აჭარაში 12 საათისთვის 50 ათასამდე ამომრჩეველმა მისცა ხმა

28 ოქტომბრის დღის 12 საათისთვის აჭარის ტერიტორიაზე, 6 საარჩევნო ოლქში, ხმა 48 852-მა ამომრჩეველმა მისცა. ყველაზე მაღალი აქტივობა ამ მონაცემებით ქედის საარჩევნო ოლქშია.

ცესკოს მონაცემებით აჭარაში 311 149 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ანუ 12 საათისთვის, 6 ოლქში, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 15,7 პროცენტმა მისცა ხმა.

ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებმაც ხმა მისცა 12:00 საათისთვის აჭარაში, ოლქების მიხედვით:

[checklist]

  • ბათუმი – 20 010 ამომრჩეველი [ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 13,96%];
  • ქედა – 3 157 [20,15%];
  • ქობულეთი – 11 953 [17,57%];
  • შუახევი – 2 806 [18,59%];
  • ხელვაჩაური – 7 426 [15%];
  • ხულო 3 500 [15%].

[/checklist]

მონაცემები შესაბამისი საოლქო კომისიების თავმჯდომარეებმა მოგვაწოდა.

 

მთავარი ფოტო: ბათუმის მე-17 საარჩევნო უბანი / 28.10.2018

საია: კენჭისყრის შენობის გარეთ აგიტაციის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა

“მთელი დღე აქ ვაპირებ ყოფნას,”- ამბობს ოზურგეთელი პეტრო სავეტია. იგი ოზურგეთის მესამე საარჩევნო უბანზე სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი მაისურით და პლაკატით მივიდა.

“უბნის გარეთ ვარ და წესრიგს არ ვარღვევ, ამის უფლება მაქვს… ხმა ჯერ არ მიმიცია. თუ არ შემიშვებენ, გამოვიცვლი მაისურს”,- გვითხრა პეტრო სავეტიამ.

“ტერიტორიას არ ვაკონტროლებ მე. კომისია პასუხისმგებელია უბნის შიგნით სიტუაციაზე. ამას შესაბამისმა ორგანოებმა უნდა მიხედონ. უბანზე საჩივარი არ დაწერილა,”- აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს ოზურგეთის მესამე უბნის თავმჯდომარემ, რეზო გაბედავამ.

ოზურგეთის მესამე საუბნო კომისიას ამ დრომდე არავისთვის მიუმართავს.

არის თუ არა ეს შემთხვევა ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენის მცდელობა? – ირმა პავლიაშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ეს აგიტაციაა, რომელსაც კანონი კენჭისყრის შენობის გარეთ არ კრძალავს.

“რამდენიმე ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. ჩვენ დავაკვირდებით, ექნება თუ არა ადგილი ამავე უბნებზე ამომრჩევლის მობილიზებას და ამომრჩევლის ნებაზე კონტროლის განხორციელებას,”- გვითხრა ირმა პავლიაშვილმა.

საია-ში ასევე განმარტავენ, რომ დაკვირვების შედეგად შესაძლებელია აგიტაციის კუთხით საკანონმდებლო ცვლილების საჭიროება გამოიკვეთოს.

 

ოპოზიცია ამბობს, რომ მოიპოვეს სია, სადაც ამომრჩევლისთვის გადახდილი თანხაა მითითებული

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ხელვაჩაურში, ქვედა სამებაში #18 და #19 საარჩევნო უბნებზე მათმა დამკვირვებელმა კოორდინატორების მიერ მომზადებული სიები მოიპოვა, სადაც კონკრეტული სახელებისა და გვარების გასწვრივ, სადაც მითითებულია ამომრჩეველთა პირადი ნომრებიც, მიწერილია გაცემული თანხის ოდენობა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, მიშა ბოლქვაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ კოორდინატორები დილიდან მუშაობდნენ ამ უბანზე მანქანებში, ეს სიები მანქანაზე უყურადღებოდ დატოვეს, ამომრჩევლებმა კი აიღეს და მას მიაწოდეს.

„საჩივარი დაწერა ჩვენმა წარმომადგენელმა, მაგრამ უბნის უფროსი არ იღებს, საარჩევნო უბანზე, შიგნით, დარღვევა არ მომხდარა და არ ჩავიბარებო. შემდეგ  ტელევიზიები გამოჩნდნენ და არა მგონია იმ უბანზე შეძლონ იგივეს გაგრძელება“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ მიშა ბოლქვაძემ.
„ბათუმელებმა“ ფოტოზე დაფარა პირადი ნომრები. ფოტო: ენმ

ბათუმის 25-ე უბანზე მარკირების შესამოწმებელი აპარატი არ მუშაობდა

ბათუმის 25-ე საარჩევნო უბანზე მარკირების შესამოწმებელი აპარატი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში არ მუშაობდა. ამ დროის განმავლობაში ხმის მიცემის პროცესი უბანზე შეჩერებული იყო.

როგორც საიას ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი ანნა მდინარაძე „ბათუმელებს“ ეუბნება, საიას დამკვირვებელმა, მომხდართან დაკავშირებით საჩივარი დაწერა და გაკეთდა შენიშვნაც.

„ამის შემდეგ მოიტანეს ახალი აპარატი“ – ამბობს ანნა მდინარაძე.

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი ციალა შავაძე ამბობს, რომ მარკირების შესამოწმებელი აპარატის გაუმართაობის შესახებ ინფორმაცია რა ჰქონდა მიღებული.

„ახლა გადავამოწმეთ, ტექნიკური პრობლემა ყოფილა, გამოსწორდა და ყველაფერი წესრიგშია“-გვეუბნება ის.

 

მთავარი ფოტო: მარკირების შემოწმება ბათუმის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე / 28.10.2018

ენმ-ს ბრიფინგი ბათუმის საარჩევნო უბნებში დარღვევების შესახებ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მირდატ ქამადაძის განცხადებით, ბათუმის რამდენიმე საარჩევნო უბანზე გამოვლინდა დარღვევები.

„ხელვაჩაურში, მე-18, მე-19 საარჩევნო უბნებზე ჩვენს წარმომადგენელს ხელში ჩაუვარდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორების სია, სადაც მითითებული იყო თანხები, თუ ვისზე რამდენი ლარი გაიცა. ჩვენი წარმომადგენელი მალე მოგვაწვდის ამ დოკუმენტსაც და მალე გამოვაქვეყნებთ.

დარღვევა იყო 41-ე უბანზე, ეს არის ბარცხანა, სადაც უბანი განთავსებულია მე-17 სკოლაში. საარჩევნო უბანზე შევიდა უცნობი პირი, რომელსაც არ ჰქონდა რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი, არც ბეიჯი, არც მარკირება არ გაუვლია, შევიდა და რაღაც შეიტანა. როცა ჰკითხეს თუ ვინ იყო, არაფერი არ გვითხრა, კაპიშონი წამოიფარა თავზე, შემდეგ გვითხრა საჭმელი შევიტანეო, თუმცა არც ეს ფაქტი არ დასტურდება“-ამბობს ქამადაძე.

ენმ-ს წარმომადგენლის თქმით, ფაქტთან დაკავშირებით ვიდეო გადაიღეს. ქამადაძე ამბობს, რომ მომხდართან დაკავშირებით საჩივარიც დაიწერა.

მირდატ ქამადაძის თქმით, დარღვევები იყო 25-ე უბანზე: „როცა უბანი გაიხსნა წილისყრის პროცედურას ესწრებოდა პოლიციელი, რაც არის დარღვევა. 59-ე უბანზე აღმოჩნდა რომ მე-14 უბნის კომისიის წევრი იმყოფებოდა და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, უბნებთან დგას ე.წ მარშრუტკები სადაც „ქართული ოცნების“ აგიტატორები სხედან და უბნის შესასვლელთან აგიტაციასაც ეწევიან“.

ქამადაძე ამბობს, რომ ისინი დაუკავშირდნენ პოლიციის ხელმძღვანელს და ამის შესახებ აცნობეს.

 

 

 

საოლქო კომისია: ბათუმში ამომრჩეველთა აქტივობა 5,27 პროცენტია

ბათუმის საოლქო კომისიის ინფორმაციით დილის 10 საათისთვის ბათუმის საარჩევნო უბნებში ხმა 7549 ამომრჩეველმა მისცა, რაც მთლიანი ამომრჩევლების რაოდენობის 5,27%-ია.

ამ დროისთვის [11:30 სთ.] ბათუმის N79 საარჩევნო ოლქში 6 საჩივარია შესული. რაც შეეხება ბათუმის საარჩევნო უბნებს, საოლქო კომისიის თავმჯდომარის ციალა შავაძის ინფორმაციით, მათ ამ დროისთვის მონაცემები არ აქვთ: „საუბნო კომისიები ადგილზე არიან უფლებამოსილნი აღმოფხვრან საჩივარში დაფიქსირებული დარღვევები“.

დღეს, 28 ოქტომბერს საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს. 25 კანდიდატიდან ამომრჩევლებმა პრეზიდენტი ხმათა უმრავლესობით უნდა აირჩიონ.

———-

2017 წლის საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნეში, ცესკოს ინფორმაციით, ბათუმში დილის 10 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა აჭარის მასშტაბით ყველაზე დაბალი, 5% იყო.

 

მთავარი ფოტო: ბათუმის N17 საარჩევნო უბანი / 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნები

არჩევნებს 23 ათასზე მეტი დამკვირვებელი და 2 ათასამდე ჟურნალისტი აკვირდება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოში საარჩევნო სუბიექტების 82 000-ზე მეტი წარმომადგენელი, 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1100-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება.

ასევე, ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო პროცესს აშუქებს 125 მედია ორგანიზაციის 2000-მდე ჟურნალისტი; აკრედიტებულ მედიასაშუალებებს შორის 31 საერთაშორისო და 94 ადგილობრივი მედიაორგანიზაციაა.

ერთსა და იმავე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას უფლება აქვს უბანზე ერთდროულად ჰყავდეს მხოლოდ ერთი დამკვირვებელი, საერთაშორისო ორგანიზაციებს 3 დამკვირვებელი, მედია ორგანიზაციებს – 3 წარმომადგენელი, ხოლო საარჩევნო სუბიექტებს – 1 წარმომადგენელი.

__________

ფოტო: „ბათუმელები“, გურამ მურვანიძე

შსს: ბათუმში კენჭისყრის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობის შეტყობინებაზე გამოძიება დაიწყო

ბათუმში, პირველ საჯარო სკოლაში მდებარე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ინცინდენტი მოხდა.

მოქალაქე ლამარა კენჭაძის განცხადებით, მას ჯელალ ქიქავამ შეურაცხყოფა მიაყენა და მოქალაქემ პოლიციას მიმართა.

„ფეხი მომარტყა, [მანქანის] კარი მომიჯახუნა და შემაგინა ჯელალ ქიქავამ, თქვენი სალომე ასე და ისეო. ხალხმა რომ დამიცვა, იმათ ცალკე აგინა, “ – უთხრა პოლიციას ლამარა კენჭაძემ.

შს სამინისტროს ცნობით, მოქალაქის მიერ შემოსული შეტყობინების საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სამმართველოში დაიწყო გამოძიება 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე, რაც კენჭისყრის მიმდებარე ტერიტორიაზე ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

ნაციონალური მოძრაობა: ბათუმის ორ უბანზე ამომრჩევლებს ხმის სანაცვლოდ ფულს ურიგებდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ბათუმში, #9 საარჩევნო უბანზე, გარე პერიმეტრზე მიმდინარეობდა ფულის დარიგების პროცესი.

„მაჟორიტარი დეპუტატი ნაკაიძე არის აქ. ფულს არიგებდნენ, ხუთ-ხუთ ლარს გვირიგებსო, ამბობენ. ჰონდას მარკის მანქანა დგას საარჩევნო უბანთან და ახლაც აქაა, არ მიდის“ – უთხრა „ბათუმელებს“ ლევან ანთაძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა.

ენმ-ის განცხადებით, იგივე ხდება ბათუმის #58 უბანზე.

„უბანთან მარშუკტკა დგას და შედიან შიგ, ხელს აწერენ და გამოდიან. პირადად მე არ დამინახავს, მაგრამ როგორც ვიცით, ფულს ანაწილებენ. როცა ჩვენი დამკვირვებელი მივიდა გადასაღებად, ცემით დაემუქრნენ და გამოვიდა“ – გვითხრა ზაურ კომახიძემ, ენმ-ის წარმომადგენელმა უბანზე.

„ბათუმელები“ დეტალებს აზუსტებს.

რა გახდა ქობულეთში კენჭისყრის შეფერხების მიზეზი

დღეს, 28 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნებზე დაგვიანებით გაიხსნა ქობულეთის #32 საარჩევნო უბანი სოფელ წყავროკაში. შეფერხების მიზეზი, ქობულეთის ოლქის თავმჯდომარის, გელა ხახნელიძის ინფორმაციით, საარჩევნო ბიულეტენში არსებული ხარვეზი აღმოჩნდა:

„ტექნიკური ხარვეზი იყო. ბიულეტენში #5 და #51 მკრთალად ჩანს. კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო და ამომრჩეველი რომ მოვა, საარჩევნო კაბინებში გამოკრულია, რომ არის ასეთი ხარვეზი და მითითებულია კანდიდატების ვინაობა, რეგისტრატორებიც აფრთხილებენ ამომრჩევლებს.“

ამ დროისათვის საარჩევნო უბანზე კენჭისყრა განახლებულია.

პრეზიდენტის არჩევნები აჭარაში [განახლებადი]

დღეს, 28 ოქტომბერს საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს. 25 კანდიდატიდან საქართველოს მოქალაქეებმა პრეზიდენტი ხმათა უმრავლესობით უნდა აირჩიონ. „ბათუმელები“ განახლებად რეჟიმში აშუქებს არჩევნებს.

18:25 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტის, სულიკო შვენთიძის განცხადებით, საღამოს 17:00 საათის მონაცემებით, 52 017 ამომრჩეველმა  გააკეთა საკუთარი არჩევანი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 36,28 პროცენტს შეადგენს.

18:20 ბათუმში, საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შეჩერების მიზეზი მოქალაქის პროტესტი გახდა. უსინათლო პენსიონერი, 89 წლის ნოდარ კვიჭიძე კართან დადგა და უბანზე არავის უშვებდა. იგი ამბობდა, რომ მას გადასატანი ყუთით სურდა ხმის მიცემა, ყუთი არ მიუტანეს და ამიტომაც, სხვების დახმარებით მოვიდა საარჩევნო უბანზე.

17: 45 გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არჩევნების გასაშუქებლად მყოფ გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტს, რომელიც საარჩევნო უბანთან ახლოს გაჩერებულ მანქანაში მყოფ პირებს, სავარაუდოდ – კოორდინატორებს ესაუბრებოდა, ნუგზარ ურუშაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ მანქანის მფლობელია, ჟურნალისტს კატეგორიულად მოსთხოვა ადგილის დატოვება.

17:30 ბარცხანის დასახლებაში მდებარე #41 საარჩევნო უბანთან დღეს TV 25-ის გადამღებ ჯგუფს უცნობმა პირმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.  „ერთ-ერთი პარტიის აქტივისტი ჩვენი კამერის გამორთვას იმ დროს ითხოვდა, როცა ოპერატორი მიკროავტობუსში სიების არსებობის შესახებს კადრებს იღებდა. ირწმუნებოდნენ, რომ ისინი პანაშვიდზე მიდიოდნენ და სწორედ წამსვლელების შესახებ აგროვებდნენ ინფორმაციას“ – ავრცელებს ინფორმაციას TV 25.

დღეს იგივე ტიპის პრობლემა ჰქონდა გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტს მე-20 საჯარო სკოლაში გახსნილ #44 საარჩევნო უბანთან. ავტომობილში მყოფი პირები, ჟურნალისტს, რომელიც დაინტერესდა მათი საქმიანობით საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, აგრესიულად მოექცნენ და დაემუქრნენ, სამართალდამცავების თანდასწრებით.

16:10 საჩივრები ძირითადად შეეხება პროცედურულ დარღვევებს. „დილით ეს შეეხებოდა წილისყრის პროცედურების დარღვევას და ასევე იმას, რომ გადასატან საარჩევნო ყუთს არ მიყვებოდნენ ის კომისიის წევრები, რომლებსაც შეხვდათ ფუნქცია, რომ გაყოლოდნენ ყუთს“ – გვეუბნება საია აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ანნა მდინარაძე.

15:00 საარჩევნო უბანი ხულოში.

15: 55 ბათუმის ციხეში საუბნო საარჩევნო კომისია ელოდება, როდის მისცემს ხმას 4 ბრალდებული.

15:20 „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ბათუმში საარჩევნო დარღვევებზე: ბათუმის რამდენიმე უბანზე იყო პრობლემა, რომ ორ-ორი წარმომადგენლები ჰყავდათ ზოგიერთებს საარჩევნო უბანზე, ასევე აგიტაციის შემთხვევებიც იყო. ასევე, ენმ-ს კომისიის წევრებმა ბათუმის სამ უბანზე უარი თქვეს წილისყრაში მონაწილეობაზე. ქობულეთში, #32  უბანზე კი საარჩევნო ბიულეტენების პრობლემა იყო.“

14:00 საია: კენჭისყრის შენობის გარეთ აგიტაციის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. საია-ში განმარტავენ, რომ დაკვირვების შედეგად შესაძლებელია აგიტაციის კუთხით საკანონმდებლო ცვლილების საჭიროება გამოიკვეთოს.

13:10 ოპოზიცია ამბობს, რომ მოიპოვეს სია, სადაც ამომრჩევლისთვის გადახდილი თანხაა მითითებული.

13:00 ბათუმის 25-ე საარჩევნო უბანზე მარკირების შესამოწმებელი აპარატი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში არ მუშაობდა. ამ დროის განმავლობაში ხმის მიცემის პროცესი უბანზე შეჩერებული იყო.

12: 20 „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მირდატ ქამადაძის განცხადებით, ბათუმის რამდენიმე საარჩევნო უბანზე გამოვლინდა დარღვევები.

11: 41 ბათუმის საოლქო კომისიის ინფორმაციით დილის 10 საათისთვის ბათუმის საარჩევნო უბნებში ხმა 7549 ამომრჩეველმა მისცა, რაც მთლიანი ამომრჩევლების რაოდენობის 5,27%-ია. ამ დროისთვის [11:30 სთ.] ბათუმის N79 საარჩევნო ოლქში 6 საჩივარია შესული.

10: 50 ბათუმში, პირველ საჯარო სკოლაში მდებარე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ინცინდენტი მოხდა. მოქალაქე ლამარა კენჭაძის განცხადებით, მას ჯელალ ქიქავამ შეურაცხყოფა მიაყენა და მოქალაქემ პოლიციას მიმართა. შსს-მ გამოძიება დაიწყო.

10:00 ნაციონალური მოძრაობა: ბათუმის ორ უბანზე ამომრჩევლებს ხმის სანაცვლოდ ფულს ურიგებდნენ, თუმცა ოპოზიციას არ წარმოუდგენია ფაქტის დამადასტურებელი ვიდეო და ფოტო მასალა.

9:06 ქობულეთის #32 საარჩევნო უბანი დაგვიანებით გაიხსნა. შეფერხების მიზეზი, ქობულეთის ოლქის თავმჯდომარის, გელა ხახნელიძის ინფორმაციით, საარჩევნო ბიულეტენში არსებული ხარვეზი აღმოჩნდა:

„ტექნიკური ხარვეზი იყო. ბიულეტენში #5 და #51 მკთრალად ჩანს. კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო და ამომრჩეველი რომ მოვა, საარჩევნო კაბინებში გამოკრულია, რომ არის ასეთი ხარვეზი და მითითებულია კანდიდატების ვინაობა, რეგისტრატორებიც აფრთხილებენ ამომრჩევლებს.“

8: 34 ხულოში #1 საარჩევნო უბანი წესების დაცვით გაიხსნა. პირველი ამომრჩეველი უბანზე რვა საათზე მივიდა. #1 საარჩევნო უბანზე მისცა ხმა ხულო, ქედისა და შუახევის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემაც.

ანზრო ბოლქვაძე. ფოტო: მანანა ქველიაშვილი

_________________

8:30 ბათუმის #17 უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა საჩივარი დაწერა კომისიის თავმჯდომარის მიერ წილისყრის განმეორებით ჩატარების გამო.

____________________

8:10 აჭარაში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო.

პირველი ამომრჩეველი ბათუმის #17 უბანზე

 

დღეს საქართველო ექვსი წლით ირჩევს პრეზიდენტს

დღეს, 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს. საქართველოს მოქალაქეები 6 წლის ვადით აირჩევენ პრეზიდენტს.

არჩევნებში მონაწილეობს პრეზიდენტობის 25 კანდიდატი, მათ შორის 19 – პოლიტიკური პარტიის, ხოლო ექვსი – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერაა წარდგენილი.

პრეზიდენტობის კანდიდატები არიან:

[checklist]

  • მიხეილ ანთაძე – „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“
  • დავით ბაქრაძე – „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“
  • ვახტანგ გაბუნია – „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“
  • გრიგოლ ვაშაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
  • შალვა ნათელაშვილი – „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“
  • ზვიად მეხატიშვილი – „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“
  • გიორგი ლილუაშვილი – „საქართველო“
  • აკაკი ასათიანი – „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“
  • კახა კუკავა – „თავისუფალი საქართველო“
  • ოთარ მეუნარგია – „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“
  • ირაკლი გორგაძე – „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“
  • დავით უსუფაშვილი – „თავისუფალი დემოკრატები“
  • ზვიადი ბაღდავაძე – „სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო“
  • მიხეილ სალუაშვილი – „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“
  • ზვიად იაშვილი – „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ (ედპ)
  •  თამარი ცხორაგაული – „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“
  • გელა ხუციშვილი – „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“
  • ზურაბ ჯაფარიძე – „გირჩი“
  • ლევან ჩხეიძე – „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“
  • სალომე ზურაბიშვილი – დამოუკიდებელი კანდიდატი
  • ბესარიონ თედიაშვილი – დამოუკიდებელი კანდიდატი
  • გიორგი ანდრიაძე – დამოუკიდებელი კანდიდატი
  • კახაბერ ჭიჭინაძე – დამოუკიდებელი კანდიდატი
  • ვლადიმერ ნონიკაშვილი – დამოუკიდებელი კანდიდატი
  • თეიმურაზ შაშიაშვილი – დამოუკიდებელი კანდიდატი

[/checklist]

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის 3 518 877 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მათგან 308 848 ამომრჩეველი აჭარაშია რეგისტრირებული.

___________

მთავარ ფოტოზე: პირველი ამომრჩეველი ბათუმის #17 უბანზე. ფოტო: „ბათუმელები“, თედო ჯორბენაძე

ავარია ბათუმში – ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა

ახლახანს [11:21] ბათუმში, მელიქიშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების გადაკვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს შეეჯახა ორი მანქანა, რომელთაგან ერთ-ერთი ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად ორივე მანქანის წინა კორპუსი დაიმტვრა.

თვითმხილველების თქმით, მანქანების მგზავრებს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებათ.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს.

 

ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილის პირველ ტურში გამარჯვების ალბათობა ძალიან მაღალია

სალომე ზურაბიშვილის პირველ ტურში გამარჯვების ალბათობა ძალიან მაღალია,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით,  წინასწარი მონაცემების თანახმად, სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს პირველ ტურში იგებს.

„მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ წინასწარი მონაცემების თანახმად, სალომე ზურაბიშვილი პირველ ტურში იგებს არჩევნებს. ჩვენ გამოვაქვეყნეთ სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც ქალბატონი სალომეს მხარდაჭერა არის 54%-ი. თუმცა, 54%-იანი მხარდაჭერის პირობებში, ბუნებრივია, არ არის გამორიცხული მეორე ტურის ჩატარება. რაც შეეხება მეორე ტურს, დარწმუნებული ვართ, რა თქმა უნდა, რომ, მეორე ტურში, ყველა შემთხვევაში გაიმარჯვებს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, თუ ეს გახდა საჭირო. რაც შეეხება პირველ ტურში გამარჯვების ალბათობას,  ეს ალბათობა არის ძალიან მაღალი“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დასრულდეს გამოუძიებელი მკვლელობები – ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია ბათუმში

ცოტა ხნის წინ [19:00 საათი] ბათუმში გაიმართა ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ მათ სურთ გაიზიარონ ზაზა სარალიძის ტკივილი და ის, რომ საქართველოში დასრულდეს მკვლელობების გამოუძიებელი ისტორიები, რომელიც მთელ საზოგადოებას ლაქად რჩება.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ასლან ჭანიძის თქმით, დაუშვებელია ზაზა სარალიძის დამნაშავედ გამოცხადება, რომელსაც ცხრა თვის განმავლობაში არ ეძლეოდა კონსტიტუციით მინიჭებული უფლების განხორციელების შესაძლებლობა.

„გაამტყუნო ადამიანი, რომელიც 9 თვის განმავლობაში სამართალს ვერ პოულობს, რომ ის არის ყველაფერში დამნაშავე და შენ არ ხარ არაფერში დამნაშავე, ძალიან უცნაურია. ამ შემთხვევაში ხელისუფლებას ვგულისხმობ. უამრავი დაპირება მიიღეს, მაგრამ შედეგად დაიდო ის, რომ სარალიძე გამოცხადდა დამნაშავედ. სახელმწიფო უნდა დაფიქრდეს – როდესაც უკანონობას თესავ, ამ უკანონობის მსხვერპლი თავადაც გახდება“.

ბათუმელი ირაკლი კუპრაძე დარწმუნებულია, რომ მიუხედავად პატიმრობისა, ზაზა სარალიძე და ასევე მალხაზ მაჩალიკაშვილი უსამართლობას არ დანებდებიან და არც ის მოქალაქეები, რომლებიც ამ უსამართლობას ხედავენ:

„ეს პროცესი აუცილებლად გაიზრდება და ხელისუფლებას მიიყვანს იქამდე, რომ ის დაიღუპება საკუთარ ხუხულაში, მოყვება ამ ნანგრევებს შორის…“

ირაკლი კუპრაძის აზრით, საზოგადოებას საქართველოში აქვს რესურსი იბრძოლოს შვილმკვდარი მამებისა თუ საკუთარი უფლებებისთვის:

„აქციებზე, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ, სამოქალაქო საზოგადოებაზე უფრო მეტად აქტიურობდნენ მარგინალური პოლიტიკური ჯგუფები, მათ შორის ნაციონალური მოძრაობა. შესაბამისად, საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში ამ პროცესების მართვა.

ჩვენ ახლა თუ გვყავს შვილმკვდარი მამები, წლების წინ იყვნენ დედები, რომლებიც იბრძოდნენ ტელევიზიიდან ტელევიზიაში, ქუჩიდან ქუჩაში, ერთი ინსტანციიდან მეორე ინსტანციაში და მათ მხოლოდ სიკვდილის შემდეგ მიაღწიეს სამართალს. გვახსოვს ირინა ენუქიძის საქმე, რომელიც სირცხვილად არის ქართული საზოგადოების ისტორიაში, ვინაიდან მაშინ ამ ადამიანს ძალიან მცირე ოდენობის მოქალაქეები ედგნენ გვერდით. ვფიქრობ, ჩვენ ეს შეცდომა არ უნდა გავიმეოროთ, ჩვენ უნდა  შევძლოთ ამ ადამიანის ძალიან დიდი ტკივილის გაზიარება.

ასევე უნდა ითქვას, რომ ეს მოძრაობა, რომელიც იქმნება დღეს, არ ეხება მხოლოდ ზაზა სარალიძეს. თითქოსდა მივიწყებულია მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც საკუთარ თავზე იღებს მთელს იმ დარტყმებს, რომელიც პარლამენტთან ხდება. ის ცილისწამება, ზეწოლა, ცინიზმი მისი შვილის მიმართ, რომელიც ტერორისტად შერაცხეს, არ უნდა დაგვავიწყდეს. მისი შვილიც უსამართლოდ იქნა ჩაცხრილული საკუთარ საწოლში. მალხაზ მაჩალიკაშვილი არის ქისტი ხალხის ღირსეული სახე, რომელიც მამაცურად იცავს საკუთარ თავს, იბრძვის სიმართლისთვის“.

აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორი, ბათუმელი სულხან წულუკიძე თვლის, რომ მცირერიცხოვანი აქციაც საკმარისია ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად: „გუშინ ორი ადამიანი ვიყავით, დღეს 30-მდე ვართ, მაგრამ ეს სრულიად საკმარისი იმისათვის, რომ მივაწვდინოთ ჩვენი ხმა ზაზას. შეიძლება ხელისუფლება ხალხმრავლობას ანიჭებს უპირატესობა, მაგრამ ეს ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი. ჩვენ გავიზიარეთ ზაზა სარალიძის ტკივილი და ვფიქრობ, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა იზიარებს ამ ტკივილს.

ეს არის პროტესტი უსამართლობის მიმართ, რასაც დღევანდელი ხელისუფლება ახორციელებს თავისი მოქალაქეების მიმართ, ზაზა სარალიძე კი უსამართლობის ეპიცენტრში აღმოჩნდა. მე მგონი უნდა გამოვფხიზლდეთ. ეს უნდა იყოს ერთგვარი მესიჯი, რომ დამთავრდეს საქართველოში ეს მკვლელობები და გამოუძიებელი ისტორიები, რომელიც მთელ საზოგადოებას ლაქად გვრჩება“.

შვილმკვდარი მამა, ზაზა სარალიძე თბილისში გუშინ დააკავეს. ის თავისი შვილის მკვლელების დასჯას უკვე რამდენიმე თვეა ითხოვს და პარლამენტთან აქციებს მართავს.

https://netgazeti.ge/news/314377/

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 ოქტომბრის  21 საათიდან  28  ოქტომბრის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბრულობა, უმეტესად – უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 17 – 22 გრადუსი
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი
  • ღამით: -2  – 3 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა აჭარის სანაპიროზე 18.5 გრადუსია. ტალღის სიმაღლე 7-12 დმ [2-3 ბალი].

სინოპტიკოსების ცნობით, ოქტომბერის ბოლო დღეები ბათუმში უნალექო იქნება.

___________

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

მშობელი ამბობს, რომ საბავშვო ბაღის დირექტორი მას შვილით დაემუქრა, დირექტორი უარყოფს

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირის საბავშვო ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელი ამბობს, რომ მას საბავშვო ბაღის დირექტორი, არჩილ აბაშიძე დაემუქრა. არჩილ აბაშიძე საპრეზიდენტო არჩევნებზე მმართველი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატისთვის „ქართული ოცნების“ სახელით მუშაობს, როგორც კოორდინატორი. დირექტორი მუქარას უარყოფს.

ბავშვის მშობელი დავით გორგაძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ მან არჩილ აბაშიძეს, როგორც არჩევნებში მმართველი პარტიის კოორდინატორს,  საარჩევნოდ დასაქმება სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. მისი თქმით, ამბავი 16 ოქტომბერს მოხდა.

„ადრეც „ოცნების“ საარჩევნო შტაბში ვმუშაობდი და ახლაც ვთხოვე საარჩევნოდ სადმე დამასაქმე-მეთქი. მითხრა, შენ საეჭვო კაცი ხარ და ვერაო. თუ საეჭვო ვარ, მაშინ ოპოზიციაში ვიმუშავებ-მეთქი.

მეორე დღეს, როცა ბაღში ბავშვის წამოსაყვანად მივედი, დამიძახა, კაბინეტში შემიყვანა და შეურაცხყოფა მომაყენა. ისიც მითხრა, ოპოზიციაში თუ ჩადგები, შენს შვილს ბაღში არ გაგიხარებო. რა იგულისხმა არ ვიცი, მაგრამ ასე დამემუქრა.

მაგის შემდეგ ბავშვი ბაღში აღარ მიმიყვანია. ნახეთ ქვეყანაში რა ხდება, პოლიტიკის გამო ალბათ ყველაფერს იზამენ. ჩემი შვილის უსაფრთხოება სანამ არ იქნება დაცული, მანამდე ვერ გავუშვებ“, – გვეუბნება დავით გორგაძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, აცნობა თუ არა მომხდარის შესახებ სამართალდამცავ უწყებებს, დავით გორგაძე ამბობს, რომ ჯერ არა:

„მთაში ვიყავი წასული, კარტოფილი მქონდა ამოსაღები და ამან წაიღო დრო. ეს ამბავი 17 ოქტომბერს მოხდა, კვირაზე მეტია ბავშვი ბაღში არ წასულა და არც მოუკითხიათ, რატომ არ მოდისო. მინდოდა ადგილზე ბაღის ხელმძღვანელის ნახვა ისევ, მაგრამ მითხრეს შვებულებაშიაო“.

დავით გორგაძის თქმით, კაბინეტში მასსა და ბაღის დირექტორს შორის დაპირისპირებას სოფელში ხულოს მერის წარმომადგენელიც შეესწრო.

„ბათუმელები“ მერის წარმომადგენელს ხიხაძირის ერთეულში გურამ ხალვაშს ესაუბრა. მისი თქმით, მშობელსა და ბაღის დირექტორს შორის „რაღაც პატარა გაუგებრობა იყო“.

გურამ ხალვაში ამბობს, რომ ბავშვი მშობლებს შეგნებულად არ დაჰყავს, რადგან „ალბათ ფიქრობენ, რომ ამით დირექტორს პრობლემას შეუქმნიან სამსახურში“.

სოფელში მერის წარმომადგენლის თქმით, ის ბავშვის ორივე მშობელს ესაუბრა: „მე ვუთხარი, თუ დაგიშავათ რამე და შეურაცხყოფა მოგაყენეს მიმართ სამართალდამცავებს-მეთქი. ბავშვის მიმართ რაიმე უარყოფითი დამოკიდებულება რომ გამოავლინონ, მაგაზე პირადად მე დავაყენებ საკითხს“.

თავად საბავშვო ბაღის ხელმძღვანელი, არჩილ აბაშიძე მისი ბაღის აღსაზრდელის მშობელთან, დავით გორგაძესთან დაპირისპირების ფაქტს საერთოდ უარყოფს.

„არანაირი უთანხმოება არ მაქვს არც ერთ მშობელთან“, – გვეუბნება ის. კითხვაზე, მართლა დაემუქრა თუ არა გორგაძეს თავისი შვილით, არჩილ აბაშიძე ამბობს, რომ არა. „ტყუილია, არავითარი კამათი არ ყოფილა ჩვენს შორის. რაც შეეხება ბავშვს, მე მითხრეს, რომ გაცივებულია, გრიპი აქვს და ამიტომ არ დადისო“.

არჩილ აბაშიძე იმასაც უარყოფს, რომ გორგაძემ მას საარჩევნოდ დასაქმება სთხოვა.

დღეს ბათუმში ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

დღეს, 27 ოქტომბერს, 19 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე, ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

“მთავრობამ დაიჭირა შვილმკვდარი მამა ზაზა სარალიძე. ჩემი აზრით მთავრობისა და სამართალდამცავების დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ არის არაადამიანური.  ჩვენი მოქალაქეობრივი შეგნებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ ჩვენი პოზიცია დაგვეფიქსირებინა საჯაროდ ერას მოედანზე ჩვენი ქალაქის სახელით,” – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ფეისბუქ ივენთის ტექსტში.

ორგანიზატორების თქმით,  აქციაში მონაწილეობა  ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება. ევროპის მოედანზე მისულ მოქალაქეებს ორგანიზატორები სპეციალურ წებოვან ფურცლებს დაახვედრებენ, რომელზეც მათ თავიანთი მოსაზრებების დაწერა შეეძლებათ. ეს ფურცლები საინფორმაციო დაფაზე გაიკვრება.

“პროტესტის ფორმას ორი მიზანი აქვს: ზაზა სარალიძის მხარდაჭერა და ხელისუფლების ქმედების შეფასება. არ მივცეთ მათ იმით აპელირების საშუალება რომ თითქოს ზაზა სარალიძეს მხარს მხოლოდ ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები უჭერენ,” – ამბობენ ორგანიზატორები.

მთავარი ფოტო: 26 ოქტომბერს თბილისში გამართული სოლიდარობის აქციიდან

ადიდებულმა მდინარემ ქობულეთის ქუჩები დატბორა

ძლიერი ნალექის გამო ქობულეთში მდინარე აჭყვა ადიდდა, რის შედეგადაც ქობულეთში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, დატბორილია რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია – ბათუმი-ქობულეთის საავტომობილო გზის მონაკვეთი, რუსთაველის ქუჩა რკინიგზის სადგურიდან სახანძრო სამსახურამდე, გელაურის დასახლება, ახალსოფელი, ჯავახიშვილის ქუჩა და ბაზრის მიმდებარე ტერიტორია.

შექმნილია საგანგებო შტაბი. მობილიზებულია ქობულეთის მერიის ყველა სამსახური. როგორც ქობულეთის მერიაში აცხადებენ, ქალაქისთვის და  მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი მოგვიანებით დაითვლება.

დატბორილი ქობულეთი
ფოტო: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის გვერდიდან
დატბორილი ქობულეთი
ფოტო: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის გვერდიდან

„ეს არის უტიფრობა“ – ერეკლე დეისაძე ივანიშვილისგან ღარიბების დამცირებაზე

„არ გამკვირვებია, მაგრამ ივანიშვილის ამ განცხადებამ მეტი სიცხადე შეიტანა იმაში, თუ როგორ უყურებს ხელისუფლება ღარიბებს… ეს არის ცინიზმი, ეს არის უტიფრობა,“ – ეს შთაბეჭდილება დარჩა მწერალ ერეკლე დეისაძეს, როცა მან ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს მოუსმინა, კონკრეტულად კი, მის შეხედულებას ღარიბ ადამიანებზე.

ციტატა ბიძინა ივანიშვილის 24 ოქტომბრის სატელევიზიო ინტერვიუდან:ღარიბი და გაჭირვებული ადამიანი საკუთარ სიღარიბეს, საკუთარ პრობლემებს… როგორც წესი, ადამიანებს ძალიან უჭირთ საკუთარი თავი დაადანაშაულონ, სულ ეძებენ ხელისუფლებაში და, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას უნდა მოსთხოვონ კიდეც, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში და შექმნილ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ბრალეულობა არ არის ამაში… საერთოდ, ადამიანებს, ფილოსოფიურად, ძალიან უჭირთ და ერთეულები ახერხებენ საკუთარი თავის დადანაშაულებასა და ღრმა კრიტიკას.“

როდის არიან გულწრფელი და როდის გვატყუებენ გადაწყვეტილების მიმღები პირები, რატომ ვერ იცვლება რეალურად დამოკიდებულება ღარიბი ადამიანების მიმართ და რა აჩვენა ბიძინა ივანიშვილის ბოლოს განცხადებამ, როცა მან ღარიბებს უთხრა, რომ მათ „საკუთარი თავის დადანაშაულება უჭირთ“?

„ბათუმელები“ მწერალ ერეკლე დეისაძეს ესაუბრა.

ერეკლე, რა აჩვენა თქვენთვის ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ, როცა მან თქვა, რომ სიღარიბეში მყოფ ადამიანებს საკუთარი თავის დადანაშაულება უჭირთ? 

მან მარტივად თქვა, რომ თუ მშიერი ხარ, ეს შენი ბრალია. ეს არის ცინიზმი, ეს არის უტიფრობა… ამ ქვეყანაში საშუალო ფენა არ არსებობს და არც იარსებებს. ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყანა, რომელსაც მილიარდერი მართავს, ჩვენ ვართ ღარიბი მრევლი, რომელსაც მდიდარი საპატრიარქო ჰყავს. ქვეყანა აბსოლუტურ ჩიხშია. ჩემი აზრით, ქვეყანა გაიხრწნა, დალპა და ყარს. ყველა ადამიანს აწუხებს ეგ და ყველა ადამიანი იგრძნობს ამ სუნს.

ეს დამოკიდებულება იგივეა, რაც თავის დროზე პატრიარქმა გვითხრა, რომ ნუ მიეჩვევით სიღარიბეს. სახელმწიფო და ეკლესია ჩვენ ერთ მხარეს გვევლინება, მეორე მხარეს უამრავი მშიერი ადამიანი. ისინი აბსოლუტურად დაშორდნენ რეალობას… ეტყობა, შუშის კედლებიდან არ ჩანს ეს სიღარიბე.

არ ჩანს, თუ ამის დანახვა არ უნდათ? 

უფრო მეორე. რასაც ვუსმინე, მუდმივად იყო საუბარი „რუსთავი 2“-ზე და იმაზე, თუ 6 წლის წინ რას აკეთებდა ხელისუფლება. ეს არის არაადეკვატურობა, თუ არ ვიცი, რა დავარქვა. სიღარიბე ის მომენტია, რომელსაც ექვსი წლის წინანდელ ხელისუფლებას ვერ დააბრალებ, რადგან ექვსი წელია უკვე შენ ხარ და სიღარიბის მაჩვენებელი იზრდება. ამიტომაც რაღაც ხომ უნდა აეხსნათ და დააბრალეს ისევ ღარიბებს.

ეს რიტორიკა არ იყო უცნობი. მოულოდნელი არაფერი ყოფილა ამ ნათქვამში, რაც ბიძინა ივანიშვილმა ღარიბ ადამიანებზე თქვა. ამ ნათქვამმა, უბრალოდ, უფრო მეტი სიცხადე შეიტანა იმაში, თუ როგორ უყურებს ხელისუფალი ღარიბებს.

ბიძინა ივანიშვილმა ასევე თქვა, გიორგი კვირიკაშვილთან ჩემი მთავარი შენიშვნა სიღარიბის გაზრდილ მაჩვენებელს უკავშირდებაო, ანუ UNICEF-ის ბოლო კვლევას, რომლის მიხედვითაც საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი 2016 წელთან შედარებით 16,4 პროცენტით გაიზარდა. 

ეს ყველაფერი ერთი დიდი ტყუილია. ამას გეუბნება მილიარდერი თანაც, რომელიც ამბობს, რომ ქველმოქმედია. აღმოჩნდა, რომ ყველაფერს პოლიტიკური მიზნებით აკეთებდა. ჩვენ მივიღეთ ერთ მხარეს ძალიან მოკლე დროში გამდიდრებული ჩინოვნიკები სხვადასხვა ბიზნესით და მეორე მხარეს შიმშილობს უამრავი ადამიანი. ეს სურათი ცალსახაა და ლოგიკურად დასასრულამდე აუცილებლად მივა.

ღარიბებზე, სოციალური პრობლემებზე ხელისუფლება განსაკუთრებით აქტიურად წინასაარჩევნოდ საუბრობს. თუკი რამდენიმე დღის წინ იგივე ბიძინა ივანიშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ ის „წუხილს გამოხატავს“ ქვეყანაში არსებული სიღარიბის გამო. ივანიშვილმა თქვა ისიც, რომ ყოფილ პრემიერთან, გიორგი კვირიკაშვილთან სწორედ ამ კუთხით ჰქონდა ყველაზე მეტად შენიშვნები.

რა შეიძლება იყოს ლოგიკური გაგრძელება? ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გავლენის გათვალისწინებით გაქვთ მოლოდინი, რომ ხელისუფლება რეალურად გადადგმას ნაბიჯებს სიღარიბის მაჩვენებლის შესაცვლელად? 

როდესაც ქვეყნის არაფორმალური მმართველი ამბობს, რომ ღარიბებმა თავიანთ თავში უნდა ეძებონ პრობლემა, ბუნებრივია, აქ რაიმე სახის გადაჭრის გზებზე ზედმეტია საუბრები. ჩვენ არ გვყავს პარლამენტი, პოლიტიკური გუნდი, ისინი არიან ფულის ირგვლივ გაერთიანებული ადამიანები და მათ რეალობის აღქმის უნარი დაკარგული აქვთ. რაიმე ქმედით ნაბიჯს მათგან არ უნდა ველოდოთ.

იგივე UNICEF-ის ბოლო კვლევის მიხედვით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არის ბავშვების 6,8 პროცენტი, პენსიონერების 3,7 პროცენტი… 

აი, პენსიონერების დადანაშაულება მართლა ცინიზმია. მათ საარსებო მინიმუმსაც ვერ აძლევს სახელმწიფო და ბავშვების, რომლებიც ისედაც დასჯილი არიან იმის გამო, რომ ასეთ სოციალურ ფონში უწევთ ცხოვრება, ეს მართლა უტიფრობაა.

სალომე ზურაბიშვილს პირდაპირ ეთერში ჰკითხეს და მან ვერ დაასახელა ღარიბების რაოდენობა ქვეყანაში. კითხვა მას „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ დაუსვა. „ნაცმოძრაობის“ მიმართაც იყო ანალოგიური კრიტიკა, რომ რეალურად ღარიბებისთვის არაფერი იცვლებოდა. თქვენი აზრით, რატომ ვერ შეიცვალა წლების განმავლობაში ღარიბების მიმართ დამოკიდებულება? რატომ ვერ გახდა ღარიბი ადამიანი ანგარიშგასაწევი? 

ამ ყველაფერს სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, ცოდნა, ნება… ნებისმიერი ხელისუფლების განწყობა ასეთია, რომ დამნაშავე მშიერი თვითონაა, ის პასუხისმგებლობას იხსნის, დგება განზე და უყურებს ამ მასკარადს. ამიტომ ამ მოცემულობაში ერთი რიტორიკაა, ერთი ადამიანის ფიქრებია და რამდენიმე მონა ახმოვანებს უნისონში. დიალოგიც კი გაქრა ხალხთან, აღარც გველაპარაკებიან, იმდენად მოწყდნენ რეალობას.

თქვენი აზრით, რატომ უჩნდება ხელისუფლებას ასეთი დამოკიდებულება ღარიბების მიმართ? 

მათ პასუხისმგებლობის აღება არ უნდათ. ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როცა ადამიანზე მაღლა დგას ბიზნესი. ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანების სასაკლაოდ არის ტყიბული ქცეული. აბა, ვის ახსოვს, რომ ამ ზაფხულს ვითვლიდით ადამიანებს, რომლებიც დაიღუპნენ. სიცოცხლის უფლებაც კი უკვე ჩვენთან კონკრეტულ ადამიანებზე ვრცელდება. შესაბამისად, აქედან უნდა ამოვდიოდეთ. როცა ამ უფლებასაც გართმევენ, იოლია დაგადანაშაულონ, რომ შენ გითხრან ეს.

არათანაბარი კონკურენციის პირობებში ადამიანები კიდევ უფრო ღატაკდებიან და ერთეულები მდიდრდებიან, რეალურად ქვეყანა ერთ დიდ ბანკად არის ქცეული და ჩვენ გვყავს არა მმართველი, არამედ დირექტორი. ქვეყანა არის შპს.

რამ შეიძლება შეცვალოს ეს დამოკიდებულება?

ცვლილების ერთადერთი გზა არჩევნებია, ჩვენი ქვეყანა გამოვიდა სხვა ცვლილებებიდან, მაგრამ ესენი იმდენად დაშორებული არიან რეალობას, რომ არჩევნებსაც ყოველთვის ისინი მოიგებენ, ასე ჰგონიათ. მე მგონია, რომ გამოსავალი არის ის, რომ ახალი მიმართულება აიღოს ქვეყანამ, მაგრამ კრიზისია: ვინ უნდა გააკეთოს ეს, ამასაც ვერ ვხედავ. ეს ორი პარტია – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთით სულდგმულობს.

მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად რადიკალური ცვლილებების დროა, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცი, მართლა ჩიხში ვართ. ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ კრიზისია.

 

როგორ ჩავრთოთ ბავშვებისთვის უსაფრთხო რეჟიმი კომპიუტერში [ვიდეოინსტრუქცია]

? რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ დაიცვათ თქვენი შვილის უსაფრთხოება კომპიუტერთან – რა პროგრამებსა და თამაშებზე მიუწვდება ხელი? როგორ უნდა გააკონტროლოთ მის მიერ გატარებული დრო ინტერნეტში? – ამისათვის შეგიძლიათ კომპიუტერში გააქტიუროთ “მშობლის კონტროლის” ფუნქცია. Windows 7-ის შემთხვევაში უსაფრთხო რეჟიმის გასააქტიურებლად გთავაზობთ ვიდეო ინსტრუქციას.
მიჰყევით მას:

1.5-კრედიტქულიანი ტრენინგი ინგლისურის მასწავლებლებისთვის

ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის გამოცხადდა რეგისტრაცია ტრენინგზე „პროექტებით სწავლება“. ტრენინგის სრულად გავლის შემთხვევაში პედაგოგებს მიენიჭებათ 1,5 კრედიტქულა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ტრენინგის მიზანია დაეხმაროს ინგლისური ენის მასწავლებლებს საკუთარ სასწავლო პრაქტიკაში დანერგონ პროექტზე დაფუძნებული სწავლების პრინციპები.

ტრენინგში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლის მასწავლებლებს.

ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაცია ცხადდება ეტაპობრივად გარკვეულ რეგიონებში, პირველ ეტაპზე ცხადდება თბილისში. „რეგისტრაცია გაითიშება ავტომატურად 400 ბენეფიციარის დარეგისტრირებისთანავე“.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.

რას იგებს „ქართული ოცნება“ დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერით? – ინტერვიუ

„სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატია, ზეპარტიული,“ – ეს ფრაზა ხშირად გვესმის „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან. ამ განცხადებების ფონზე „ქართული ოცნება“ თითქმის სრული შემადგენლობით უჭერს მხარს „დამოუკიდებელ კანდიდატს“. „ქართულ ოცნებას“ საკუთარი კანდიდატი ოფიციალურად არ ჰყავს, თუმცა საარჩევნო შტაბებიც კი გახსნა პარტიამ დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდასაჭერად. შტაბებს არჩეული მერები ხელმძღვანელობენ.

რატომ და ვინ არჩია სტატუსი „დამოუკიდებელი“, რა პოლიტიკური გათვლაა ამ ნაბიჯის უკან და რა საფრთხე გველის ქართულ პოლიტიკაში სამომავლოდ, თუკი დამოუკიდებელი კანდიდატი გახდება პრეზიდენტი, ხოლო კრიტიკულ სიტუაციაში მმართველი პოლიტიკური ძალა შეახსენებს ამომრჩეველს, რომ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭირეს მხარი – „ბათუმელები“ პოლიტოლოგს, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ხელმძღვანელს, ლევან ცუცქირიძეს ესაუბრა.

ბატონო ლევან, რა გათვლებით იმოქმედა „ქართულმა ოცნებამ“, ასევე, სალომე ზურაბიშვილმა, როცა ამომრჩეველთან მივიდა, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი? 

მე ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებლობა არის მხოლოდ ფიქცია. სალომე ზურაბიშვილი არაა დამოუკიდებელი კანდიდატი და ამას ყველა ცალსახად ხედავს. ის არ იყო დამოუკიდებელი არც მაშინ, როცა მაჟორიტარი კანდიდატი იყო. მას თავის დროზეც ეხმარებოდა „ქართული ოცნება“ და მისი აქტივი. დღესაც, თუ შევხედავთ პარტიულ მხარდაჭერას, ამ ფონზე კიდევ ვინმეს თუ ჰგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატია, არ ვიცი. მე ასეთ ადამიანს ვერ ვპოულობ.

ჩემთვის გაუგებარია, რა ტაქტიკური მიზანი ჰქონდა ამ ნაბიჯს. სავარაუდოდ არჩიეს იმიტომ, რომ დასავლეთს ვეტყვით, აი, რა დემოკრატიულები ვართ, საპრეზიდენტო ოფისს დამოუკიდებელ კანდიდატს ვაბარებთო. ასევე იყო გათვლა, რომ მერე თუ რაღაც მოხდა, ვიტყვით, ეს ხომ ჩვენი კანდიდატი არ იყოო. მაგრამ არ ვიცი, ვინ უნდა დაიჯეროს ეს, რომელმა ჩვენმა პარტნიორმა და გულშემატკივარმა.

ხომ არ ყოფილა დამოუკიდებელ კანდიდატის კუთხით რჩევა ევროპელი პარტნიორებისგან? 

არა მგონია, ევროპელი პარტნიორები რამეს ასე ეუბნებოდნენ ხელისუფლებას. ზოგადად, ჩვენი ნამდვილი მეგობრები საკმაოდ შეშფოთებულები არიან, მაგალითად, ერთპარტიული სისტემის შექმნის საფრთხით და იმით, რომ ძალაუფლება მოქცეულია ადამიანების ვიწრო წრეში… საზოგადოებას შესაძლოა უნდოდეს ამ ფონზე ზეპარტიული, დამოუკიდებელი კანდიდატი, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი ასეთი არ არის. იგი დგას „ქართული ოცნების“ მხრებზე და მათ გარეშე იგი არაფერს წარმოადგენს.

რას იგებს პოლიტიკურად „ქართული ოცნება“ დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერით? 

პირიქით, აგებს. პარტია გვეთვალთმაქცება, როცა მთელი პარტიული რესურსი დარაზმულია ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდასაჭერად…

წინასაარჩევნო კლიპებშიც „ოცნების“ ლიდერები ხაზს უსვამენ კანდიდატის დამოუკიდებლობას. მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ერთ-ერთ კლიპში საუბრობს სალომე ზურაბიშვილის ზეპარტიულობაზე და იმაზე, რომ ის მმართველი პოლიტიკური ძალის კრიტიკას შეძლებს. 

როგორც ჩანს, ასე შეთანხმდნენ, რომ ეს ხშირად უნდა იმეორონ, ერთგვარი ფასადი ჩამოიფარეს. ჩათვალეს, რომ რაც უფრო მეტჯერ გაიმეორებდნენ ამ ზეპარტიულობას, ამას ხალხი დაიჯერებს. ვფიქრობ, რომ აცდენილია შეხედულება საზოგადოებაზე, რადგან ხალხი ყოველდღიურად ხედავს პარტიულ აქტივობას სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ.

საერთოდ, ჩვენთან, პოლიტიკოსების ნათქვამი ხშირად არის აცდენილი რეალობისგან. მნიშვნელოვანია, კანდიდატი დამოუკიდებლად ახერხებდეს საარჩევნო კამპანიის ჩატარებას. ბუნებრივია, სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლად არაფერი შეუძლია.

თუკი სალომე ზურაბიშვილი გახდება პრეზიდენტი, რა საფრთხე შეიძლება მივიღოთ პოლიტიკურად? 

ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი, ზოგადად, სახიფათო პოლიტიკური კანდიდატია, მათ შორის, საგარეო პოლიტიკურ ფრონტზე გაკეთებული განცხადებებით. რაც შეეხება საფრთხეს, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს – „ოცნება“ ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებებზე იმის თქმით, რომ იგი დამოუკიდებელი კანდიდატი იყო.

პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ დგება მხოლოდ იმის მიხედვით, თუ რა წერია ქაღალდზე, პოლიტიკური პასუხისმგებლობა დგება იმის მიხედვით, თუ რა ხდება რეალურ პოლიტიკაში. თუკი სალომე ზურაბიშვილი შექმნის მომავალში პრობლემებს, ამაზე პასუხი მოეთხოვება სალომე ზურაბიშვილს და „ქართულ ოცნებას“ ერთიანად.

 

რუსთაველზე კორპუსის ფასადის შეცვლისთვის ბათუმის მერია ნახევარ მილიონ ლარს დახარჯავს

ბათუმში, რუსთაველის 41-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ფასადის სარეაბილიტაციოდ ქალაქის მერიამ 531 346 ლარი გამოყო. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტის მიხედვით, სახლის ფასადზე ლითონის კონსტრუქციები, მოაჯირები და მზისგან დამცავი ალუმინის ჟალუზები მოეწყობა.

ფასადის გარდა, ამავე ტენდერის ფარგლებში, საცხოვრებელი კორპუსის სახურავიც გარემონტდება.

„რუსთაველის 41-დან რამდენიმე განცხადება იყო შემოსული მერიაში ფასადის რეაბილიტაციის მოთხოვნით. გარე ფასადი მაქ არის ბამბუკის კონსტრუქციით მოწყობილი. შევიძინეთ პროექტი, თუმცა მოსახლეობამ უარი თქვა შუშის აივნებზე და შემდეგ შევაცვლევინეთ ლითონის კონსტრუქციით. ამან წაიღო გარკვეული დრო“, – გვითხრა სულხან ევგენიძემ, ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსმა.

ტენდერში წინადადებების მიღება 2018 წლის 11 ნოემბერს დაიწყება და 15 ნოემბერს შეწყდება. სახლის ფასადზე სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 2 ივნისამდე პერიოდში უნდა დასრულდეს.

სულხან ევგენიძის თქმით, მერია მუშაობს კონკურსის გამოცხადებაზე რუსთაველის ქუჩაზე მდებარე გარკვეულ კორპუსებთან მიმართებაში, თუ რომელი ფერები იქნეს შერჩეული და როგორი იყოს ამ სახლების ვიზუალი:

„აქ შედის 12-სართულიანი კორპუსები თეატრის მიმდებარედ, ასევე თეატრის გვერდით, რუსთაველის 10-ში მდებარე კორპუსი, ვაჟა-ფშაველას 5 [ბარბარეს ეკლესიასთან], რუსთაველის 57-61 კუთხის სახლი [ე.წ. კგბ-ს ბინები]. პირველად ამ ზოლს ავიღებთ და გამოვაცხადებთ კონკურსს – ვნახავთ რას შემოგვთავაზებენ საპროექტოები [აქცენტი გვაქვს საღებავის ხარისხზე, მოაჯირების ვიზუალზე] და შემდეგ შევისყიდით პროექტს და ხარჯთაღრიცხვას. სამუშაოებისთვის თანხა, სავარაუდოდ, ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული“.

ბათუმში, რუსთაველის 41-ში მდებარე სახლის არსებული ფასადი და ფასადის ესკიზი [მოაჯირები და ჟალუზები] რეკონსტრუქციის შემდეგ
სახლი ბათუმში, რუსთაველის 41-ში [გვერდითი ფასადი] და ლითონის მოაჯირის დეტალის ესკიზი, რომელიც უნდა მოეწყოს ამ სახლის ფასადზე

სახლი ვაჟა-ფშაველასა და რუსთაველის ქუჩების გაკვეთაში ბათუმში / ქალაქის მერია სამომავლოდ ამ და რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სხვა სახლების გარე ფასადების შეცვლას გეგმავს
მთავარი ფოტო: სახლი ბამბუკის ფასადით რუსთაველის 41-ში, ბათუმში, რომლის გარე ფასადის რეაბილიტაციისთვის ბათუმის მერიამ ნახევარ მილიონზე მეტი ლარი გამოყო.

შეექმნება თუ არა ავტორიზაციის პრობლემა სკოლას, რომელიც კორპუსმა ჩააბნელა

ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის 30 ნომერში, სკოლა-ლიცეუმ „თაობას“ შენობასთან, მაღალსართულიანი კორპუსი შენდება. კორპუსის კედელი სკოლის ფანჯრებთან იმდენად ახლოს არის ამოყვანილი, რომ საკლასო ოთახების დიდი ნაწილი ჩაბნელდა.

იცოდა თუ არა სკოლის ადმინისტრაციამ, რომ სკოლასთან ახლოს მრავალსართულიანი კორპუსი შენდებოდა, რომელიც ბუნებრივი განათების პრობლემას შეუქმნიდა სკოლას?

„ბათუმელები“ სკოლის დირექტორს ომარ მიქელაძეს ტელეფონით ესაუბრა. დირექტორი ამბობს, რომ მშენებლობის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა. თუმცა, დასძენს, რომ სათანადოდ არ იყო ინფორმირებული მშენებლობის მასშტაბებსა და იმაზე, თუ რამდენად ჩააბნელებდა ახალი კორპუსი სკოლის ფანჯრებს.

დირექტორი ამბობს, რომ საჩივრით არც ბათუმის მერიისთვის მიუმართავს. სატელეფონო საუბარში ის იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც სკოლის ირგვლივ სხვა კორპუსების მშენებლობამ შექმნა. თუმცა გვეუბნება, რომ ამ თემაზე კომენტარის გაკეთება ოფიციალურად არ სურს.

„ერთმა კორპუსმა რამდენიმე საკლასო ოთახი ისე ჩააბნელა, შუქის ანთების გარეშე არაფერი არ ჩანს. სკოლის წინ კიდევ ერთი კორპუსი შენდება, ღობე იმდენად გადმოწიეს, რომ მუნიციპალური ავტობუსი ქუჩაზე ვეღარ შემოდის“, – ამბობს კერძო სკოლის დირექტორი.

„ბათუმელებისთვის“ ცნობილია, რომ ამ მშენებლობაზე ნებართვა წინა მერის, გიორგი ერმაკოვის პერიოდში გაიცა. ამის მიუხედავად, გვინდოდა ბათუმის მოქმედი მერისთვის გვეკითხა, რას ფიქრობს ამ ტიპის განაშენიანებაზე. ასევე გვაინტერესებდა ლაშა კომახიძის ხედვა, უნდა ველოდოთ თუ არა მისი მერობის პირობებში მსგავს პროექტებზე ნებართვის გაცემას. მერიის პრესსამსახურისგან კი მხოლოდ ის განმარტება მივიღეთ, რომ აღნიშნული მშენებლობები ლაშა კომახიძის მერობის დროს არ დაწყებულა.

ბუნებრივი განათება აუცილებელია სასწავლო დაწესებულებისთვის. ამას სკოლების ავტორიზაციის სტანდარტი მოითხოვს. „თუ სკოლის წინ საცხოვრებელი კორპუსი სკოლის აშენების შემდეგ დაიდგა, ვფიქრობ, ამის გამო სკოლას ავტორიზაციის პრობლემას არ შევუქმნით,“ – ამბობს განათლების სამინისტროს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დათო კობახიძე.

მშენებლობის სტანდარტების მიხედვით, კომპანია ვალდებულია მშენებლობის დაწყებამდე გამოაკრას საინფორმაციო დაფა, სადაც განთავსდება ინფორმაცია ობიექტის პარამეტრებისა და მშენებლობის წესების შესახებ. სკოლა-ლიცეუმ „თაობასთან“ აშენებულ კორპუსზე მსგავს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ ვერ აღმოაჩინა.

ამავე თემაზე:

ანგისა და ადლია – ბათუმში ცათამბჯენების ახალი დასახლება ჩნდება (ფოტო)

რას ნიშნავს, როცა ფაშისტური იდეოლოგიის ლიდერს 15 ადვოკატი იცავს

რას ნიშნავს, როცა ფაშისტური იდეოლოგიის ლიდერს საქართველოში 15 ადვოკატი უფასოდ იცავს, რას ეძახიან პატრიოტიზმს და სამშობლოს სიყვარულს საქართველოში და რა შედეგამდე შეიძლება მივიდეს ქვეყანა, რომელიც ოლიგარქიული სისტემით იმართება? –  „ბათუმელების“ კითხვებს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე პასუხობს:

ის, რომ ფაშისტური იდეოლოგიის ლიდერს 15 ადვოკატი იცავს, აჩვენებს გარკვეულ კეთილგანწყობას იმ იდეების მიმართ, რომელსაც ეს ადამიანი გამოხატავს. თუმცა აქ რაიმე ღირებულებებსა და იდეალებზე საუბარი შეუძლებელია, უფრო გატაცებაა ფაშიზმით, რომელიც თავიდან ბოლომდე სიძულვილის იდეოლოგიაა.

როგორც ჩანს, ამ სიძულვილს ბევრად ღრმა ფესვები აქვს ჩვენთან და ბევრად მეტი მიმდევარიც შეიძლება ჰყავდეს, ვიდრე ეს ჩვენ ერთი შეხედვით გვგონია და გვეჩვენება.

ბატონო გიორგი, კითხვაზე, რატომ იცავთ გიორგი ჭელიძეს? – ამ ადვოკატებმა რადიო „თავისუფლებას“ უთხრეს: „იმიტომ, რომ სამშობლოს მოყვარულია“, „ეროვნულ ღირებულებებს იცავს“, „ჯვარს იცავს“… რატომ აიგივებენ ფაშიზმს სამშობლოს სიყვარულთან ? 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი იმაში, რომ ჰიტლერის რეჟიმი შედგა და მან შეძლო განეხორციელებინა მთელი რიგი სისასტიკეები და არაადამიანურობები, არის იურისტების დიდი დამსახურება. 1933 წელს, როდესაც ჰიტლერმა გააჩერა კონსტიტუციის მოქმედება, ამას მოჰყვა იურისტების დიდი მხარდაჭერა. ამდენად, ისტორიული თვალსაზრისით, იურისტობა თუ ადვოკატობა არ არის ღირებულებათა სისტემის განმსაზღვრელი, მით უმეტეს ჩვენთან, სადაც მთელი სასამართლო სისტემა არის დისკრედიტებული და ობიექტურადაც, რადგან არც ადვოკატის და არც მოსამართლის მიმართ ნდობა არ არსებობს.

ხშირად ეს ადამიანები არც ინტელექტით გამოირჩევიან და არც  საკუთარი საქმის ცოდნით თუ კეთილსინდისიერებით. წესით, ეს ხალხი უნდა იყოს სასამართლოს და სამართლიანობის, კანონის უზენაესი დამცველი და მათთვის გარკვეულ სიწმინდეს უნდა წარმოადგენდეს ეს. რა თქმა უნდა, ყველას არ ვაერთიანებთ ამ ნიშნის ქვეშ. მეორე მხრივ, ფაშიზმის სამშობლოს სიყვარულთან გაიგივება სუსტ ინტელექტუალურ მდგომარეობაზე მეტყველებს.

საბოლოო ჯამში მივდივართ ყველაზე მთავარ პრობლემასთან – იმასთან, თუ რა არის პატრიოტიზმი, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული და რასთან იგივდება ის. რეალურად ეს ყველაფერი გაიგივებულია ძალიან დიდ სიმახინჯესთან თავისი ყველანაირი ექსტრემისტული ფორმის გამოვლინებით და დაფიქრება ღირს იმაზე, რატომ მოხდა, სამშობლოს სიყვარულის გაიგივება სიძულვილის ენის იდეოლოგიებთან.

სოციალურ ქსელში მასწავლებლების კომენტარები წავიკითხე – ეს ყველაფერი განათლების სისტემის დამსახურებაც არის, რადგან სკოლამ ვერ ჩამოუყალიბა ამ ადამიანებს სწორი ღირებულებებიო. სად და როგორ ისწავლება რეალურად სამშობლოს სიყვარული?

ძალიან ბევრის მომცველი თემაა. ჩვენთან არც უახლესი წარსულის გააზრება მომხდარა. გვაქვს რაღაც ტიპის პოლიტიკური შეფასებები, ვიღაცას ვაცხადებთ გმირად, ვიღაცას მტრად, თუმცა რა იგულისხმება ამ ფორმულის უკან, ამაზე არანაირი მსჯელობა არ მიდის.

არ გვაქვს გააზრებული, რატომ გაჩნდა საქართველოში ამდენი რელიგიური თუ ეთნიკური კონფლიქტი, ვინ გააჩაღა? ვიპოვეთ მარტივი გამოსავალი და შევთანხმდით, რომ რუსეთია დამნაშავე, სხვა პრობლემა არ გაგვაჩნია.

არის კიდევ უცხოელების თემა, რითაც იკვებება თანამედროვე ფაშიზმი. როცა ვამბობთ, რომ ორი მილიონი ქართველი გასულია, არ ვფიქრობთ იმაზე, არის თუ არა ეს ხალხი ტვირთი იმ ქვეყნებისთვის, რომლებშიც არიან. მით უმეტეს მაშინ, როცა საკმაოდ ბევრი კრიმინალია მათ შორის. რა იწვევს მიგრაციას? ეს ადამიანები გასული არიან არა იმისთვის, რომ რაიმე ექსპანსია მოაწყონ, არამედ გაუსაძლისი მდგომარეობა და გაჭირვება დგას ემიგრაციის უკან. ის, რომ უცხოელი მოდის აქ, ალბათ კიდევ უფრო უარეს გაჭირვებაშია, რადგან ისეთ ქვეყანაში ჩამოდის, საიდანაც ქართველები გარბიან.

არგუმენტები, რომ ჩვენ ისედაც არ გვაქვს სამუშაო ადგილი და სხვა გვართმევს, მიწას გვართმევენ და ა.შ. არის მიზეზი ფაშისტური განწყობების გაძლიერების?

სოციალურ-ეკონომიკურ მიზეზებთან, რა თქმა უნდა, არის კავშირში, მაგრამ სოციალური სამართლიანობის პრობლემასთან უფრო გვაქვს საქმე. ვისთვის შენდება თბილისსა და ბათუმში ამდენი სახლი? ქართველი მოსახლეობისთვის არ შენდება, რადგან ამდენი სახლის საჭიროება ამ ქვეყანაში არ არის.

საქმე გვაქვს იმასთან, რომ სამშენებლო კომპანიები, დიდი ოლიგარქები, აკეთებენ ფულს და მათ არანაირი – არც სახელმწიფოებრივი, არც ეროვნული გრძნობები არ გააჩნიათ, გარდა საკუთარი გამდიდრებისა, ფულის მოხვეჭის და გაუმაძღრობისა. ისინი ანადგურებენ ქალაქებს. დაასახიჩრეს საქართველო, განსაკუთრებით თბილისი და ბათუმი და ამას აკეთებს ქართველი დეველოპერი, ქართული ბანკი. ქართული ბიზნესი მუშაობს სამშობლოს გაყიდვაზე, თუ შეიძლება ასე ითქვას, რადგან მათ სხვა გასაყიდი არ აქვთ. და ამის გადაბრალება უცხოელზე, მდიდარი იქნება თუ ლტოლვილი, უბრალოდ, გონებრივი შეცდომაა. ანუ ვერ დაინახო რეალური პრობლემა და ზედაპირულად დაინახო ის, რომ უცხოელი შემოვიდა.

ვერცერთი უცხოელის შემოსვლა ვერაფერს უზამს ადგილობრივ მოსახლეობას და კულტურას, თუ მას საკმარისი საკუთარი სიმყარე აქვს. ჩვენ, ფაქტობრივად, ამით ვაჩვენებთ იმას, რომ ჩვენი ცნობიერება, რომელიც დაავადებულია ნაციონალიზმის თუ თვითგანდიდების მანიით, სინამდვილეში არაფერზე არ დგას და კულტურის, სუვერენულობის სიმყარე არ გაგვაჩნია.

ხშირად ვიმეორებთ, რომ ვართ პირველი ევროპელები, რომ ჩვენი ფესვები და კულტურა დგას ევროპულ ღირებულებებზე. ევროპული ღირებულებები კი დგას ადამიანის თავისუფალ ნებაზე, თანასწორობაზე… რატომ არის რეალობა ასეთი განსხვავებული?

იმიტომ, რომ ეს გაცხადებული ღირებულებები ცარიელი, გაუაზრებელი და შინაარსს მოკლებული ლოზუნგებია. როგორ შეიძლება ქვეყანა იძახდეს, რომ მას აქვს ევროპული ღირებულებები და მთავარი ევროპული ღირებულება, მთავარი ევროპული გამონაგონი, რომელიც არის სოციალური თანასწორობა და სოციალური სახელმწიფო აგებული ზრუნვასა და სოლიდარობაზე, საერთოდ არ ფიგურირებდეს ქვეყანაში.

ევროპა და მისი ღირებულებები წარმოგვიდგენია მატერიალურ კეთილდღეობად. ეს არის დიდი სუპერმარკეტი, დიდი მაღაზიათა ქსელი, სადაც მივდივართ საყიდლებზე. ვისაც ფული აქვს, რა თქმა უნდა.

ევროპისკენ სწრაფვაზე როგორ შეიძლება სერიოზული ლაპარაკი, როდესაც გვაქვს არაფორმალური ოლიგარქიული სისტემა მთელი თავისი ცინიზმით. ჩვენ დავინახეთ მთავარი ოლიგარქის საუბარი, რომელსაც დაკარგული აქვს ყველანაირი რეალობის განცდა. მისდამი დაქვემდებარებულ კარისკაცებს კი, რომლებსაც ხან მთავრობა ჰქვია და ხან დეპუტატები, იმდენი ღირსების და თავმოყვარეობის გრძნობა არ გააჩნიათ, რომ არ იყვნენ მარიონეტები.

თუმცა ჩვენ არ გვაქვს მხოლოდ ერთი ადამიანის ოლიგარქია, არამედ ოლიგარქიული სისტემა. რამდენიმე ბანკის, რამდენიმე დიდი ბიზნესმენის მმართველობა, რომლებიც ყველანაირ გადაწყვეტილებას იღებენ. ამის უკან დგას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც, როგორც მეწილე ფულის კეთების და ამ მახინჯი სისტემის მთავარი დამცველი.

არ მახსენდება ხელისუფლება, რომლის არჩევით და მუშაობით ხალხი იყოს კმაყოფილი. რატომ ვირჩევთ ასეთ ხელისუფლებას?

ჩვენში ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ გაიმეტა ხალხისთვის გადაეცა ძალაუფლება, რაც არის დემოკრატიის ამოსავალი პრინციპი. მხოლოდ აბსტრაქტულად არ ვლაპარაკობ, ავიღოთ პატარა დასახლებული ადგილი, სადაც ადგილობრივებმა უკეთ იციან რა პრობლემები აქვთ და როგორ შეიძლება მოაგვარონ, მაგრამ არავინ აძლევს ამის უფლებას. ვიძახით, რომ მიუჩვეველია საზოგადოება, მაგრამ ეს იძულებითი პასიურობაა. ამ მიუჩვევლობას ქმნის პოლიტიკური სისტემა.

ამერიკა არის ნათელი მაგალითი თვითმმართველობების, რადგან იქ გაჩნდა ეს სისტემა. იქ ხალხი ირჩევს ვინც უნდა და ზემოდან ვერ მოახვევს ვერავინ ვერაფერს. ჩემს თავზე და საქმეზე რომ პასუხისმგებელი ვარ, ეს არის პოლიტიკური სისტემის შედეგად მიღებული და არა იმიტომ, რომ ამერიკელი ან იაპონელი რაიმეთი აღმატებულია.

ფაქტია, რომ ვერ ვცვლით მოცემულობას. რატომ?

იმიტომ, რომ ჩვენ გვყავს პოლიტიკოსები და ადამიანები ხელისუფლებაში მომხვეჭელობის მიზნით – არა აქვთ არანაირი ხედვა და იდეოლოგია. დღეს პოლიტიკა არის დეპოლიტიზებული. თავიდან ბოლომდე ანგარებაზე, მატერიალურ კეთილდღეობაზე აგებული.

და რა აჩენს ფაშიზმს – ეს ეხება არა მარტო საქართველოს, ნეოფაშიზმი ძირითადად ეფუძნება იმას, რასაც ნეოლიბერალური კაპიტალიზმი გულისხმობს. ყველანაირი სახელმწიფო რეგულაციების მოშლას, საკუთარ თავზე მორგებულ სისტემას, სადაც არანაირი სოლიდარობის პრინციპი და ზრუნვა სხვა ადამიანზე არ უნდა არსებობდეს. ბიძინა ივანიშვილმა რაც თქვა იმას – ღარიბები რომ არსებობენ, ეს მათი ბრალიაო.

ასეთ სისტემაში იშლება კოლექტიური ერთობის ყველანაირი ფორმა. ეს პრობლემა აქვს დღევანდელ ევროპასაც, ამერიკას და ა.შ. ის, რასაც შეიძლება წარმოადგენდეს ერი, მას ეცლება ეკონომიკური საფუძველი და რჩება ამ ერთობის პრიმიტიული, სისხლით ნათესაობის პრინციპი. ამ პრინციპზე არის აგებული თანამედროვე ნეოფაშიზმი და ეს არის ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის პირდაპირი შედეგი.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ევროპა შეთანხმებულია გარკვეულ ღირებულებებზე, რაზე შეთანხმებაც ჩვენს საზოგადოებაში არ არსებობს.

ეს იმიტომ, რომ იდეოლოგიურ დოგმებზე არავინ დაფიქრებულა და არ გადაუსინჯავს. ამ იდეოლოგიის დამკვიდრების უკრიტიკო მიღების შედეგია ის კონფლიქტები, რომლებიც საქართველოში გაჩნდა და დაგლეჯამდე მიიყვანა ქვეყანა.

თქვენ ერთ-ერთ გადაცემაში თქვით, რომ „მორალური და ზნეობრივი ხრწნის ძალიან ღრმა სტადიაში ვიმყოფებით“. საიდან შეგვიძლია ცვლილებების დაწყება?  

მორალის ამბავში კი, ეკლესიამაც ითამაშა დიდი როლი, რადგან ქართულ ეკლესიაში მორალური მოძღვრება შეცვლილია რიტუალით. მთავარია, სანთელს ვანთებდე, მოძღვარს ვჩუქნიდე საჩუქრებს და ვიფიქრო, რომ ამით ვარ განწმენდილი. მაშინ, როცა ქრისტიანობის საწყისი ადამიანის მორალური და ზნეობრივი გამყარება. ევროპას აქვს კიდევ გონებაზე დაფუძნებული მორალი და ზნეობა. ერთადერთი, რაზეც არსებობს შეთანხმება [საქართველოში], ადამიანის პირადი ცხოვრებაა და აქაც ვიჭრებით.

გამოსავალი, ალბათ, არის შეთანხმება იმაზე, რომ ჩვენ, ჯერჯერობით, ვართ არშემდგარი ერი და დავიწყოთ ხელახლა ამაზე მუშაობა ყველა მიმართულებით. ამან უნდა გააჩინოს პოლიტიკური სივრცე, პირველ რიგში.

ავარია ბათუმში

ცოტა ხნის წინ ბათუმში, ბაგრატიონისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში, მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა ერთმანეთს. შსს-ს ინფორმაციით, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

„მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მუხლით დაჯარიმდება მძღოლი, ვის ბრალეულობასაც გამოძიება დაადგენს“.

სარფის საბაჟოზე თურქული მხარე მსუბუქ ავტომობილებს ვერ ატარებს

სარფის საბაჟოზე იმ მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება, რომლებსაც თურქული სანომრე ნიშნები არ აქვთ, ვერ ხერხდება.

როგორც „ბათუმელებს“ შემოსავლების სამსახურში განუმარტეს, პრობლემა თურქულ მხარეს აქვს.

„ავტობუსებს და ტრაილერებს ჩვეულებრივ ატარებს. რაც შეეხება მსუბუქ ავტომობილებს, ამ დროისთვის ვერ ხერხდება თურქული მხარის მიერ არათურქულნომრიანი მანქანების იდენტიფიცირება. უცნობია, როდის აღმოიფხვრება ეს პრობლემა მათი მხრიდან,“ – ამბობენ შემოსავლების სამსახურში.

განახლება: 

ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს ცნობით, ამ დროისათვის [11:35; 26 ოქტომბერი] სარფის საბაჟოზე პრობლემა აღმოფხვრილია და მანქანები შეუფერხებლად გადაადგილდებიან.

ხულოში თოვს, ხვალ დღის მეორე ნახევარში გამოიდარებს

ხულოს რამდენიმე სოფელში გათოვდა. თხილვანის თემში თოვა ამ დილით დაიწყო. სინოპტიკოსების ცნობით, დღის განმავლობაში კიდევ უფრო აცივდება და თოვაც ხვალ შუადღემდე გაგრძელდება. ხვალ დღის მეორე ნახევრიდან აჭარის მთასა და ბარში გამოიდარებს.

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის მონაცემებით, აჭარის მთაში დღეს 0-5 გრადუსი სითბოა, ღამით კი ტემპერატურა – 2 გრადუსამდე დაიკლებს. ხვალ, 27 ოქტომბერს, მთაში ჰაერის ტემპერატურა 5-დან 10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ისევ ყინვა იქნება.

აჭარის სანაპირო ზოლში დღეს, 26 ოქტომბერს, ჰაერის ტემპერატურა +10 – +12 გრადუსია. ხვალიდან ჰაერი 13-დან 18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი, 5-10 გრადუსი სითბო იქნება.

„ხვალ გამოიდარებს დღის მეორე ნახევრიდან. მომდევნო სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა თანდათან მოიმატებს,“ – გვითხრეს სინოპტიკოსებმა.

დღეს და ხვალ შტორმი იქნება ზღვაზეც – დაახლოებით 4 – 5 ბალი.

 

 

 

ხულო, თხილვანას თემი, სოფელი მთისუბანი. ფოტოები მოგვაწოდა მამუკა ქამაშიძემ

„ვახშამზე რჩეული ქობულეთელების პროექტიდან არავინ ყოფილან“ – დეპუტატს ტყუილში ამხელენ

22 ოქტომბერს რესტორან “ხალაგრანდში” გამართულ ვახშამზე პროექტ “რჩეული ქობულეთელების” ფარგლებში დაჯილდოებული ადამიანები არ ყოფილან“, – ეს “ბათუმელებს” პროექტის თანაორგანიზატორმა და საინფორმაციო მხარდამჭერმა ჯემალ მეგრელიძემ ახლახან [20:40] უთხრა. ჯემალ მეგრელიძე  საქართველოს პარლამენტის წევრის, კობა ნაკაიძის განცხადებას გამოეხმაურა – დეპუტატმა დღეს „ბათუმელებს“ უთხრა, რომ 22 ოქტომბერს „რჩეულ ქობულეთელებს“ უმასპინძლეს. პროექტის თანაორგანიზატორის თქმით, დეპუტატი იტყუება და მას საერთო არაფერი აქვს “ხალაგრანდში” გამართულ ვახშამთან.

ჯემალ მეგრელიძის თქმით პროექტი „რჩეული ქობულეთელები“  მაისში ჩატარდა.

“პროექტი “რჩეული ქობულეთელი” ნამდვილად არსებობს, უკვე ექვსი წელია ახორციელებს მედიაჯგუფი “აჭარა P.S.”-ის გაზეთი “ჩემი ქობულეთი” ქობულეთის კულტურის ცენტრთან ერთად. 60 რჩეული ქობულეთელი არის გამოვლენილი. ამ 60-დან ოთხი თუ ხუთი გარდაცვლილია. ფოტოსურათი, რომელიც თქვენ გაავრცელეთ, არ მიჩვენებს, რომ იქ მყოფთაგან რომელიმე “რჩეული ქობულეთელის” პროექტიდან ყოფილიყო.

ამასთან, ჩემთვის რესტორან “ხალაგრანდში” გამართული შეხვედრის შესახებ არაფერი ცნობილი არაა. უფრო მეტიც, წელს, მაისში, ამ ღონისძიების ჩატარებამდე ორი დღით ადრე ჩემს საავტორო გადაცემაში გავიდა ქუთაისის პენიტენციალურ დაწესებულებაში პოლიციის ძალადობის ფაქტი ერთ-ერთ ხელვაჩაურელ პატიმარზე. ამის გამო, ზურაბ პატარაძის თამადობით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოგვიცხადა პროტესტი და ღონისძიება, ფაქტობრივად, ნახევრად ცარიელ დარბაზში ჩატარდა. ახლა რაში დასჭირდა კობა ნაკაიძეს ჩემი სახელის და ჩვენი პროექტის ხსენება, აზრზე არ ვარ,” – უთხრა  ჯემალ მეგრელიძემ “ბათუმელებს”.

 

ნათია კაპანაძე: სოფო ხალვაში აჭარის ტელევიზიის ეთერიდან მხოლოდ ორი დღით მოიხსნა

დღეს, 25 ოქტომბერს, თბილისის სპორტის სასახლეში პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთან დასკვნით შეხვედრაზე აჭარის ტელევიზიის წამყვანმა, სოფო ხალვაშმაც იმღერა. სწორედ ამის გამო ტელევიზიამ მომღერლის მიმართ დისციპლინური წარმოება დაიწყო და წამყვანი ორი დღით – შაბათ-კვირას ეთერიდან მოიხსნა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორი ნათია კაპანაძე ამბობს, რომ მსგავს აქტივობაში ტელეწამყვანის მონაწილეობა მიკერძოებად მიიჩნევა.

„ეს ეხება საარჩევნო პროცესს – ჩვენ [სოფო ხალვაშთან] მიმოწერა გვქონდა ამ საკითხზე. სოფომ იცოდა, რომ მიკერძოებად ითვლება მსგავს აქტივობებში მონაწილეობა. ჩვენ შაბათ-კვირას ვგეგმავთ საარჩევნო თემატიკის გაშუქებას, კვირას ეთერში იქნება არჩევნების პროცედურებისა თუ სხვა საარჩევნო თემატიკის განხილვა. შესაბამისად, ეს გადაკვეთა [სოფო ხალვაშის სტუდიაში მუშაობა] ეთერში ვერ მოხვდება ვერც ერთ შემთხვევაში. შემდეგ, დისციპლინური წარმოების ფარგლებში შეგროვებულ მასალებზე დაყრდნობით მივიღებთ გადაწყვეტილებას. ეს ეხება, ჯერჯერობით, ორ გადაცემას – წინასაარჩევნო და არჩევნების დღის პერიოდს“, – აცხადებს ნათია კაპანაძე.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის თქმით, ამ ფაქტთან დაკავშირებულ მასალებს შემდეგში შეისწავლიან და „ამ მოცემულობის შემდეგ მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას“.

შემეცნებით-გასართობი პროგრამა „დილის ტალღა“, რომელსაც სოფო ხალვაში სხვა თანაწამყვანებთან ერთად უძღვება, აჭარის ტელევიზიის ეთერში გადის ყოველ შაბათ-კვირას, შესაბამისად, გავა 28 ოქტომბერს, ანუ საპრეზიდენტო არჩევნების დღესაც.

მთავარი ფოტო: აჭარის ტელევიზია

 

ბათუმის კინოფესტივალი დარტყმის ქვეშ – მერია დაფინანსების მოდელს ცვლის

ბათუმის მერია საერთაშორისო ფესტივალების დაფინანსებას ახალი მოდელით იწყებს. ხვალ, 26 ოქტომბერს, საერთაშორისო ფესტივალების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდება, სადაც მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ იურიდიულ პირს, გარდა საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებისა. ერთი ფესტივალის მიერ მოთხოვნილი თანხა 100 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ჯამში კი, მერია საერთაშორისო ფესტივალებს 500 000 ლარით დააფინანსებს.

ბათუმში ამ დრომდე სულ ექვსი საერთაშორისო ფესტივალი იმართება. მათ შორის ყველაზე დიდ დაფინანსებას საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი და ლიანა ისაკაძის „ღამის სერენადები“ იღებდნენ. „ღამის სერენადები“ მერიამ წელს 120 000 ლარით დააფინანსა, კინოფესტივალი კი – 200 ათასამდე ლარით.

ახალი მოდელის თანახმად, საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის ბიუჯეტი განახევრდება.

კინოფესტივალი ბათუმში 13 წელია ტარდება და ყველაზე ცნობილი და ხალხმრავალი საერთაშორისო ფესტივალია ქალაქში. მისი მთავარი მხარდამჭერი წლებია ბათუმის მერიაა. ლიანა ისაკაძის „ღამის სერენადებისგან“ განსხვავებით, სადაც ბილეთის ფასი 30-დან 90 ლარამდეა, ბათუმის კინოფესტივალზე დასწრება უფასოა.

ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურში ამბობენ, რომ ეს ფესტივალები მოსწონთ, თუმცა ბათუმში ჩატარებული ყველა საერთაშორისო ფესტივალი მერიის მიერ შეთავაზებული დაფინანსების ახალ მოდელს უნდა მოერგოს:

„ვადასტურებ, ეს ფესტივალები [„ღამის სერენადები“ და BIAFF] ჩვენთვის ღირებულია. წლებია მათთან ვთანამშრომლობთ და ორივე ფესტივალი სასიკეთო საქმეს აკეთებს ჩვენი ქალაქისთვის, ნამდვილად არ ვართ უკმაყოფილო. ეს მოდელი იმიტომ მოვიფიქრეთ, რომ ჩვენთვის მთავარია თანაბარ პირობებში ჩავაყენოთ ხელოვნების ყველა მიმართულება. ყველა ფესტივალი მონაწილეობას მიიღებს კონკურსში და კომისია გადაწყვეტს, ვინ მიიღებს დაფინანსებას. თუმცა ვერც ერთი ფესტივალი ვერ მიიღებს ასი ათას ლარზე მეტს, ასე იქნა გადაწყვეტილი, რომ ყველას ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ყველა ფესტივალი არ მიიღებს 100 000 ლარს, ამას კომისია შეაფასებს, გონივრული ხარჯთაღრიცხვა უნდა იქნეს წარმოდგენილი. ჩვენი მთავარი მესიჯი არის, რომ ყველა აპლიკანტი თანაბარ მდგომარეობაში ჩავაყენოთ,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ ლამზირა ბოლქვაძემ, ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის განათლების, კულტურის სპორტის და ახალგაზრდობის პოლიტიკის განყოფილების უფროსმა.

ბათუმის საავტორო კინოფესტივალი ერთ კვირას გრძელდება, „ღამის სერენადები“ – 10 დღეს. შედარებით უფრო ხანმოკლეა ბათუმში გამართული სხვა საერთაშორისო ფესტივალები და სხვაა ამ ფესტივალების სპეციფიკაც. ამის გათვალისწინებით, რამდენად გამოდის მერიის მიერ შეთავაზებული ახალი პირობები თანაბარი სხვადასხვა მიმართულების, სხვადასხვა ხანგრძლივობისა და მასშტაბის მქონე ფესტივალებისთვის?

კითხვაზე ლამზირა ბოლქვაძე პასუხობს, რომ ნაკლები თანხა არ ნიშნავს დაბალ ხარისხს და მართალია, ფესტივალების სპეციფიკა ესმის, მაგრამ მერიის მიდგომა ამჟამად ასეთია – ყველა თანაბარ პირობებში უნდა ჩადგეს და ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა. „მე ყველას ვგულშემატკივრობ და წარმატებებს ვუსურვებ,“ – აღნიშნა მან.

ლამზირა ბოლქვაძე, ასევე, დასძენს, რომ ამ ფესტივალებს ჰყავთ სხვა პარტნიორები და მათ აქვთ შესაძლებლობა, მოიძიონ დაფინანსების სხვა წყაროებიც.

„ბათუმელები“ „ღამის სერენადებისა“ და ბათუმის კინოფესტივალის მენეჯმენტს დაუკავშირდა მათი პოზიციის გასარკვევად. ლიანა ისაკაძის ფესტივალის ფეისბუქგვერდზე გვიპასუხეს, რომ ფესტივალის დირექტორი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. ბათუმის კინოფესტივალის მენეჯმენტში კი ამბობენ, რომ მათთვის ბათუმის მერიის ახალი მოდელი მოულოდნელია და ეს საკითხი პრობლემური იქნება ფესტივალისთვის.

„შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ამ გადაწყვეტილებით BIAFF-ი დგება სერიოზული დარტყმის ქვეშ. 13 წელი დაიხარჯა იმაში, რომ მიგვეღწია საერთაშორისო ფესტივალის დონისთვის, ფესტივალს დაემატა სექციები, ინდუსტრიული პლატფორმა, რაც ხელს უწყობს ქართული კინოს განვითარებას. აშშ-ში ჩავდივართ ნოემბერში, სადაც ქართული კინოს დღეებს ვაკეთებთ ჩვენს პარნტიორ ფესტივალთან და საუბარი იქნება სამომავლო თანაშრომლობის ნაბიჯებზე… მსგავსი ფესტივალების, რომლებიც არტთან, კულტურასთანაა დაკავშირებული, სახელმწიფოს ფინანსური მხარდამჭერის წილი ყოველთვის მაღალია, იმიტომ, რომ ამას სხვაგვარად ვერ გააკეთებ (გამონაკლისია, მაგალითად, როკ-ფესტივალები და ა.შ. ევროპასა და ამერიკაში).

რაც შეეხება სხვა მხარდამჭერებს, მაგალითად, გაქვს ბიუჯეტი 100 000 დოლარი, თუ კერძო სექტორი [რაც თითქმის გამორიცხულია ჩვენთან] დაგეხმარა და მოგცა 50 000 დოლარი და ამავე დროს სახელმწიფომ 50 000 მოგაკლო, როგორ განვითარდები?! დამატებითი მხარდამჭერების მოძიება ფესტივალის მასშტაბების გაზრდას უწყობს ხელს, თორემ სახელმწიფომ თუ თავისი წვლილი შეამცირა, ამით რა განვითარებაზეა საუბარი – მსგავსი არგუმენტი, ცხადია, მცდარია. სხვა საკითხია ლარის კურსი უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, რადგან ლიცენზიას [ფილმის ჩვენების] და ავიაბილეთების საფასურს ვალუტაში იხდი,“ – ამბობს ზვიად ელიზიანი, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის მენეჯერი, რომელიც ამ პოზიციაზე კინოფესტივალის დაარსების დღიდან მუშაობს.

იგი ვარაუდობს, რომ დაფინანსების ახალი მოდელი მერიის კულტურის სამსახურის მიერ მომზადებული პროექტია, რომელიც ვერ უძლებს კრიტიკას:

„ამ მიდგომაში არ ჩანს ფესტივალების სპეციფიკის ცოდნა, ზოგადად, კულტურული ღონისძიებების მნიშვნელობის გაცნობიერება და შესაბამისი კომპეტენცია. ჩვენ ვგეგმავთ უახლოეს პერიოდში ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს შევხვდეთ. გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტები, თუ რატომ არ შეიძლება წარმატებული ფესტივალების დარტყმის ქვეშ მოქცევა და დარწმუნებული ვართ, ყველაფერი ისე მოგვარდება, როგორც BIAFF-ის ფესტივალის და ბათუმის, როგორც საფესტივალო ქალაქის განვითარებას სჭირდება. მით უმეტეს ზაფხულში მქონდა შეხვედრა ბატონ ლაშასთან და სულ სხვა ტიპის მოდელზე იყო საუბარი, რასაც ჩვენც დავეთანხმებოდით.

გამოდის, რომ რასაც მივაღწიეთ მინიმალური რესურსებით, ყველაფერი იკარგება, რადგან ბიუჯეტის განახევრება აისახება პროგრამაზე, მასშტაბზე, სტუმრების რაოდენობაზე და ა.შ. ვამბობთ, რომ ბათუმი საფესტივალო ქალაქია და ამ დროს წარმატებულ ფესტივალებს ექმნებათ პრობლემა. BIAFF-მა უკვე დაამტკიცა, რომ ის წარმატებული ფესტივალია, უხდება ბათუმს, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქალაქის კულტურულ ცხოვრებასა და ბათუმის პოპულარიზაციაში. ბათუმში კულტურის სფეროში ბევრი პრობლემური საკითხია, რაც მოითხოვს მოგვარებას და ჯობს ალბათ ამ საკითხებით დაწყება, ვიდრე წარმატებული ფესტივალისთვის პრობლემის შექმნა“ – ამბობს ზვიად ელიზიანი.

კინოჩვენება ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე. 2018 წლის სექტემბერი

წელს ბათუმის მერიამ ქალაქში გამართული საერთაშორისო ფესტივალები ჯამში 430 000 ლარით დააფინანსა. ეს ფესტივალებია: საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი, „ღამის სერენადები“, კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, მონოპიესების საერთაშორისო ფესტივალი, ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი და გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი.

ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ღონისძიება იყო წელს „ბათუმობა“, რომელიც მხოლოდ ერთ დღეს გაგრძელდა და ამისათვის ქალაქის ბიუჯეტიდან 160 ათასზე მეტი ლარი დაიხარჯა.

საერთაშორისო ფესტივალების დაფინანსების კონკურსში ბათუმის მერიაში განცხადებები მიიღება 26 ოქტომბრიდან 26 ნოემბრის ჩათვლით. განცხადებებს  7 დეკემბრამდე განიხილავენ და კომისია კონკურსში გამარჯვებულებს დაასახელებს. ვინ იქნებიან კომისიის წევრები, უცნობია, თუმცა ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ კომისიაში იქნებიან საგანმანათლებლო დაწესებულებების, ბათუმის საკრებულოს, არასამთავრობო სექტორის და ბათუმის მერიის წარმომადგენლები.

მუსლიმური პანსიონი 3 ათასი ლარით დააჯარიმეს – პარლამენტს ლიცენზიის გადავადება მოსთხოვეს

ხელვაჩაურში, სოფელ ჩელტაში მდებარე მუსლიმური პანსიონის წინააღმდეგ რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტომ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა. ოქმის მიხედვით, პანსიონს 3 ათასი ლარით აჯარიმებენ. სამართალდარღვევის არსებობა ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ უნდა დაადასტუროს. საქმეს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი განიხილავს.

„ლიცენზიის არქონის გამო დაგვაჯარიმეს 3 ათასი ლარით. სასამართლო პროცესი გადაიდო… აჭარაში სულ 15-მდე პანსიონია, სხვა არ დაუჯარიმებიათ, როგორც ვიცი. მეტს ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით. უმჯობესია, სასამართლოს გადაწყვეტილებას დაველოდოთ“,  – გვითხრა ომარ დუაძემ, ჩელტის პანსიონის დირექტორმა.

მუსლიმურ პანსიონში, ასევე სამედიცინო რეგულირების სააგენტოში, დაჯარიმების შესახებ საუბარი არ სურთ. სააგანეტოს პრესცენტრში აღნიშნეს, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია. დაჯარიმებული პანსიონის ადვოკატმა, ლია ვაჩეიშვილმა კი მხოლოდ ის გვითხრა, რომ სასამართლო პროცესი 22 ოქტომბერს კონკრეტული გარემოებების გარკვევის მიზნით გადაიდო.

შესაბამისი ლიცენზიის მიღებას კანონი პანსიონებს, მათ შორის რელიგიური დაწესებულებების დაქვემდებარებაში მყოფ პანსიონებს, 2018 წლის პირველ სექტემბრამდე ავალებს. 2016 წელს კანონში „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც პანსიონებმა სპეციალური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ: მაგალითად, პანსიონის საძინებლის ფართობი 6 კვადრატულ მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს და იქ ორ მოზარდზე მეტს არ უნდა ეძინოს.

კანონში ცვლილებების შესვლის შემდეგ, ანუ 2016 წელს, მუსლიმურ პანსიონებში აცხადებდნენ, რომ ლიცენზიის პირობებს პანსიონები ვერ დააკმაყოფილებდნენ და კანონი რეალურად მათ დასახურად მიიღეს. მაშინ სამოქალაქო ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებდნენ იმაზეც, რომ ამავე კანონის მიხედვით, ლიცენზიის პირობების დაკმაყოფილება საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ პანსიონებს 2020 წლამდე არ მოეთხოვებათ.

რამდენი პანსიონი დააჯარიმეს სულ და რამდენმა მოიპოვა ლიცენზია კანონის მოთხოვნის შესაბამისად? – სამედიცინო რეგულირების სააგენტოში გვითხრეს, რომ ამ კითხვაზე პასუხს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შემდეგ მოგვაწვდიან. მუსლიმთა სამმართველოს მუფთმა, ბეგლარ ქამაშიძემ კი „ბათუმელებს“ უთხრა, რომ პანსიონებმა პარლამენტს ლიცენზიის პროცესის გადავადება სთხოვეს.

„ჩემთან ჰქონდათ ამ თემაზე საუბარი პანსიონების დირექტორებს. შემდეგ იყო შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროსთან თბილისში. მე ამ შეხვედრას არ ვესწრებოდი, მაგრამ ვიცი, რომ მოამზადეს ერთიანი მიმართვა პარლამენტისადმი გადავადების თხოვნით. მოთხოვნაში ავტორებს არ ჩაუწერიათ კონკრეტული დრო, როდემდე უნდა გადავადდეს ლიცენზიის მიღების დრო. ჩემი ინფორმაციით, პარლამენტს მიმართვა გაუგზავნეს, როგორც მუსლიმური, ასევე სხვა აღმსარებლობის პანსიონებმა. ეს იყო დაახლოებით ერთი თვის წინ… მერე რა მოხდა ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. ესენი არიან არასამთავრობო ორგანიზაციის სახით. ჩვენ ვაპირებთ ჩვენი პანსიონი გავხსნათ, ვმუშაობთ მაგაზე,“ – გვითხრა ბეგლარ ქამაშიძემ.

რა რეაქცია მოჰყვა პარლამენტში პანსიონების დირექტორების მოთხოვნას? – პარლამენტის იურიდიული კომიტეტის აპარატში გვითხრეს, რომ მათთან მსგავსი მოთხოვნა არ შესულა. საორგანიზაციო სამსახურში კი ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხეს.

2018 წლის სექტემბერში მუშაობა შეაჩერეს სოფლების: ბარისახოს, შატილისა და მაღაროსკარის პანსიონებმა. მედიაში ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა თქვა, რომ ეს პანსიონები სამინისტროს დაექვემდებარება და „ისინი მოექცევიან სამინისტროს სამართლებრივ და სამეთვალყურეო რეგულაციაში, რაც სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს განათლების დაუბრკოლებლად მიღების შესაძლებლობას მისცემს“.

კანონი „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ ლიცენზიის მიღებას არ ავალდებულებს იმ პანსიონებს, რომლებიც განათლების სამინისტროს აქვს დაფუძნებული.

თურქული მედია: ტრაპიზონში ლავასოღლი დააკავეს

თურქული მედიის ცნობით დღეს, 25 ოქტომბერს, თურქმა სამართალდამცავებმა ტრაპიზონში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, მინდია ლავასოღლი [მან გვარი – გორაძე ცოტა ხნის წინ შეიცვალა] დააკავეს.

წელს, 18 ივლისს, შს სამინისტრომ მინდია ლავასოღლის დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი კანონიერი ქურდობის და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით. ეს დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ბათუმელები“ მინდია ლავასოღლის ადვოკატსაც დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ ინფორმაციას ამ წუთებში არკვევს.

ამავე თემაზე: 

ვინ არის ე.წ. კანონიერი ქურდი „ლავასოღლი“, რომელსაც შსს-მ ბრალი წარუდგინა

 

სალომე ზურაბიშვილს მხარდამჭერ აქციაზე აჭარის ტელევიზიის ტელეწამყვანმაც უმღერა

პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მხარს სახელისუფლებო გუნდი უჭერს, დღეს, 25 ოქტომბერს, თბილისის სპორტის სასახლეში ამომრჩეველთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მის მხარდასაჭერად მისული იყვნენ ქართული ესტრადის მომღერლები. მათ შორის იყო მომღერალი სოფო ხალვაში, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის სახეა. ხალვაშს ყოველ შაბათ-კვირას აჭარის ტელევიზიით “დილის ტალღა” მიჰყავს.

“ბათუმელებმა” სოფო ხალვაშს ჰკითხა, ხომ არ უქმნიდა უხერხულობას ის ფაქტი, რომ მან, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელმა, პოლიტიკოსს საჯაროდ დაუჭირა მხარი.

“მე არ ვარ ჟურნალისტი. მე იმიტომ ვარ აჭარის ტელევიზიის სახე, რომ მე ვარ მომღერალი. მაშასადამე, მე, როგორც მომღერალს, შემიძლია ჩემი, ასე ვთქვათ, რაღაც პოზიცია მქონდეს. ამიტომ მე თვითონ გადავწყვიტე ასე. ადმინისტრაციასთან შეთანხმებული არაფერი არ მქონია, იმიტომ, რომ მე მგონია, შემიძლია ჩემი აზრი დავაფიქსირო,” – თქვა სოფო ხალვაშმა.

რა შინაგანაწესი აქვს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, შეუძლია თუ არა მის თანამშრომელს რომელიმე კანდიდატისადმი პოლიტიკური მხარდაჭერა გამოხატოს? – ეს  აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსს, გია ქარცივაძეს ვკითხეთ.

ქარცივაძის თქმით, “მაუწყებლის ყველა თანამშრომელი გაფრთხილებულია, რომ პოლიტიკურ აქციებში არ უნდა იყოს ჩართული. ამ შემთხვევაში დაიწყება დისციპლინური წარმოება, მოვისმენთ მის განმარტებას, შევაფასებთ მის ჩართულობას პოლიტიკურ პროცესებში და გადაწყვეტილებას მივიღებთ მერე”.

კითხვაზე, წაიყვანს თუ არა სოფო ხალვაში 27-28 ოქტომბერს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში “დილის ტალღას”, გია ქარცივაძე ამბობს: “სანამ დისციპლინური წარმოება არ დასრულდება, წაიყვანს ჩვეულებრივად. თანამშრომელია ჩვენი”.

შემეცნებით-გასართობი პროგრამა “დილის ტალღა”, რომელსაც სოფო ხალვაში სხვა თანაწამყვანებთან ერთად უძღვება, აჭარის ტელევიზიის ეთერში გადის ყოველ შაბათ-კვირას, შესაბამისად, გავა 28 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს.

განახლება:

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ აჭარის ტელევიზიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა განცხადება, რომ არჩევნების დღეს სოფო ხალვაში “დილის ტალღას” არ წაიყვანს.

 

სოფო ხალვაში მღერის სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერ აქციაზე

 

 

“ოცნების ქალაქში” საგზაო ინფრასტრუქტურისა და გარე განათების მოწყობას ითხოვენ

”ოცნების ქალაქის” დასახლებაში მოსახლეობა საგზაო ინფრასტრუქტურისა და გარე განათების მოწყობას ითხოვს. აქ მცხოვრებლებმა დღეს, 25 ოქტომბერს, აქცია გამართეს და  ხელისუფლებას დახმარება სთხოვეს. “დასახლებაში არ არსებობს საგზაო ინფრასტრუქტურა, რაც შეუძლებელს ხდის ადგილზე მცხოვრები 800-მდე ბავშვის სკოლებსა თუ ბაღებში გადაადგილებას. ასევე, არ არსებობს დასახლებაში გარე განათება, რაც ღამის საათებში სასწრაფო დახმარების გამოძახების დროს დაგვიანების პრობლემას ქმნის,” – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

კიდევ ერთი პრობლემა, რასაც დღეს “ოცნების ქალაქის” მცხოვრებლები აპროტესტებენ, დასახლებაში გამართული ელექტროგაყვანილობის არ არსებობაა, რაც ხშირად ხანძრის გაჩენის მიზეზი ხდება.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დასახლების ტერიტორიაზე არ არის განთავსებული სანაგვე ურნები, რაც ქმნის ანტისანიტარიას.

Exit mobile version