უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 7 სექტემბერს რუსეთმა უკრაინას დრონების რეკორდული რაოდენობით – 800-ზე მეტი დრონით შეუტია.
რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაში დრონებითა და სახმელეთო რაკეტებით კომბინირებული შეტევა განახორციელეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რუსეთის საჰაერო თავდასხმის 823 იარაღიდან 751 სამიზნე გაანეიტრალა.
რუსეთმა თავდასხმისთვის 810 დრონი გამოიყენა – უკრაინული გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, ეს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ერთ დღე-ღამეში გამოყენებული დრონების რეკორდული რაოდენობაა. გამოცემა აქვე აზუსტებს, რომ დრონების წინა „რეკორდი“ იყო 2025 წლის 9 ივლისის ღამეს, როცა რუსეთი უკრაინას თავს დაესხა 741 დრონით.
ასევე, უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა შეტევისთვის გამოიყენა „ისკანდერის“ რაკეტები.
რუსეთის თავდასხმის სამიზნე უკრაინის სხვა რეგიონებთან ერთად, ქვეყნის დედაქალაქი, კიევიც იყო. მასშტაბური თავდასხმის შედეგად კიევში სულ მცირე 20 ადამიანი დაშავდა.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, ცნობილია ორი დაღუპულის შესახებ, თუმცა კიევის სვიატოშინსკის რაიონში დაზიანებულ სახლში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს და შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ კიდევ იყვნენ ადამიანები.
ინფორმაცია რეგიონებში დაშავებულების შესახებ ზუსტდება.
______________
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/SERGEY DOLZHENKO






