დღეს, 11 დეკემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი „პროფესორის და 4 სტუდენტის საქმეზე“ მოსამართლე ლევან ყოლბაიამ განიხილა და ყველა მათგანს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურა ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მათ 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.
მამუკა ჯორბენაძე ხელოვნების უნივერსიტეტში გაფიცვის ორგანიზებაში იყო ჩართული. პროფესორი და ოთხივე სტუდენტი მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეები არიან.
გამოძიების ვერსიით, მამუკა ჯორბენაძე სტუდენტებთან ერთად უნივერსიტეტში 3 დეკემბერს შეხვედრაზე მისულ ირაკლი დევაძეს და კიდევ ერთ პირს თავს დაესხნენ, მანამდე კი, დაპირისპირება უნივერსიტეტში საპროტესტო ბანერების გაკვრას მოჰყვა.
გამოძიება ამ მნიშვნელოვან წინაპირობებზე არ საუბრობს, თუმცა დღეს გაფიცული სტუდენტები ჰყვებიან, რომ ბანერები უნივერსიტეტის ფოიეში ერთ-ერთმა ლექტორმა, თეა ცაგურიამ ჩამოხსნა.
„თეა ცაგურია წინააღმდეგი იყო ჩვენი გაფიცვის, გვიწოდებდა ნაცებს და მოძალადეებს… მან 2012 წელს გადაღებული კადრებიც გვაჩვენა, ამ დროს მამუკა ჯორბენაძემ ჩვენ, სტუდენტები დაგვიცვა,”- ჰყვებიან სტუდენტები.
შელაპარაკებას თეა ცაგურიას და მამუკა ჯორბენაძეს შორის ადასტურებს პროკურატურაც. ამ კონფლიქტში თეა ცაგურიას ქმარი – ირაკლი დევაძე ერთვება, რომელიც ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილეა.
„ირაკლი დევაძე უნივერსიტეტში მისვლამდე დაემუქრა მამუკა ჯორბენაძეს, ამ მიმოწერის სქრინიც არსებობს“, – აღნიშნა ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მუქარის ნაწილში, მაგალითად, გამოძიებას კითხვები ბათუმის მერიის მაღალჩინოსნის მიმართ არ გასჩენია. ირაკლი დევაძეს თანმხლებ ირაკლი ნაკაშიძესთან ერთად ამ საქმეში ახლა დაზარალებულის სტატუსი აქვთ.
მთავარი დეტალი: ინციდენტი 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, გამოძიება კი 3 დღის შემდეგ, 6 დეკემბერს დაიწყო.
რატომ დაიწყო გამოძიება ინციდენტიდან 3 დღის შემდეგ და როგორ დადგინდება ფიზიკური ძალადობის კვალი, როცა ექსპერტიზა ფიზიკური დაპირისპირებიდან მინიმუმ 3 დღის დაგვიანებით ტარდება? – შეკითხვა პროკურორ პაატა ცეცხლაძეს დავუსვით.
პროკურორმა დღევანდელ პროცესზე ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.
ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ კი, ბრალდებულების აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვა. მან სხდომაზე ყურადღება ვიდეო ჩანაწერზე გაამახვილა, სადაც ფიზიკური დაპირისპირებაა ასახული. ვიდეო უნივერსიტეტის სათვალთვალო კამერითაა გადაღებული.
ადვოკატის მტკიცებით, ფიზიკური ძალადობა უნივერსიტეტში საჯარო მოხელის თანმხლებმა პირმა – ირაკლი ნაკაშიძემ წამოიწყო.
„ეს იყო ზონდერი, თუ ტიტუშკა, რომელიც იქ სპეციალურად მიიყვანა… სტუდენტები კი შეესწრნენ კონფლიქტს, როცა მათ ლექტორს ურტყამდნენ და ცხადია, მისი დაცვა სცადეს.
უნივერსიტეტში შევარდნილმა დევაძემ შეაგინა პროფესორს, ჩხუბი დაიწყო ირაკლი ნაკაშიძემ, რომელიც იქ მიიყვანეს ურჩი პროფესორის დასასჯელად.
ნაძირალა ხარ და ფაშისტიო, წერდა მანამდე ირაკლი დევაძე პროფესორს, კაცებთან გაგსინჯავ როგორი ხარო“, – აღნიშნა ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ და იმ სატელეფონო ჩანაწერზე მიუთითა, სადაც მერიის მაღალჩინოსანი პროფესორს ემუქრება.
ადვოკატმა ისაუბრა იმაზეც, რომ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობით უნდა გაანალიზდეს, იყო თუ არა ეს აუცილებელი მოგერიება ბრალდებულების მხრიდან, მანამდე კი, ბრალდებულების პატიმრობაში დატოვება მიზანშეწონილი არ არის – პროფესორი და სტუდენტებიც ნასამართლევი არ არიან.
ადვოკატმა მოსამართლე ლევან ყოლბაიას შეახსენა სასამართლოს პრაქტიკაც: ძალადობაში ბრალდებულებს სასამართლო ძირითადად გირაოს საფუძველზე ათავისუფლებს, ვიდრე საქმეზე მოსამართლე საბოლოო განაჩენს მოაწერს ხელს.
„3 დეკემბერს მოხდა ეს შემთხვევა, 6 დეკემბერს იწყება გამოძიება, 7 დეკემბერს მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება მათ დაკავებაზე და 9-ში აკავებენ“, – მოვლების ქრონოლოგიას ადვოკატმა შოთა ხორავამ იმ აქცენტით გაუსვა ხაზი, რომ პატიმრობის შეფარდების საფუძველი არ არსებობს.
ამ ადვოკატმა მოსამართლეს დაზარალებულად ცნობილი პირების გამოკითხვის ოქმებზეც მიანიშნა, რომლის მიხედვითაც მერიის მაღალჩინოსანს და მის თანმხლებ პირს ჯანმრთელობის დაზიანება არ მიუღიათ.
„ნაკაშიძემ დაადასტურა ისიც, რომ მას მუხლი სხვა შემთხვევის დროს ჰქონდა დაზიანებული და ამ კონფლიქტის დროს გაუღიზიანდა“, – დასძინა ადვოკატმა შოთა ხორავამ.
„ანრი უნიჭიერესი პიანისტია, ყველანი ძალიან ნიჭიერები არიან“, – სტუდენტებზე გაამახვილა ყურადღება მამუკა ჯორბენაძემ. მან მოსამართლეს ის უთხრა, რომ უნივერსიტეტში ბევრი საქმე ელოდება. ბრალდებულებს უშუალოდ ბრალთან დაკავშირებით არ უსაუბრიათ.
„არაფრის დამატება არ მსურს“ – მოკლედ მიმართეს მოსამართლეს ბრალდებულის სკამზე აღმოჩენილმა სტუდენტებმა: ანრი კაკაბაძემ, გურამ მიქელაძემ, დავით გვიანიძემ, გიორგი დავითაძემ.
„რატომ არ დაიბარეთ გამოკითხვაზე ეს ადამიანები და პირდაპირ დააკავეთ?“ – პროკურორ პაატა ცეცხლაძეს მიაჩერდა ადვოკატი დავით ჯაფარიძე.
იმის გამო, რომ პროკურორი ხმადაბლა საუბრობდა, დარბაზში პროკურორის პოზიცია ვერ გავიგეთ, თუმცა პაატა ცეცხლაძემ აღნიშნა, რომ ის შესაბამის მტკიცებულებებს ელოდა.
პროკურორმა ასევე კატეგორიულად უარყო ადვოკატების მიერ პროცესზე გავრცელებული ინფორმაცია, რომ „დაზარალებულებს პრეტენზია არ გააჩნიათ“.
პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ მოსამართლეს უთხრა ისიც, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის, ანრი კაკაბაძის მიმართ უკვე დაწყებულია დევნა სსკ-ის 118-ე მუხლის მიხედვით, რაც ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს და ამ საქმეზე უკვე აქვს შეფარდებული სტუდენტს გირაო.
„არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია. ჯერ არავის დაუდგენია მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენა“, – პროკურორს მიმართა ადვოკატმა შოთა ხორავამ.
ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილი საჯარო მოხელის, ირაკლი დევაძის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა მისი ცოლის პოსტი. სოციალურ ქსელში თეა ცაგურია წერს:
„ვეხმაურები ბრალდებას, რომ თურმე “მე დავაჭერინე სტუდენტები”. ეს ამბავი მოხდა 3 დეკემბერს და უკვე 4-ში დილით სამსახურში ამის შესახებ ყველამ იცოდა, თვითონვე გაავრცელეს ეს ამბავი. ჩვენ დაგვიბარეს პოლიციაში 6 დეკემბერს, მათ უკვე ჰქონდათ ამოღებული ძალადობის ვიდეო მასალა, რომელზეც სჩანს პროფესორმა და დეკანმა, მშობლებისგან მიბარებული ბავშვები როგორ გამოიყენა ღამით პირადი ანგარიშსწორებისთვის.
დღეს გამოვითხოვეთ ინციდენტის ვიდეო, რომელიც მოხდა უნივერსიტეტში, ჩემს მეუღლეზე და მის მეგობარზე ძალადობის ფაქტამდე. მინდა პასუხი გავცე ყველა ცილისწამებას, რაც ეს დღეები ჩემი მისამართით ვრცელდება!
ამ ვიდეოში ნახავთ პასუხს ბრალდებაზე, რომ პლაკატი მე არ ჩამომიხევია და ასევე იმას, რომ მე არ მივვარდნილვარ აგრესიულად ჯორბენაძეს, ყველაფერი მოხდა პირიქით!“