მთავარი,სიახლეები

ქურდული გარჩევების საქმეზე დააკავეს 30 პირი, „ჭინკას“ ბრალი დაუსწრებლად წარედგინა – შსს

05.09.2025
ქურდული გარჩევების საქმეზე დააკავეს 30 პირი, „ჭინკას“ ბრალი დაუსწრებლად წარედგინა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 4 სექტემბერს, ღამით, თბილისში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს” წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 30 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

კერძოდ, შსს-ს ცნობით, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ფაქტზე დაკავებულია 19, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ ფაქტზე – 7, ხოლო „ქურდული სამყაროს წევრობის“ ფაქტზე – 4 პირი.

რაც შეეხება 2 პირს, ე.წ. „კანონიერ ქურდს“ თენგიზ ხოფერიას მეტსახელად „ჭინკა“-ს და კიდევ ერთ პირს, როგორც შსს უთითებს – თ.კ.-ს, ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში ერთვებოდნენ, მოდავე მხარეებთან ერთად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს, ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ, ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ გადაწყვეტილებებს და მეორე მხარეს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით, ე.წ. ქურდულ გარჩევებში, საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ – თენგიზ ხოფერია მეტსახელად „ჭინკა“ მონაწილეობდა“ – წერს შსს.

გამოძიება „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მე-2, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: