გამომცემლობა „ინტელექტი“ ჟურნალ „ქართული მწერლობის“ ახალი ნომრის ანონსს ავრცელებს. ჟურნალის სექტემბრის ნომრის გარეკანზე მზია ამაღლობელის ფოტოა.
რედაქტორების წერილში განმარტებულია, თუ რატომ არის მზია ამაღლობელის ფოტო ჟურნალის ახალი ნომრის გარეკანზე.
„საქართველოს სახელით“ – ასე ჰქვია ლაშა ბუღაძის ბოლო რომანს, რომელიც 80-90-იანი საქართველოს მნიშვნელოვან ამბებზე გვიყვება, ავტორი 1991 წლის მოვლენების საუბრისას წერს, რომ: „არსებითად, მართლაც შეგეძლო ფეხებზე დაგეკიდებინა ეს ქვეყანა, რადგან რაც ხდებოდა, ხდებოდა მხოლოდ რესპუბლიკის მოედნის მოჭრილი მუხიდან ყოფილი ლენინის მოედნამდე, თავისუფლების მოედანი რომ ერქვა ახლა. დანარჩენ საქართველოს თავისუფლად შეეძლო, განსაკუთრებული ყურადღება არც მიექცია იმისთვის, რაც ამ მცირე გეოგრაფიული ზონის შუაგულში ხდებოდა, თუმცა საქმეც ისაა, უკანასკნელ წლებში ჩამოყალიბებული ტრადიციის მიხედვით, სწორედ ეს მცირე გეოგრაფიული ზონა ყოფილიყო საქართველო და არა რაიმე სხვა, რაც ამ ზონის მიღმა არსებობდა“.
დღესაც ხომ ასეა, მკითხველო, განა დღესაც ეს ტრადიცია არ გრძელდება?! ეგაა, რომ უამრავი ადამიანი განდევნეს ამ ზონიდან და უსამართლოდ სჯიან ამ საქართველოს ერთგულებისთვის, უპირველესად ხომ თქვენც მზია ამაღლობელი გაგახსენდებათ, რომელიც ჟურნალ „ქართული მწერლობის“ ყდიდან შემოგცქერით და აქეთ გამხნევებთ და ბრძოლის მაგალითს გაძლევთ.
ჩვენც გვინდოდა, რომ მკითხველს ჟურნალის ეს ნომერი სწორედ მისი სახით გადაშლოდა, როგორც სიმბოლო იმისა, რომ თავისუფალი სიტყვა და სამართლიანობა საქართველოში იდევნება.
მზია ამაღლობელი ბევრისთვის ცნობილია როგორც ჟურნალისტი, რომელმაც შექმნა სივრცეები, სადაც შესაძლებელი იყო ხელისუფლების კრიტიკაც და საზოგადოების პრობლემებზე გულწრფელი საუბარიც. ჯერ იყო გაზეთი „ბათუმელები“, შემდეგ – ონლაინგამოცემა „Netgazeti“. ორივე მათგანი დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის მაგალითად იქცა ქვეყანაში, სადაც მედიისთვის მუშაობა ყოველთვის მარტივი არ ყოფილა.
ჩვენთვის ბევრი რამის გამოა მზია ამაღლობელი ძვირფასი მოქალაქე და ადამიანი, მაგრამ უპირველესად კი იმიტომ, რომ ის იყო ჩაგრული ადამიანების ხმა, განსაკუთრებით ქალების, რომელთა ამბები ხშირად უხილავი რჩებოდა. ის ეხმარებოდა და ესარჩლებოდა მათ, ვისაც ხმა არ ჰქონდა და ვისი ტკივილიც ვერასოდეს მიაღწევდა ფართო საზოგადოებამდე და მით უმეტეს, უგრძნობი, ბრმა და გაზულუქებული ხელისუფლების წარმომადგენლებამდე, რომ არა მისი შრომა და პროფესიონალიზმი.
ჟურნალისტი, რედაქტორი, წლების განმავლობაში უსამართლობას რომ აშუქებდა, ახლა თავად აღმოჩნდა სისტემის სამიზნეში. მისი უკანონო და უსამართლო დასჯა კი მხოლოდ მის პირად ბედზე არ აისახება, ეს არის დარტყმა ყველასთვის, ვისაც ერთხელ მაინც დასჭირვებია მზიას ხმა, რომელსაც სხვაგვარად ვერავინ გაიგებდა.
მზია ამაღლობელი სინდისის პატიმარია. ეს შეფასება ემყარება არა ემოციას, არამედ ფაქტებს, მის პროფესიულ გზას, მის საქმის გარემოებებსა და იმ რეაქციებს, რომლებიც ქვეყნის შიგნით და გარეთ მოჰყვა მის დაპატიმრებას.
გვსურს, მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენოთ: მზიაც, ჩვენი ზვიად რატიანიც და ყველა უსამართლოდ დაპატიმრებული ადამიანი, ჩვენი სინდისის პატიმრები, საქართველოს სახელით იბრძვიან,
ჩვენც საქართველოს სახელით!..“, – ნათქვამია წერილში.
ჟურნალის რედაქტორები არიან ირაკლი კაკაბაძე და ზვიად კვარაცხელია.
„ჩვენი მწერლობა“ 19 სექტემბრიდან გაიყიდება.






