სინდისის პატიმარი – თორნიკე თოშხუა უკვე 20 დღეა შიმშილობს. თორნიკე თოშხუა საჯარო მოხელეა და შემოსავლების სამსახურში მუშაობს აუდიტორად. მას პროკურატურა ძალადობის ჩადენას [სსკ-ის 126-ე მუხლი] ედავება ჯგუფურად, რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის დაზიანება.
„როცა საჯარო მოხელეც ციხეშია, ეს აჩვენებს იმას, რამდენად საყოველთაოა ეს პროტესტი,“ – მიიჩნევს ნატო ბოლქვაძე, რომელიც მას შემდეგ გაუშვეს საჯარო სამსახურიდან, როცა ის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე გახდა.
ნატო ბოლქვაძე და თორნიკე თოშხუა შემოსავლების სამსახურში მუშაობდნენ, როცა არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. ამ დროს საჯარო მოხელეებიც პროევროპულ აქციებს შეუერთდნენ. თორნიკე თოშხუა 2025 წლის 16 აგვისტოს დააპატიმრეს, ნატო ბოლქვაძე კი, მანამდე გაუშვეს სამსახურიდან…
„2024 წლის ნოემბრიდან დღემდე, მდუმარებაში მყოფნო სახელმწიფოს მსახურო [თუ პარტიის ?!] საჯარო მოხელეებო! ამავე სახელმწიფოს სასარგებლო პოზიციის არც ერთხელ გამომხატავნო! რომელიმე თქვენგანზე ნაკლები საჯარო მოხელეა თორნიკე? – არცერთის, მაგრამ დღეს ციხეშია. იცით რატომაა? წარბშეუხრელად იცავდა სახელმწიფოს ინტერესს და გააკეთა ის, რაც ევალება საჯარო მოხელეს, გამიჯნა სახელმწიფოს ინტერესი პარტიის ინტერესებისგან,“ – წერდა ფეისბუქში ნატო ბოლქვაძე.
როგორ ცდილობს „ოცნების“ რეჟიმი ჩაახშოს საჯარო მოხელეების პროტესტი? – „ბათუმელებმა“ ყოფილ საჯარო მოხელესთან ნატო ბოლქვაძესთან ინტერვიუ ჩაწერა:
- ქალბატონო ნატო, რის მანიშნებელია თქვენთვის თორნიკე თოშხუას საქმე? ის პირველი საჯარო მოხელეა, რომელიც პროევროპული აქციის აქტიური მონაწილე იყო და „ოცნების“ რეჟიმმა სინდისის პატიმრად აქცია.
თორნიკეს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ახლა ემუქრება საფრთხე. დღეს უკვე მე-20 დღეა იგი შიმშილობს. ჩვენ არ ვართ მოცემულობაში, როდესაც შიმშილობის აქტი მუშაობს ისე, როგორც დასავლეთის ქვეყნებში. აქ მმართველი ძალისთვის სულერთია ადამიანის სიცოცხლე. ჩვენ ვნახეთ რამდენი ხანი შიმშილობდა მზია ამაღლობელი, ან თემურ ქათამაძე, მაგრამ ამას რეაგირება არ მოჰყოლია.
ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ გაცილებით მნიშვნელოვანია თორნიკე გვყავდეს ჯანმრთელი და გავაგრძელოთ ბრძოლა ერთად. თორნიკეს ჯანმრთელობა გვჭირდება იმისთვის, რომ არ შევწყვიტოთ ეს ბრძოლა. თორნიკესთან ერთად ვიქნებით უფრო ძლიერები ამ ბრძოლაში. ამიტომ გვჭირდება ის, რომ თორნიკე იყოს ცოცხალი, მის ჯანმრთელობას არ შეექმნას საფრთხე. შემდგომ შეიძლება მრავალი წელი დასჭირდეს ამ ჯანმრთელობის პრობლემების გამოსწორებას. ამიტომ ვთხოვთ თორნიკეს, დარჩეს ჩვენთან ბრძოლაში, იმისთვის, რომ შევძლოთ ბრძოლის გაგრძელება.

ნატო ბოლქვაძე
თორნიკე 28 ნოემბრიდანვე ძალიან აქტიურად იყო ჩართული ამ პროტესტში. დასაწყისშივე ვხვდებოდით და ვიკრიბებოდით ერთად შემოსავლების თანამშრომლები, ბევრნი ვიყავით და აქტიურად ხდებოდა აზრთა გაზიარება, მსჯელობა. დისკუსიები გვქონდა, როგორ შეიძლება ეს პროცესი წარიმართოს სწორად, როგორ უნდა ვუშველოთ ამ ამბავს, რამდენად მნიშვნელოვანია საჯარო მოხელეები ამ ყველაფერში აქტიურად ვიყოთ ჩართული და გამოვხატავდეთ აზრს და ასე შემდეგ.
უკვე 280 დღეა, რაც პროევროპული აქცია იმართება – ჩვენ, მე და თორნიკე, ყოველ საღამოს ერთმანეთის გვერდიგვერდ ვიდექით. თავის დროზე პეტიციაც ერთად მოვამზადეთ, მაშინ საჯარო მოხელე ვიყავი, შემდეგ გამათავისუფლეს… შეტანილი მაქვს სარჩელი შემოსავლების სამსახურის წინააღმდეგ.
როცა საჯარო მოხელეც დააპატიმრეს, ეს აჩვენებს იმას, რამდენად საყოველთაოა ეს წინააღმდეგობა, რამდენად ერთიანია საზოგადოება იმაში, რომ საქართველო უნდა იყოს ევროპული და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გააკეთეს 2024 წლის 28 ნოემბერს. ეს აჩვენებს იმას, რომ ევროპული განვითარების იდეამ როგორ გაგვაერთიანა სხვადასხვა სოციალური ჯგუფი, ჩვენ გაგვაერთიანა ერთმა მიზანმა, სხვადასხვანაირები ვართ: ვიღაც მსახიობია, ვიღაც – ხელოსანი, ექიმი. ამიტომაც, ხელისუფლებისთვის ეს უნდა იყოს სიგნალი, რომ რაღაცას არასწორად აკეთებს.
ამ პროცესმა დაგვანახა ყველას, რომ საქართველოში ამაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, ვიდრე არის ამ ქვეყნის ევროპულ ოჯახში ინტეგრაცია, არ არსებობს.
- დღესაც გამოდიან საპროტესტო აქციაზე მოქმედი საჯარო მოხელეები?
დიახ, შემოსავლების სამსახურის მოქმედი თანამშრომლებიც არიან დღემდე აქციაზე, თუმცა დიდი ნაწილი, ვინც აქტიურები ვიყავით, ამ მომენტისთვის ვართ გათავისუფლებულები: ზოგი გაგვათავისუფლეს, სხვებს აიძულეს, დაეწერათ განცხადებები და წასულიყვნენ.
ამიტომაც, მცირე ნაწილია დარჩენილი, ვინც აქციაზე დადის, მათ შორის, იყო თორნიკე. ოფიციალური ინფორმაცია მისი გათავისუფლების შესახებ ჯერ არ მოსულა შემოსავლების სამსახურიდან.
- რას ეტყოდით დღეს საჯარო მოხელეებს, რომლებიც ხედავენ ხელისუფლების მიტაცებას, ევროპისკენ მიმავალი გზის ჩაკეტვასაც, მაგრამ ამ დრომდე დუმილს ამჯობინებენ?
მე 14 წელი ვიყავი საჯარო მოხელე. თორნიკეც მრავალი წელია საჯარო მოხელეა, იგი ბოლო 8 წელია აუდიტის დეპარტამენტში მუშაობს.
საჯარო მოხელეებს ვეტყოდი მთავარ რამეს, რომ არაფერია ჩვენთვის, განსაკუთრებით საჯარო მოხელეებისთვის, ამ ქვეყანაზე უფრო მნიშვნელოვანი. ჩვენ როდესაც ვხდებით საჯარო მოხელეები, ეს არ არის უბრალოდ სამსახური, ხელფასისთვის სადღაც მუშაობის დაწყება – საჯარო მოხელეობა არის მსახურება საკუთარი ქვეყნის წინაშე.
საჯარო მოხელეობა არის პრივილეგია, რომელიც გერგო და ამ პრივილეგიას თან ახლავს უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც გულისხმობს ზუსტად ამას: შევძლოთ დავიცვათ სახელმწიფო და ვემსახუროთ სახელმწიფოს მაშინაც კი, როდესაც პირად კეთილდღეობას ემუქრება დიდი საფრთხე. ეს არის საჯარო მოხელეობა და ამიტომაც, უნდა ვიყოთ გამბედავები. ეს არის ნომერ პირველი და აუცილებელი მოთხოვნა საჯარო მოხელისადმი – იაზრებდე, რას აკეთებ, რა სტატუსი მოგვენიჭა, მათ შორის ქართველი ხალხისგან.
- როცა არალეგიტიმური ხელისუფლება არღვევს კონსტიტუციას, საჯარო მოხელეებისგან გვესმის, რომ ისინი აპოლიტიკურები არიან.
ეს სიტყვა „აპოლიტიკური“ არასწორად ინტერპრეტირებულია და გეტყვით რატომ: არსებობს საჯარო მოხელის ეთიკისა და ქცევის კოდექსი, სადაც ძალიან მკაფიოდ ხაზგასმულია, რას ნიშნავს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. პოლიტიკური ნეიტრალიტეტი ნიშნავს ზუსტად იმას, რომ საჯარო მოხელე, თავისი საქმიანობის განხორციელებისას, დაუშვებელია მოემსახუროს პარტიის ინტერესებს, იგი უნდა დარჩეს ნეიტრალური ნებისმიერი პარტიისგან, პირველ რიგში, ეს არის მმართველი პარტია და უნდა შეძლოს პარტიისა და სახელმწიფოს ინტერესების გამიჯვნა. თუ იგი ამას ვერ ახერხებს, იგი არ არის კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე.
სამწუხაროდ, რეალობაში საჯარო მოხელეებს სხვანაირად სთხოვენ და საჯარო სამსახურს იყენებენ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მმართველი ძალა აკეთებს ამას. მას აქვს შესაბამისი გავლენა, რომ საჯარო მოხელე დააშინოს და ასე შემდეგ. საჯარო მოხელეებს აშინებენ და ეუბნებიან, რომ უნდა იყვნენ ჩუმად, ეუბნებიან, რომ პოლიტიკა არ არის მათი საქმე, რაც წარმოუდგენელია, მით უმეტეს, როცა ჩვენ გვინდა ევროპული საზოგადოების აშენება.
- მაგრამ სისტემა სჯის, მათ შორის, საჯარო მოხელეებს, ვინც ხმას იღებს. ამის მაგალითი ხართ თქვენ. რა გამოსავალს სთავაზობთ საჯარო მოხელეებს?
საჯარო მოხელეებს ბევრჯერ გვისაუბრია მსგავს საკითხებზე. ჩემი აზრით, საკითხი დგას ამგვარად: თუ ჩვენ მივცემთ ჩვენს ზემდგომ პირებს იმის უფლებას, რომ უკანონოდ მოგვექცნენ და შეგვეშინდეს, ისინი აუცილებლად დაგვჩაგრავენ.
მაგრამ რაც მეტი საჯარო მოხელე გაბედავს ხმამაღლა საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, მით მეტად შეეშინდებათ ზემდგომებს – ხმამაღლა დაფიქსირებულ პოზიციასთან დაპირისპირების. მათ ეცოდინებათ, რომ ამ ადამიანების გვერდით კიდევ დგას ბევრი საჯარო მოხელე. სინამდვილეში ჩვენ ვაწესებთ ამ სტანდარტს, საჯარო მოხელეები. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ზემდგომებს, რომ ჩვენ ვართ საჯარო მოხელეები, ვემსახურებით სახელმწიფოს და არ შეიძლება საჯარო მოხელეებთან მსგავსი ქცევა. მათ არ უნდა მივცეთ საშუალება, საჯარო მოხელის ინსტიტუტი გამოიყენონ პირადი და პარტიული ინტერესების სამსახურისთვის. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს.
- თორნიკე თოშხუაც ამიტომ აღმოჩნდა გისოსებს მიღმა, რომ ის საჯარო მოხელეა და პროევროპული აქციებზე დადიოდა?
მე იქ ვიყავი ამ შემთხვევის დროს. ადამიანი [ბექა გოცირიძე, რომელსაც ამ საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს] მოვიდა აქციაზე და თვითონ მოაწყო ყველაფერი. ჩვენ, ყველანი, აქციაზე ვიდექით მშვიდობიანად. სუს-ის მიერ გავრცელებულ კადრებშიც კარგად ჩანს, როგორ წყნარად ვდგავართ და ვესაუბრებით ერთმანეთს, მათ შორის, თორნიკე და მინდიაც [მინდია შერვაშიძე თორნიკე თოშხუასთან ერთად დააკავეს] იქ დგანან და ერთმანეთში საუბრობენ.
მოდის ეს ადამიანი და გვაყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. კადრებშიც ჩანს: ავიხედავთ და ვუყურებთ მას… ტელეფონი ჰქონდა ჩართული და ხმამაღლა, ჩვენ რომ გაგვეგონა აი ის დაგვიძახა „ქათმები“ და კიდევ მსგავსი ფრაზები. მას არავინ არაფერს პასუხობს და წესით უნდა ჩაევლო, მაგრამ უცბად მოდის უკან, ჩვენკენ ტრიალდება და შედის დაპირისპირებაში მინდიასთან, მერე დაპირისპირებაში შედის უკვე თორნიკესთან, ანუ ადამიანი მოვიდა გეგმით, რომ შეურაცხყოფა მიეყენებინა, რაღაცნაირად გამოეწვია კონფლიქტი.
რაც მნიშვნელოვანია: ამ საქმეში არიან მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ დანა ჰქონდა მას და დაუვარდა ეს დანა. ამის ვიდეოკადრებიც არსებობს.
თორნიკე თოშხუას შიმშილობა კავშირშია სწორედ ამასთან, რომ არასამართლიანად წარიმართა მთელი პროცესი, როგორც დაკავება, ასევე საქმეში დღემდე არ არის დამაგრებული, მაგალითად, დანა. დანა გამქრალია საქმიდან. ადვოკატი ითხოვს, რომ ეს დანა დამაგრდეს ამ საქმეზე და ჩატარდეს შესაბამისი ექსპერტიზა, ვინ ფლობდა მას.
- რა არის ცნობილი პროკურატურის მიერ დაზარალებულად მიჩნეული პირის შესახებ?
ბექა გოცირიძე არის „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირი, პროპაგანდისტი, მას გარკვეულ წრეებში კარგად იცნობენ, როგორც ძალიან აგრესიულ, „ოცნების“ მხარდამჭერს. ჩვენ შევისწავლეთ არაერთი ვიდეოჩანაწერი, სადაც ის პირდაპირ მოუწოდებდა ადამიანებს, მოსულიყვნენ აქციაზე და დემონსტრანტები ეცემათ. ერთ-ერთი ჩანაწერში ამბობს: „უნდა დავერიოთ“.
ეს ადამიანი მუშაობს „თბილსერვისში“. სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, „თბილსერვის გრუპს“ ჰყავს ფორმალურად დასაქმებული ადამიანები და ამ გზით შესაძლოა ფინანსდებოდნენ ე.წ. ტიტუშკები.
ეს ადამიანიც იძახის, ტკივილი განვიცადეო, რაც ირაკლი დგებუაძის შემთხვევაში მოვისმინეთ. კადრებში ჩანს, რომ ის პოლიციელებს გაჰყავთ, გადაადგილდება ჩვეულებრივად და დაზიანებები არ აქვს.
- როგორ ხედავთ საჯარო მოხელეების გააქტიურებას წინააღმდეგობის პროცესში?
ორგანიზება ძალიან რთულია და ეს დიდი პრობლემაა – ჩვენ ვერ ვართ ერთიანები, ვნახეთ, რა მოხდა გახარიას და „ლელოს“ შემთხვევაში.
ეს დაქსაქსულობა ძალიან ცუდად აისახება ყველა მიმართულებაზე. მსგავს მოცემულობაში კიდევ უფრო იზრდება დაუცველობის განცდა.
საჯარო მოხელეებს რასაც ვეტყოდი, არის ის, რომ უნდა დაიჯერონ: ისინი არიან ძალიან მნიშვნელოვნები. ისინი რომ მნიშვნელოვნები არ იყვნენ, მათ გაჩუმებაზე კი არ იზრუნებდა ასე ძალიან „ოცნება“?
კანონზომიერია, რომ ესენი შეიცვლებიან – ამას წინ არაფერი დაუდგება, უბრალოდ, რაც მალე ვიქნებით ერთიანები, მით მეტი იქნება ჩვენი ძალა და მით მალე შევძლებთ ამის გაკეთებას. თორემ „ქართული ოცნება“ რომ შეიცვლება, ამას წყალი არ გაუვა.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც კი უკმაყოფილო არიან. ტრამპისთვის გაგზავნილი ბოლო წერილიც ამას ადასტურებს, რომ „ოცნებას“ თითქოს აქვს მცდელობა, იზოლაციას დააღწიოს თავი.
აუცილებლად გაიმარჯვებს ევროპული გზა, უბრალოდ გვჭირდება სწრაფად გაერთიანება. არდანებება არის გამოსავალი.






