„ევროპული ქვეყნების კონტინგენტის უკრაინაში შესვლა ნიშნავს, რომ ისინი ბოლომდე აპირებენ უკრაინის დაცვას, ბოლომდე აპირებენ, უკრაინას მხარი დაუჭირონ – გამარჯვებამდე,“ – მიიჩნევს პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე, რომელსაც ევროპელი სამხედროების უკრაინაში შესაძლო შესვლის შესახებაც ვკითხეთ, იმ შემთხვევაში, თუ მოხერხდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე.
სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, ცეცხლის შეწყვეტა ვერ მოხერხდება, რადგან პუტინს პოლიტიკურად მხოლოდ კაბალურ პირობებზე სურს უკრაინის დათანხმება.
„მე მაინც მგონია, რომ ეს უფრო პუტინის მორიგი დაშინების ტაქტიკაა და არ ველოდები, რომ უახლოეს მომავალში უცხოელთა კონტინგენტის უკრაინაში შევა. პუტინს მოუწევს ამ პირობების შეცვლა, როდესაც დამარცხდება. რუსეთი მიდის კიდეც დამარცხებისკენ, მაგრამ ეს გრძელი ომია,“ – მიიჩნევს პოლკოვნიკი.
ლაშა ბერიძეს ვკითხეთ სამხრეთ კავკასიაზეც, სადაც სომხეთმა და აზერბაიჯანმა რუსეთს ზურგი აქციეს, რამდენიმე დღის წინ კი პუტინი ჩინეთში სომხეთის პრემიერს, ფაშინიანს შეხვდა. რამდენად აქვს რუსეთს სამხრეთ კავკასიაში გავლენის დაბრუნების შანსი, როცა სომხეთში ჯერ კიდევ არსებობს რუსული ბაზა?
„რუსეთს სირიაშიც ჰყავდა ბაზები. გიუმრის ბაზიდან საფრთხეს არც აზერბაიჯანი ელოდება, არც სომხეთი და არც თურქეთი. ამ ბაზის გაყვანა მხოლოდ დროის საკითხია,“ – ამბობს პოლკოვნიკი.
„ბათუმელებმა“ პოლკოვნიკ ლაშა ბერიძესთან ინტერვიუ ჩაწერა.
- ბატონო ლაშა, რა ხდება ფრონტის ხაზზე? უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის თქმით, უკრაინელებმა დონეცკის ოლქის სამი სოფელი გაათავისუფლეს. ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა ამ მიმართულებაზე?
რა თქმა უნდა, უკრაინელებისთვის ნებისმიერი სოფლის და დასახლებული პუნქტის გათავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია – რაც შეიძლება მეტი მიწა უნდა გამოსტყუონ რუსებს უკრაინელებს, თუმცა ვერ გეტყვით, რომ ეს ფონს ცვლის.
მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის ფრონტის ხაზზე.
- პერიოდულად აქტიურდება სარაკეტო და დრონებით თავდასხმები: უკრაინელები ურტყამენ სტრატეგიულ ობიექტებს, რუსები – მშვიდობიან მოსახლეობას. ამით რას აღწევენ მხარეები?
ეს ახალი ამბავი არ არის, დიდხანს მიმდინარეობს. უბრალოდ უკრაინელები ძალიან კრეატიულები არიან – მტკივნეულ ადგილებზე ურტყამენ რუსეთის სამხედრო დანიშნულების ობიექტებს. რუსები ამ ტაქტიკას დიდი ხანია უკვე იყენებენ გარკვეული მასობრივი დაბომბვებით. ვფიქრობ, ამას რაღაც დიდი ეფექტი არ აქვს, რომ რამე გარდატეხა შეიტანოს. უკვე გამოჩნდა, რომ ასეა.
რუსები ვერ აღწევენ მნიშვნელოვან წარმატებას. ისინი, რა თქმა უნდა, ცდილობენ იმ სოფლების დაბომბვას, რაც ცეცხლის ხაზთან ახლოს გადის, გაუკაცრიელებას და ასე შემდეგ. რუსებს მხოლოდ ის შეუძლიათ, რამე ობიექტი გაანადგურონ, მიწასთან გაასწორონ, თორემ იმის აღდგენის ძალა და ენერგია არა აქვთ.
- ტრამპი ისევ აპირებს, რომ დაელაპარაკოს პუტინს. მან ამის შესახებ უკვე განაცხადა, მაგრამ პუტინი ამბობს, რომ ზელენსკისთან შეხვედრის ადგილი მოსკოვია. ამ მოცემულობაში რამდენად არსებობს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რესურსი?
ჩემი აზრით, ახლაც არ არსებობს ცეცხლის შეწყვეტის რესურსი. ჩვენ რასაც ვუყურებთ, ეს არის უბრალოდ პუტინის მხრიდან მოლაპარაკების გაჭიანურების ტაქტიკა. ცეცხლის შეწყვეტის რესურსი ფაქტობრივად ამოწურულია იმის გამო, რომ პუტინი აყენებს აბსოლუტურად მიუღებელ, კაბალურ პირობებს. ფაქტობრივად რუსეთი უკრაინას ეუბნება, დამნებდიო.
პუტინს მოუწევს ამ პირობების შეცვლა, როდესაც დამარცხდება. რუსეთი მიდის კიდეც დამარცხებისკენ, მაგრამ ეს გრძელი ომია.
- გუშინ, 4 სექტემბერს გაირკვა, რომ ევროპის 26 ქვეყანა მზადაა უკრაინაში ჯარები გაგზავნოს ან დახმარება გაუწიოს ხმელეთზე, ზღვაზე ან ჰაერში, მომავალი უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, პუტინი ამბობს, რომ „სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ უკრაინაში უცხოური სამხედრო კონტინგენტის განთავსების არანაირი მიზეზი არ არსებობს“. თქვენი აზრით, რამდენად შეიძლება აღმოჩნდეს რუსეთის სამიზნე უცხოური კონტინგენტი უკრაინაში?
რაზეც არ უნდა შეთანხმდნენ მხარეები, პუტინის რუსეთი ამას დაარღვევს, იმიტომ, რომ მისი მიზანი სხვა არის და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის.
თუმცა, რა თქმა უნდა, რაც უფრო მყარ გარანტიებს მიიღებს უკრაინა უსაფრთხოების კუთხით, ეს მნიშვნელოვანია. გრძელვადიანი გარანტია, რომელიც იმუშავებს, ესაა უკრაინის ნატოს წევრობა. რაღაც ველოსიპედის მოგონება აქ არ არის საჭირო.
- ამ ეტაპზე ტრამპიც კი გამორიცხავს იმას, რომ უკრაინა შეიძლება გახდეს ნატოს წევრი.
დიახ, ამ ეტაპზე ყველა გამორიცხავს, მაგრამ შევხედოთ, როგორი სიტუაცია იქნება. უახლოეს პერსპექტივაში თუ გრძელვადიანში, დარწმუნებული ვარ, ეს მიდგომა აუცილებლად შეიცვლება.
არა მგონია, რომ უცხოელთა კონტინგენტის შეყვანა უკრაინაში, ფრონტის ხაზზე იყოს შესაძლებელი. ისინი სავარაუდოდ გადანაწილდებიან უკრაინის ტერიტორიაზე და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებს დაიცავენ. ეს გაათავისუფლებს უკრაინელების იმ პირად შემადგენლობას, ვინც ახლა ზურგის ოპერაციებს ახორციელებს და უფრო მეტ პირად შემადგენლობის შესაძლებლობას მისცემს უკრაინის სარდლობას.
ამას აქვს უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობაც: ევროპული ქვეყნების კონტინგენტის უკრაინაში შესვლა ნიშნავს, რომ ისინი ბოლომდე აპირებენ უკრაინის დაცვას, ბოლომდე აპირებენ, უკრაინას მხარი დაუჭირონ – გამარჯვებამდე.
მე მაინც მგონია, რომ ეს უფრო პუტინის მორიგი დაშინების ტაქტიკაა და არ ველოდები, რომ უახლოეს მომავალში უცხოელთა კონტინგენტის უკრაინაში შევა.
- ტრამპი გამორიცხავს ამერიკის შეერთებული შტატების ჯარების გაგზავნას უკრაინაში. ის აცხადებს, რომ აშშ მზად არის დაეხმაროს უკრაინას საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფაში. რამდენად საკმარისია ეს დახმარება ამ ეტაპზე?
რეალურად უკრაინას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება, რაც შეიძლება მეტი დასავლური შეიარაღება, მეტი ტექნოლოგიები. უკრაინამ უნდა შეძლოს რუსული, უხეში წინსვლის მოგერიება, რასაც წარმატებით იგერიებს აქამდე, შეკავება და უკვე გრძელვადიანი ომის წარმატებით დასრულება.
უკრაინამ მაქსიმალურად უნდა დაიცვას თავი საჰაერო თავდასხმებისგან. რა თქმა უნდა, აშშ-ის ავიაციის დახმარება ამას უზრუნველყოფს.
- პუტინის ჩინეთში ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდა. რა იყო თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი ჩინეთის შეხვედრებიდან?
არ ვფიქრობ, რომ ჩინეთში გამართული რომელიმე შეხვედრა აისახება უკრაინაზე. აქ იყვნენ ის ქვეყნებიც, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას. არიან ისეთი ქვეყნებიც, რომლებიც არ ერთვებიან კონფლიქტში არანაირი ფორმით. ჩინეთი, ცხადია, ცდილობს, რომ რუსეთი ბოლომდე თავის ორბიტაზე მოაქციოს, ხოლო კიმ ჩენ ინი რუსეთის ყველაზე დიდი მოკავშირეა ამ ეტაპზე. შეიძლება ითქვას, ერთადერთი რეალური მოკავშირე ეს შემორჩა რუსეთს – ჩრდილოეთ კორეა.
ჩრდილოეთ კორეა აწვდის შეიარაღებას რუსეთს, ყველაფერს, რაც ომის მანქანისთვის სჭირდება. ჩინეთი რუსეთს შეიარაღებით არ უჭერს მხარს, ყოველ შემთხვევაში დამადასტურებელი ფაქტი არ გვაქვს.
ირანიც რუსეთის მოკავშირე იყო, მაგრამ ირანს უკვე თავისი გასჭირვებია და ვეღარ ვხედავთ, რომ ირანი აქტიურად ეხმარებოდეს რუსეთს.
აქ საუბარია იმაზე, რომ რუსეთს არ აქვს საკმარისი რაოდენობის საბრძოლო მასალები, არ აქვს საკმარისი რაოდენობის ტექნიკა და გარკვეულწილად ჩრდილოეთ კორეიდან მიწოდებული მარაგები ეხმარება რუსეთს უფრო მეტი ბოროტება გააკეთოს – უფრო მეტი უკრაინელი ბავშვი მოკლას.
- ჩინეთში პუტინი ფაშინიანსაც შეხვდა, სომხეთის პრემიერ-მინისტრს. რა გამოიკვეთა ამ შეხვედრებიდან – რეალურად სუსტდება რუსეთი სამხრეთ კავკასიაში?
თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი ფაქტობრივად გაერთიანდა და ქმნიან ეკონომიკურ კორიდორს, რომელიც მოემსახურება შუა აზიიდან, ასევე ჩინეთიდან და აზიიდან ევროპისკენ წამოსულ ტვირთებს. ფაქტობრივად, ყველაფერი ეს არის მიმართული იქითკენ, რომ შეასუსტონ რუსეთის გავლენა რეგიონში და ეს ბუნებრივად მოხდება.
- ფიქრობთ, რუსეთს არ ეყოფა რესურსი, რომ მან დაიბრუნოს თავისი გავლენა სამხრეთ კავკასიაში. მაგალითად, სომხეთში რუსეთს სამხედრო ბაზაც აქვს…
გიუმრის ბაზას გაანეიტრალებენ ნახევარ დღეში.
ასე რუსეთს სირიაშიც ჰყავდა ბაზები. გიუმრის ბაზიდან საფრთხეს არც აზერბაიჯანი ელოდება, არც სომხეთი და არც თურქეთი. ამ ბაზის გაყვანა მხოლოდ დროის საკითხია.
- არსებობს ვარაუდი, რომ საქართველოს გავლით შეიძლება შეიტანოს რუსეთმა სომხეთში სამხედრო აღჭურვილობა. რას ფიქრობთ ამაზე?
არ ვიცი, საქართველოს გავლით როგორ უნდა გააკეთოს ეს, მაგრამ იქეთ სომხეთს ხომ არ სძინავს? სომხეთი უკვე სხვა კოალიციაშია. სომხეთი უკვე აღარ არის მარტო – მას გვერდს უმაგრებენ მეზობლები თურქეთი და აზერბაიჯანი. სომხეთს გვერდს უმაგრებს ასევე ამერიკის შეერთებული შტატები და პრეზიდენტი ტრამპი. სომხეთმა უკვე საკმაოდ მყარი ნაბიჯები გადადგა, რომ იყოს იმ დიდი კოალიციის ნაწილი, რაც იქმნება ახლა ჩვენს რეგიონში.
საქართველოს კი, ამ შეხვედრებზე არც დაუძახეს – საქართველო აღარ სჭირდებათ: იზოლირებული, გაუგებარი ორიენტაციის ქვეყანა.
- მათ შორის ჩინეთისთვის?
რა თქმა უნდა, ჩინეთი ეკონომიკურ ამოცანას ესწრაფვის და ახლა რატომ დაკარგავს საქართველოსა და „ქართულ ოცნებაზე“ დროს, როდესაც მას სთავაზობენ ძალიან ეფექტურ, ახალ კორიდორს? პორტები იყო საქართველოში ინტერესის საგანი და ისიც გააუქმა „ქართულმა ოცნებამ“.
ჩვენ დავრჩით სადღაც – ადამიანის ანატომიის მიხედვით რომ ვთქვათ, სადღაც ბრმა ნაწლავის როლი გვაქვს ახლა.
- თქვენ ხშირად ახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება გამოფიტვაზეა დამოკიდებული: ვინ უფრო სწრაფად გამოიფიტება. რამდენად იკლებს და იფიტება რუსეთი?
რუსეთი დიდი რესურსების ქვეყანაა, მაგრამ ყველაფერი, რაც ფრონტის ხაზზე ჩანს, აჩვენებს, რომ რუსეთს საკმაოდ გამოფიტული მდგომარეობა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს უზარმაზარი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი აქვს, მას არ აქვს საკმარისი რაოდენობის შეიარაღება, საბრძოლო მასალები და ადვილად ვერ ახერხებს ამ მარაგების შევსებას.
იგივე სიტუაციაა პირადი შემადგენლობის და სხვა მიმართულებებზე. დიახ, რუსეთი იფიტება და ის, რომ ახლა რუსეთში ბუნტი არ არის, ამას აქვს ობიექტური და სუბიექტური ახსნა. რუსეთს ფრონტთან მიმართებაში არ აქვს ნამდვილად სახარბიელო სიტუაცია.
- თქვენი დაკვირვებით, რის იმედი აქვს პუტინს?
რუსეთის მოქმედებაში რაციონალურობა არ იგრძნობა. პუტინს იმედი აქვს, რომ სამხედრო მანქანა, რომელმაც აქამდე ვერაფერი ახალი ვერ მოიფიქრა, რაღაც ფორმით ამუშავდება და უფრო ეფექტური გახდება.
აქ ბევრი განზომილებაა. რუსეთი ცდილობს ასევე, რომ ევროპელებს შიგნით განხეთქილება შეიტანოს, პუტინი ეცდება, რომ ამერიკასთან ამ მოლაპარაკებებით დრო გაწელოს, მაგრამ ფაქტობრივად ბრძოლის ველზე რუსეთის სასარგებლოდ ნამდვილად არ არის სტრატეგიული დინამიკა.
- ამასობაში, რამდენად იზრდება უკრაინის სამხედრო რესურსები, იგივე სარაკეტო ინდუსტრია? ოფიციალური კიევის ცნობით, უკრაინამ წარმატებით გამოცადა შორი მოქმედების ფრთოსანი რაკეტა „ფლამინგო“.
ბოლო წელს განსაკუთრებით უკრაინამ სერიოზული ნაბიჯები გადადგა იმისკენ, რომ საკუთარი სამხედრო მრეწველობა გაათანამედროვოს, ტექნოლოგიურად ძლიერი, აღმატებული გახადოს.
ლომის წვლილი უკრაინელების წარმატებაში, მიუძღვის იმას, რომ ისინი ტექნოლოგიურად ყოველთვის წინ იყვნენ რუსეთზე. ომია და ომში გჭირდება სამხედრო პოტენციალის გაძლიერება. სხვანაირად ვერ მოიგებ.
არ უნდა ვიფიქროთ ისე, რომ რუსეთს ერთ ღამეში გამოელევა რესურსები. მათ აქვთ გარკვეული სამხედრო მრეწველობა, სამოქალაქო დანიშნულების ბევრი ქარხანა გადააკეთეს დრონების საწარმოებლად, მაგრამ ტექნოლოგიურად ჩამორჩებიან უკრაინას.
- საინტერესოა თქვენი მოსაზრება კიდევ ერთ საკითხზე: „17 წლის შემდეგ თბილისში ის აღიარება გაჟღერდა, რომელსაც სამხრეთ ოსეთი და რუსეთი ამდენი წელი ველოდითო,“ – წერს დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო რესი, ანალიტიკურ სტატიაში, ასეთი სახელწოდებით – “საქართველომ ოფიციალურად აღიარა პასუხისმგებლობა 2008 წელს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ომის გაჩაღებისათვის”.
რა თქმა უნდა, ამ კომისიის დასკვნის არსი არ იყო თუნდაც სააკაშვილის ომში დადანაშაულება. ამ კომისიის მიზანი იყო საქართველოს ომში დადანაშაულება… მე არ ვიცი, რაში დასჭირდათ ეს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ხელისუფლება არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს, ის ემსახურება მტრის – რუსეთის ინტერესებს.
ჩემი აზრით, კონფედერაციის მოდელი არ არის რეალისტური, მაგრამ თუ „ქართული ოცნება“დარჩა ხელისუფლებაში, მაგასაც აღიარებენ და კიდევ ბევრ ცუდ რამეს გააკეთებენ, მაგრამ ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში. 4 ოქტომბრის შემდეგ „ქართული ოცნება“ წავა იქ, სადაც მათი ადგილია – ისტორიის სანაგვეზე.






