიმართავს

სინდისის პატიმარი, მასწავლებელი, აქტივისტი ნინო დათაშვილი რუსთავის ქალთა კოლონიიდან „ლელოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მიმართავს და მათ სთხოვს, არ მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

ნინო დათაშვილის წერილი მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

„მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს: ბატონო მამუკა, ბატონო ბადრი, მე პოლიტპატიმარი მოგმართავთ, როგორც პოლიტპატიმრებს.

ჩვენი პოლიტპატიმრების გათავისუფლება დგას საზოგადოების გაერთიანებაზე.

გთხოვთ, გაეთიშოთ ბიძინას „ტრიუკს“, (თვითმმართველობის) არჩევნებს. როგორც ბატონმა მამუკამ თვითონ ბრძანა, ეს იყო მუხანათობა. დაასრულეთ ეს მუხანათური მდგომარეობა საქართველოში და გაუერთიანდით ბოიკოტში მყოფ საზოგადოებას.

რუსთაველის გამზირის საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ თქვენ ხართ გმირები და რომ თქვენი დანახვა რუსთაველის გადაკეტილ გამზირზე გვაძლებინებს პროტესტის მონაწილეებს.

დანარჩენ საზოგადოებას: ხალხო, პირდაპირ ეთერში ღალატის აქტი ჩაიდინეს, საქართველოს დააბრალეს ომის დაწყება! მეტი რაღა უნდა გააკეთონ?! გამოდით ქუჩაში! გამოდით!

თორნიკე თოშხუას კიდევ ერთხელ ვთხოვ, შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან ძაან ვნერვიულობ. მე თვითონ ვარ ცუდად, მაქვს კიდევ (ნერვის) მორიგი ანთება ამ გაუსაძლის პირობებში. ჩემი ხათრით, ვთხოვ, რომ ჩემი ხათრით მაინც შეწყვიტოს (შიმშილობა)“ – წერს ნინო დათაშვილი წერილში, რომელიც 6 სექტემბრით თარიღდება.

„შეუძლია კიევში ჩამოვიდეს“ – ზელენსკის პასუხი პუტინის მოსკოვში შეხვედრის შეთავაზებაზე

„მას შეუძლია კიევში ჩამოვიდეს“ – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ  ABC News-თან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეთავაზებაზე – მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის მოსკოვში გაიმართოს.

„მე არ შემიძლია მოსკოვში წასვლა, როდესაც ჩემი ქვეყანა ყოველდღიურად სარაკეტო და თავდასხმების მსხვერპლია. მე არ შემიძლია ამ ტერორისტის დედაქალაქში წასვლა“, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

3 სექტემბერს, ჩინეთში ვიზიტის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „თუ ზელენსკი მზადაა, დაე, მოსკოვში ჩავიდეს“.

5 სექტემბერს, უკვე რუსეთში, ვლადივოსტოკში მყოფმა პუტინმა ეს კიდევ ერთხელ გაიმეორა:

„მე ვთქვი: მზად ვარ, გთხოვთ, მობრძანდით, ჩვენ აუცილებლად უზრუნველვყოფთ სამუშაოსა და უსაფრთხოების პირობებს, 100%-იან გარანტიას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: თუ ვინმეს ნამდვილად სურს ჩვენთან შეხვედრა, ჩვენ მზად ვართ. ამისთვის საუკეთესო ადგილი რუსეთის ფედერაციის დედაქალაქი, გმირი ქალაქი მოსკოვია“.

„ვფიქრობ, თუ გსურს, რომ შეხვედრა არ შედგეს, მოსკოვში უნდა დამპატიჟო.  რუსეთმა შეხვედრაზე საუბარი დაიწყო – ეს ცუდი არ არის. თუმცა, ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ მათ სურვილს, დაასრულონ ომი“, – განაცხადა საპასუხოდ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ მზადაა პუტინს შეხვდეს, თუმცა ეს შეხვედრა აქამდე არ შემდგარა.

_____________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/CHRISTOPHE PETIT TESSON

დამატებითი დაცვის მქონე უცხოელისთვის სამგზავრო პასპორტის ფორმა დაამტკიცეს

საქართველოში პირადობის და სხვა მოწმობების, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, ასევე სამსახურებრივი თუ სამგზავრო პასპორტების ფორმები იცვლება. იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებები – რომლებშიც ცვლილებები რამდენჯერმე შეიტანეს, 2025 წლის 4 ივნისის ნაცვლად, 6 ოქტომბრიდან უნდა ამოქმედდეს.

ერთ-ერთ ბრძანებაში შეტანილი ბოლო ცვლილებით კი დამატებითი დაცვის მქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის ტექნიკური მახასიათებლები და ფორმა დაამტკიცეს.

დამატებითი დაცვის მქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის გარე ყდის ფერი უნდა იყოს ნაცრისფერი; შიგნით იქნება ასევე ჩანაწერი: „სამგზავრო პასპორტის მფლობელი არის საქართველოში დამატებითი დაცვის მქონე პირი. სამგზავრო პასპორტი 38-გვერდიანია“.

წყარო: საკანონმდებლო მაცნე

„ქართული ოცნების“ არაკონსტიტუციური პარლამენტმა დაახლოებით 2 თვის უკან „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონის ახალი ვერსია დაამტკიცა, სადაც პირისთვის დამატებითი დაცვის მინიჭების საფუძვლებიცაა განსაზღვრული.

აღნიშნული კანონით: „დამატებითი დაცვა ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის ამ კანონის შესაბამისი მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს [საფუძვლებს]), თუმცა არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში იგი სერიოზული ზიანის წინაშე დადგება.

უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს დამატებითი დაცვა 1 წლის ვადით ენიჭება. დამატებითი დაცვა შეიძლება გახანგრძლივდეს სამინისტროს გადაწყვეტილებით, იმავე ვადით, არაერთგზის, თუ კვლავ არსებობს [ზემოთ განსაზღვრული] გარემოებები“. 

საერთაშორისო დაცვის შესახებ კანონი „ქართული ოცნების“ პარლამენტმა 2025 წლის 26 ივნისს მიიღო და ის 7 ივლისს გამოქვეყნდა. კანონი სრულად 2025 წლის 1-ლი ოქტომბრიდან უნდა ამოქმედდეს.

ახალი კანონის მიღებით კი, ძალადაკარგულად გამოაცხადეს ანალოგიური სახელწოდების 2016 წლის 1-ლი დეკემბრის კანონი.

იუსტიციის მინისტრის ბრძანებით [რომლითაც დოკუმენტების ახალი ფორმები დამტკიცდა და რომელიც 2025 წლის 6 ოქტომბრიდან უნდა ამოქმედდეს]:

  • საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის გარე ყდის ფერი უნდა იყოს – მუქი შინდისფერი
  • საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის – მუქი ლურჯი
  • საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის – შავი
  • საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის – ღია ლურჯი
  • დამატებითი დაცვის მქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის – ნაცრისფერი
  • ხოლო ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის – ლურჯი

ამ თემაზე ვრცლად:

როდის დაიწყება ახალი ფორმის პირადობისა და პასპორტის გაცემა

 

 

კაცს, რომელმაც 14 წლის მოზარდი გააუპატიურა, 18 წელი მიუსაჯეს

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 17 ნოემბერს ბრალდებულმა ძალადობითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, სქესობრივი კავშირი დაამყარა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან, 14 წლის პირთან.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2024 წლის 22 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ( გაუპატიურება, ჩადენილი ძალადობითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ბათუმის მერიამ სათამაშო ბიზნესიდან 6 თვეში 36 მილიონზე მეტი ამოიღო

2025 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით ბათუმის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან 36 მილიონ 544 ათას 900 ლარი შევიდა. რაც გეგმის 101.5 პროცენტია.

სათამაშო აპარატებიდან ბიუჯეტში მობილიზებულია 17 მილიონ 227 ათას 500 ლარი, წამახალისებელი გათამაშებიდან – 194 600 ლარი.

კლუბების და სამორინეს მაგიდიდან კი ბიუჯეტში 19 მილიონ 122 ათას 800 ლარი შევიდა.

ასე თუ გაგრძელდა, მერიამ შეიძლება სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ამოღების ნაწილში 2025 წლის გეგმას გადააჭარბოს კიდეც, რაც 68 მილიონი ლარია.

ასეთი მაღალი ციფრი საპროგნოზო მაჩვენებლებში 2025 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას მერიას შემთხვევით არ ჩაუწერია, პირიქით, შეიძლება ითქვას, თავი დაიზღვია კიდეც, რადგან გასულ, 2024 წელს 2 მილიონით მეტი, 70 მილიონი ლარი ამოიღეს.

ბოლო 11 წლის მონაცემების მიხედვით სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის კუთხით კლება მხოლოდ 2020 წელს დაფიქსირდა, 2021 წლიდან კი ციფრები ისევ მზარდია და ყოველ წელს რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს აღწევს.

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 6 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 6 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 087 180 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +960]
  • ტანკი – 11 161 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 23 243 ერთეული [+0]
  • საარტილერიო სისტემა – 32 474 ერთეული [+39]
  • MLRS – 1 480 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 217 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 422 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 341 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 56 523 ერთეული [+256]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 686 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 60 950 ერთეული [+119]
  • სპეცტექნიკა – 3 957 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 6 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 666 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 82 040 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 627 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 973 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 589 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 29 289 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 41 170 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„ცეცხლის შეწყვეტის რესურსი არ არსებობს. ეს მოლაპარაკების გაჭიანურების ტაქტიკაა პუტინის მხრიდან“ – ინტერვიუ

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

მშენებლობა ბოლო სამ წელში 25 პროცენტით გაძვირდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით 2025 წლის ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.6 პროცენტით გაიზარდა.

კერძოდ,

⦁საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1.6 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 7.8 პროცენტით.
⦁ არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 3 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 6.7 პროცენტით.
⦁ სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.5 პროცენტით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 3 პროცენტით.

საქსტატის ინფორმაციით  ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 4.5 პროცენტიანი ზრდით, რამაც 0.73 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 5.6 პროცენტით.

ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 22.5 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 1.5 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 4.53 და 0.92 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 25.0 პროცენტით.

საქსტატის განმარტებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსში იგულისხმება ამა თუ იმ ობიექტის მხოლოდ ის მთლიანი ღირებულება, რაც დაიხარჯა მის აშენებაში. მაგალითად – მასალების ღირებულება, მშენებლობაზე დასაქმებულთა ხელფასის ხარჯები, ტექნიკის იჯარა თუ სხვა. შესაბამისად, აღნიშნულ ინდექსში არ იგულისხმება ამა თუ ობიექტის საბოლოო, ანუ საბაზრო ღირებულება/ფასი.

  • საცხოვრებელ სეგმენტში შედის მხოლოდ საცხოვრებელი ბინები და სახლები, ხოლო მშენებლობის ინდექსში მათი, ასე ვთქვათ, თვითღირებულება/აშენების ფასი;
  • არასაცხოვრებელ სეგმენტში შედის მაგალითად სკოლები, ოფისები, საწარმოო თუ სხვა არასაცხოვრებელი ობიექტები;
  • სამოქალაქო სეგმენტში კი შედის – გზები, ხიდები, გვირაბები და სხვა მსგავსი ობიექტები.

 

„ცეცხლის შეწყვეტის რესურსი არ არსებობს. ეს მოლაპარაკების გაჭიანურების ტაქტიკაა პუტინის მხრიდან“ – ინტერვიუ

„ევროპული ქვეყნების კონტინგენტის უკრაინაში შესვლა ნიშნავს, რომ ისინი ბოლომდე აპირებენ უკრაინის დაცვას, ბოლომდე აპირებენ, უკრაინას მხარი დაუჭირონ – გამარჯვებამდე,“ – მიიჩნევს პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე, რომელსაც ევროპელი სამხედროების უკრაინაში შესაძლო შესვლის შესახებაც ვკითხეთ, იმ შემთხვევაში, თუ მოხერხდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე.

სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, ცეცხლის შეწყვეტა ვერ მოხერხდება, რადგან პუტინს პოლიტიკურად მხოლოდ კაბალურ პირობებზე სურს უკრაინის დათანხმება.

„მე მაინც მგონია, რომ ეს უფრო პუტინის მორიგი დაშინების ტაქტიკაა და არ ველოდები, რომ უახლოეს მომავალში უცხოელთა კონტინგენტის უკრაინაში შევა. პუტინს მოუწევს ამ პირობების შეცვლა, როდესაც დამარცხდება. რუსეთი მიდის კიდეც დამარცხებისკენ, მაგრამ ეს გრძელი ომია,“ – მიიჩნევს პოლკოვნიკი.

ლაშა ბერიძეს ვკითხეთ სამხრეთ კავკასიაზეც, სადაც სომხეთმა და აზერბაიჯანმა რუსეთს ზურგი აქციეს, რამდენიმე დღის წინ კი პუტინი ჩინეთში სომხეთის პრემიერს, ფაშინიანს შეხვდა. რამდენად აქვს რუსეთს სამხრეთ კავკასიაში გავლენის დაბრუნების შანსი, როცა სომხეთში ჯერ კიდევ არსებობს რუსული ბაზა?

„რუსეთს სირიაშიც ჰყავდა ბაზები. გიუმრის ბაზიდან საფრთხეს არც აზერბაიჯანი ელოდება, არც სომხეთი და არც თურქეთი. ამ ბაზის გაყვანა მხოლოდ დროის საკითხია,“ – ამბობს პოლკოვნიკი.

„ბათუმელებმა“ პოლკოვნიკ ლაშა ბერიძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო ლაშა, რა ხდება ფრონტის ხაზზე? უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის თქმით, უკრაინელებმა დონეცკის ოლქის სამი სოფელი გაათავისუფლეს. ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა ამ მიმართულებაზე?

რა თქმა უნდა, უკრაინელებისთვის ნებისმიერი სოფლის და დასახლებული პუნქტის გათავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია – რაც შეიძლება მეტი მიწა უნდა გამოსტყუონ რუსებს უკრაინელებს, თუმცა ვერ გეტყვით, რომ ეს ფონს ცვლის.

მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის ფრონტის ხაზზე.

  • პერიოდულად აქტიურდება სარაკეტო და დრონებით თავდასხმები: უკრაინელები ურტყამენ სტრატეგიულ ობიექტებს, რუსები – მშვიდობიან მოსახლეობას. ამით რას აღწევენ მხარეები?

ეს ახალი ამბავი არ არის, დიდხანს მიმდინარეობს. უბრალოდ უკრაინელები ძალიან კრეატიულები არიან – მტკივნეულ ადგილებზე ურტყამენ რუსეთის სამხედრო დანიშნულების ობიექტებს. რუსები ამ ტაქტიკას დიდი ხანია უკვე იყენებენ გარკვეული მასობრივი დაბომბვებით. ვფიქრობ, ამას რაღაც დიდი ეფექტი არ აქვს, რომ რამე გარდატეხა შეიტანოს. უკვე გამოჩნდა, რომ ასეა.

რუსები ვერ აღწევენ მნიშვნელოვან წარმატებას. ისინი, რა თქმა უნდა, ცდილობენ იმ სოფლების დაბომბვას, რაც ცეცხლის ხაზთან ახლოს გადის, გაუკაცრიელებას და ასე შემდეგ. რუსებს მხოლოდ ის შეუძლიათ, რამე ობიექტი გაანადგურონ, მიწასთან გაასწორონ, თორემ იმის აღდგენის ძალა და ენერგია არა აქვთ.

  • ტრამპი ისევ აპირებს, რომ დაელაპარაკოს პუტინს. მან ამის შესახებ უკვე განაცხადა, მაგრამ პუტინი ამბობს, რომ ზელენსკისთან შეხვედრის ადგილი მოსკოვია. ამ მოცემულობაში რამდენად არსებობს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რესურსი?

ჩემი აზრით, ახლაც არ არსებობს ცეცხლის შეწყვეტის რესურსი. ჩვენ რასაც ვუყურებთ, ეს არის უბრალოდ პუტინის მხრიდან მოლაპარაკების გაჭიანურების ტაქტიკა. ცეცხლის შეწყვეტის რესურსი ფაქტობრივად ამოწურულია იმის გამო, რომ პუტინი აყენებს აბსოლუტურად მიუღებელ, კაბალურ პირობებს. ფაქტობრივად რუსეთი უკრაინას ეუბნება, დამნებდიო.

პუტინს მოუწევს ამ პირობების შეცვლა, როდესაც დამარცხდება. რუსეთი მიდის კიდეც დამარცხებისკენ, მაგრამ ეს გრძელი ომია.

  • გუშინ, 4 სექტემბერს გაირკვა, რომ ევროპის 26 ქვეყანა მზადაა უკრაინაში ჯარები გაგზავნოს ან დახმარება გაუწიოს ხმელეთზე, ზღვაზე ან ჰაერში, მომავალი უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, პუტინი ამბობს, რომ „სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ უკრაინაში უცხოური სამხედრო კონტინგენტის განთავსების არანაირი მიზეზი არ არსებობს“. თქვენი აზრით, რამდენად შეიძლება აღმოჩნდეს რუსეთის სამიზნე უცხოური კონტინგენტი უკრაინაში? 

რაზეც არ უნდა შეთანხმდნენ მხარეები, პუტინის რუსეთი ამას დაარღვევს, იმიტომ, რომ მისი მიზანი სხვა არის და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის.

თუმცა, რა თქმა უნდა, რაც უფრო მყარ გარანტიებს მიიღებს უკრაინა უსაფრთხოების კუთხით, ეს მნიშვნელოვანია. გრძელვადიანი გარანტია, რომელიც იმუშავებს, ესაა უკრაინის ნატოს წევრობა. რაღაც ველოსიპედის მოგონება აქ არ არის საჭირო.

  • ამ ეტაპზე ტრამპიც კი გამორიცხავს იმას, რომ უკრაინა შეიძლება გახდეს ნატოს წევრი.

დიახ, ამ ეტაპზე ყველა გამორიცხავს, მაგრამ შევხედოთ, როგორი სიტუაცია იქნება. უახლოეს პერსპექტივაში თუ გრძელვადიანში, დარწმუნებული ვარ, ეს მიდგომა აუცილებლად შეიცვლება.

არა მგონია, რომ უცხოელთა კონტინგენტის შეყვანა უკრაინაში, ფრონტის ხაზზე იყოს შესაძლებელი. ისინი სავარაუდოდ გადანაწილდებიან უკრაინის ტერიტორიაზე და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებს დაიცავენ. ეს გაათავისუფლებს უკრაინელების იმ პირად შემადგენლობას, ვინც ახლა ზურგის ოპერაციებს ახორციელებს და უფრო მეტ პირად შემადგენლობის შესაძლებლობას მისცემს უკრაინის სარდლობას.

ამას აქვს უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობაც: ევროპული ქვეყნების კონტინგენტის უკრაინაში შესვლა ნიშნავს, რომ ისინი ბოლომდე აპირებენ უკრაინის დაცვას, ბოლომდე აპირებენ, უკრაინას მხარი დაუჭირონ – გამარჯვებამდე.

მე მაინც მგონია, რომ ეს უფრო პუტინის მორიგი დაშინების ტაქტიკაა და არ ველოდები, რომ უახლოეს მომავალში უცხოელთა კონტინგენტის უკრაინაში შევა.

  • ტრამპი გამორიცხავს ამერიკის შეერთებული შტატების ჯარების გაგზავნას უკრაინაში. ის აცხადებს, რომ აშშ მზად არის დაეხმაროს უკრაინას საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფაში. რამდენად საკმარისია ეს დახმარება ამ ეტაპზე?

რეალურად უკრაინას ახლა ყველაზე მეტად  სჭირდება, რაც შეიძლება მეტი დასავლური შეიარაღება, მეტი ტექნოლოგიები. უკრაინამ უნდა შეძლოს რუსული, უხეში წინსვლის მოგერიება, რასაც წარმატებით იგერიებს აქამდე, შეკავება და უკვე გრძელვადიანი ომის წარმატებით დასრულება.

უკრაინამ მაქსიმალურად უნდა დაიცვას თავი საჰაერო თავდასხმებისგან. რა თქმა უნდა, აშშ-ის ავიაციის დახმარება ამას უზრუნველყოფს.

  • პუტინის ჩინეთში ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდა. რა იყო თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი ჩინეთის შეხვედრებიდან?

არ ვფიქრობ, რომ ჩინეთში გამართული რომელიმე შეხვედრა აისახება უკრაინაზე. აქ იყვნენ ის ქვეყნებიც, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას. არიან ისეთი ქვეყნებიც, რომლებიც არ ერთვებიან კონფლიქტში არანაირი ფორმით. ჩინეთი, ცხადია, ცდილობს, რომ რუსეთი ბოლომდე თავის ორბიტაზე მოაქციოს, ხოლო კიმ ჩენ ინი რუსეთის ყველაზე დიდი მოკავშირეა ამ ეტაპზე. შეიძლება ითქვას, ერთადერთი რეალური მოკავშირე ეს შემორჩა რუსეთს – ჩრდილოეთ კორეა.

ჩრდილოეთ კორეა აწვდის შეიარაღებას რუსეთს, ყველაფერს, რაც ომის მანქანისთვის სჭირდება. ჩინეთი რუსეთს შეიარაღებით არ უჭერს მხარს, ყოველ შემთხვევაში დამადასტურებელი ფაქტი არ გვაქვს.

ირანიც რუსეთის მოკავშირე იყო, მაგრამ ირანს უკვე თავისი გასჭირვებია და ვეღარ ვხედავთ, რომ ირანი აქტიურად ეხმარებოდეს რუსეთს.

აქ საუბარია იმაზე, რომ რუსეთს არ აქვს საკმარისი რაოდენობის საბრძოლო მასალები, არ აქვს საკმარისი რაოდენობის ტექნიკა და გარკვეულწილად ჩრდილოეთ კორეიდან მიწოდებული მარაგები ეხმარება რუსეთს უფრო მეტი ბოროტება გააკეთოს – უფრო მეტი უკრაინელი ბავშვი მოკლას.

  • ჩინეთში პუტინი ფაშინიანსაც შეხვდა, სომხეთის პრემიერ-მინისტრს. რა გამოიკვეთა ამ შეხვედრებიდან – რეალურად სუსტდება რუსეთი სამხრეთ კავკასიაში?

თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი ფაქტობრივად გაერთიანდა და ქმნიან ეკონომიკურ კორიდორს, რომელიც მოემსახურება შუა აზიიდან, ასევე ჩინეთიდან და აზიიდან ევროპისკენ წამოსულ ტვირთებს. ფაქტობრივად, ყველაფერი ეს არის მიმართული იქითკენ, რომ შეასუსტონ რუსეთის გავლენა რეგიონში და ეს ბუნებრივად მოხდება.

  • ფიქრობთ, რუსეთს არ ეყოფა რესურსი, რომ მან დაიბრუნოს თავისი გავლენა სამხრეთ კავკასიაში. მაგალითად, სომხეთში რუსეთს სამხედრო ბაზაც აქვს…

გიუმრის ბაზას გაანეიტრალებენ ნახევარ დღეში.

ასე რუსეთს სირიაშიც ჰყავდა ბაზები. გიუმრის ბაზიდან საფრთხეს არც აზერბაიჯანი ელოდება, არც სომხეთი და არც თურქეთი. ამ ბაზის გაყვანა მხოლოდ დროის საკითხია.

  • არსებობს ვარაუდი, რომ საქართველოს გავლით შეიძლება შეიტანოს რუსეთმა სომხეთში სამხედრო აღჭურვილობა. რას ფიქრობთ ამაზე?

არ ვიცი, საქართველოს გავლით როგორ უნდა გააკეთოს ეს, მაგრამ იქეთ სომხეთს ხომ არ სძინავს? სომხეთი უკვე სხვა კოალიციაშია. სომხეთი უკვე აღარ არის მარტო – მას გვერდს უმაგრებენ მეზობლები თურქეთი და აზერბაიჯანი. სომხეთს გვერდს უმაგრებს ასევე ამერიკის შეერთებული შტატები და პრეზიდენტი ტრამპი. სომხეთმა უკვე საკმაოდ მყარი ნაბიჯები გადადგა, რომ იყოს იმ დიდი კოალიციის ნაწილი, რაც იქმნება ახლა ჩვენს რეგიონში.

საქართველოს კი, ამ შეხვედრებზე არც დაუძახეს – საქართველო აღარ სჭირდებათ: იზოლირებული, გაუგებარი ორიენტაციის ქვეყანა.

  • მათ შორის ჩინეთისთვის?

რა თქმა უნდა, ჩინეთი ეკონომიკურ ამოცანას ესწრაფვის და ახლა რატომ დაკარგავს საქართველოსა და „ქართულ ოცნებაზე“ დროს, როდესაც მას სთავაზობენ ძალიან ეფექტურ, ახალ კორიდორს? პორტები იყო საქართველოში  ინტერესის საგანი და ისიც გააუქმა „ქართულმა ოცნებამ“.

ჩვენ დავრჩით სადღაც – ადამიანის ანატომიის მიხედვით რომ ვთქვათ, სადღაც ბრმა ნაწლავის როლი გვაქვს ახლა.

  • თქვენ ხშირად ახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება გამოფიტვაზეა დამოკიდებული: ვინ უფრო სწრაფად გამოიფიტება. რამდენად იკლებს და იფიტება რუსეთი?

რუსეთი დიდი რესურსების ქვეყანაა, მაგრამ ყველაფერი, რაც ფრონტის ხაზზე ჩანს, აჩვენებს, რომ რუსეთს საკმაოდ გამოფიტული მდგომარეობა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს უზარმაზარი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი აქვს, მას არ აქვს საკმარისი რაოდენობის შეიარაღება, საბრძოლო მასალები და ადვილად ვერ ახერხებს ამ მარაგების შევსებას.

იგივე სიტუაციაა პირადი შემადგენლობის და სხვა მიმართულებებზე. დიახ, რუსეთი იფიტება და ის, რომ ახლა რუსეთში ბუნტი არ არის, ამას აქვს ობიექტური და სუბიექტური ახსნა. რუსეთს ფრონტთან მიმართებაში არ აქვს ნამდვილად სახარბიელო სიტუაცია.

  • თქვენი დაკვირვებით, რის იმედი აქვს პუტინს?

რუსეთის მოქმედებაში რაციონალურობა არ იგრძნობა. პუტინს იმედი აქვს, რომ სამხედრო მანქანა, რომელმაც აქამდე ვერაფერი ახალი ვერ მოიფიქრა, რაღაც ფორმით ამუშავდება და უფრო ეფექტური გახდება.

აქ ბევრი განზომილებაა. რუსეთი ცდილობს ასევე, რომ ევროპელებს შიგნით განხეთქილება შეიტანოს, პუტინი ეცდება, რომ ამერიკასთან ამ მოლაპარაკებებით დრო გაწელოს, მაგრამ ფაქტობრივად ბრძოლის ველზე რუსეთის სასარგებლოდ ნამდვილად არ არის სტრატეგიული დინამიკა.

  • ამასობაში, რამდენად იზრდება უკრაინის სამხედრო რესურსები, იგივე სარაკეტო ინდუსტრია? ოფიციალური კიევის ცნობით, უკრაინამ წარმატებით გამოცადა შორი მოქმედების ფრთოსანი რაკეტა „ფლამინგო“.

ბოლო წელს განსაკუთრებით უკრაინამ სერიოზული ნაბიჯები გადადგა იმისკენ, რომ საკუთარი სამხედრო მრეწველობა გაათანამედროვოს, ტექნოლოგიურად ძლიერი, აღმატებული გახადოს.

ლომის წვლილი უკრაინელების წარმატებაში, მიუძღვის იმას, რომ ისინი ტექნოლოგიურად ყოველთვის წინ იყვნენ რუსეთზე. ომია და ომში გჭირდება სამხედრო პოტენციალის გაძლიერება. სხვანაირად ვერ მოიგებ.

არ უნდა ვიფიქროთ ისე, რომ რუსეთს ერთ ღამეში გამოელევა რესურსები. მათ აქვთ გარკვეული სამხედრო მრეწველობა, სამოქალაქო დანიშნულების ბევრი ქარხანა გადააკეთეს დრონების საწარმოებლად, მაგრამ ტექნოლოგიურად ჩამორჩებიან უკრაინას.

რა თქმა უნდა, ამ კომისიის დასკვნის არსი არ იყო თუნდაც სააკაშვილის ომში დადანაშაულება. ამ კომისიის მიზანი იყო საქართველოს ომში დადანაშაულება… მე არ ვიცი, რაში დასჭირდათ ეს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ხელისუფლება არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს, ის ემსახურება მტრის – რუსეთის ინტერესებს.

ჩემი აზრით, კონფედერაციის მოდელი არ არის რეალისტური, მაგრამ თუ „ქართული ოცნება“დარჩა ხელისუფლებაში, მაგასაც აღიარებენ და კიდევ ბევრ ცუდ რამეს გააკეთებენ, მაგრამ ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში. 4 ოქტომბრის შემდეგ „ქართული ოცნება“ წავა იქ, სადაც მათი ადგილია – ისტორიის სანაგვეზე.

ბათუმში კაცი მაღალი სართულიდან გადმოვარდა

დღეს, 5 სექტემბერს, ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე კაცი საცხოვრებელი კორპუსიდან, სავარაუდოდ, გადმოვარდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ვარდნის შედეგად დაზარალებული 46 წლის თურქეთის მოქალაქეა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა.

კაცი ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება მართვით სუნთქვაზე, მრავლობით ტრავმებით. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„ბათუმელები“ ინფორმაციას შს სამინისტროში აზუსტებს.

_______________

ფოტო შემთხვევის ადგილიდან.

პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება, სექსის იძულება – კაცს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, გავრცელებისა და სქესობრივი კავშირის დამყარების იძულების ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინეს.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების მუქარით, დაზარალებული აიძულა მასთან სქესობრივი კავშირი დაემყარებინა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სოციალური ქსელის გამოყენებით, დაზარალებულის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია გაუგზავნა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სქესობრივი კავშირის დამყარების იძულება) და 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა და გავრცელება) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

„მოვუწოდებთ სააპელაციოს, გააუქმოს მზია ამაღლობელის უსამართლო განაჩენი“ – მაკკეინის ინსტიტუტი

მაკკეინის ინსტიტუტი ეხმიანება ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას.

„ამ კვირაში მზია ამაღლობელის იურიდიულმა გუნდმა შეიტანა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვენ მზიას ორწლიანი პატიმრობის აღმაშფოთებელი და არაპროპორციული სასჯელის გაუქმებას და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

მაკკეინის ინსტიტუტი მხარს უჭერს მზია ამაღლობელს და მოუწოდებს სააპელაციო სასამართლოს, გააუქმოს მისი უსამართლო განაჩენი“, – აცხადებს მაკკეინის ინსტიტუტი.

მზია ამაღლობელი მაკკეინის ინსტიტუტის ინიციატივის – „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“ – ერთ-ერთი ადრესატია.

აღნიშნული ინიციატივა შეეხება დისიდენტებს, რომლებიც არიან პოლიტიკური პატიმრები ან რეპრესიული რეჟიმების მძევლები.

თურქეთში კვლავ ტყის ხანძარს ებრძვიან, ამჯერად ბურსაში

თურქული მედიის ცნობით, მეხანძრეები მორიგ ტყის ხანძარს ებრძვიან ბურსაში მდებარე ტყეში, სადაც ხანძარი გაურკვეველი მიზეზით გაჩნდა.

თურქული ახალი ამბების სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, ტყის ხანძარს ჰაერიდან და ხმელეთიდან ებრძვიან 3 თვითმფრინავით, 11 ვერტმფრენითა და 40-მდე სპეცმანქანით. სამუშაოებში 242 ადამიანია ჩართული.

თურქული მედია კვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთსა და საბერძნეთში კლიმატის ცვლილების შედეგად ტყის ძლიერი ხანძრის ალბათობა 10-ჯერ გაიზარდა.

ევროკავშირის მონიტორინგის სისტემის, „კოპერნიკის“ 2-8 სექტემბრის პერიოდის რუკის მიხედვით, ხანძრის რისკი კვლავ მაღალია თურქეთის დასავლეთ და ცენტრალურ შავი ზღვის რეგიონში, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე, პირენეის ნახევარკუნძულზე, იტალიასა და საბერძნეთში, მაროკოსა და ალჟირში, ასევე ბულგარეთში, რუმინეთსა და უკრაინაში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოლო წლებში თურქეთსა და საბერძნეთში დაფიქსირებული გვალვის ტენდენცია უფრო მკვეთრად თურქეთში იყო გამოხატული, სადაც ნალექის საერთო რაოდენობა დაახლოებით 14 პროცენტით შემცირდა, რამაც ზაფხულის თვეებში უფრო მშრალი ამინდის პირობები შექმნა, რაც ხანძრის გაჩენის წინაპირობას ქმნის.

 

ქურდული გარჩევების საქმეზე დააკავეს 30 პირი, „ჭინკას“ ბრალი დაუსწრებლად წარედგინა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 4 სექტემბერს, ღამით, თბილისში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს” წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 30 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

კერძოდ, შსს-ს ცნობით, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ფაქტზე დაკავებულია 19, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ ფაქტზე – 7, ხოლო „ქურდული სამყაროს წევრობის“ ფაქტზე – 4 პირი.

რაც შეეხება 2 პირს, ე.წ. „კანონიერ ქურდს“ თენგიზ ხოფერიას მეტსახელად „ჭინკა“-ს და კიდევ ერთ პირს, როგორც შსს უთითებს – თ.კ.-ს, ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში ერთვებოდნენ, მოდავე მხარეებთან ერთად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს, ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ, ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ გადაწყვეტილებებს და მეორე მხარეს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით, ე.წ. ქურდულ გარჩევებში, საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ – თენგიზ ხოფერია მეტსახელად „ჭინკა“ მონაწილეობდა“ – წერს შსს.

გამოძიება „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მე-2, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უკრაინის ძალებმა რიაზანში ნავთობის ქარხანას და ლუგანსკში ნავთობის საწყობს შეუტიეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტიეს, რომელიც რუსეთის ოთხი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან ერთ-ერთია.

უკრაინის მიერ განხორციელებული დრონების შეტევის შედეგად ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.

ინფორმაციას ადასტურებს რუსული მედიაც. რიაზანის ოლქის გუბერნატორმა პაველ მალკოვმა განაცხადა, რომ რეგიონში რვა დრონი ჩამოაგდეს. მისი თქმით, არავინ დაშავებულა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ზიანი არ მიადგა, თუმცა ნამსხვრევები სამრეწველო საწარმოს ტერიტორიაზე დაეცა და აფეთქება გამოიწვია.

ასევე, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინულმა ძალებმა ლუგანსკის ნავთობის საწყობს მიაყენეს დარტყმა.

 

აისრულე სურვილები ახალი სასწავლო წლისთვის-მოემზადე ერთგული საკრედიტო ბარათით

ახალი სასწავლო წლისთვის მომზადება ერთგვარი ტრადიციაა, რომელსაც მოსწავლეები, სტუდენტები თუ მათი მშობლები განსაკუთრებული ემოციებით ასრულებენ. თიბისი კი, ამ მნიშვნელოვანი მომენტებისთვის მათ, ყოველ წელს, განსაკუთრებულ შეთავაზებებს სთავაზობს.

6-7 სექტემბერს, უერთგულეთ ახალი სასწავლო წლისთვის ჩაფიქრებული სურვილების ახდენას- გადაიხადეთ ერთგული საკრედიტო ბარათით თიბისის 50-მდე პარტნიორ ობიექტში და დაიბრუნეთ 40% ქეშბექი, მაქსიმუმ 150 ლარი, მომენტალურად. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ერთგული საკრედიტო ბარათის აღება და ლიმიტის დამტკიცება, უკვე რამდენიმე წუთში, მობაილბანკიდანაც შეგიძლიათ.

პარტნიორი ობიექტები, სადაც თიბისის Back to school შეთავაზებით ისარგებლებთ:

Bata, Bambino, AW-Lab, Geox Studio, Shoes Gallery, Ecco, Corso, Okaidi, Replay, Jacadi, Scarpiera, Pepe Jeans, Mayoral, Original Marines, Dressarium, Dressarium Kids, Shoes Loft, Dan John, Adidas, Nike, Puma, Giordano, Under Armour, Topsport, Crocs, OVS/OVS kids, Matalani, Xiamo/icity, Wortmann, Salamnder, iSpace, Espacho, Superdry, Kids Gallery, Lee, Wrangler, Vero Moda, Jack & Jones, Hummel, Gstar, Grayder, Bershka, Stradivarius, Pull & bear, Mango, Mango kids, Zippy, Aldo, Parfois, Kiko Milano, Charles & Keith.

ქეშბექ შეთავაზებებით სარგებლობის გარდა, ერთგული საკრედიტო ბარათით საქართველოში ნებისმიერი ბანკის პოს-ტერმინალზე აგროვებთ მეტ ერთგულ ქულას და საშეღავათო პერიოდი გაქვთ 55 დღე. თუმცა, ამ კონკრეტული- Back to school შეთავაზებით სარგებლობისთვის, გადახდა აუცილებლად თიბისის პოს-ტერმინალზე უნდა განხორციელდეს.

მობაილბანკიდან ბარათის აღება 30 სექტემბრის ჩათვლით სრულიად უფასოა და პირველი წლის განმავლობაში არ იხდით მომსახურების საკომისიოს (წლიური მომსახურების საკომისიო განსხვავებულია ბარათის ტიპის მიხედვით), ხოლო თუ თქვენ მიერ დახარჯულ თანხას 55 დღემდე საშეღავათო პერიოდის განმავლობაში დააბრუნებთ, არც ზედმეტი გადასახადი დაგეკისრებათ.

აიღე, ერთგული საკრედიტო ბარათი მობაილბანკიდან და თიბისისთან ერთად, მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის.

შეთავაზების დეტალები და დამატებითი პირობები იხილეთ ბმულზე.

„ნაკრებებზე ბევრად მეტი ვინერვიულე, ვიდრე როცა მომისაჯეს“ – რეზო კიკნაძის წერილი ციხიდან

სინდისის პატიმარი, რეზო კიკნაძე მორიგ წერილს აქვეყნებს საპატიმროდან და 4 სექტემბერს გამართულ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თამაშსა და „ლელოს“ ლიდერების ყაველაშვილის მიერ შეწყალებას ეხმიანება.

„არაირონიულად, გუშინ საკალათბურთო და საფეხბურთო ნაკრებებზე ბევრად უფრო მეტი ვინერვიულე, ვიდრე გუშინწინ, როცა მომისაჯეს.

ქომაგებს ისევ საერთოდ არ ჰქონიათ რუსული რეჟიმის საწინააღმდეგო შეძახილები, ჰო? ისევ კობახიძის ეშინიათ და გამიჯნეს? კაკაბაძეს და ლოჩოშვილს რატო არ უსტვინეს? რატომ უნდა ესტვინათ? — ქოცების საარჩევნო კლიპში რომ მიიღეს მონაწილეობა, აი, მაგიტომ.

ამ კაშიამ, რაც ბიძინას მადლობები უხადა ჩარიცხული ფულის გამო, იმის მერე სულ დაივიწყა თამაში? ოლე ოლა!

P.S. — „ლელოს“ ახლა ერთადერთი შანსი აქვს: ჩასვრილის მოწმენდის უარი თქვან ამ „არჩევნებად“ წოდებულ სპეცოპერაციაზე და მართლა ლელო დაუდონ ქოცებს. მაგრამ არ იზამენ. ისე, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი რატო არ შეიწყალეს? ესენიც „ლელოში“ არიან და კბილებით იცავენ არჩევნებზე გასვლის პოზიციას“ – წერს რეზო კიკნაძე.

რეზო კიკნაძე 2024 წლის 6 დეკემბერს დააკავეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით, თუმცა, კიკნაძე დაკავებამდე არავის იცნობდა, ვისთან ერთადაც დანაშაულის ჯგუფურად ჩადენას ედავებოდნენ. დაკავების შემდეგ მას აიძულებდნენ მიეცა ცრუ ჩვენება.

მიუხედავად იმისა, რომ რეზო კიკნაძის საქმეში არ არსებობდა უტყუარი მტკიცებულებები და არც დაზარალებული პირი, „ოცნების“ სასამართლომ რეზო კიკნაძეს 2 წელი პატიმრობა მიუსაჯა.

ამავე თემაზე: 

ვინ არის სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე – „როცა გამოვალ, ეგრევე თქვენთან გამოვიქცევი“

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 სექტემბრის 21 საათიდან 6 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად უნალექოდ.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:

  • დღისით: 25– 30 გრადუსი სითბო
  • ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 9 – 14 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 7-8 სექტემბერს წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 5 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 5 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 086 220 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +810]
  • ტანკი – 11 159 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 23 243 ერთეული [+2]
  • საარტილერიო სისტემა – 32 435 ერთეული [+50]
  • MLRS – 1 480 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 216 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 422 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 341 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 56 267 ერთეული [+222]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 686 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 60 831 ერთეული [+139]
  • სპეცტექნიკა – 3 956 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 5 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 666 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 81 880 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 627 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 956 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 589 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 29 259 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 41 094 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ლონდონმა კიევს მილიარდი ფუნტის სამხედრო დახმარება გადასცა რუსეთის გაყინული აქტივებიდან

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

როგორ ცდილობს „ოცნება“ სამართლიანი სასამართლოს ილუზიის შექმნას – ინტერვიუ

„ბოლო ეტაპზე როცა ხდება კვალიფიკაციის შეცვლა, ფაქტობრივად, გამოდის, რომ დაცვის მხარეს ისე გამოუტანეს გამამტყუნებელი განაჩენი, რომ მას არც ჰქონია შესაძლებლობა, მტკიცებულებები შესაბამისი დოზით წარედგინა – სასამართლოს წინაშე გაეჟღერებინა თავისი კონტრარგუმენტაცია.

ამიტომაც, კვალიფიკაციის ამ ტენდენციით ცვლილება არის სამართლებრივი პრობლემა,“ – მიიჩნევს იურისტი გურამ იმნაძე. მას კვალიფიკაციის შეცვლის ტენდენციაზე ვესაუბრეთ სინდისის პატიმრების საქმეში.

რა პოლიტიკური გათვლებით მოქმედებს ამ დროს „ოცნება“? – „ბათუმელებმა“ იურისტ გურამ იმნაძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო გურამ, სასამართლომ ერთგვარ ტენდენციად აქცია სინდისის პატიმრების მიმართ კვალიფიკაციის შეცვლა – შედეგად შედარებით ნაკლები ვადით ტოვებენ ციხეში სინდისის პატიმრებს. ეს რა მიდგომაა, რას აჩვენებს თქვენთვის?

ნამდვილად ტენდენციური ხასიათი მიიღო უკვე ამან, როდესაც სასამართლო კვალიფიკაციას ცვლის. ესაა ილუზიის გაჩენა, რომ თითქოს სასამართლო დამოუკიდებლად მოქმედებს, რომ ბოლომდე პროკურატურის კარნახით არ მიმდინარეობს ეს საქმეები.

მეორე მიზანი არის ისევ ილუზიის გაჩენა, რომ უფრო სამართლიანი სასჯელები შეეფარდათ მსჯავრდებულებს, ვიდრე იმ მუხლით, რაც მათ ჰქონდათ ბრალად წარდგენილი, ანუ შედარებით ნაკლები სიმკაცრის სასჯელი შეუფარდეს. ესეც ერთგვარად საზოგადოებრივი მუხტის ბალანსზე არის ორიენტირებული.

რაც შეეხება ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებული პირების გამართლებას – აქაც ილუზიაა: თითქოს, აი, თუკი მართლა უდანაშაულოა ადამიანი, სასამართლოს გამოაქვს გამამართლებელი განაჩენი და ვის მიმართაც ადგენს გამამტყუნებელ განაჩენს, შესაბამისად, მათ მიმართაც იყო სამართლიანი.

  • ფიქრობთ, რომ „ოცნების“ ეს მიდგომა გათვლილია წინააღმდეგობაზეც, რომ საპროტესტო აქციას უსამართლობით გამწარებული სხვა ადამიანებიც არ შეუერთდნენ?

რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიზანი ესეც არის. როცა აშკარად უსამართლოა სასჯელი და ჩადენილი ქმედება აბსოლუტურად შეუსაბამოა სასჯელთან, ეს ნებისმიერი ადამიანისთვის, პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, არის გაუგებარი. საზოგადოებრივიხუ გამოკითხვები აჩვენებს, რომ საზოგადოების უმრავლესობა – მათ შორის, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც – მხარს უჭერს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

როდესაც ასეთი განწყობაა საზოგადოებაში, ამ დროს მკაცრი სასჯელების გამოყენებას კიდევ უფრო დიდი პოლიტიკური ფასი აქვს.

  • გუშინ, 3 სექტემბერსაც სინდისის 11 პატიმრის საქმეს ერთიანად შეუცვალა მოსამართლემ კვალიფიკაცია და მიიჩნია, რომ საქმე გვაქვს არა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასთან, რაც პროკურატურის ვერსია იყო, არამედ ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასთან. სინდისის ერთ-ერთი პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა ამბობდა, ამ მუხლზე მხოლოდ იმიტომ გადააკვალიფიცირეს საქმე, რომ ნაკლები სიმძიმის სასჯელი გამოეყენებინათო. სამართლებრივად რამდენად სწორია მსგავს მოცემულობაში კვალიფიკაციის შეცვლა?

ნამდვილად ალოგიკურია სამართლებრივად ეს განაჩენი იმიტომ, რომ ორგანიზებულობის და ჯგუფურობის ნაწილი ამ საქმეში არცერთ შემთხვევაში არ იკვეთება და ამის მტკიცებულებები არ ჰქონია პროკურატურას. რასაც ვადევნებდით თვალს სასამართლო განხილვებს, ეს ჩანდა.

ჯგუფურობას და ორგანიზებულობას აქვს თავისი სამართლებრივი მნიშვნელობა და კრიტერიუმები, ნიშნები, რომლითაც იგი იკვეთება. ადამიანებისთვის უნდა იყოს აღქმადი, რომ ისინი მოქმედებდნენ ჯგუფურად და ეს იყო ორგანიზებული – მოქმედებდნენ გამიზნულად და წინასწარი განზრახვით. რამდენად არსებობდა სახეზე ეს ნიშნები?

გურამ იმნაძე

ამიტომაც, მსგავს მოცემულობაში კვალიფიკაციის შეცვლა აჩენს სამართლებრივ პრობლემასაც: პროკურატურის მხრიდან წარმოდგენილი მუხლი სხვა ნიშნებს ითვალისწინებს, განსხვავებული ნიშნები აქვს და შესაბამისად, დაცვის სტრატეგია შესაბამისია ბრალდებასთან, ადვოკატები ამ დროს ცდილობენ მოიპოვონ საწინააღმდეგო არგუმენტები, რაც გააბათილებს ბრალდების მხარის მტკიცებას.

ბოლო ეტაპზე როცა ხდება კვალიფიკაციის შეცვლა, ფაქტობრივად, გამოდის, რომ დაცვის მხარეს ისე გამოუტანეს გამამტყუნებელი განაჩენი, რომ მას არც ჰქონია შესაძლებლობა, მტკიცებულებები შესაბამისი დოზით წარედგინა – სასამართლოს წინაშე გაეჟღერებინა თავისი კონტრარგუმენტაცია.

ამიტომაც, კვალიფიკაციის ამ ტენდენციით ცვლილება არის სამართლებრივი პრობლემა.

  • რა შემთხვევაშია სამართლებრივად გამართლებული კვალიფიკაციის შეცვლა?

ზოგადად, მოსამართლეს აქვს ამის უფლება, თუმცა სასამართლო მთლიანობაში უნდა უზრუნველყოფდეს იმას, რომ დაცვის მხარეს შეეძლოს, მათ შორის, ამ ნაწილზე, ახალ ბრალდებაზე, მიიღოს გადაწყვეტილება.

აქ ჩვენი კანონმდებლობის პრობლემაც იკვეთება. როგორც წესი, აქამდე ასეთი ხშირი არ იყო ხოლმე კვალიფიკაციის შეცვლა მოსამართლეების მხრიდან და როცა პოლიტიკური დაინტერესება არ იყო საქმეში, იქ შეიძლება ასეთი მოულოდნელი არც ყოფილიყო კვალიფიკაციის შეცვლა. მოსამართლეს მართლაც გარკვეულწილად სამართლებრივად ლოგიკური და სამართლებრივი არგუმენტებით შეიძლება გამოეყენებინა ასეთი უფლებამოსილება.

მაგრამ როდესაც აბსოლუტურად მოულოდნელად ხდება კვალიფიკაციის ცვლილება, თანაც ისეთ მუხლზე, რომელიც კიდევ უფრო ალოგიკურია ამ ქმედებასთან შედარებით, აქ ნამდვილად შეიძლება ვისაუბროთ დაცვის ეფექტური უფლების რეალიზების ხელშეშლაზე. ამ მუხლებზე – რომლითაც გაასამართლეს სინდისის პატიმრები – საერთოდ არანაირი მსჯელობა არ ყოფილა საქმის წარმოების პროცესში. შესაბამისად, დაცვის მხარეს არანაირი პოტენციალი არ ჰქონია, რომ ამ კუთხით წარედგინა საკუთარი არგუმენტაცია.

საყურადღებოა ისიც, რომ ამ მოსამართლეს შეეძლო კვალიფიკაციის შეცვლის შემდეგ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება, მაგრამ გამოიყენა თავისუფლების აღკვეთა.

  • რა სახის ბალანსის დაცვას ცდილობს „ოცნება“ ამ გზით?

იმის, რომ ერთის მხრივ, დასჯის ინტერესი არსებობს და ეს დასჯა უნდა იყოს აღქმადი საზოგადოებისთვის. ამიტომაც, აუცილებელი იყო გარკვეული დოზით, გარკვეული ვადით საპატიმრო სასჯელის გამოყენება, მაგრამ მეორეს მხრივ, ის არ უნდა იყოს იმდენად მკაცრი, რომ ნეიტრალურ ადამიანებში ან თუნდაც „ქართული ოცნების“ პარტიის მხარდამჭერებში გააჩინოს უსამართლობის განცდა.

  • მზია ამაღლობელის შემთხვევაში გვითხარით, რომ შეუძლებელია, მოსამართლემ დაასაბუთოს განაჩენი, როცა სილის გაწვნა თავდასხმად არა, მაგრამ წინააღმდეგობად შეაფასა. სინდისის პატიმრების ახალი საქმეების დასაბუთებაც შეუძლებელია ობიექტურად? 

მე მედიის საშუალებით ვიცნობ ამ საქმეებს და ჩემი ვარაუდით, ამ გადაწყვეტილებების დასაბუთება წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით მართლა პრობლემაა.

ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ოთხი წელი იქნება თუ ორი წელი, თუ განაჩენი უკანონო და უსამართლოა, უკანონოდ ციხეში გატარებული ორი დღეც კი არის ძალიან დიდი ზიანის მომტანი ადამიანისთვის. ასე რომ, ეს სასჯელები არ არის ხელწამოსაკრავი. ორი წელი საკმაოდ გრძელი პერიოდია საპატიმრო სასჯელის მოსახდელად.

  • ფეისბუქზეც კითხულობდნენ მოქალაქეები ნიკა კაციას გამართლების შემდეგ – ვინ აგებს პასუხს, როცა დადასტურდა, რომ მას უსამართლოდ ედავებოდნენ?

ნამდვილად მესმის მოქალაქეების, რომლებიც ამ კითხვას სვამენ. ამავდროულად, ბუნებრივია ის სიხარულიც, რაც ნიკა კაციას, ან გიორგი ახობაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენების გამოტანას მოჰყვა, მაგრამ ამ სიხარულმა ასევე არ უნდა დაგვავიწყოს ის, რომ ეს ადამიანები ფაქტობრივად უკანონოდ ისხდნენ თითქმის ცხრა თვის განმავლობაში საპატიმრო დაწესებულებებში.

წინასწარი პატიმრობის გამოყენება ავტომატურად უკანონო არ არის, თუკი საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგება. ადამიანის მიმართ შეიძლება საკმარისი ეჭვი არსებობდეს, რომ პატიმრობაში იყოს, მაგრამ შემდეგ მის მიმართ წარდგენილი ბრალდება აღმოჩნდეს, რომ არ გამოდგა დასაბუთებული.

ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს აქვთ უფლება, რომ იდავონ. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ამ პატიმრობას გავასაჩივრებდი. აქ უნდა გამოჩნდეს აშკარად, რომ წინასწარი პატიმრობა იყო აშკარად უკანონო.

  • სინდისის პატიმრების საქმეების განხილვამ რა აჩვენა, რა როლს ასრულებს სასამართლო ხელისუფლება „ოცნების“ რეჟიმის ამოცანების შესრულების პროცესში?

მადლობა ამ კითხვისთვის, რადგან დღეს, ჩემი აზრით, ყველაზე მკაფიოდ გამოჩნდა სასამართლო ხელისუფლების პრობლემა.

წლებია საუბრობენ პროფესიული ჯგუფები, სამოქალაქო ორგანიზაციები, რომ სასამართლო არის გაკონტროლებული, რომ სასამართლოში ცუდი პროცესები მიმდინარეობს, მაგრამ მაშინ ასეთი ხილული არ იყო შედეგები, რაც სასამართლოს დამორჩილებას მოჰყვება ხოლმე.

ეს პროცესები დიდი ხნის წინ დაიწყო, უბრალოდ, ჩვენ ამის შედეგს ახლა ვხედავთ: მორჩილი, ჩაკეტილი, არაანგარიშვალდებული მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილების და შიდა კლანური დაჯგუფებიდან გამომდინარე.

ერთადერთი პოზიტიური შედეგი ამ პროცესში არის ის, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა გაიაზრეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს დამოუკიდებელი სასამართლოს სისტემის არსებობას ქვეყანაში, რომ ნებისმიერ მოქალაქეს შეიძლება შეეხოს ეს უსამართლობა. დღეს განსასჯელის სკამზე შეიძლება ისხდნენ ის ადამიანები, რომლებიც სინამდვილეში ბევრად უფრო დისტანცირებული იყვნენ პოლიტიკური პროცესებისგან, ვიდრე ის ხალხი, ვინც სასამართლოს რეფორმირების პროცესში სასამართლოს დამოუკიდებლობაზე საუბრობდა.

_____________

ფოტოზე: სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესი. ფოტო: „პუბლიკა“

სინდისის პატიმარი თორნიკე თოშხუა შიმშილობს – „ოცნებამ“ დააპატიმრა საჯარო მოხელეც

სინდისის პატიმარი – თორნიკე თოშხუა უკვე 20 დღეა შიმშილობს. თორნიკე თოშხუა საჯარო მოხელეა და შემოსავლების სამსახურში მუშაობს აუდიტორად. მას პროკურატურა ძალადობის ჩადენას [სსკ-ის 126-ე მუხლი] ედავება ჯგუფურად, რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის დაზიანება.

„როცა საჯარო მოხელეც ციხეშია, ეს აჩვენებს იმას, რამდენად საყოველთაოა ეს პროტესტი,“ – მიიჩნევს ნატო ბოლქვაძე, რომელიც მას შემდეგ გაუშვეს საჯარო სამსახურიდან, როცა ის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე გახდა.

ნატო ბოლქვაძე და თორნიკე თოშხუა შემოსავლების სამსახურში მუშაობდნენ, როცა არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. ამ დროს საჯარო მოხელეებიც პროევროპულ აქციებს შეუერთდნენ. თორნიკე თოშხუა 2025 წლის 16 აგვისტოს დააპატიმრეს, ნატო ბოლქვაძე კი, მანამდე გაუშვეს სამსახურიდან…

„2024 წლის ნოემბრიდან დღემდე, მდუმარებაში მყოფნო სახელმწიფოს მსახურო [თუ პარტიის ?!] საჯარო მოხელეებო! ამავე სახელმწიფოს სასარგებლო პოზიციის არც ერთხელ გამომხატავნო! რომელიმე თქვენგანზე ნაკლები საჯარო მოხელეა თორნიკე? – არცერთის, მაგრამ დღეს ციხეშია. იცით რატომაა? წარბშეუხრელად იცავდა სახელმწიფოს ინტერესს და გააკეთა ის, რაც ევალება საჯარო მოხელეს, გამიჯნა სახელმწიფოს ინტერესი პარტიის ინტერესებისგან,“ – წერდა ფეისბუქში ნატო ბოლქვაძე.

როგორ ცდილობს „ოცნების“ რეჟიმი ჩაახშოს საჯარო მოხელეების პროტესტი? – „ბათუმელებმა“ ყოფილ საჯარო მოხელესთან ნატო ბოლქვაძესთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ქალბატონო ნატო, რის მანიშნებელია თქვენთვის თორნიკე თოშხუას საქმე? ის პირველი საჯარო მოხელეა, რომელიც პროევროპული აქციის აქტიური მონაწილე იყო და „ოცნების“ რეჟიმმა სინდისის პატიმრად აქცია.

თორნიკეს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ახლა ემუქრება საფრთხე. დღეს უკვე მე-20 დღეა იგი შიმშილობს. ჩვენ არ ვართ მოცემულობაში, როდესაც შიმშილობის აქტი მუშაობს ისე, როგორც დასავლეთის ქვეყნებში. აქ მმართველი ძალისთვის სულერთია ადამიანის სიცოცხლე. ჩვენ ვნახეთ რამდენი ხანი შიმშილობდა მზია ამაღლობელი, ან თემურ ქათამაძე, მაგრამ ამას რეაგირება არ მოჰყოლია.

ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ გაცილებით მნიშვნელოვანია თორნიკე გვყავდეს ჯანმრთელი და გავაგრძელოთ ბრძოლა ერთად. თორნიკეს ჯანმრთელობა გვჭირდება იმისთვის, რომ არ შევწყვიტოთ ეს ბრძოლა. თორნიკესთან ერთად ვიქნებით უფრო ძლიერები ამ ბრძოლაში. ამიტომ გვჭირდება ის, რომ თორნიკე იყოს ცოცხალი, მის ჯანმრთელობას არ შეექმნას საფრთხე. შემდგომ შეიძლება მრავალი წელი დასჭირდეს ამ ჯანმრთელობის პრობლემების გამოსწორებას. ამიტომ ვთხოვთ თორნიკეს, დარჩეს ჩვენთან ბრძოლაში, იმისთვის, რომ შევძლოთ ბრძოლის გაგრძელება.

ნატო ბოლქვაძე

თორნიკე 28 ნოემბრიდანვე ძალიან აქტიურად იყო ჩართული ამ პროტესტში. დასაწყისშივე ვხვდებოდით და ვიკრიბებოდით ერთად შემოსავლების თანამშრომლები, ბევრნი ვიყავით და აქტიურად ხდებოდა აზრთა გაზიარება, მსჯელობა. დისკუსიები გვქონდა, როგორ შეიძლება ეს პროცესი წარიმართოს სწორად, როგორ უნდა ვუშველოთ ამ ამბავს, რამდენად მნიშვნელოვანია საჯარო მოხელეები ამ ყველაფერში აქტიურად ვიყოთ ჩართული და გამოვხატავდეთ აზრს და ასე შემდეგ.

უკვე 280 დღეა, რაც პროევროპული აქცია იმართება – ჩვენ, მე და თორნიკე, ყოველ საღამოს ერთმანეთის გვერდიგვერდ ვიდექით. თავის დროზე პეტიციაც ერთად მოვამზადეთ, მაშინ საჯარო მოხელე ვიყავი, შემდეგ გამათავისუფლეს… შეტანილი მაქვს სარჩელი შემოსავლების სამსახურის წინააღმდეგ.

როცა საჯარო მოხელეც დააპატიმრეს, ეს აჩვენებს იმას, რამდენად საყოველთაოა ეს წინააღმდეგობა, რამდენად ერთიანია საზოგადოება იმაში, რომ საქართველო უნდა იყოს ევროპული და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გააკეთეს 2024 წლის 28 ნოემბერს. ეს აჩვენებს იმას, რომ ევროპული განვითარების იდეამ როგორ გაგვაერთიანა სხვადასხვა სოციალური ჯგუფი, ჩვენ გაგვაერთიანა ერთმა მიზანმა, სხვადასხვანაირები ვართ: ვიღაც მსახიობია, ვიღაც – ხელოსანი, ექიმი. ამიტომაც,  ხელისუფლებისთვის ეს უნდა იყოს სიგნალი, რომ რაღაცას არასწორად აკეთებს.

ამ პროცესმა დაგვანახა ყველას, რომ საქართველოში ამაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, ვიდრე არის ამ ქვეყნის ევროპულ ოჯახში ინტეგრაცია, არ არსებობს.

  • დღესაც გამოდიან საპროტესტო აქციაზე მოქმედი საჯარო მოხელეები?

დიახ, შემოსავლების სამსახურის მოქმედი თანამშრომლებიც არიან დღემდე აქციაზე, თუმცა დიდი ნაწილი, ვინც აქტიურები ვიყავით, ამ მომენტისთვის ვართ გათავისუფლებულები: ზოგი  გაგვათავისუფლეს, სხვებს აიძულეს, დაეწერათ განცხადებები და წასულიყვნენ.

ამიტომაც, მცირე ნაწილია დარჩენილი, ვინც აქციაზე დადის, მათ შორის, იყო თორნიკე. ოფიციალური ინფორმაცია მისი გათავისუფლების შესახებ ჯერ არ მოსულა შემოსავლების სამსახურიდან.

  • რას ეტყოდით დღეს საჯარო მოხელეებს, რომლებიც ხედავენ ხელისუფლების მიტაცებას, ევროპისკენ მიმავალი გზის ჩაკეტვასაც, მაგრამ ამ დრომდე დუმილს ამჯობინებენ?  

მე 14 წელი ვიყავი საჯარო მოხელე. თორნიკეც მრავალი წელია საჯარო მოხელეა, იგი ბოლო 8 წელია აუდიტის დეპარტამენტში მუშაობს.

საჯარო მოხელეებს ვეტყოდი მთავარ რამეს, რომ არაფერია ჩვენთვის, განსაკუთრებით საჯარო მოხელეებისთვის, ამ ქვეყანაზე უფრო მნიშვნელოვანი. ჩვენ როდესაც ვხდებით საჯარო მოხელეები, ეს არ არის უბრალოდ სამსახური, ხელფასისთვის სადღაც მუშაობის დაწყება – საჯარო მოხელეობა არის მსახურება საკუთარი ქვეყნის წინაშე.

საჯარო მოხელეობა არის პრივილეგია, რომელიც გერგო და ამ პრივილეგიას თან ახლავს უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც გულისხმობს ზუსტად ამას: შევძლოთ დავიცვათ სახელმწიფო და ვემსახუროთ სახელმწიფოს მაშინაც კი, როდესაც პირად კეთილდღეობას ემუქრება დიდი საფრთხე. ეს არის საჯარო მოხელეობა და ამიტომაც, უნდა ვიყოთ გამბედავები. ეს არის ნომერ პირველი და აუცილებელი მოთხოვნა საჯარო მოხელისადმი – იაზრებდე, რას აკეთებ, რა სტატუსი მოგვენიჭა, მათ შორის ქართველი ხალხისგან.

  • როცა არალეგიტიმური ხელისუფლება არღვევს კონსტიტუციას, საჯარო მოხელეებისგან გვესმის, რომ ისინი აპოლიტიკურები არიან.

ეს სიტყვა „აპოლიტიკური“ არასწორად ინტერპრეტირებულია და გეტყვით რატომ: არსებობს საჯარო მოხელის ეთიკისა და ქცევის კოდექსი, სადაც ძალიან მკაფიოდ ხაზგასმულია, რას ნიშნავს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. პოლიტიკური ნეიტრალიტეტი ნიშნავს ზუსტად იმას, რომ საჯარო მოხელე, თავისი საქმიანობის განხორციელებისას, დაუშვებელია მოემსახუროს პარტიის ინტერესებს, იგი უნდა დარჩეს ნეიტრალური ნებისმიერი პარტიისგან, პირველ რიგში, ეს არის მმართველი პარტია და უნდა შეძლოს პარტიისა და სახელმწიფოს ინტერესების გამიჯვნა. თუ იგი ამას ვერ ახერხებს, იგი არ არის კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე.

სამწუხაროდ, რეალობაში საჯარო მოხელეებს სხვანაირად სთხოვენ და საჯარო სამსახურს იყენებენ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მმართველი ძალა აკეთებს ამას. მას აქვს შესაბამისი გავლენა, რომ საჯარო მოხელე დააშინოს და ასე შემდეგ. საჯარო მოხელეებს აშინებენ და ეუბნებიან, რომ უნდა იყვნენ ჩუმად, ეუბნებიან, რომ პოლიტიკა არ არის მათი საქმე, რაც წარმოუდგენელია, მით უმეტეს, როცა ჩვენ გვინდა ევროპული საზოგადოების აშენება.

  • მაგრამ სისტემა სჯის, მათ შორის, საჯარო მოხელეებს, ვინც ხმას იღებს. ამის მაგალითი ხართ თქვენ. რა გამოსავალს სთავაზობთ საჯარო მოხელეებს?

საჯარო მოხელეებს ბევრჯერ გვისაუბრია მსგავს საკითხებზე. ჩემი აზრით, საკითხი დგას ამგვარად: თუ ჩვენ მივცემთ ჩვენს ზემდგომ პირებს იმის უფლებას, რომ უკანონოდ მოგვექცნენ და შეგვეშინდეს, ისინი აუცილებლად დაგვჩაგრავენ.

მაგრამ რაც მეტი საჯარო მოხელე გაბედავს ხმამაღლა საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, მით მეტად შეეშინდებათ ზემდგომებს – ხმამაღლა დაფიქსირებულ პოზიციასთან დაპირისპირების. მათ ეცოდინებათ, რომ ამ ადამიანების გვერდით კიდევ დგას ბევრი საჯარო მოხელე. სინამდვილეში ჩვენ ვაწესებთ ამ სტანდარტს, საჯარო მოხელეები. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ზემდგომებს, რომ ჩვენ ვართ საჯარო მოხელეები, ვემსახურებით სახელმწიფოს და არ შეიძლება საჯარო მოხელეებთან მსგავსი ქცევა. მათ არ უნდა მივცეთ საშუალება, საჯარო მოხელის ინსტიტუტი გამოიყენონ პირადი და პარტიული ინტერესების სამსახურისთვის. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს.

  • თორნიკე თოშხუაც ამიტომ აღმოჩნდა გისოსებს მიღმა, რომ ის საჯარო მოხელეა და პროევროპული აქციებზე დადიოდა?

მე იქ ვიყავი ამ შემთხვევის დროს. ადამიანი [ბექა გოცირიძე, რომელსაც ამ საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს] მოვიდა აქციაზე და თვითონ მოაწყო ყველაფერი. ჩვენ, ყველანი, აქციაზე ვიდექით მშვიდობიანად. სუს-ის მიერ გავრცელებულ კადრებშიც კარგად ჩანს, როგორ წყნარად ვდგავართ და ვესაუბრებით ერთმანეთს, მათ შორის, თორნიკე და მინდიაც [მინდია შერვაშიძე თორნიკე თოშხუასთან ერთად დააკავეს] იქ დგანან და ერთმანეთში საუბრობენ.

მოდის ეს ადამიანი და გვაყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. კადრებშიც ჩანს: ავიხედავთ და ვუყურებთ მას… ტელეფონი ჰქონდა ჩართული და ხმამაღლა, ჩვენ რომ გაგვეგონა აი ის დაგვიძახა „ქათმები“ და კიდევ მსგავსი ფრაზები. მას არავინ არაფერს პასუხობს და წესით უნდა ჩაევლო, მაგრამ უცბად მოდის უკან, ჩვენკენ ტრიალდება და შედის დაპირისპირებაში მინდიასთან, მერე დაპირისპირებაში შედის უკვე თორნიკესთან, ანუ ადამიანი მოვიდა გეგმით, რომ შეურაცხყოფა მიეყენებინა, რაღაცნაირად გამოეწვია კონფლიქტი.

რაც მნიშვნელოვანია: ამ საქმეში არიან  მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ დანა ჰქონდა მას და დაუვარდა ეს დანა. ამის ვიდეოკადრებიც არსებობს.

თორნიკე თოშხუას შიმშილობა კავშირშია სწორედ ამასთან, რომ არასამართლიანად წარიმართა მთელი პროცესი, როგორც დაკავება, ასევე საქმეში დღემდე არ არის დამაგრებული, მაგალითად, დანა. დანა გამქრალია საქმიდან. ადვოკატი ითხოვს, რომ ეს დანა დამაგრდეს ამ საქმეზე და ჩატარდეს შესაბამისი ექსპერტიზა, ვინ ფლობდა მას.

  • რა არის ცნობილი პროკურატურის მიერ დაზარალებულად მიჩნეული პირის შესახებ?

ბექა გოცირიძე არის „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირი, პროპაგანდისტი, მას გარკვეულ წრეებში კარგად იცნობენ, როგორც ძალიან აგრესიულ, „ოცნების“ მხარდამჭერს. ჩვენ შევისწავლეთ არაერთი ვიდეოჩანაწერი, სადაც ის პირდაპირ მოუწოდებდა ადამიანებს, მოსულიყვნენ აქციაზე და დემონსტრანტები ეცემათ. ერთ-ერთი ჩანაწერში ამბობს: „უნდა დავერიოთ“.

ეს ადამიანი მუშაობს „თბილსერვისში“. სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, „თბილსერვის გრუპს“ ჰყავს ფორმალურად დასაქმებული ადამიანები და ამ გზით შესაძლოა ფინანსდებოდნენ ე.წ. ტიტუშკები.

ეს ადამიანიც იძახის, ტკივილი განვიცადეო, რაც ირაკლი დგებუაძის შემთხვევაში მოვისმინეთ. კადრებში ჩანს, რომ ის პოლიციელებს გაჰყავთ, გადაადგილდება ჩვეულებრივად და დაზიანებები არ აქვს.

  • როგორ ხედავთ საჯარო მოხელეების გააქტიურებას წინააღმდეგობის პროცესში?

ორგანიზება ძალიან რთულია და ეს დიდი პრობლემაა – ჩვენ ვერ ვართ ერთიანები, ვნახეთ, რა მოხდა გახარიას და „ლელოს“ შემთხვევაში.

ეს დაქსაქსულობა ძალიან ცუდად აისახება ყველა მიმართულებაზე. მსგავს მოცემულობაში კიდევ უფრო იზრდება დაუცველობის განცდა.

საჯარო მოხელეებს რასაც ვეტყოდი, არის ის, რომ უნდა დაიჯერონ: ისინი არიან ძალიან მნიშვნელოვნები. ისინი რომ მნიშვნელოვნები არ იყვნენ, მათ გაჩუმებაზე კი არ იზრუნებდა ასე ძალიან „ოცნება“?

კანონზომიერია, რომ ესენი შეიცვლებიან – ამას წინ არაფერი დაუდგება, უბრალოდ, რაც მალე ვიქნებით ერთიანები, მით მეტი იქნება ჩვენი ძალა და მით მალე შევძლებთ ამის გაკეთებას. თორემ „ქართული ოცნება“ რომ შეიცვლება, ამას წყალი არ გაუვა.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც კი უკმაყოფილო არიან. ტრამპისთვის გაგზავნილი ბოლო წერილიც ამას ადასტურებს, რომ „ოცნებას“ თითქოს აქვს მცდელობა, იზოლაციას დააღწიოს თავი.

აუცილებლად გაიმარჯვებს ევროპული გზა, უბრალოდ გვჭირდება სწრაფად გაერთიანება. არდანებება არის გამოსავალი.

Defense Lawyers Appeal Two-Year Prison Verdict Against Journalist Mzia Amaglobeli

Today, September 4, the lawyers of journalist and founding CEO of independent Georgian online media outlets Batumelebi.ge and Netgazeti.ge, Mzia Amaglobeli filed an appeal with the Criminal Cases Chamber of the Kutaisi Court of Appeals.

Mzia Amaglobeli’s lawyers are challenging the verdict delivered on August 6 by the Batumi City Court, which sentenced her to two years in prison.

“The appealed verdict is unlawful, unfounded, and extremely formulaic. It in no way reflects the results of the examination of evidence during the hearings, nor does it address any of the defense’s arguments. It does not evaluate any of the defense’s evidence, nor respond to any of the points raised by the defense.

The judgment is so unsubstantiated, both factually and legally, that it creates the impression it was written either by someone who did not attend the hearings over the five months of proceedings, or who was present but simply did not listen. Accordingly, nothing raised, argued, or substantiated by the defense — including in its closing statement — was analyzed or assessed.

The appealed judgment completely disregards the defense, the right to defense, and the defendant’s participation in presenting evidence, examining evidence, challenging the prosecution’s evidence, as well as the principles of adversarial proceedings and equality of arms.

The judgment is proof that Mzia Amaglobeli was denied her constitutional right to a fair trial,” – reads the appeal signed by Amaglobeli’s lawyers: Maia Mtsariashvili, Senior Partner at BLB Law Firm, Jumber Katamadze, and Razhden Khimshiashvili.

According to the lawyers, Judge Nino Sakhelashvili also violated the statutory time limits for delivering the judgment to the parties.

“The case was neither complex, nor voluminous, nor did it involve multiple defendants. Nonetheless, the court failed to deliver the judgment within the 5-day statutory deadline, and further violated the extended 14-day deadline.

We were only handed the judgment on August 25, 2025, in breach of the law, which in turn shortened the legally guaranteed period for filing an appeal,” Amaglobeli’s lawyers stated.

On August 6, Batumi City Court Judge Nino Sakhelashvili sentenced Mzia Amaglobeli to two years in prison for slapping the head of Batumi police, Irakli Dgebuadze.

The judge reclassified the charge.

Specifically, the Prosecutor’s Office had charged Amaglobeli under Article 353¹ of the Criminal Code, which carries a penalty of 4 to 7 years’ imprisonment. Judge Sakhelashvili reclassified the charge to Article 353, Part 1 of the Criminal Code.

მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართეს

დღეს, 4 სექტემბერს, მზია ამაღლობელის სახელით მისმა ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას სააპელაციო საჩივრით მიმართეს.

მზია ამაღლობელის ადვოკატები ასაჩივრებენ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 6 აგვისტოს გამოტანილ განაჩენს, რითაც მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

„გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, უკიდურესად შაბლონური, რომელიც სრულებით არ ასახავს არც სასამართლო სხდომებზე მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს, ასევე არ პასუხობს დაცვის მხარის არათუ რომელიმე არგუმენტს, არამედ არ პასუხობს დაცვის მხარის არც ერთ არგუმენტს და არ აფასებს დაცვის მხარის არც ერთ მტკიცებულებას.

განაჩენი იმდენად დაუსაბუთებელია, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, რომ იქმნება აღქმა, ის დაწერილია იმ პირის მიერ, ვინც არ ესწრებოდა სასამართლო სხდომებს 5 თვის განმავლობაში, ან ესწრებოდა, მაგრამ არ მოუსმენია. შესაბამისად, არ გაუანალიზებია და არც შეუფასებია რამე, რასაც დაცვის მხარე უთითებდა, ასაბუთებდა, ედავებოდა ბრალდებას, მათი დასკვნითი სიტყვის ჩათვლით.

გასაჩივრებულ განაჩენში სრულიად იგნორირებულია დაცვის მხარე, დაცვის უფლება და მისი მონაწილეობა დაცვის მტკიცებულებათა წარმოდგენის, გამოკვლევის, ბრალდების მტკიცებულებათა შედავების, მხარეთა შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

გასაჩივრებული განაჩენი დასტურია იმის, რომ მზია ამაღლობელს არ უსარგებლია სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციური უფლებით,“ – ნათქვამია სააპელაციო საჩივარში, რომელსაც ხელს მზია ამაღლობელის ადვოკატები, იურიდიული კომპანია BLB-ის უფროსი პარტნიორი მაია მწარიაშვილი, ჯუმბერ ქათამაძე და რაჟდენ ხიმშიაშვილი აწერენ.

ადვოკატთა განცხადებით, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დაარღვია განაჩენის მხარისთვის მიწოდების კანონით დადგენილი ვადა.

„საქმე არ იყო არც რთული, არც მრავალტომიანი და არც მრავალბრალდებულიანი, სასამართლომ არ ჩაგვაბარა განაჩენი კანონით დადგენილ 5-დღიან ვადაში, თუმცა ასევე დაარღვია განაჩენის ჩაბარების 14-დღიანი ვადა.

განაჩენი ჩაგვბარდა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით 2025 წლის 25 აგვისტოს, რის გამოც შემცირდა ჩვენთვის კანონით გათვალისწინებული გასაჩივრების ვადა“, – აცხადებენ მზია ამაღლობელის ადვოკატები.

მზია ამაღლობელს 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო.

მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა.

კერძოდ, მზია ამაღლობელს პროკურატურა ედავებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ჩადენილ დანაშაულს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალი გადააკვალიფიცირა სსკ-ის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

"განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი" - მზია ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციოს მიმართავენ

 

ბათუმში ყოფილი აბანოს მუზეუმად გადაკეთება დასრულდა – ახალი კონკურსი 211 ათასი ლარით

ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოს შენობის მორიგი „რეაბილიტაცია“ დასრულდა. ამ შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ბათუმის კინო-მუზეუმი ოფიციალურად, შესაძლოა, 4 ოქტომბრამდე გახსნან [ანუ, „ოცნების“ მიერ დანიშნულ არჩევნებამდე], თუმცა, ინტერიერის მოწყობასა და მუზეუმის კონცეფციაზე მუშაობა, როგორც ჩანს, გაგრძელდება.

„აჭარის მუზეუმმა“ 3 სექტემბერს „ქ. ბათუმის კინო-მუზეუმის ინტერიერის დიზაინის და კონცეფციის შემუშავებაზე“ კონკურსი გამოაცხადა. შესყიდვის მაქსიმალური ღირებულება 211 ათას 864 ლარია, მიწოდების ვადა კი – არაუგვიანეს 2025 წლის 15 დეკემბერი.

„რეაბილიტაცია დასრულდა. ექსპონატებს რაც შეეხება, უკვე არის ჩვენს საკუთრებაში და ახლა გააჩნია დიზაინერი რას გვეტყვის – როგორი ავეჯით და როგორი ინსტალაციებით უნდა გაფორმდეს. ეს დიზაინი უკვე სრულყოფილ სახეს მისცემს ყველაფერს, რომ ვიზიტორებისთვის იყოს მიმზიდველი და გაკეთდეს ყველაფერი ულტრათანამედროვე დონეზე“ – გვითხრეს „აჭარის მუზეუმში“.

აღნიშნული კონკურსის დასრულების შემდეგ „აჭარის მუზეუმს“ კიდევ ერთი ტენდერის გამოცხადება მოუწევს – ამჯერად ინტერიერის მოწყობაზე.

რა დაჯდება მუზეუმის ინტერიერის მოწყობა „ულტრათანამედროვე დონეზე“ – ეს კონკურსში გამარჯვებული დიზაინერის მიერ მომზადებულ კონცეფციაზე იქნება დამოკიდებული.

ყოფილი აბანოს შენობა ბათუმში ხულოს ქუჩაზე რეაბილიტირებული [მარცხნივ/ფოტო კონკურსიდან] და რეაბილიტაციამდე [მარჯვნივ/ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან]
„შენობის ექსტერიერის და ინტერიერის დიზაინის პროექტი ზუსტად უნდა პასუხობდეს კინოს მუზეუმის იდეას, მისიას, მიზნებს და ამოცანებს, კერძოდ, წარმოაჩინოს ბათუმის, როგორც კინემატოგრაფიული ქალაქის ისტორია, სოციოკულტურული რეალიები მსოფლიო კინოს კონტექსტში.

უნდა შექმნას ეროვნული კინოწარმოების განვითარების საერთო სურათი ზოგადად კინოს ისტორიის კონტექსტში“ – აღნიშნულია კონკურის ტექნიკურ დავალებაში. ამავე დავალებაში დეტალურადაა გაწერილი რა მოეთხოვება კონკურსში გამარჯვებულს.

კონკურსში წინადადებების მიღება 2025 წლის 17 სექტემბერს დაიწყება და 22 სექტემბერს დასრულდება.

კონკურსში მონაწილეობისთვის კი პრეტენდენტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს გამოცდილების დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტები:

„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინტერიერის დიზაინის ან/და მუზეუმის ინტერიერის საექსპოზიციო სივრცის დიზაინის ან/და საგამოფენო/საექსპოზიციო სივრცის დიზაინის შექმნის მომსახურების გამოცდილების ოპერირების არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება ბაზარზე [2022 წლის 1 იანვრიდან წინამდებარე კონკურსის დასრულების დღემდე].

აღნიშნულის დასტურად უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ორი განხორციელებული, შესრულებული პროექტის შესახებ, თითოეული არანაკლებ 50 000 ლარის ღირებულების.“

ძველ ბათუმში, ხულოს ქუჩის #10-ში ძველი აბანოს შენობის რეაბილიტაცია თავდაპირველად 2014 წელს დაიწყო და იქ ბათუმის მუზეუმი უნდა გახსნილიყო. სამუშაოებში ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა, თუმცა „ბათუმის მუზეუმი“ არ გახსნილა.

2020 წელს გადაწყდა, რომ ამ შენობაში სულიკო ჟღენტის ბათუმის კინოს მუზეუმი განთავსდებოდა. იმავე წელს გადაწყდა პროექტის შესყიდვაც, რაშიც ბიუჯეტიდან 39 999 ლარი გადაიხადეს.

ყოფილი აბანოს შენობის [ხელახალ] რეაბილიტაციაზე 2022 ტენდერი „აჭარის მუზეუმმა“ ოთხჯერ გამოაცხადა – 1 189 320 ლარით, თუმცა, არც ერთ ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო. შესაბამისად ეს ტენდერები არ შედგა.

2023 წელს კი, აჭარის მუზეუმმა ტენდერი გაზრდილი თანხით – 1 778 806 ლარით გამოაცხადა. ხელშეკრულება „ივერთმშენთან“ გააფორმეს.

სამუშაოების მიმდინარეობისას ყოფილი აბანოს შენობის ფასადის ფანჯრები ბეტონის ბლოკებით ამოაშენეს. სამუშაოები სრულად 2024 წლის დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ხელშეკრულებაში რამდენჯერმე შევიდა ცვლილება.

აჭარის მუზეუმს რამდენიმე დღის უკან, 2025 წლის 29 აგვისტოს მისწერეს „ივერთმშენიდან“, რომ „2023 წლის 23 მაისს დადებული ხელშეკრულების თანახმად, ბათუმის სულიკო ჟღენტის სახელობის კინოს მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია“. 

შესყიდვების პორტალის მიხედვით, 2025 წლის 4 სექტემბრის მდგომარეობით, კომპანიისთვის გადარიცხულია 1 585 602 ლარი [სახელშეკრულებო თანხის 92 პროცენტი].

მუზეუმის ამსახველი ფოტოები საკონკურსო დოკუმენტებიდან:

ბათუმის კინო-მუზეუმის [ყოფილი აბანოს] შენობა რეაბილიტაციის შემდეგ / ფოტოები საკონკურსო დოკუმენტებიდან
ბათუმის კინო-მუზეუმის [ყოფილი აბანოს] შენობა რეაბილიტაციის შემდეგ / ფოტოები საკონკურსო დოკუმენტებიდან
ბათუმის კინო-მუზეუმის [ყოფილი აბანოს] შენობა რეაბილიტაციის შემდეგ / ფოტოები საკონკურსო დოკუმენტებიდან
 

 

 

როგორ იმოქმედებს უვიზო რეჟიმის გაუქმება შრომით მიგრანტებზე – ინტერვიუ

„უვიზო მიმოსვლის გაუქმების შემთხვევაში, დაბრუნდება ვიზის მოსაკრებელი, უამრავი საბუთი იქნება შესაგროვებელი, მერე თბილისში ჩასვლა მოუწევს ყველას ვინც დედაქალაქში არ ცხოვრობს, რიგში დგომა, ლოდინი და საბოლოოდ მიიღებენ თუ არა ვიზას არ ეცოდინებათ,“ – პოლონეთში მცხოვრები ემიგრანტი ვალერიან ქარჩავა დეტალურად ხსნის, თუ რა დაბრუნდება საქართველოს რიგითი მოქალაქის ცხოვრებაში, თუკი უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ.

დღეს, 4 სექტემბერს გამოქვეყნდა CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული სატელეფონო კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა (78%) მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება საზიანო იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის.

ამავე კვლევის მიხედვით, თუკი ევროკავშირი მართლაც შეაჩერებს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას, გამოკითხულთა ნახევარზე ოდნავ მეტი (51%) პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.

როგორ იმოქმედებს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმება შრომით მიგრანტებზე? – „ბათუმელები“ ამ თემაზე MigraMate-ის დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს, ევროკავშირის სამართლის მაგისტრს, ვალერიან ქარჩავას ესაუბრა.

  • ბატონო ვალერიან, როდის და როგორ წახვედით პოლონეთში, რა გზა გაიარეთ?

პოლონეთში დაახლოებით 2012-13 წლებში წავედი, ვსწავლობდი იურიდიულ ფაკულტეტზე, ევროპათმცოდნეობას, შემდგომ – ევროკავშირის სამართალს. ვარ ევროკავშირის სამართლის მაგისტრი.

წავედი ვიზით, მაშინ ჯერ კიდევ ვიზა გვჭირდებოდა, რომლის მიღებაც ძალიან რთული იყო.

ყველა პროცედურა კარგად მახსოვს – სავიზო განაცხადის შევსება, საჭირო დოკუმენტების მოგროვება, სავიზო მოსაკრებლის გადახდა, მერე რიგში დგომა და ნერვიულობა. მახსოვს ასევე სტრესი, რომ შეიძლებოდა კონსულს უარი ეთქვა ჩემთვის ვიზაზე.

მახსოვს, სწავლის გადასახადი უკვე გადახდილი მქონდა, მაგრამ ბოლო მომენტამდე არ ვიცოდი, ჩამირტყამდნენ თუ არა ვიზას.

ამჟამად ვარ ორმაგი მოქალაქე, თუმცა მოქალაქეობის მიღებამდე საკმაოდ გრძელი გზა გავიარე. მაქვს საკუთარი კომპანია, რომელიც პოლონეთში მცხოვრებ უცხოელებს სთავაზობს საიმიგრაციო იურიდიულ სერვისს.

  • უვიზო მიმოსვლის სიკეთეზე გკითხავთ, რა სარგებელი აქვს მას საქართველოს მოქალაქეებისათვის?

ჩემი აზრით, უვიზო მიმოსვლას იმაზე გაცილებით მეტი სარგებელი და მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, ვიდრე უბრალოდ თავისუფალი მიმოსვლაა.

მაგრამ მოდი დავიწყოთ თავისუფალი მიმოსვლით, როგორ ჩანს ეს რიგითი ქართველის გადმოსახედიდან.

გვაქვს შენგენის სივრცეში უვიზოდ მიმოსვლის თავისუფლება. გინდა გამოიყენებ ამ თავისუფლებას, გინდა არა – არჩევანი შენია.

პერსონალურად რომ შევხედოთ, მე კი ორმაგი მოქალაქეობა მაქვს, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრები უვიზო მიმოსვლის საშუალებით ჩამოდიან ჩემთან, ჩემი მეგობრებიც, ვნახულობთ ერთმანეთს.

უვიზო მიმოსვლის გაუქმების შემთხვევაში დაბრუნდება ვიზის მოსაკრებელი, უამრავი საბუთი იქნება შესაგროვებელი, მერე თბილისში ჩასვლა მოუწევს ყველას, ვინც დედაქალაქში არ ცხოვრობს, რიგში დგომა, ლოდინი და საბოლოოდ მიიღებენ თუ არა ვიზას, არ ეცოდინებათ.

უვიზო მიმოსვლა საქართველოს ევროპულ გზაზე მრავალწლიანი შრომის შედეგად მიღებული უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, რომლის დაკარგვაც, პირველ ყოვლისა, ნიშნავს ამ გზაზე საქართველოს უკუსვლას.

ისტორიას თუ გადავხედავთ, ყველაფერი 2010 წლის ივნისში დაიწყო, როდესაც ბრიუსელში ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზების გამარტივების პროცედურების შესახებ. მაგ დროიდან საქართველო ისწრაფოდა ვიზალიბერალიზაციისკენ, რის შემდეგაც იყო სხვადასხვა ეტაპები, იყო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელსაც საქართველო რამდენიმე წლის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებდა.

საქართველო თავისი სურვილით ასრულებდა იმ მოთხოვნებს, რაც ამ გეგმაში იყო და რაც საბოლოოდ წარმატებით დასრულდა 2017 წლის მარტში, უვიზო რეჟიმის ამოქმედებით.

უვიზო მიმოსვლის შეჩერება საქართველოს დააბრუნებს 2017 წლის მარტამდე არსებულ მდგომარეობაში, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს, თუნდაც მოკლევადიანი ვიზიტით, იქნებოდა ეს ტურისტული, გაცვლითი პროგრამა, სპორტული, თუ ოჯახის ან მეგობრების მონახულების მიზნით, უწევდათ სავიზო პროცედურის გავლა. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს უკავშირდებოდა რიგებს, სავიზო მოსაკრებელს, სტრესს და ა.შ.

ჩვენი ქვეყანა წლების განმავლობაში ისწრაფოდა დასავლეთისკენ, ევროპისკენ, თავისი ფესვებისკენ. თუ უვიზო გაგვიუქმდება, ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი იმ გზაზე, რასაც საქართველო გადის დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან.

ბოლო პერიოდში პოლონეთში საუბარია საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების რამდენიმე მიზეზზე.

ერთი მიზეზი უკავშირდება ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების აქტივობის ზრდას პოლონეთისა და ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებში. ანუ უსაფრთხოების გაძლიერების მოტივით, რაც პოლონეთის 2025-2030 წლების მიგრაციის სტრატეგიის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს.

ხოლო, პოლონეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის 2025 წლის 4 აგვისტოს დადგენილების პროექტის სამოტივაციო ნაწილში, საქართველოს მოქალაქეებისთვის პოლონეთში გამარტივებული დასაქმების მექანიზმის გაუქმების საფუძვლად წერია: „საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების და ორმხრივი ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობის, აგრეთვე ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების თაობაზე მიმდინარე კონცეპტუალური სამუშაოების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული საქართველოს მოქალაქეებისთვის პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დასაქმების ნებართვის მიღების პროცესში პრივილეგირებული მოპყრობის მოდელის გაუქმება“.

  • რადგან პოლონეთი აპირებს საქართველოს მოქალაქეებს გაუუქმოს გამარტივებული წესით დასაქმების უფლება, რას შეცვლის ეს იმ მიგრანტებისათვის, რომლებიც სამუშაოდ ჩამოდიან პოლონეთში?

2018 წლიდან საქართველოს მოქალაქეებს, სომხეთის, ბელარუსის, მოლდოვის, უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეებთან ერთად (6 ქვეყანა), მიეცათ შესაძლებლობა, დასაქმებულიყვნენ პოლონეთში გამარტივებული წესით, რაც სამუშაო ნებართვის ბიუროკრატიული პროცედურის ნაცვლად მოითხოვს დამსაქმებლის მიერ უბრალოდ უცხოელის დასაქმების შესახებ დეკლარაციის (საქართველოში ხშირად ამ დოკუმენტს „მოწვევას” ეძახიან) დარეგისტრირებას. დეკლარაცია რეგისტრირდება 7 დღის ვადაში (პრაქტიკაში ეს ვადა ზოგჯერ იწელება). დეკლარაციაში დამსაქმებელი უთითებს საკუთარ მონაცემებს, უცხოელის მონაცემებს მაგ. თანამდებობას, ხელშეკრულების ტიპს, ანაზღაურებას და ა.შ..

2022 წლიდან ამ 6 ქვეყნის სიიდან პოლონეთმა ამოიღო რუსეთი, უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო, რის შედეგადაც დარჩა 5 ქვეყანა: საქართველო, სომხეთი, ბელარუსი, მოლდოვა და უკრაინა.

პოლონეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის 2025 წლის 4 აგვისტოს დადგენილების პროექტში საქართველომ ამ სიიდან წაიშალა, დარჩა 4 ქვეყანა: სომხეთი, ბელარუსი, მოლდოვა და უკრაინა. რეგულაცია ძალაში შედის მისი გამოქვეყნებიდან 14 დღის შემდეგ. ჯერ უცნობია, როდის შევა ახალი კანონი ძალაში.

ანუ, თავდაპირველი 6 ქვეყნიდან სიას გამოაკლდა რუსეთი (2022 წელს) და დიდი ალბათობით, წელს გამოაკლდება საქართველო.

ასევე უცნობია, რა ელით საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად მუშაობენ მსგავსი დეკლარაციის საფუძველზე პოლონეთში.

  • როგორ შეცვლის ეს საქართველოს მოქალაქეების უფლებრივ მდგომარეობას პოლონეთში? 

უცხოელის დასაქმების შესახებ დეკლარაციის ნაცვლად, საქართველოს მოქალაქეებს მოუწევთ ჯერ პოტენციური დამსაქმებლისგან სამუშაო ნებართვის მოპოვება, რაც დღევანდელი მდგომარეობით გრძელდება დაახლოებით 2-3 თვე და გაცილებით რთულია მოსაპოვებლად, რადგან მოითხოვს სახელმწიფო სამსახურის მიერ ადმინისტრაციულ წარმოებას. ამასთან, აუცილებელი იქნება გაცილებით მეტი დოკუმენტის თანდართვა.

სამუშაო ნებართვის განმცხადებელი არის დამსაქმებელი. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის დასაქმება დამსაქმებლისთვის გაცილებით რთული იქნება და მოითხოვს მეტ ბიუროკრატიულ პროცედურას, ვიდრე სომხეთის, ბელარუსის, მოლდოვისა თუ უკრაინის მოქალაქის დასაქმება, რომლებიც კვლავ ისარგებლებენ გამარტივებული პროცედურით.

ლოგიკურად, ეს საქართველოს მოქალაქეებისთვის პოლონეთში სამუშაო შესაძლებლობების მნიშვნელოვნად შემცირებას გამოიწვევს.

გარდა ამისა, შრომის ნებართვის უფრო ხანგრძლივი პროცესის დასრულების შემდეგ, აუცილებელი იქნება აღნიშნული ნებართვის საფუძველზე სამუშაო ვიზის აღება, რაც ასევე მოითხოვს დროს, რესურსებს და არსებობს რისკი, რომ მოქალაქეებმა ვიზის გაცემაზე უარი მიიღონ.

დეკლარაციის საფუძველზე გამარტივებული წესით დასაქმება იძლევა პოლონეთში სამსახურის დაუყოვნებლივად დაწყების შესაძლებლობას.

აღსანიშნავია, რომ დასაქმების შესახებ დეკლარაციის (საქართველოში მოიხსენიებენ როგორც „მოწვევას“) საფუძველზე საქართველოს მოქალაქეებს შეეძლოთ უვიზო მიმოსვლის ფარგლებში პოლონეთში შემოსვლა სამუშაოს დაწყების მიზნით.

ამ მექანიზმის გაუქმების შემდეგ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ უვიზო მიმოსვლა კვლავ ძალაში დარჩება, პოლონეთში შესვლა გაცილებით რთული იქნება.

მოკლედ, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც სამუშაოდ პოლონეთში გეგმავდნენ წასვლას, გაცილებით რთული გზის გავლა მოუწევთ.

  • ხომ არ გაქვთ ინფორმაცია საქართველოს რამდენი ათასი მოქალაქე იმყოფება პოლონეთის ტერიტორიაზე და მუშაობს ლეგალურად?

პოლონეთის მთავარი სტატისტიკური ოფისის მონაცემებით 2025 წლის თებერვლის ბოლოს პოლონეთში დასაქმებული უცხოელების 2,3% იყო ქართველი, ანუ დაახლოებით 24 500. რა თქმა უნდა, ეს მონაცემები ეხება მხოლოდ ლეგალურად დასაქმებულ პირებს, შესაბამისად არ ითვალისწინებს არადასაქმებულ პირებს, მაგალითად: სტუდენტებს, ოჯახის წევრებს და არალეგალურად დასაქმებულებს. შესაბამისად, საფუძვლიანად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პოლონეთში გაცილებით მეტი ქართველი ცხოვრობს და მუშაობს.

აღნიშნული დადგენილების პროექტის სამოტივაციო ნაწილში მოყვანილია სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც 2024 წელს დარეგისტრირდა 76 671 დეკლარაცია უცხოელის დასაქმების შესახებ საქართველოს 47 086 მოქალაქისთვის (ანუ ერთ ადამიანს შესაძლოა ჰქონოდა რამდენიმე დეკლარაცია).

2025 წლის იანვრიდან მაისის ბოლომდე დარეგისტრირდა 28 882 დეკლარაცია უცხოელის დასაქმების შესახებ, რაც შეეხებოდა საქართველოს 22 574 მოქალაქეს.

ეს რიცხვები ნათლად აჩვენებს, თუ რა მნიშვნელობა აქვს პოლონეთში გამარტივებული დასაქმების ამ მექანიზმს საქართველოს მოქალაქეებისთვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დასაქმების შესახებ დეკლარაციას (ეწ. მოწვევას) საქართველოს მოქალაქეები ხშირად იყენებდნენ არა რეალურად სამუშაოს დასაწყებად პოლონეთის ტერიტორიაზე, არამედ პოლონეთის გავლით შენგენის სივრცეში შემოსასვლელად.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პოლონეთში გაცილებით მეტი ქართველი ცხოვრობს და მუშაობს, ვიდრე ეს ოფიციალურ სტატისტიკაშია აღრიცხული.

  • თქვენი აზრით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება როგორ აისახება საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე, მათ მომავალზე?

უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებმა წინსვლა განიცადეს. აი, თუნდაც სპორტი ავიღოთ.

პოლონეთში ხშირად ვხედავ ახალგაზრდებს, რომლებიც ჩამოდიან სხვადასხვა სპორტულ კლუბში და სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით. იძენენ გამოცდილებას, ხვდებიან აქაურ ახალგაზრდებს, იფართოებენ თვალსაწიერს და ბრუნდებიან უკან, საქართველოში.

კარგის მეტს ამაში ვერაფერს ვხედავ. მაგრამ თუ ადამიანი მხოლოდ ცუდს ეძებ, ცხადია, კარგს ვერ დაინახავ.

დარწმუნებული ვარ, ქართველების უდიდეს უმრავლესობას არ სურს თავისი ქვეყნიდან სამუდამოდ წასვლა და სხვა ქვეყანაში ცხოვრება – ხშირად ეს უბრალოდ აუცილებელი ნაბიჯია.

გავიმეორებ, რომ ვიზალიბერალიზაციას საქართველოს მომავლისთვის გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს ვიდრე უბრალოდ უვიზო მიმოსვლა.

ხოლო რაც ამ უკანასკნელს შეეხება, როგორ შეიძლება ამ თავისუფლების დაკარგვა კარგი იყოს?!

„კორპუსის მშენებლობა 10 წლის წინ მიატოვეს, გვაწვიმს, ყურადღებას ვითხოვთ“ – მოქალაქე

ბათუმში, აბუსერიძის ქუჩა #57-ში მშენებარე კორპუსის მესაკუთრეებმა დღეს, 4 სექტემბერს აქცია გამართეს. აქციის მიზეზი კორპუსია, რომლის მშენებლობის დასრულება უკვე 10 წელი შეჩერებულია.

„აშენებულია 13 სართული, 19 უნდა იყოს… კორპუსს სახურავიც კი არ აქვს, გვაწვიმს.

ვინც შემოვედით საცხოვრებლად წლების წინ, შემოვედით იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ გვქონდა, გაგვიფუჭდა რემონტი.

წყალი ხშირად არ გვაქვს, რადგან კორპუსი ჩაბარებული არ არის, შუქის მხოლოდ ერთი, საერთო მრიცხველია და კომერციულ ფასს ვიხდით, გაზი არ შემოჰყავთ და გაზის ბალონებით ვსარგებლობთ, როგორც 90–იან წლებში ხდებოდა, სრული განუკითხაობაა…“ – უთხრა „ბათუმელებს“ მოქალაქე თეა ჩუმაშვილმა. მას ბინა აბუსერიძის #57-ში 2015 წელს შეუძენია და კომპანიისთვის „ოქროს კოშკი“ ნასყიდობის თანხა სრულად ჩაურიცხავს. მოქალაქეს წლებია სამშენებლო კომპანიაში აღარ პასუხობენ, გაქრა ოფისებიც, რომლებმაც მშენებარე კორპუსში ბინები გაყიდეს.

„3 თვის წინ მივმართეთ სასამართლოს, განხილვა ჯერ არ დაწყებულა. პროკურატურას ახლა უნდა მივმართოთ. მინიმუმ 100 ოჯახია დაზარალებული.

ბათუმის მერიას მივმართეთ, მაგრამ არაფერი შეცვლილა – არ არსებობს კანონი, რომ თქვენ დაგეხმაროთო.

რამდენიმე კომპანია იყო: „ოქროს კოშკი“, „მიზანი პლიუსი“… არცერთი აღარ გამოდის კონტაქტზე, მანამდე გვპირდებოდნენ დასრულებას. მე პირადად გოგი ვარშალომიძემ გამიფორმა კონტრაქტი, მოგვატყუეს, მომავალ მესაკუთრეებად გაგვაფორმეს და ახლა ბინაც დაყადაღებულია”.

„ბათუმელებმა“ სცადა კომპანიებთან „ოქროს კოშკი“ და „მიზანი პლიუს 2009“-თან დაკავშირება, თუმცა ამ სამშენებლო კომპანიების ინტერნეტგვერდებზე მითითებულ ტელეფონის ნომრებზე არავინ გვიპასუხა.

ეს არაა ერთადერთი კორპუსი, რომელიც დაუსრულებელია ბათუმში. რამდენიმე დღის წინ ამავე კორპუსის მეზობელი კორპუსის მაცხოვრებლები შეიკრიბნენ ბათუმის მერიასთან. ამ შემთხვევაში მშენებელი, რომელმაც ათეულობით მოქალაქე მძიმედ დააზარალა, „ოცნების“ შემწირველია. მისთვის პასუხი არავის მოუთხოვია.

ამ თემაზე:

„ოცნების“ შემწირველი ბიზნესმენი დაპირებას არ ასრულებს: „ქუჩაში დაგვტოვეს 500 ოჯახი“

ბათუმის თეატრის მსახიობები დირექტორის, ნუკრი ქანთარიას გადადგომას ითხოვენ

„ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას. ფიცი დავდეთ სცენაზე, რომ ეს კაცი ამ თეატრში ვეღარ იქნება,“ – თქვა დღეს, 4 სექტემბერს, ბათუმის დრამატული თეატრის დასის შეკრების შემდეგ  მსახიობმა მაია ცეცხლაძემ.

ბათუმის დრამატული თეატრის დასი თეატრის დირექტორის, ნუკრი ქანთარიას გადადგომას ითხოვს. მსახიობთა თქმით, ამის მიზეზი ის უპატივცემულობაა, რაც თეატრის დირექტორმა მათი გარდაცვლილი კოლეგის, ოთარ ქათამაძის გარდაცვალების შემდეგ გამოიჩინა.

დღეს, 4 სექტემბერს, ბათუმის დრამატული თეატრის დასი თეატრის დირექტორს ნუკრი ქანთარიას შეხვდა. თუმცა შეხვედრა დაგეგმილზე ადრე დასრულდა. მსახიობების თქმით, ნუკრი ქანთარიამ სამძიმრის თქმის ნაცვლად შეხვედრა გასტროლებზე საუბრით დაიწყო, რასაც დასის მხრიდან შეკითხვები მოჰყვა. ნუკრი ქანთარიამ პასუხად შეხვედრა დატოვა.

„შეხვედრა დაიწყო გასტროლებზე საუბრით. რომ გეგმავს გასტროლს. არც კი უხსენებია ოთო ქათამაძე, ჩვენი ახალგაზრდა კოლეგა, რომელიც ერთი კვირაა რაც დავკრძალეთ. მინიმუმ მეგონა, რომ წუთიერი დუმილით დაიწყებდა ამ შეხვედრას. ახლა მის ბოდიშსაც აზრი აღარ აქვს. ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ბოდიშს აზრი აღარ აქვს და ახლაა ეს მომენტი,“ – ამბობს მსახიობი თათია თათარაშვილი.

შეხვედრის დეტალებზე „ბათუმელებთან“ ისაუბრა მსახიობმა ავთო ქარჩავამ.

„მეგონა წუთიერი დუმილით დაიწყებდა შეხვედრას, მაგრამ დაიწყო გასტროლებზე საუბრით. ავდექი, სიტყვა ვითხოვე და მივმართე დასს. „რაც ჩაიდინა, ოთო ქათამაძის პანაშვიდზე არ ჩამოსვლით, რომელიმე გაამართლებთ ამის საქციელს მეთქი?“ დასი გაჩუმდა.

მე მოვუბრუნდი და ვუთხარი – ეს არის ვერდიქტი, რომ თქვენ დატოვოთ აქაურობა და წახვიდეთ-მეთქი. დასიდან არავინ მას მხარი არ დაუჭირა. და მე ვუთხარი – წადი თეატრიდან.

ნუკრი ქანთარიამ მითხრა – მე თქვენ გაგაგდებთო. ვნახოთ ვინ ვის გააგდებს,“ – ჰყვება „ბათუმელებთან“ შეხვედრის დეტალებზე მსახიობი ავთო ქარჩავა.

ბათუმის დრამატული თეატრის დასის წევრები დირექტორს ხვდებიან

რას ითხოვენ მსახიობები? – ბათუმის დრამატული თეატრის დასის წევრები ამბობენ, რომ ნუკრი ქანთარიამ სამძიმარიც კი არ გამოხატა ოთო ქათამაძის გარდაცვალების შემდეგ.

ეს ფაქტი ნუკრი ქანთარიამ დღეს ჟურნალისტებთან შემდეგნაირად ახსნა: „არ ვიყავი არც ბათუმში და ისეთ ადგილას ვიყავი, რომ ვერ მოვახერხებდი ჩამოსვლას. თუმცა რაც ჩვენს გვერდზე დაიწერა, ყველა ჩემი სახელით იყო.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ დატოვა შეხვედრა, ნუკრი ქანთარიამ თქვა: „იმიტომ, რომ აღელვებულები არიან და შემდეგში გავმართავთ. პროვოკაციებზე არის ზოგიერთი“.

ბათუმის დრამატული თეატრის დასი ითხოვს აჭარის კულტურის მინისტრთან შეხვედრას და მისგან ნუკრი ქანთარიას გათავისუფლებას. მსახიობთა თქმით, თუ ნუკრი ქანთარიას არ გაუშვებენ, მაშინ ისინი სულხან თამაზაშვილთან მივლენ ანალოგიური მოთხოვნით.

„ისეთ ადგილას ვიყავი, ვერ მოვახერხებდი ჩამოსვლას“ -  ნუკრი ქანთარია

პარლამენტის ყოფილი წევრი, დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“, ნუკრი ქანთარია ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად კონკურსის გარეშე დანიშნეს 2022 წელს. მისი დირექტორობის პერიოდში არაერთხელ იყო დაპირისპირება მსახიობებსა და მას შორის.

მაგალითად: 2024 წელს ნუკრი ქანთარიამ საყვედური გამოუცხადა მსახიობებს, პროევროპული პროტესტისას დაგეგმილ გაფიცვისკენ მოწოდებაში – ამ მსახიობებს შორის იყო ოთარ ქათამაძეც.

ასევე, 2025 წლის გაზაფხულზე ნუკრი ქანთარიამ 6 თვით შეუჩერა ხელფასი დრამატული თეატრის მსახიობს, მეგი კობალაძეს. ასევე, ნუკრი ქანთარიამ 2025 წლის მარტში სამსახურიდან გაათავისუფლა მსახიობი თორნიკე ბარამიძე, რომელიც პროევროპული აქციების მონაწილე იყო.

______________

ფოტოზე: ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობები. ფოტო: „ბათუმელები“

ლონდონმა კიევს მილიარდი ფუნტის სამხედრო დახმარება გადასცა რუსეთის გაყინული აქტივებიდან

კიევში ვიზიტისას ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ განაცხადა, რომ უკრაინას გაყინული რუსული აქტივებით შეძენილი 1 მილიარდ ფუნტ სტერლინგზე მეტი ღირებულების იარაღი და სხვა სამხედრო დახმარება გადაეცა.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ თანხით უკრაინას მიეწოდა ასობით ათასი საარტილერიო ჭურვი, ასობით საზენიტო რაკეტა და იარაღის სათადარიგო ნაწილები. ასევე, უკრაინას საშუალება მისცა დაედო ახალი კონტრაქტები აღჭურვილობისა და სამხედრო ტრანსპორტის მოვლა-პატრონობისა და შეკეთებისთვის.

განცხადების თანახმად, ბოლო 50 დღეში უკრაინამ ბრიტანეთისგან მიიღო 4.7 მილიონი ჭურვი, 60 ათასი საარტილერიო ჭურვი, რაკეტები და სარაკეტო სისტემები, 2,500-ზე მეტი დრონი, 200-ზე მეტი რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემა, 100 ერთეული მსუბუქი შეიარაღება, 30 სატრანსპორტო საშუალება და დამატებითი აღჭურვილობა დრონებისა და საჰაერო თავდაცვის წინააღმდეგ.

მიმდინარე წელს ლონდონმა უკრაინის დასახმარებლად 4.5 მილიარდი ფუნტი გამოყო.

ასევე, ბრიტანეთმა ახალი სანქციები დააწესა სამი რუსული ორგანიზაციისა და რვა პირის მიმართ, მათ შორის — რამზან კადიროვის დედის, აიმან კადიროვის და „ახმატ კადიროვის ფონდის“, პროკრემლისტური ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და რუსი ჩინოვნიკების წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებულები არიან უკრაინელი ბავშვების რუსეთში იძულებით გადაყვანასთან. 

Exit mobile version