მთავარი,სიახლეები

რას ედავება პროკურატურა ბათუმის მერის წარმომადგენელს

25.01.2019
რას ედავება პროკურატურა ბათუმის მერის წარმომადგენელს

“აღნიშნული ტერიტორია იყო უკაცრიელი, თუმცა კომერციულად ძვირფასი – მიწა ტურისტულ ზონაში მდებარეობს,” – მიმართა მოსამართლეს პროკურორმა დავით ჭარბაძემ.

ამ სიტყვებით პროკურორმა მწვანე კონცხზე ერთ-ერთი მიწა აღწერა, რომელიც დაახლოებით 95 ათას ლარადაა შეფასებული და იგი ბათუმის მერიის წარმომადგენლის, გოგიტა დარჩიას შესაბამისი დოკუმენტის გაცემის შემდეგ, კერძო პირის საკუთრება გახდა.

“იქ უნდა ყოფილიყო სახლი და ბოსელი ნახაზის მიხედვით. მერიის წარმომადგენელს კეთილსინდისიერად უნდა დაედასტურებია სინამდვილე, რაც არ გააკეთა… მისმა თანასოფლელმა სახელმწიფო მიწა დაირეგისტრირა ამ გზით,”- აღნიშნა პროკურორმა.

ეს ამბავი 2017 წელს მოხდა. ამ დროს ბათუმის მერის წარმომადგენელი მწვანე კონცხზე გოგიტა დარჩია იყო. მას გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას მიედავა.

მერიის თანამშრომელი სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. გოგიტა დარჩია მერის წარმომადგენელი მწვანე კონცხზე აღარ არის, თუმცა მერიის თანამშრომლად დარჩა – ახლა იგი მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომელია და ხმაურის მონიტორინგის მიმართულებით მუშაობს.

მერის წარმომადგენლის, გოგიტა დარჩიას წერილობითი დადასტურების შემდეგ, მწვანე კონცხზე მიწის ნაკვეთი ჯაბა ღლონტმა დაისაკუთრა. ის ბათუმის მერიის ბრალდებული თანამშრომლის თანასოფლელია.

“საერთოდ არ ვიცნობ მას, სულ სხვა მხარეს ცხოვრობს,” – ირწმუნება გოგიტა დარჩია.

“ვაღიარებ, რომ დავუშვი შეცდომა, ვერ წარმოვიდგენდი… ეს არ გამიკეთებია განზრახ. ახლა ბოროტად გამოყენება სამსახურებრივი უფლებამოსილების სამშობლოს ღალატია ჩემთვის,” – უთხრა ბრალდებულმა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს, შემდეგ კი პროკურორს უსაყვედურა:

“შეგეძლოთ მერიის აუდიტის სამსახურისთვის მიგემართათ ჯერ,” – თქვა გოგიტა დარჩიამ.

“თქვენ ამბობთ, რომ ეს იყო შეცდომა, მაგრამ არც აგიხსნიათ, რაში მდგომარეობდა შეცდომა… თქვენ მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გაქვთ. მიხვედით ადგილზე და იქ დაგხვდათ ეკალ-ბარდი. იქ არ არის და არც ყოფილა სახლი…” – გაცხარდა პროკურორიც.

დიალოგში ადვოკატი ჩაერთო:

“პროცესებზე ათობით მოწმე მოიყვანეთ, მაგრამ ვერც ერთმა ვერ გამოკვეთა ბატონი გოგიტას პირადი ინტერესი. არაფერი ადასტურებს იმას, რომ ეს მან განზრახ გააკეთა რაიმე სარგებლის მიღების მიზნით,” – აღნიშნა ადვოკატმა, ზურაბ სურმანიძემ.

“ეს მან გააკეთა გამორჩენის, ან უპირატესობის მისაღებად,” – დასძინა პროკურორმა.

ადვოკატმა ამჯერად მოსამართლისთვის მიმართვა არჩია. “ის აღიარებს გულგრილობას და არა ბოროტად გამოყენებას. გთხოვთ, შეუცვალოთ კვალიფიკაცია და მისი მწირი ხელფასის გათვალისწინებით შეუფარდოთ ჯარიმა,” – დაასრულა გამოსვლა ადვოკატმა.

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი შემდეგ პროცესზე გოგიტა დარჩიას საბოლოო სიტყვას მოისმენს, რომლის შემდეგაც მან ამ საქმეზე განაჩენი უნდა გამოაცხადოს.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: