მთავარი,სიახლეები

როგორ ცდილობს „ოცნება“ სამართლიანი სასამართლოს ილუზიის შექმნას – ინტერვიუ

04.09.2025
როგორ ცდილობს „ოცნება“ სამართლიანი სასამართლოს ილუზიის შექმნას – ინტერვიუ

„ბოლო ეტაპზე როცა ხდება კვალიფიკაციის შეცვლა, ფაქტობრივად, გამოდის, რომ დაცვის მხარეს ისე გამოუტანეს გამამტყუნებელი განაჩენი, რომ მას არც ჰქონია შესაძლებლობა, მტკიცებულებები შესაბამისი დოზით წარედგინა – სასამართლოს წინაშე გაეჟღერებინა თავისი კონტრარგუმენტაცია.

ამიტომაც, კვალიფიკაციის ამ ტენდენციით ცვლილება არის სამართლებრივი პრობლემა,“ – მიიჩნევს იურისტი გურამ იმნაძე. მას კვალიფიკაციის შეცვლის ტენდენციაზე ვესაუბრეთ სინდისის პატიმრების საქმეში.

რა პოლიტიკური გათვლებით მოქმედებს ამ დროს „ოცნება“? – „ბათუმელებმა“ იურისტ გურამ იმნაძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო გურამ, სასამართლომ ერთგვარ ტენდენციად აქცია სინდისის პატიმრების მიმართ კვალიფიკაციის შეცვლა – შედეგად შედარებით ნაკლები ვადით ტოვებენ ციხეში სინდისის პატიმრებს. ეს რა მიდგომაა, რას აჩვენებს თქვენთვის?

ნამდვილად ტენდენციური ხასიათი მიიღო უკვე ამან, როდესაც სასამართლო კვალიფიკაციას ცვლის. ესაა ილუზიის გაჩენა, რომ თითქოს სასამართლო დამოუკიდებლად მოქმედებს, რომ ბოლომდე პროკურატურის კარნახით არ მიმდინარეობს ეს საქმეები.

მეორე მიზანი არის ისევ ილუზიის გაჩენა, რომ უფრო სამართლიანი სასჯელები შეეფარდათ მსჯავრდებულებს, ვიდრე იმ მუხლით, რაც მათ ჰქონდათ ბრალად წარდგენილი, ანუ შედარებით ნაკლები სიმკაცრის სასჯელი შეუფარდეს. ესეც ერთგვარად საზოგადოებრივი მუხტის ბალანსზე არის ორიენტირებული.

რაც შეეხება ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებული პირების გამართლებას – აქაც ილუზიაა: თითქოს, აი, თუკი მართლა უდანაშაულოა ადამიანი, სასამართლოს გამოაქვს გამამართლებელი განაჩენი და ვის მიმართაც ადგენს გამამტყუნებელ განაჩენს, შესაბამისად, მათ მიმართაც იყო სამართლიანი.

  • ფიქრობთ, რომ „ოცნების“ ეს მიდგომა გათვლილია წინააღმდეგობაზეც, რომ საპროტესტო აქციას უსამართლობით გამწარებული სხვა ადამიანებიც არ შეუერთდნენ?

რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიზანი ესეც არის. როცა აშკარად უსამართლოა სასჯელი და ჩადენილი ქმედება აბსოლუტურად შეუსაბამოა სასჯელთან, ეს ნებისმიერი ადამიანისთვის, პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, არის გაუგებარი. საზოგადოებრივიხუ გამოკითხვები აჩვენებს, რომ საზოგადოების უმრავლესობა – მათ შორის, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც – მხარს უჭერს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

როდესაც ასეთი განწყობაა საზოგადოებაში, ამ დროს მკაცრი სასჯელების გამოყენებას კიდევ უფრო დიდი პოლიტიკური ფასი აქვს.

  • გუშინ, 3 სექტემბერსაც სინდისის 11 პატიმრის საქმეს ერთიანად შეუცვალა მოსამართლემ კვალიფიკაცია და მიიჩნია, რომ საქმე გვაქვს არა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასთან, რაც პროკურატურის ვერსია იყო, არამედ ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასთან. სინდისის ერთ-ერთი პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა ამბობდა, ამ მუხლზე მხოლოდ იმიტომ გადააკვალიფიცირეს საქმე, რომ ნაკლები სიმძიმის სასჯელი გამოეყენებინათო. სამართლებრივად რამდენად სწორია მსგავს მოცემულობაში კვალიფიკაციის შეცვლა?

ნამდვილად ალოგიკურია სამართლებრივად ეს განაჩენი იმიტომ, რომ ორგანიზებულობის და ჯგუფურობის ნაწილი ამ საქმეში არცერთ შემთხვევაში არ იკვეთება და ამის მტკიცებულებები არ ჰქონია პროკურატურას. რასაც ვადევნებდით თვალს სასამართლო განხილვებს, ეს ჩანდა.

ჯგუფურობას და ორგანიზებულობას აქვს თავისი სამართლებრივი მნიშვნელობა და კრიტერიუმები, ნიშნები, რომლითაც იგი იკვეთება. ადამიანებისთვის უნდა იყოს აღქმადი, რომ ისინი მოქმედებდნენ ჯგუფურად და ეს იყო ორგანიზებული – მოქმედებდნენ გამიზნულად და წინასწარი განზრახვით. რამდენად არსებობდა სახეზე ეს ნიშნები?

გურამ იმნაძე

ამიტომაც, მსგავს მოცემულობაში კვალიფიკაციის შეცვლა აჩენს სამართლებრივ პრობლემასაც: პროკურატურის მხრიდან წარმოდგენილი მუხლი სხვა ნიშნებს ითვალისწინებს, განსხვავებული ნიშნები აქვს და შესაბამისად, დაცვის სტრატეგია შესაბამისია ბრალდებასთან, ადვოკატები ამ დროს ცდილობენ მოიპოვონ საწინააღმდეგო არგუმენტები, რაც გააბათილებს ბრალდების მხარის მტკიცებას.

ბოლო ეტაპზე როცა ხდება კვალიფიკაციის შეცვლა, ფაქტობრივად, გამოდის, რომ დაცვის მხარეს ისე გამოუტანეს გამამტყუნებელი განაჩენი, რომ მას არც ჰქონია შესაძლებლობა, მტკიცებულებები შესაბამისი დოზით წარედგინა – სასამართლოს წინაშე გაეჟღერებინა თავისი კონტრარგუმენტაცია.

ამიტომაც, კვალიფიკაციის ამ ტენდენციით ცვლილება არის სამართლებრივი პრობლემა.

  • რა შემთხვევაშია სამართლებრივად გამართლებული კვალიფიკაციის შეცვლა?

ზოგადად, მოსამართლეს აქვს ამის უფლება, თუმცა სასამართლო მთლიანობაში უნდა უზრუნველყოფდეს იმას, რომ დაცვის მხარეს შეეძლოს, მათ შორის, ამ ნაწილზე, ახალ ბრალდებაზე, მიიღოს გადაწყვეტილება.

აქ ჩვენი კანონმდებლობის პრობლემაც იკვეთება. როგორც წესი, აქამდე ასეთი ხშირი არ იყო ხოლმე კვალიფიკაციის შეცვლა მოსამართლეების მხრიდან და როცა პოლიტიკური დაინტერესება არ იყო საქმეში, იქ შეიძლება ასეთი მოულოდნელი არც ყოფილიყო კვალიფიკაციის შეცვლა. მოსამართლეს მართლაც გარკვეულწილად სამართლებრივად ლოგიკური და სამართლებრივი არგუმენტებით შეიძლება გამოეყენებინა ასეთი უფლებამოსილება.

მაგრამ როდესაც აბსოლუტურად მოულოდნელად ხდება კვალიფიკაციის ცვლილება, თანაც ისეთ მუხლზე, რომელიც კიდევ უფრო ალოგიკურია ამ ქმედებასთან შედარებით, აქ ნამდვილად შეიძლება ვისაუბროთ დაცვის ეფექტური უფლების რეალიზების ხელშეშლაზე. ამ მუხლებზე – რომლითაც გაასამართლეს სინდისის პატიმრები – საერთოდ არანაირი მსჯელობა არ ყოფილა საქმის წარმოების პროცესში. შესაბამისად, დაცვის მხარეს არანაირი პოტენციალი არ ჰქონია, რომ ამ კუთხით წარედგინა საკუთარი არგუმენტაცია.

საყურადღებოა ისიც, რომ ამ მოსამართლეს შეეძლო კვალიფიკაციის შეცვლის შემდეგ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება, მაგრამ გამოიყენა თავისუფლების აღკვეთა.

  • რა სახის ბალანსის დაცვას ცდილობს „ოცნება“ ამ გზით?

იმის, რომ ერთის მხრივ, დასჯის ინტერესი არსებობს და ეს დასჯა უნდა იყოს აღქმადი საზოგადოებისთვის. ამიტომაც, აუცილებელი იყო გარკვეული დოზით, გარკვეული ვადით საპატიმრო სასჯელის გამოყენება, მაგრამ მეორეს მხრივ, ის არ უნდა იყოს იმდენად მკაცრი, რომ ნეიტრალურ ადამიანებში ან თუნდაც „ქართული ოცნების“ პარტიის მხარდამჭერებში გააჩინოს უსამართლობის განცდა.

  • მზია ამაღლობელის შემთხვევაში გვითხარით, რომ შეუძლებელია, მოსამართლემ დაასაბუთოს განაჩენი, როცა სილის გაწვნა თავდასხმად არა, მაგრამ წინააღმდეგობად შეაფასა. სინდისის პატიმრების ახალი საქმეების დასაბუთებაც შეუძლებელია ობიექტურად? 

მე მედიის საშუალებით ვიცნობ ამ საქმეებს და ჩემი ვარაუდით, ამ გადაწყვეტილებების დასაბუთება წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით მართლა პრობლემაა.

ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ოთხი წელი იქნება თუ ორი წელი, თუ განაჩენი უკანონო და უსამართლოა, უკანონოდ ციხეში გატარებული ორი დღეც კი არის ძალიან დიდი ზიანის მომტანი ადამიანისთვის. ასე რომ, ეს სასჯელები არ არის ხელწამოსაკრავი. ორი წელი საკმაოდ გრძელი პერიოდია საპატიმრო სასჯელის მოსახდელად.

  • ფეისბუქზეც კითხულობდნენ მოქალაქეები ნიკა კაციას გამართლების შემდეგ – ვინ აგებს პასუხს, როცა დადასტურდა, რომ მას უსამართლოდ ედავებოდნენ?

ნამდვილად მესმის მოქალაქეების, რომლებიც ამ კითხვას სვამენ. ამავდროულად, ბუნებრივია ის სიხარულიც, რაც ნიკა კაციას, ან გიორგი ახობაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენების გამოტანას მოჰყვა, მაგრამ ამ სიხარულმა ასევე არ უნდა დაგვავიწყოს ის, რომ ეს ადამიანები ფაქტობრივად უკანონოდ ისხდნენ თითქმის ცხრა თვის განმავლობაში საპატიმრო დაწესებულებებში.

წინასწარი პატიმრობის გამოყენება ავტომატურად უკანონო არ არის, თუკი საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგება. ადამიანის მიმართ შეიძლება საკმარისი ეჭვი არსებობდეს, რომ პატიმრობაში იყოს, მაგრამ შემდეგ მის მიმართ წარდგენილი ბრალდება აღმოჩნდეს, რომ არ გამოდგა დასაბუთებული.

ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს აქვთ უფლება, რომ იდავონ. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ამ პატიმრობას გავასაჩივრებდი. აქ უნდა გამოჩნდეს აშკარად, რომ წინასწარი პატიმრობა იყო აშკარად უკანონო.

  • სინდისის პატიმრების საქმეების განხილვამ რა აჩვენა, რა როლს ასრულებს სასამართლო ხელისუფლება „ოცნების“ რეჟიმის ამოცანების შესრულების პროცესში?

მადლობა ამ კითხვისთვის, რადგან დღეს, ჩემი აზრით, ყველაზე მკაფიოდ გამოჩნდა სასამართლო ხელისუფლების პრობლემა.

წლებია საუბრობენ პროფესიული ჯგუფები, სამოქალაქო ორგანიზაციები, რომ სასამართლო არის გაკონტროლებული, რომ სასამართლოში ცუდი პროცესები მიმდინარეობს, მაგრამ მაშინ ასეთი ხილული არ იყო შედეგები, რაც სასამართლოს დამორჩილებას მოჰყვება ხოლმე.

ეს პროცესები დიდი ხნის წინ დაიწყო, უბრალოდ, ჩვენ ამის შედეგს ახლა ვხედავთ: მორჩილი, ჩაკეტილი, არაანგარიშვალდებული მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილების და შიდა კლანური დაჯგუფებიდან გამომდინარე.

ერთადერთი პოზიტიური შედეგი ამ პროცესში არის ის, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა გაიაზრეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს დამოუკიდებელი სასამართლოს სისტემის არსებობას ქვეყანაში, რომ ნებისმიერ მოქალაქეს შეიძლება შეეხოს ეს უსამართლობა. დღეს განსასჯელის სკამზე შეიძლება ისხდნენ ის ადამიანები, რომლებიც სინამდვილეში ბევრად უფრო დისტანცირებული იყვნენ პოლიტიკური პროცესებისგან, ვიდრე ის ხალხი, ვინც სასამართლოს რეფორმირების პროცესში სასამართლოს დამოუკიდებლობაზე საუბრობდა.

_____________

ფოტოზე: სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესი. ფოტო: „პუბლიკა“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: