ისტორიკოსი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ბექა კობახიძე ფეისბუქზე განმარტავს, რატომ გახდა „ოცნების“ პროპაგანდისტული მედიის სამიზნე მისი გადაცემა იუთუბზე – „აქტუალური ისტორია“ და ისტორიკოს ნიკა ხოფერიას იუთუბ გადაცემა – „მწარე პოდკასტი“. ორივე გადაცემა საქართველოს ისტორიაზეა.
„საბჭოთა დროს ისტორიკოსებს არათუ არავინ უშლიდა, არამედ ახალისებდნენ, რომ ეწერათ და ესაუბრათ დიდგორზე, კრწანისზე, მარაბდასა და მუსლიმ დამპყრობლებთან სხვა უთანასწორო, მაგრამ ჰეროიკულ ბრძოლებზე. სამაგიეროდ, აკრძალული იყო 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატსა და 1801 წლის ანექსიაზე კითხვების დასმა. სრულიად აკრძალული იყო მე-19-20 საუკუნეების პოლიტიკურ ნაციონალიზმზე წერა. კულტურა, ღვინო და დამწერლობა – კი ბატონო; ფოლკლორული ერი – კი ბატონო, მაგრამ პოლიტიკური ერი – არას დიდებით. 1921 და 1924 წლებზე საუბრისას საერთოდ დასაჭერად გაიხდიდი საქმეს.
ჰოდა, ახლანდელ საქართველოში რა ხდება: 2021 წელს, ოკუპაციის 100 წლისთავზე, მაშინდელმა პრემიერმა რუსული სახელმძღვანელოებიდან გადმოწერილი ნარატივი დადო. ამით შემოიფარგლა ოკუპაციის 100 წლისთავის აღნიშვნა; 2024 წლის აგვისტოში, აჯანყების 100 წლისთავზე, საერთოდ არაფერი არ მოხდა. ვითომ არც ყოფილა; თეა წულუკიანის კომისიამ 2008 წლის ომზე რუსული სააგენტო „ტასის“ სტატიათა ნაკრები შემოგვთავაზა.
ვგმობთ ძირმომპალ დასავლურ იმპერიალიზმს, დაუღლელად. გაზეთ „კომუნისტს“ ახლა ჰუმანური სახელი – „იმედი“ – ქვია, „ზარია ვასტოკას“ – „პოსტივი“, თბილისს – „რუსთავი2“.
სამაგიეროდ, „ფუტბოლი“? კი ბატონო!
კალათბურთი? კი ბატონო!
„ბოი ბეზ პრავილ“? კი ბატონო!
ხინკალი, მწვადი და ჩაკრულო? კი ბატონო!
იოანე ზოსიმე, ერეკლე მეორე და დიდგორი? კი ბატონო!
მეგობრებო, ეს ქვეყანა ოკუპირებულია, რეოკუპირებული, 1801 და 1921 წლების შემდეგ, უკვე მესამედ.
1943 წელს, მაშინ უკვე გარდაცვლილი ივანე ჯავახიშვილის და მისი მოწაფეების – სიმონ ჯანაშიასა და ნიკო ბერძენიშვილის ავტორობით, გამოიცა წიგნი „საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან მეცხრამეტე საუკუნემდე”. თუ რატომ ჩერდებოდა ეს თხრობა მეცხრამეტე საუკუნეზე, ეს ზემოთ აღვწერე. ეს წიგნი პირადად დაარედაქტირა იოსებ სტალინმა, ყველა წერტილი და მძიმე გადასინჯა. ამან შექმნა საქართველოს ისტორიის გრანდ ნარატივი, რომელიც შემდეგ ლევან სანიკიძემ გაამხატვრულა და დღეს ეს ვერსია აქვს თავში ყველა ქართველს, რომელიც სადღეგრძელოებში იღვრება.
დიდი უბედურება დამართეს სახელოვან მეცნიერებს: 1924 წლის აჯანყება საჯაროდ აგმობინეს და დასავლეთის ავანტიურა აძახებინეს; მერე ივანე ჯავახიშვილს გადასარჩენად სტალინის გენეალოგიის კვლევა მოუწია, მაგრამ ვერ გადარჩა – მისსავე სახელოვან მოწაფეებს გააგდებინეს ის უნივერსიტეტიდან და ბოლოს – 1943 წელს გამოცემული ეს წიგნი.
ისტორიის ამ ფოლკლორული აღქმით ორი მისია სრულდებოდა: 1. მასა კმაყოფილია; 2. რუსეთი ხელშეუხებელი და ერთადერთი დამცველია.
ამის პარალელურად, საერთაშორისო ისტორიოგრაფია თავისუფალ გარემოში ვითარდებოდა, იქმნებოდა ისტორიული სკოლები, იხვეწებოდა კვლევის მეთოდები, მაგრამ ამ ამბავს ჩვენამდე დღესაც არ მოუღწევია. ამასობაში კი აღდგა რუსეთთან პატრონყმური დამოკიდებულება, ხელახლა დამყარდა ავტორიტარიზმი და როგორც ჰომოსოვიეტიკუსი მასის საამებლად, ასევე რუსეთის დასაკმაყოფილებლადაც, სკივრიდან ამოიღეს ისტორიისადმი ის ძველი მიდგომა, უფრო გააპოპულისტურეს და ამას აჭმევენ ხალხს. ისტორიაზე, ეროვნულობაზე, საქართველოს ისტორიის ანტიდასავლურ, საბჭოთა გაგებაზე დაწესდა მონოპოლია.
ამასობაში, ჯერ ნიკა ხოფერიას „მწარე პოდკასტი“, მერე ჩემი „აქტუალური ისტორია“ გამოჩნდა, რომელთაც ათიათასობით ადამიანი უსმენს. რიცხვები მხოლოდ მზარდია და ეს პოდკასტები პატრიოტული, თუ გნებავთ კონსერვატიული ნიშიდან ხალხს თავისუფლად ელაპარაკება საკუთარი სამშობლოს ისტორიაზე. ჩვენ არც 1943 წელს გამოცემული წიგნით ვხელმძღვანელობთ, არც ლევან სანიკიძის გმირული ეპოსებით, არც მე-19-20 საუკუნის ისტორიაზე საუბრისას ვიჩლიქავთ ენას.
ეს ქოცებმა აღიქვეს, როგორც მათ მონოპოლიაში შევარდნა და საფრთხე. თავად ხომ ოდნავ სერიოზული კარის ისტორიკოსიც არ ჰყავთ (დღეს მრავალჯერ გადაყიდული სვიმონ მასხარაშვილი ასაუბრეს ჩვენზე). ჰოდა, მათი ამოცანა არის შემდეგი: იმდენჯერ უნდა ილაპარაკონ ჩვენზე, სანამ მათი მსმენელი „უსამშობლოებად“ არ დაგვაიდენტიფიცირებს და სანამ ჩვენს მოსმენაზე არ იტყვის უარს. ამიტომ, ეს პროცესი მხოლოდ ახლა დაიწყო და წინ უამრავი შეტევა გველის.
თუმცა აქ პრობლემა აქვთ: მათმა შავმა პიარმა შეიძლება ჩვენდამი ინტერესი მათ მსმენელებში გააღვივოს, გვიყურონ და ძალიანაც მოეწონოთ სამშობლოს სიყვარულის პოზიციიდან საკუთარი ისტორიის კრიტიკული ანალიზი, ღვინო, სადღეგრძელო და საინტერესო ამბები. ამიტომ, მე მათ ქმედებას ძალიან მშვიდად ვუყურებ და ვემხრობი. ჩვენ შეიძლება გავიდეთ ისეთ მაყურებელზე, რომელზეც მათი დახმარების გარეშე ვერ გავიდოდით.
ამასთანავე, პროპაგანდის ხარისხი არის ძალიან მდარე, მაგ ხალხს საბაზისო წერა-კითხვის პრობლემა აქვს, რაც ასევე ჩვენს სასარგებლოდ მოქმედებს.
ამ ყველაფერს რომ ვხსნი, ამით ვცდილობთ გაჩვენოთ, რომ ეს არ არის ჩემი და ნიკა ხოფერიას პირადი საქმე. ჩვენ ჩვენი ფრონტის ბრძოლაში ვართ, რაც ვიცით იმას ვაკეთებთ რუსეთის ჭანჭიკების წინააღმდეგ.
როგორ შეგიძლიათ ამ ბრძოლაში დაგვეხმაროთ: ვისაც ეს ჯერ არ გაგიკეთებიათ, გამოიწერეთ „მისმინე Mismine-ს“ და „მწარე პოდკასტი Bitter Podcast-ის“ პლატფორმები, გვიყურეთ, დააკომენტარეთ, გააზიარეთ ჩვენი ვიდეოები; ვისაც ეს შეგიძლიათ, დაგვეხმარეთ ფინანსურადაც. საერთო ბრძოლაში ვართ და ეს ბრძოლა აუცილებლად მოსაგებია. ჩვენს ფრონტზე, მგონი სწორ გზაზე ვართ და მოვიგებთ.
ცალკე საკითხია თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამა. აქაც დაგვჭირდება თქვენი დახმარება, მაგრამ ამაზე სხვა დროს, ცალკე დავწერ“ – წერს ბექა კობახიძე ფეისბუქზე.






