„მას შეუძლია კიევში ჩამოვიდეს“ – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ ABC News-თან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეთავაზებაზე – მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის მოსკოვში გაიმართოს.
„მე არ შემიძლია მოსკოვში წასვლა, როდესაც ჩემი ქვეყანა ყოველდღიურად სარაკეტო და თავდასხმების მსხვერპლია. მე არ შემიძლია ამ ტერორისტის დედაქალაქში წასვლა“, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.
3 სექტემბერს, ჩინეთში ვიზიტის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „თუ ზელენსკი მზადაა, დაე, მოსკოვში ჩავიდეს“.
5 სექტემბერს, უკვე რუსეთში, ვლადივოსტოკში მყოფმა პუტინმა ეს კიდევ ერთხელ გაიმეორა:
„მე ვთქვი: მზად ვარ, გთხოვთ, მობრძანდით, ჩვენ აუცილებლად უზრუნველვყოფთ სამუშაოსა და უსაფრთხოების პირობებს, 100%-იან გარანტიას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: თუ ვინმეს ნამდვილად სურს ჩვენთან შეხვედრა, ჩვენ მზად ვართ. ამისთვის საუკეთესო ადგილი რუსეთის ფედერაციის დედაქალაქი, გმირი ქალაქი მოსკოვია“.
„ვფიქრობ, თუ გსურს, რომ შეხვედრა არ შედგეს, მოსკოვში უნდა დამპატიჟო. რუსეთმა შეხვედრაზე საუბარი დაიწყო – ეს ცუდი არ არის. თუმცა, ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ მათ სურვილს, დაასრულონ ომი“, – განაცხადა საპასუხოდ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ მზადაა პუტინს შეხვდეს, თუმცა ეს შეხვედრა აქამდე არ შემდგარა.
_____________
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/CHRISTOPHE PETIT TESSON






