დღეს, 29 იანვარს, 23:00 საათიდან 30 იანვრის 08:00 საათამდე, ბათუმში წყლის მიწოდება შეუწყდებათ რამდენიმე უბნის აბონენტებს. წყლის მიწოდების შეფერხების მიზეზი წყალმომარაგების მაგისტრალურ მილსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომელსაც შპს „ბათუმის წყლის“ კონტრაქტორი კომპანია ატარებს.
წყალმომარაგება შეეზღუდება:
ლერმონტოვის, თაყაიშვილისა და გრიბოედოვის ქუჩებს – ჭავჭავაძისა და ბაგრატიონის ქუჩების მონაკვეთში;
მამია კომახაძისა და გ.ბრწყინვალის ქუჩებს – ს. ხიმშიაშვილისა და ოძელაშვილის ქუჩების მონაკვეთში;
პუშკინისა და ბაგრატიონის ქუჩებს – ს. ხიმშიაშვილისა და შარტავას ქუჩების მონაკვეთში;
ჯავახიშვილის ქუჩას – აბუსერიძისა და ბაგრატიონის ქუჩების მონაკვეთში;
სარაჯიშვილის ქუჩას, გრიბოედოვის, ჯავახიშვილის I და II შესახვევებს;
აბონენტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება სამუშაოებთან დაკავშირებით შეუძლიათ კომპანიის ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე: (0422) 242222 ან 1152
ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, მოვაჭრეების წარმომადგენლებსა და ქალაქის მერიას შორის შეთანხმება შედგა.
შეთანხმების თანახმად, გარემოვაჭრეები არ ავლენ ძველი ავტოსადგურის მეორე სართულზე სავაჭროდ, დაელოდებიან, როდის დადგამს ქალაქის მერია სავაჭრო ფანჩატურებს ავტოსადგურის ტერიტორიაზე და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებენ მუშაობას.
მერიაში განაცხადეს, რომ 150-მდე სავაჭრო ფანჩატური მათთვის დაახლოებით 10-15 დღეში დამზადდება.
გარემოვაჭრეების წარმომადგენლები ამჟამად ბათუმის მერიაში იმყოფებიან, დღეს ისინი მერიის მრჩეველთა საბჭოს შეხვდნენ.
შეთანხმებას ხელი უნდა მოაწეროს ავტოსადგურის ხელმძღვანელობამაც.
გარემოვაჭრეებმა დღეს მერიაში მერის, ლაშა კომახიძის სახელზე დაწერილი მიმართვა მიიტანეს და მერიას სთხოვეს, დაიწყოს ზრუნვა გარევაჭრობისთვის განკუთვნილი სივრცეების მოსაწესრიგებლად. მერიის მიერ შეთავაზებული ადგილი – ბათუმის ძველი ავტოსადგურის ტერიტორია გარემოვაჭრეებისათვის მისაღები არ იყო, ისინი შიშობენ, რომ რადგან ტერიტორია ბაზრის ახლოს მდებარეობს, მათი პროდუქციის შესაძენად მომხმარებელი ავტოსადგურის მეორე სართულზე არ ავა და შემოსავლის გარეშე დარჩებიან.
დღეს ბათუმსა და ქვეყნის სხვა ქალაქებშიც მეთორმეტეკლასელებმა აქციები გამართეს და საატესტატო გამოცდების გაუქმება მოითხოვეს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2018-2019 სასწავლო წელს მეთერთმეტეკლასელები საატესტატო გამოცდებს აღარ ჩააბარებენ. მაგრამ გამოცდების ახალი მოდელის მიხედვით, საატესტატო გამოცდების ჩაბარება მოუწევთ მე-12- კლასელებს არსებული ფორმატით. ამ ეტაპზე არ შეიცვლება ატესტატის გაცემის წესი.
განათლების სამინისტროს დაანონსებულ ცვლილებებს დღეს გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში. მისი აზრით, „მეთერთმეტეკლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები თუ უქმდება, არათანაბარ პირობებში ვაყენებთ მე-12- კლასელებს… პირადად მე მრჩება კითხვები, რატომ ვტოვებთ მე-12 კლასისთვის გამოცდებს ერთჯერადად. საბოლოო გადაწყვეტილება 13-15 თებერვლამდე გვექნება მიღებული გასვლით სხდომაზე“.
მარიამ ჯაშის თქმით, განათლების სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაცია, სადაც გაჟღერდა გამოცდების გაუქმების შესახებ, „იყო ხედვა და არა გადაწყვეტილება“.
დეპუტატის შეფასებას გამოცდების გაუქმების საკითხზე საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მეთორმეტეკლასელებს დღეს დაანონსებული აქვთ აქცია, სადაც მათთვის საატესტატო გამოცდების ჩაბარების ვალდებულებას გააპროტესტებენ. დღეს დილით ბათუმში ამ შინაარსის გამაფრთხილებელი აქციაც გამართა.
______________
მთავარ ფოტოზე: მარიამ ჯაში. ფოტო პირადი ფეისბუქგვერდიდან
ბათუმის საზღვაო პორტი თანამშრომლების წინააღმდეგ სასამართლოში დავობს. პორტი გაფიცვების უკანონოდ მიჩნევას ითხოვს.
საპროტესტო აქცია ბათუმის საზღვაო პორტში 2018 წლის აპრილში იმართებოდა. მაშინ მოშიმშილეები ითხოვდნენ „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორის, დანიარ მუხამედ რახიმის გადადგომას, სამსახურიდან გათავისუფლებული 25 თანამშრომლის დაბრუნებას და სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას.
“ამ საქმეზე დაწყებულია გამოძიებაც მცურავი საშუალებების კაპიტნების მიმართ, ვინც იმ დღეებში, ფაქტობრივად, პიკეტირება მოახდინა. გემებმა ვერ მოახერხეს შემოსვლა, ასევე – გასვლა. ეს დასჯადი ქმედებაა…” – უთხრა მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილს ბათუმის პორტის ინტერესების დამცველმა, ირაკლი გოლიაძემ.
“იმ შემთხვევაში, თუკი სარჩელი დაკმაყოფილდება, ბათუმის პორტს შეეძლება კონკრეტულ თანამშრომლებს შრომითი კონტრაქტი შეუწყვიტოს. როგორც ჩანს, ეს ინტერესია,” – ამბობს ზვიად სურმანიძე, ბათუმის პორტის პროფესიული კავშირის ინტერესების დამცველი. იგი მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ამ საქმეზე მოპასუხე პროფესიული კავშირი არ უნდა იყოს.
“ჩვენ არ ვიყავით ამ აქციის ორგანიზატორი,” – აზუსტებს ის.
რა არგუმენტებით მიიჩნევს გაფიცვას უკანონოდ ბათუმის პორტი? – ირაკლი გოლიაძეს ამ საკითხზე არც სხდომაზე და არც სხდომის დასრულების შემდეგ არ უსაუბრია. მან მოსამართლეს სხდომის გადადება მოსთხოვა.
“არსებობს მორიგების შესაძლებლობა. ეს პირადად ჩემი ინიციატივაა,” – თქვა ბათუმის პორტის იურისტმა.
სხდომის გადადების შუამდგომლობას პროფესიული კავშირიც დაეთანხმა.
“ორივე მხარის მზაობა ჩანს. სხდომა გადაიდება,” – აღნიშნა მოსამართლემ და შემდეგი სხდომის თარიღი გამოაცხადა. თუკი მხარეები ვერ მორიგდებიან, საქმის არსებითი განხილვა დაიწყება.
დღეს, 29 იანვარს, ბათუმის მერიასთან გარემოვაჭრეები შეიკრიბნენ, მათ მერიაში მერის, ლაშა კომახიძის სახელზე დაწერილი მიმართვა მიიტანეს და მერიას სთხოვეს, დაიწყოს ზრუნვა გარევაჭრობისთვის განკუთვნილი სივრცეების მოსაწესრიგებლად. მერიის მიერ შეთავაზებული ადგილი – ბათუმის ძველი ავტოსადგურის ტერიტორია, გარემოვაჭრეებისათვის მისაღები არ არის. ისინი შიშობენ, რომ რადგან ტერიტორია საკოლმეურნეო ბაზრის ახლოს მდებარეობს, მათი პროდუქციის შესაძენად მომხმარებელი ავტოსადგურის მეორე სართულზე არ ავა და შემოსავლის გარეშე დარჩებიან.
ამ წუთებში [12:50] გარემოვაჭრეების ჯგუფიდან ათი ადამიანი ბათუმის მერიის მრჩეველთა საბჭოს ხვდება.
გარემოვაჭრეებს შეხვდა ბათუმის მერიის ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელი, ჯუმბერ კობალაძეც.
„ჩვენ დიდი ხანია გვაქვს მათთვის ალტერნატიული ფართი გამოყოფილი, ავტოსადგურის მეორე სართულს იწუნებენ, თუ მეორე სართულზეა პრეტენზია და პრობლემა, ჯერჯერობით გადავიდნენ, დამკვიდრდნენ იქ როგორც მოვაჭრეები, მე ვაძლევ მათ პირობას და პირობას მისცემს ავტოსადგურის ხელმძღვანელობა და მესაკუთრეები, მათ მიერ მოწონებული ესკიზის მიხედვით, გარე პერიმეტრზე აშენდება, გნებავთ სავაჭრო ჯიხურები, გნებავთ ღია ან დახურული სავაჭრო 170 ფანჩატური. წერეთლის ქუჩაზე ვაჭრობდა 140-მდე მოვაჭრე, ჩვენ 170 ფანჩატურს გავაკეთებთ, მაქსიმუმ 10 დღის განმავლობაში შეეძლებათ ჩამოვიდნენ ეზოში,“ – განაცხადა ჯუმბერ კობალაძემ.
„იმ ტიპის შეზღუდვა, რომელიც არ ემსახურება მიზანს და ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობას, არის უკანონო,“ – მიიჩნევს ორგანიზაცია „იურიდიული მრჩევლის“ ხელმძღვანელი, იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი. იგი რამდენიმე ბიზნესკომპანიის ინტერესების დაცვას აპირებს, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვებში ერთი მარტივი მიზეზის გამო ვერ მონაწილეობენ – მათ სამუშაო გამოცდილება არ აქვთ.
სახელმწიფო შესყიდვებში შემსყიდველ ორგანიზაციებს კონკრეტული პირობების დაყენების უფლება აქვთ. ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნა სამუშაო გამოცდილებაა, რომლის არქონის შემთხვევაში, ტენდერში მონაწილეობას ვერ მიიღებთ.
„ეს კეტავს ბაზარზე კონკურენციის შესაძლებლობას. „გამოცდილება“ – ეს მოთხოვნა იქცა მანკიერ პრაქტიკად და განგრძობითი ხასიათი მიიღო. საჭირო არის თუ არ არის, ხშირად შემსყიდველი დაუსაბუთებლად ითხოვს სამწლიან გამოცდილებას. სახელმწიფო შენ გთხოვს გამოცდილებას, მაგრამ ამ გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობა არ გეძლევა. გასაგებია, რომ სახელმწიფოს ამ გზით სურს დაიზღვიოს თავი – არაკომპეტენტურმა კომპანიამ არ მოიგოს ტენდერი, მაგრამ 21-ე საუკუნეში სხვა გზები არსებობს ამ რისკების დასაზღვევად, მაგალითად, საბანკო გარანტია. მთავარია, კომპანიას ჰქონდეს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ჰყავდეს ადამიანური რესურსი,“ – აღნიშნავს გიორგი ხიმშიაშვილი.
იურისტი ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ამახვილებს ყურადღებას, მაგალითად, გზების კეთილმოწყობაზე. ამ მიმართულებით ტენდერს სახელმწიფო ორგანიზაციები აცხადებენ, ახლადშექმნილ კომპანიას კი, გამოცდილების მიღების საშუალება სხვაგან არ ეძლევა. გიორგი ხიმშიაშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ სახელმწიფო დაწესებულებებმა ამ მიდგომით რამდენიმე მსხვილი კომპანიისთვის ბაზარზე უკონკურენტო გარემო შექმნეს, რომლებიც შემდეგ იოლად ახერხებენ ერთმანეთთან გარიგებას.
„ჩვენ მივიღეთ ასეთი სურათი: შემსყიდველები ყველა შესყიდვაზე, შინაარსის გამოკვლევის გარეშე, შაბლონურად ითხოვენ გამოცდილების კრიტერიუმს. ამან წარმოშვა ვიწრო კონკურენტული შესაძლებლობები – კომპანიებს, რომლებსაც ამ ტიპის გამოცდილება აქვთ, არიან ძალიან ცოტა, ისინი ახდენენ ხშირად ბაზრის გადანაწილებას, ხშირ შემთხვევაში ეს ბაზარი გახდა მონოპოლიზებული,“- ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი, „იურიდიული მრჩევლის“ ხელმძღვანელი.
სატენდერო პირობების გასაჩივრება მათ შორის, პირობებში გამოცდილების სავალდებულო მოთხოვნად განსაზღვრა, კომპანიებს შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოში შეუძლიათ. „იურიდიული მრჩეველი“ ამ შემთხვევაში შესყიდვების სააგენტოსთან ერთად, კონკურენციის სააგენტოსთვის აპირებს მიმართვას. ეს სააგენტო უზრუნველყოფს ქვეყანაში კონკურენციის პირობის დაცვას.
კონკურენციის სააგენტოს ბოლო პერიოდში 10-მდე საქმე განუხილავს, რომლებიც შესყიდვების პროცესში გამოცდილების მოთხოვნის დასაბუთებას შეეხებოდა. სააგენტოს კონტროლის მექანიზმი რეკომენდაციის გაცემით შემოიფარგლება.
„კონკურენციის სააგენტოს პოზიციით, სახელმწიფო შესყიდვებში გამოცდილების მოთხოვნა ყველა შემთხვევაში უნდა იყოს დასაბუთებული და ემსახურებოდეს შესასყიდი საქონლის მომსახურების ხარისხსა და ვადების დაცვით მიღებას. სააგენტომ, დაახლოებით, 10-მდე საქმე განიხილა, რომელიც შეეხებოდა სახელმწიფო შესყიდვების პროცესში, შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან კონკურენციის შემზღუდველი პირობების დაწესებას. კონკურენციის სააგენტოს მიერ შემუშავებულ იქნა არაერთი რეკომენდაცია, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული პროგრამის მეშვეობით ეგზავნებათ შემსყიდველ ორგანიზაციებს და ხდება მსგავსი შემზღუდველი ქმედებების მაქსიმალური პრევენცია.
კონკურენციის სააგენტოში პერმანენტულად ტარდება ტრენინგები, როგორც კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანამშრომლებისთვის, ასევე, სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთათვის, რათა მოხდეს მათთვის ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკისა და არსებული მიდგომების თაობაზე ინფორმაციისა მიწოდება“, – მოგვწერეს კონკურენციის სააგენტოდან.
სააგენტოს მონაცემებით, დღემდე მათ მიერ გაცემული რეკომენდაცია 8 შემთხვევაში შესრულდა.
დღეს, 29 იანვარს, ბათუმის მერიასთან ის გარემოვაჭრეები შეიკრიბნენ, რომელთა დახლები წერეთლის ქუჩიდან ბათუმის მერიამ 27 იანვარს, გვიან ღამით აიღო. ისინი ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს მიმართავენ, დაიწყოს ზრუნვა გარევაჭრობისთვის განკუთვნილი სივრცეების მოსაწესრიგებლად.
„დასაქმების ადგილის არარსებობის გამო იძულებულნი ვართ, შვილების გამოსაკვებად აუცილებელი თანხა გამოვიმუშაოთ ქუჩაში ვაჭრობით. მნიშვნელოვანია გესმოდეთ, რომ ყოველ დღე ქუჩაში დგომა არ არის ჩვენი არჩევანი, ამ რეალობის წინაშე დაგვაყენა მრავალი წლის განმავლობაში სახელწიფოს უპასუხისმგებლობამ საკუთარი მოქალაქეების მიმართ,“ – აღნიშნულია წერილში, რომლითაც გარემოვაჭრეები ბათუმის მერს მიმართავენ.
წერილში აღნიშნულია, რომ მერიის მიერ შეთავაზებული ადგილი – ბათუმის ძველი ავტოსადგურის ტერიტორია, გარემოვაჭრეებისათვის მისაღები არ არის. ისინი შიშობენ, რომ რადგან ტერიტორია საკოლმეურნეო ბაზრის ახლოს მდებარეობს, მათი პროდუქციის შესაძენად მომხმარებელი ავტოსადგურის მეორე სართულზე არ ავა და შემოსავლის გარეშე დარჩებიან.
„მივმართავთ მერიას, დაიწყოს ზრუნვა გარევაჭრობისთვის განკუთვნილი სივრცეების მოსაწესრიგებლად. არაერთ ევროპულ ქალაქში სწორედ მერია უკეთებს ორგანიზებას ქუჩაში განლაგებულ სავაჭრო დახლებს, მერია შეიმუშავებს მათ დიზაინს და უზრუნველყოფს სანიტარული ნორმების დაცულობას.
ჩვენი მხრივ, გამოვთქვამთ მზადყოფნას, ვითანამშრომლოთ შესაბამის ორგანოებთან, რათა მოხდეს გარევაჭრობის მოწესრიგება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.
გთხოვთ, მოგვცეთ არსებობის საშუალება,“ – ვკითხულობთ წერილში, რომელსაც მერიასთან შეკრებილი გარემოვაჭრეები ხელს აწერენ.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წელს აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად შესაბამისი პრეპარატების შესყიდვაზე ორი ტენდერი გამოაცხადა, საერთო ჯამში, 24 მილიონ 200 ათასი ლარით. სურსათის სააგენტოს ამ ორივე ტენდერისთვის კერძო კომპანიები დავების საბჭოში უჩივიან.
[checklist]
აზიური ფაროსანას მოსაზიდად 250 ათასი ცალი ფერომონიანი მისატყუარის [დამჭერი ხაფანგის გარეშე] შესაძენად ქვეყნის ბიუჯეტში 6 მილიონ 875 ათასი ლარია გათვალისწინებული. ამ თანხითაა გამოცხადებული შესაბამისი ტენდერიც;
385 ტონა პირეტროიდული ჯგუფის ინსექტიციდის [მოქმედი ნივთიერება – დელტამეტრინი, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებისთვის] შესაძენად კი – 17 მილიონ 325 ათასი ლარი. ეს ტენდერიც გამოცხადებულია.
[/checklist]
ფერომონიანი მისატყუარის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში სურსათის ეროვნულ სააგენტოს შპს pressco უჩივის. ამ კომპანიას სააგენტომ ტენდერში დისკვალიფიკაცია მისცა.
კომპანია ამტკიცებს, რომ სააგენტოს სატენდერო კომისიის ასეთი გადაწყვეტილება უკანონოა და ითხოვს გაუქმდეს კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება, „მიღებულ იქნას კანონშესაბამისი გადაწყვეტილება და სატენდერო კომისია დაუბრუნდეს შპს pressco-ს მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასების ეტაპს“.
დავების საბჭოს ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
აღნიშნულ ტენდერში, შესყიდვების ვებგვერდის მიხედვით, დისკვალიფიკაცია ამ დროისთვის სამ კომპანიას მისცეს. აქედან მომჩივანი pressco ფერომონიანი მისატყუარს სააგენტოს 5 მილიონ 825 ათას ლარად სთავაზობს, ხოლო მეოთხე პრეტენდენტი, რომლის შეთავაზებაც წესით სატენდერო კომისიამ უნდა განიხილოს – 6 მილიონ 750 ათას ლარად.
პირეტროიდული ჯგუფის ინსექტიციდის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში კი სურსათის სააგენტოს სატენდერო კომისიას შპს „თეზვი“ უჩივის, რომელიც სააგენტოს მომსახურებას 16 მილიონ 778 ათას ლარად სთავაზობს. კომპანიაში თვლიან, რომ სატენდერო კომისიამ მათ უკანონოდ მოსთხოვა ცნობა [შესაბამისი დოკუმენტი] მწარმოებლისგან პრეპარატის წარმოშობის შესახებ.
„შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა გამოვევლინეთ გამარჯვებულად, შესაბამისად, უნდა შეცვლილიყო ტენდერის სტატუსიც, ხოლო ხარჯთაღრიცხვის დაზუსტება უნდა მოეთხოვათ ხელშეკრულების დასადებად მოწვევასთან ერთად. [მოვითხოვთ] გაუქმდეს სატენდერო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მიღებულ იქნას კანონშესაბამისი გადაწყვეტილება და შპს „თეზვი“ გამოვლინდეს გამარჯვებულად“ – აღნიშნულია კომპანიის საჩივარში.
სახელმწიფო შესყიდვების დავების საბჭოს ამ დროისთვის არც აღნიშნულ საკითხზე მიუღია გადაწყვეტილება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 29-30 იანვარს, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 13 – 18 გრადუსი
ღამით: 5 – 10 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 5 – 10 გრადუსი
ღამით: 3 გრადუსი ყინვა – 2 გრადუსი სითბო
სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში უნალექო ამინდი იანვრის ბოლომდე შენარჩუნდება.
„მნიშვნელოვანიშეხვედრაა, რადგან ევროკავშირსა და საქართველოს შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას ისახავს მიზნად. განვიხილეთ სატრანსპორტო დერეფნის განვითარების შესაძლებლობები და ის მიმდინარე პროექტები, რომლებსაც საქართველოს რკინიგზა ამჟამად ახორციელებს. ასევე ვისაუბრეთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში სარკინიგზო სექტორში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების სტატუსზე, “ – განაცხადასს„საქართველოსრკინიგზის“ გენერალურმადირექტორმადავითფერაძემ.
შეხვედრისფარგლებშიმხარეებმა ასევე განიხილესსს„საქართველოსრკინიგზაში“მიმდინარემნიშვნელოვანიპროექტები:
[checklist]
თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაცია;
მოლითი-ხარაგაულის სარკინიგზო მონაკვეთზე გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები;
საკონტრეილერო გადაზიდვების უზრუნველყოფა;
მგზავრთა სარკინიგზო გადაყვანის სახელმწიფო რეგულირება;
სიგნალიზაცია-ცენტრალიზაცია-ბლოკირების ახალი სისტემების დანერგვა;
ქსენია ქელეში მოსამართლე სალიხ შაინიძემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ეს ის გარემოვაჭრეა, რომელიც დღეს, 28 იანვარს, პოლიციელებმა ჭავჭავაძის ქუჩის გადაკეტვის დროს დააკავეს.
„ვითხოვ ადვოკატის მომსახურებას,“ – მიმართა მოსამართლეს დაკავებულმა.
ადვოკატის მოთხოვნა მოსამართლემ დააკმაყოფილა. ამ მოტივით გადაიდო დღეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა პირველ თებერვლამდე.
ქსენია ქელეშს ადმინისტრაციული წესით წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელების კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობას ედავებიან.
„შევეპასუხე, კი. რა დავაშავე, აბა, ასე რომ მომექცნენ?“ – თქვა დაკავებულმა.
ქსენია ქელეშმა მოსამართლეს ასევე უთხრა, რომ დაკავების დროს ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფას.
„დაკავების დროს მხოლოდ, პოლიციის შენობაში – არა,“ – დააზუსტა ქსენია ქელეშმა.
ქსენია ქელეში დღეს სამის ნახევარზე დააკავეს. ის პოლიციის განყოფილებიდან პირდაპირ სასამართლოში გადაიყვანეს.
გარემოვაჭრეების დახლები წერეთლისა და მიმდებარე ქუჩებზე გუშინ ღამით აიღეს, რასაც საპროტესტო აქცია მოჰყვა. ბათუმის მერია მათ ალტერნატიულ ფართობს სთავაზობს, თუმცა გარემოვაჭრეები შეთავაზებაზე დათანხმებას არ აპირებენ.
დღეს, 28 იანვარს, ტაქსის კომპანია “მაქსიმის” მძღოლებმა ბათუმში გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია მოაწყვეს. ტაქსის მძღოლების კომპანიის მიერ მათთვის დაწესებულ გაზრდილ მომსახურების ტარიფს აპროტესტებენ. აქამდე კომპანიას მძღოლები შეკვეთის 10%-ს უხდიდნენ, 2019 წლის იანვრიდან კი ამ 10%-ს 20 თეთრი დაემატა.
“კომპანია მგზავრის მიერ ჩვენთვის ზედმეტად დატოვებული თეთრების წილში გვიჯდება. მოვითხოვთ, რომ კომპანიამ გააუქმოს ეს ტარიფი” – ამბობენ მძღოლები. ისინი ჟურნალისტებთან თავიანთ ვინაობას არ ასახელებენ, რადგან, მათი თქმით, აქციაში მონაწილე მძღოლებს კომპანია ბლოკავს.
მძღოლების თქმით ბათუმში “მაქსიმში” 4 ათასი მძღოლია რეგისტრირებული, ყოველდღიურად ქალაქში კი დაახლოებით 700-მდე ავტომანქანა მოძრაობს.
მძღოლები მასშტაბურ აქციას ხუთშაბათს, 31 იანვარს, 12 საათზე გეგმავენ. მათი თქმით, თუკი კომპანიასთან შეთანხმებას ვერ მიაღწევენ გადასახადის გაუქმების შესახებ, აპირებენ საჯაროდ ჩამოხიონ მანქანებიდან „მაქსიმის“ რეკლამა.
მძღოლების გაფიცვა ფოტო: ნანა კვაჭაძე/ბათუმელებიმძღოლების გაფიცვა ფოტო: ბათუმელები
ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს განცხადებით, 2019 წლის 31 იანვარს, ხუთშაბათს, სარფის სასაზღვრო გამტარ პუნქტზე მგზავრთა და ავტომანქანების გატარება დროებით შეფერხდება.
„სარფის სასაზღვრო გამტარ პუნქტზე ქვეითთა ახალი დერეფნის გახსნასთან დაკავშირებით, 2019 წლის 31 იანვარს, ხუთშაბათს, თურქეთის დროით 10:00-18:00 (საქართველოს დროით 11:00-19:00) კომპიუტერული სისტემები გადატანილი იქნება ახალ ადგილას, რის გამოც მითითებულ დროს მგზავრთა და ავტომანქანების გატარება დროებით შეჩერდება,“ – ნათქვამია საკონსულოს განცხადებაში, რომელიც საკონსულოს ფეისბუქგვერდზე რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.
საკონსულოს განცხადებით, მგზავრთა ახალი დერეფნის გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მგზავრთა და სატრანსპორტო საშუალებების გატარებას.
“ლავასოღლის საცხოვრებელი სახლი სასამართლოს განჩინების საფუძველზე გავჩხრიკეთ,”- დაიწყო ამბის მოყოლა გამომძიებელმა, უჩა კახიძემ. მან დღეს, 28 იანვარს, სასამართლოს “ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე” მოწმის სახით ჩვენება მისცა, მათ შორის, ამ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, მინდია ლავასოღლის სახლის ჩხრეკაზე.
ლავასოღლის სახლი სამართალდამცველებმა 17 ივლისს გაჩხრიკეს.
“იქ იყო რამდენიმე პასპორტი ლავასოღლის სხვადასხვა ფოტოთი და სხვადასხვა სახელებით, ასევე მეხსიერების ბარათები, დისკები, ნოუთბუქი… ამოვიღეთ ის ნივთები, რომლებსაც საინფორმაციო ღირებულება ჰქონდა,” – აღნიშნა გამომძიებელმა უჩა კახიძემ.
“სად წაიღეთ ეს ნივთები?”- იკითხა ადვოკატმა მზია დიასამიძემ.
მოწმემ თქვა, რომ ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთები გამომძიებელ არჩილ სურმანიძეს გადასცა.
სამართალდამცველების გარდა დღევანდელ პროცესზე ჩვენება დაზარალებულებმაც მისცეს. მაგალითად, დუგლას ბელთაძემ მოსამართლე ლევან გელოვანს უთხრა, რომ მას 10 დღის ნაყიდი ავტომანქანა პოლიციელებმა ჩამოართვეს.
“მანქანა მე და ჩემმა მეგობარმა ვიყიდეთ 3500 ამერიკულ დოლარად ლიზინგით. ლომბარდიდან წამოვიყვანეთ იმ პირობით, რომ თვეში 400 დოლარს გადავიხდიდი.
ანბანის კოშკთან ახლოს გამაჩერა პოლიციამ. მითხრეს, რომ მანქანასთან დაკავშირებით პრობლემაა და რაღაც უნდა გავარკვიოთო… მე დამაკავეს და გადამიყვანეს ნარკოლოგიურში შემოწმებაზე… ნარკოლოგიურადან იმ დღესვე გამომიშვეს, მანქანა კი იქ დარჩა, ახლაც იქაა,” – თქვა მოწმე დუგლას ბელთაძემ.
ავტომანქანის წართმევა ერთი დეტალია ამ საქმეში – პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულებმა ეს ავტომანქანა ერთ-ერთ დაზარალებულს დაათმობინეს.
მთლიანობაში, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, 10 პირი პოლიციამ გასული წლის ივლისში დააკავა. ოთხი ბრალდებულის – მინდია ლავასოღლის, ივანე გიგიაძის, შოთა კეკელიძისა და ზაალ ახვლედიანის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებების მოსმენა ახლაც გრძელდება. ამ ბრალდებულების საქმეს მოსამართლე ლევან გელოვანი განიხილავს.
მინდია ლავასოღლი სასამართლო პროცესებს ისევ არ ესწრება. იგი ივლისში ჩატარებული პოლიციური ოპერაციის დროს საქართველოში არ იმყოფებოდა. თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია თურქულმა მედიამ 25 ოქტომბერს გაავრცელა. ამ დრომდე ლავასოღლი საქართველოში ექსტრადირებული არ არის, თუმცა ის საპატიმრო დაწესებულებიდან გაათავისუფლეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი საქმის მასალების მიხედვით კი, ბრალდებულები ემუქრებოდნენ დაზარალებულებს, სცემდნენ და დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ ქურდული „ობშიაკის“ შესავსებად.
საქმის მასალებში არის კიდევ ერთი საინტერესო დეტალიც – კანონიერ ქურდობაში ბრალდებულები „დაზარალებულებს ემუქრებოდნენ სახელის გამტეხი ცნობების გავრცელებით“. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულები ბათუმში, გონიოსა და ახალშენში იბარებდნენ დაზარალებულებს და აიძულებდნენ ქურდული „ობშიაკისთვის“ თანხის შეწირვას.
ბრალდებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. ზოგიერთი ადვოკატი კი ხაზს უსვამს იმას, რომ რამდენიმე ბრალდებულის მიმართ მხოლოდ სატელეფონო ჩანაწერია წარმოდგენილი მტკიცებულებად, ჩანაწერების ნამდვილობა – საკამათო.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2018-2019 წელს მეთერთმეტეკლასელები საატესტატო გამოცდებს აღარ ჩააბარებენ. გამოცდების ახალი მოდელის მიხედვით, საატესტატო გამოცდების ჩაბარება მაინც მოუწევთ მე-12-კლასელებს არსებული ფორმატით და ამ ეტაპზე არ შეიცვლება ატესტატის გაცემის წესი.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, იმ პირებს, რომლებმაც წინა წლებში ვერ გადალახეს ბარიერი თუნდაც ერთ საგანში და ვერ აიღეს ატესტატი, უფლება აქვთ, დარეგისტრირდნენ შესაბამის გამოცდაზე.
სამინისტროს ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატში ცვლილებები არ იგეგმება, თუმცა აქვე დასძენენ, რომ 2020 წლიდან უმაღლესი სასწავლებლები თვითონ დააწესებენ მისაღები გამოცდების ბარიერს.
საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, გამოცდების ახალი მოდელის პრინციპი ეროვნული გამოცდების საკითხების სასკოლო პროგრამასთან დაახლოება იქნება.
„ჩვენ თუ ვსაუბრობთ ძირეულ რეფორმებზე, განათლების ხარისხის ორიენტაციაზე, პირველ რიგში რაც გვჭირდება, სკოლას უნდა ჰქონდეს თავისი როლი. სკოლის როლის დაბრუნების გარეშე მაღალი განათლების ხარისხზე საუბარი ზედმეტია.
ბავშვებსა და მშობლებს ორიენტაცია უნდა ჰქონდეთ არა საგამოცდო სისტემაზე, არამედ ცოდნის მიღებასა და გამოყენებაზე.
არ შეიძლება გამოსაშვებ და ეროვნულ გამოცდებს სხვადასხვაგარი მომზადება სჭირდებოდეს. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საგამოცდო პროგრამა მაქსიმალურად დაუახლოვდეს სკოლის პროგრამას,“ – განაცხადა მინისტრმა დღეს, 28 იანვარს, გამოცდების ახალი მოდელის პრეზენტაციაზე.
ახალი მოდელის მიხედვით, მე-11 კლასის საატესტატო გამოცდები 2019 წლიდან გაუქმდება, ეროვნულ გამოცდებზე კი სავალდებულო მხოლოდ სამი საგნის ჩაბარება იქნება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დნმ ექსპერტიზის ლაბორატორიას ქმნის. სამინისტროს ინფორმაციით, „ლაბორატორიის უმთავრესი პროფილი იქნება კრიმინალისტიკურ დნმ ექსპერტიზების განხრით მუშაობა, გამოძიება მიიღებს დროულ და ამომწურავ ექსპერტიზის პასუხებს, მოიმატებს დნმ მონაცემთა ბაზის მოცულობა და ეფექტურობა“.
პროექტის განხორციელება დაგეგმილია 2019 წლის პირველ ნახევარში. „სპეციალური ლაბორატორიული სისტემების, დამხმარე საშუალებების, სახარჯი მასალისა და თანამშრომელთა მომზადება-გადამზადება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2019 წლის ივნისის თვისა,“ – აცხადებს შსს. ამ პროექტში სამინისტრო 3 592 050 ლარს, ტენდერის გარეშე დახარჯავს, რაზედაც შესყიდვების სააგენტოს თანხმობა უკვე აქვს.
სამინისტროს ინფორმაციით, „საბოლოოდ შეირჩა STR ლაბორატორიის სპეციალური სისტემების და სახარჯი მასალის მწარმოებელი კომპანია Thermo Fisher Scientific-ი, რომლის პროდუქცია ვალიდირებულია ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ… აღსანიშნავია, რომ STR სტაციონარული გენეტიკური ექსპერტიზის ლაბორატორიას გააჩნია მაღალი წარმადობა – ერთდროულად შესაძლებელია 96 სხვადასხვა ნიმუშის ანალიზი, ეფექტურია რთული და მცირე ოდენობით ნიმუშებიდან გენეტიკური პროფილის მისაღებად.“
„დღეისათვის საქართველოში სასამართლო გენეტიკური ექსპერტიზა ტარდება მხოლოდ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. წლების განმავლობაში სტაბილურად იზრდება დნმ ექსპერტიზის მოთხოვნის მიმართვიანობა. იმის გათვალისწინებით, რომ ბიუროს ლაბორატორიის ამჟამინდელი პროფილი ფართოა და კრიმინალისტიკური დნმ ექსპერტიზების გარდა მოიცავს სხვა, სხვადასხვა პროფილის გენეტიკურ კვლევებსაც და ვინაიდან ბიუროში არსებული რესურსები არასაკმარისია სისხლის სამართლის დანაშაულებზე დანიშნული ექსპერტიზების მზარდი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად – იზრდება ექსპერტიზის დასკვნის მოლოდინის რეჟიმი, რაც ხშირად რამდენიმე თვემდე გრძელდება, შედეგად ფერხდება საგამოძიებო პროცესი, იკარგება მნიშვნელოვანი დრო და რთულდება სიმართლის დადგენა,“ – აცხადებს შსს.
დნმ ლაბორატორია თბილისში, იმ ახალ შენობაში განთავსდება, რომელიც გულუას ქუჩაზე შსს-ს ადმინისტრაციულ შენობასთან აშენდა. „შესაბამისი სამშენებლო სამუშაოები უნდა დასრულდეს 2019 წლის დასაწყისში, რა დროსაც დაგეგმილია შენობის ოფიციალური გახსნა. შესაბამისად, შენობის აპარატურით აღჭურვა მოხდება სამშენებლო სამუშაოების დასრულებისთანავე. აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, შესრულებული იქნება საზოგადოების დაკვეთა, რაც გულისხმობს მომხდარ დანაშაულზე ოპერატიულ რეაგირებას,“ – აცხადებს შსს.
საექსპერტოს ახალი შენობა გულუას ქუჩაზე, სადაც დნმ ლაბორატორია განთავსდება / ფოტო: შსს
დღეს, 28 იანვარს, ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილე ერთ-ერთი გარემოვაჭრე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის მოტივით დააკავეს, ადმინისტრაციული კოდექსის 166 და 173 მუხლების თანახმად.
გარემოვაჭრეებმა დღეს, 28 იანვარს, საპროტესტო აქცია მერიის წინ დაიწყეს, ისინი ლაშა კომახიძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით ჭავჭავაძის ქუჩის გადაკეტვა სცადეს, რასაც მოქალაქეებსა და პოლიციას შორის შელაპარაკება მოჰყვა.
მერიამ გარემოვაჭრეთა დახლები გუშინ, გვიან ღამით აიღო. გარემოვაჭრეები აცხადებენ, რომ ისინი ვაჭრობის აკრძალვით შემოსავლის ერთადერთ წყაროს კარგავენ. აქციის ერთი მონაწილე ცუდად გახდა. მერიასთან მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია.
მერია გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ადგილს სთავაზობს ვაჭრობისთვის, რაც გარემოვაჭრეთა თქმით, მათთვის მიუღებელია.
გამოცდების ახალი მოდელის მიხედვით, 2020 წლიდან იცვლება ეროვნული გამოცდებზე ჩასაბარებელი აუცილებელი საგნების რაოდენობა. პროექტის მიხედვით, ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება.
მისაღები გამოცდები ჩატარდება სამ სავალდებულო საგანში: ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენის გამოცდები სავალდებულო იქნება ყველა აბიტურიენტისათვის. მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით: მათემატიკა – ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში ან ისტორია – ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში;
აბიტურიენტებს კვლავინდებურად შეუზღუდავად შეეძლებათ აირჩიონ როგორც ტექნიკური, ასევე ჰუმანიტარული მიმართულების პროგრამები. უნივერსიტეტებს აქვთ უფლება დაამატონ პროგრამის რელევანტური არჩევითი გამოცდა (ზოგადი უნარების გამოცდის ჩათვლით).
უნივერსიტეტებს, პროგრამების პრიორიტეტებიდან გამომდინარე, უფლება ექნებათ, თავად განსაზღვრონ გადასალახავი ბარიერი თითოეული საგამოცდო საგნისათვის;
ჩარიცხვა ისევ ცენტრალიზებულად განხორციელდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ;
შეიცვლება საგრანტო დაფინანსების წესი – გათვალისწინებული იქნება სავალდებულო საგანთა ახალი ნუსხა.
არჩევით საგანში ჩაჭრის ან გამოცდაზე არგამოცხადების შემთხვევაში, აბიტურიენტი კარგავს გრანტის მიღების შესაძლებლობას.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებები გამოწვეულია არა გამოცდაზე, არამედ შედეგზე ორიენტირებით, უნივერსიტეტების ავტონომიის ეტაპობრივი გაზრდა და ნაკლები დანახარჯები მშობლებისათვის.
ახალი მოდელის პრეზენტაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 28 იანვარს, გამართა.
დათო ქამადაძე ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, ვინც 2017 წლის 24 ნოემბრის საღამოს სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის დროს დაიღუპა. დათო ქამადაძე ბათუმის სამშობიარო სახლში ფინანსურ მენეჯერად მუშაობდა და 4 თვის ხელფასი ჰქონდა ასაღები. გარდაცვლილის მეუღლემ სასამართლოს მიმართა და შპს „ბათუმის სამშობიარო სახლისთვის“ ხელფასის დაკისრება მოითხოვა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ სარჩელი სრულად დააკმაყოფილა, თუმცა აღსრულება სავარაუდოდ პრობლემური იქნება – „ბათუმის სამშობიარო სახლი“ ფაქტობრივად მას შემდეგ არ არსებობს, რაც რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სამშობიარო სახლში სხვა ორგანიზაცია შევიდა და მრავალპროფილური კლინიკა გახსნა.
დათო ქამადაძეს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მისმა მეუღლემ, როგორც უფლებამონაცვლემ, მას შემდეგ მიმართა, რაც „ბათუმის სამშობიარო სახლმა“ ოთხი თვის და 24 დღის ხელფასის ანაზღაურებაზე უარი უთხრა. დათო ქამადაძესთან ერთად სასამართლოში სულხან აბულაძეც დავობს. იგი ამ დაწესებულებაში ბუღალტრად მუშაობდა.
„არც მე და არც დათოს ოჯახი კომენტარს არ გააკეთებს. შეგიძლიათ ნახოთ სასამართლოს გადაწყვეტილება,“ – გვითხრა სულხან აბულაძემ.
მოსამართლე სალიხ შაინიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხარეებს ჯერ არ ჩაჰბარებიათ.
„ბათუმი სამშობიარო სახლის“ მხრიდან არაკეთილსინდისიერ მიდგომას ჰქონდა ადგილი. ამ ადამიანებთან შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილი არ ყოფილა. მოპასუხე პროცესებზე ამბობდა იმას, რომ რეალურად აღარ ვფუნქციონირებდითო. თუ საქმე არაფერი იყო, მაშინ ისინი სამსახურიდან უნდა გაეშვათ და მათთვის კანონით გათვალისწინებული 2-2 თვის გასამრჯელოც მიეცათ. ამას აარიდა თავი რეალურად სამშობიარო სახლმა. მათი დასაბუთება სამართლებრივ ხარვეზს შეიცავდა და ეს გაითვალისწინა სასამართლომ,“ – გვითხრა ნინო სიორიძემ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა. ეს ორგანიზაცია სასამართლოში მოსარჩელეების ინტერესებს იცავდა.
შპს „ბათუმის სამშობიარო სახლში“ ცვლილებები 2017 წლის ივნისში მოხდა. მაშინ ამ ორგანიზაციამ თავისი ქონება იჯარით „ბათუმის მრავალპროფილიან სამშობიარო სახლს“ გადასცა. ამ პროცესის პარალელურად ერთი ორგანიზაციიდან მეორეში გადავიდა თანამშრომელთა უმრავლესობაც დავით ქამადაძისა და სულხან აბულაძის გარდა.
„ბათუმის მრავალპროფილიან სამშობიარო სახლს არ სურდა სულხან აბულაძის დასაქმება კონკრეტული მიზეზების გამო. რაც შეეხება დავით ქამადაძეს, მას ორგანიზაცია სთავაზობდა სხვადასხვა პოზიციას, მაგრამ მას პრინციპულად ფინანსური მენეჯერობა სურდა,“ – განმარტავს სიმონ ასათიანი. იგი სასამართლოში შპს „ბათუმის სამშობიარო სახლის“ ინტერესებს იცავდა.
რატომ არ შეაჩერა ან შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა დამსაქმებელმა დავით ქამადაძესთან? – „ეს დირექციის გადასაწყვეტი იყო, ვისთან შეწყვეტდა და ვისთან არა ხელშეკრულებას,“ – გვიპასუხა ადვოკატმა.
იურისტი სიმონ ასათიანი ფიქრობს, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილების აღსრულება პრობლემური იქნება, რადგან საქმე სამედიცინო დაწესებულებას ეხება, ხოლო ქონება სამედიცინო აპარატურაა, რომელზეც შეიძლება ადამიანის სიცოცხლე იყოს დამოკიდებული.
„აღსრულების დროს „ბათუმის სამშობიარო სახლს“ ექნება თავისი პოზიცია. საიდან მოხდება ეს აღსრულება და რა მეთოდებით, არ ვიცი. ეს არის სამედიცინო დაწესებულება და თითოეული ღირებული ნივთი შეიძლება ვიღაცის სიცოცხლის გადამრჩენელი იყოს. ამიტომ, აღმასრულებელი მოვიდეს, ვიღაცას სასუნთქი აპარატი გამოურთოს და წაიღოს, არ გამოვა. ეს სხვა პასუხისმგებლობის საქმეა. ახლა აუდიტი ამოწმებს სამშობიარო სახლს. თუ მოეხსნება საშემოსავლო სამსახურის მიერ დადებული ინკასო „ბათუმის სამშობიარო სახლს“ და გაჩნდება რესურსი, გადაიხდიან მაშინ ამ ხელფასს,“ – გვითხრა სიმონ ასათიანმა.
დათო ქამადაძის ოჯახისთვის „ბათუმის სამშობიარო სახლს“ დაახლოებით 25 ათასი ლარი აქვს გადასახდელი. სასამართლომ დამსაქმებელს ხელფასის გარდა ანაზღაურება თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვისაც დააკისრა.
მას შემდეგ, რაც 27 იანვარს ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, უკანონო გარევაჭრობის დახლები აიღეს, ამ ტერიტორიის გამწვანება დაიწყო – ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
„წერეთლის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიებზე უკვე ჩატარდა დასუფთავების სამუშაოები და მიმდინარეობს გამწვანების ღონისძიებები. აღნიშნულ ტერიტორიაზე საერთო ჯამში 66 ძირი კიპარისის დარგვა იგეგმება,“ – ვკითხულობთ მერიის განცხადებაში.
გამწვანების პარალელურად, ბათუმის მერიის წინ გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი აცხადებენ, რომ აკრძალვით შემოსავლის ერთადერთ წყაროს კარგავენ. აქციის ერთი მონაწილე ცუდად გახდა. მერიასთან მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია.
გარემოვაჭრეებს მერია ალტერნატიულ ადგილს სთავაზობს ვაჭრობისთვის – ბათუმის ავტოსადგურის ტერიტორიას, რომელიც იმავე კვარტალში მდებარეობს.
ამ წუთებში ბათუმის მერიის წინ გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ. გარემოვაჭრეების დახლები მერიამ წერეთლის ქუჩიდან გუშინ, 27 იანვარს, გვიან ღამით აიღო.
გარემოვაჭრეები აცხადებენ, რომ ისინი ვაჭრობის აკრძალვით შემოსავლის ერთადერთ წყაროს კარგავენ. აქციის ერთი მონაწილე ცუდად გახდა. მერიასთან მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია.
გარემოვაჭრეებს მერია ალტერნატიულ ადგილს სთავაზობს ვაჭრობისთვის – ბათუმის ავტოსადგურის ტერიტორიას, რომელიც იმავე კვარტალში მდებარეობს.
მერიაში აცხადებენ, რომ ქაოტურად მოწყობილი უკანონო გარევაჭრობა მუდმივად იწვევდა სატრანსპორტო მოძრაობის გადატვირთვას და ანტისანიტარიას, რაც წერეთლის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა.
გარევაჭრობა მიმდინარეობდა ამავე ქუჩაზე არსებულ საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის წინაც.
გარემოვაჭრეები მერიის წინ საპროტესტო აქციას მართავენ. ფოტო: მანანა ქველიაშვილიმერიასთან მობილიზებულია სასწრაფო დახმარების სამსახური და პოლიცია.
რამდენად კარგად ან ცუდად ართმევს თავს მთავრობა მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებას? – 2018 წლის დეკემბერში, NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის ფარგლებში ამ შეკითხვაზე გამოკითხული რესპონდენტების 27-მა პროცენტმა უპასუხა, რომ მთავრობა ამ საკითხს ცუდად ართმევს თავს, 7 პროცენტი ფიქრობს, რომ ძალიან ცუდად, 47 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ – კარგად.
კვლევა – „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ შეეხო ბევრ საკითხს, მათ შორის განათლებას, პედაგოგების კვალიფიკაციას და დასაქმებას.
კითხვაზე – ეთანხმებით თუ არა, რომ კერძო მასწავლებელი (რეპეტიტორი) აუცილებელია? რესპონდენტების 73 პროცენტი პასუხობს, რომ რეპეტიტორი აუცილებელია ეროვნული გამოცდების ჩაბარებისთვის, 55 პროცენტი რეპეტიტორის საჭიროებას ხედავს საატესტატო გამოცდების ჩაბარებისთვის, ხოლო 47 პროცენტი ამბობს, რომ კერძო მასწავლებელი საჭიროა სკოლაში კარგად სწავლისთვის.
NDI-ის 2018 წლის დეკემბრის კვლევა.
იმ გამოკითხულ პირთა 45 პროცენტი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კერძო მასწავლებელი საჭიროა ეროვნული გამოცდების ჩაბარებისთვის, კითხვაზე – როგორ შეაფასებთ საჯარო სკოლების მასწავლებლების პროფესიონალიზმს? – მასწავლებლების კვალიფიკაციას დადებითად აფასებს, 42 პროცენტი – საშუალოდ, ხოლო 9 პროცენტი – ცუდად.
მათგან, ვინც კერძო მასწავლებლის საჭიროებას ხედავს საატესტატო გამოცდების ჩასაბარებლად, 41 პროცენტი მასწავლებლის კვალიფიკაციას აფასებს „კარგად“, 42 პროცენტი – საშუალოდ, 9 პროცენტი კი – უარყოფითად.
იმ გამოკითხულთაგან 10 პროცენტი, ვინც კერძო მასწავლებლის საჭიროებას ხედავს იმაში, რომ მოსწავლემ კარგად ისწავლოს სკოლაში, საჯარო სკოლის მასწავლებლის კვალიფიკაციას უარყოფითად აფასებს, საშუალოდ – 46 პროცენტი და დადებითად – 40 პროცენტი.
კვლევამ, ასევე, აჩვენა გამოკითხულ მოქალაქეთა ცოდნის დონე და ხარისხი უცხოურ ენებში.
კვლევაში მონაწილე პირების 45 პროცენტი ამბობს, რომ რუსულ ენას საშუალო დონეზე ფლობს. რუსულ ენაში არ აქვს საწყისი ცოდნა გამოკითხულთა 12 პროცენტს.
ინგლისურ ენას გამოკითხულთა 15 პროცენტი საშუალოდ ფლობს, 60 პროცენტი ამბობს, რომ არ აქვს საწყისი ცოდნა.
თურქულ ენას საშუალო დონეზე ფლობს გამოკითხულ პირთა 7 პროცენტი, საწყისი ცოდნა არ აქვს 82 პროცენტს.
რაც შეეხება არაქართულენოვან ინტერვიუებს, გამოკითხული პირების 16 პროცენტი ამბობს, რომ ქართული ენა საშუალო დონეზე იცის, 60 პროცენტი კი ამბობს, რომ არ გააჩნია საწყისი ცოდნა.
საჯარო სკოლის მასწავლებელთა კვალიფიკაციის შეფასება NDI-ის 2018 წლის დეკემბრის კვლევის მიხედვით.
ყველა ინტერვიუ ჩაწერილია პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 18+ ასაკის მოსახლეობასთან.
NDI-ის 2018 წლის დეკემბრის გამოკითხვის შედეგების თანახმად, საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ კარგი სამსახურის საშოვნელად პირველ რიგში ნაცნობობაა საჭირო და შემდეგ – პროფესიონალიზმი.
მესამე ადგილზეა უცხოეთში მიღებული განათლება, მეოთხეზე – ნიჭი, მეხუთეზე კი – შრომისმოყვარეობა.
გამოკითხულები ასევე მიიჩნევენ, რომ კარგი სამსახურის საშოვლენად საჭიროა გამართლება, საქართველოში მიღებული განათლება და საჭირო ხალხის პატივისცემა.
ამავე გამოკითხვის თანახამად, მოსახლეობის 21% თავს მიიჩნევს უმუშევრად და ეძებს სამსახურს.
27 იანვარს, გვიან ღამით, ბათუმის მერიამ წერეთლის ქუჩიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეთა დახლები აიღო.
მერიის განცხადებით, გარემოვაჭრეებს საშუალება ექნებათ, საქმიანობა მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე გააგრძელონ, სადაც მათთვის 180 დახლია გამოყოფილი.
„ქაოტურად მოწყობილი უკანონო გარევაჭრობა მუდმივად იწვევდა სატრანსპორტო მოძრაობის გადატვირთვას და ანტისანიტარიას, რაც წერეთლის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა.
ბათუმის ქუჩების უკანონო გარევაჭრობისგან გათავისუფლების მიზნით მერიამ არაერთი თანმიმდევრული ღონისძიება განახორციელა და გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ტერიტორიაზე გადასვლა არაერთხელ შესთავაზა.
უკანონოდ დაკავებული ტერიტორიის ნებაყოფლობით გათავისუფლებისა და მერიის მიერ შეთავაზებულ ფართში (გოგოლის ქ. #1) გადასვლის შემთხვევაში, მერია გარემოვაჭრეებს 3 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად, კომპენსაციის სახით 200 ლარს სთავაზობდა. ასევე, შეთავაზებული იყო კეთილმოწყობილი სავაჭრო დახლები და დახურული სავაჭრო ჯიხურები, ადგილზე მისასვლელი ავტობუსის გამოყოფა და ახალი ბაზრობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებაში დახმარება, რასაც გარემოვაჭრეები არ დათანხმდნენ.
უკანონო გარემოვაჭრეებსა და მერიის წარმომადგენლებს შორის არაერთი შეხვედრა გაიმართა. გარემოვაჭრეებმა მაიაკოვსკის ქუჩაზე არსებული ავტოსადგურის ტერიტორიაზე გადასვლა მოითხოვეს, შემდეგ კი იქ ამაზეც უარი განაცხადეს. წერეთლის ქუჩიდან აღებული უკანონო კონსტრუქციები დასაწყობდა,“ – აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს დემოკრატიის ინსტიტუტი სამ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად უკვე ორი წელია ახორციელებს აჭარაში, იმერეთში, გურიასა და სამეგრელო-ზემო-სვანეთში. პროექტი კიდევ 9 თვეს, 2019 წლის ნოემბრამდეგრძელდება.ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი მიზნად ისახავს ბენეფიციართა რეინტეგრაციას სამედიცინო და იურიდიული დახმარების, დასაქმების ხელშეწყობის გზით.
ოთხივე რეგიონის კოორდინატორები და სოციალური მუშაკები, რომლებმაც ბენეფიციარებთან: ყოფილ პატიმრებთან, მათი ოჯახის წევრებთან და პრობაციონერებთან იმუშავეს, პროექტის ორი წლის შედეგებს აფასებენ.
„ფონდ თანაზიარის“კოორდინატორი, ხათუნა ბეჭვაია ამბობს, რომ პროექტის ამოქმედებისას მთავარი გამოწვევა პოტენციურ ბენეფიციარებამდე ინფორმაციის მიწოდება და ხმის მიწვდენა იყო, რისთვისაც მათ ძალისხმევა არ დაუშურებიათ. მისივე თქმით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ყოფილი პატიმრები ყველაზე ხშირად ორგანიზაციას თვითდასაქმებისა და მცირე ბიზნესის ხელშემწყობი გრანტებისთვის მიმართავენ, ასევე ახალი პროფესიის შესაძენად. პროექტის ფარგლებში კი, ტრენინგ-სემინარების საშუალებით, სწრაფი სწავლების საშუალებებია ხელმისაწვდომი.
შედარებით ნაკლებად მოთხოვნადი იყო სამედიცინო მომსახურება და იურიდიული კონსულტაციები, თუმცა ამ მიმართულებით დაინტერესებული ბენეფიციარებიც იყვნენ.
ხათუნა ბეჭვაია. ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის კოორდინატორი, სამეგრელო-ზემო სვანეთში
„გაუცხოება და დეპრესია ჩვეულებრივი მდგომარეობაა ყოფილი პატიმრებისთვის. ყველაზე მკაფიოდ, ამ ორი წლის განმავლობაში თავს გადამხდარი ისტორიებიდან ერთი მახსენდება, როცა ბენეფიციარმა დამირეკა და მითხრა, თავის მოკვლას ვაპირებ და იცოდე, რომ ასე გადავწყვიტეო. მივვარდით მასთან სახლში და სისხლით მოსვრილი ოთახი დაგვხვდა. გაგვიმართლა, რომ სასწრაფო დახმარების მანქანა მალე მოვიდა და გადარჩა. ეს კაცი ყოფილი პატიმარია.
23 წელი გაატარა საპატიმროში, მოხუც მამას უვლიდა, რომელიც გარდაეცვალა. მეზობლებმა, ახლობლებმა, ყველამ დაუკეტა ოჯახის კარი და სრულიად მარტო დარჩა, იმედი აღარაფრის ჰქონდა, მასთან ბევრი ვიმუშავეთ. ახლა ოჯახი ჰყავს, ცოლი შეირთო და შვილს ელოდება. ოჯახის შექმნა რომ გადაწყვიტა, პირველად სოცმუშაკებს გაგვაცნო საცოლე. საოცარი ტრანსფორმაცია მოხდა. მეორედ რომ მივედი მათთან, სულ სხვა სახლი დამხვდა: სუფთა და თბილი გარემო, პირველი სტუმრობისგან განსხვავებული, როცა პაატას სახლი ნასახლარს ჰგავდა და სიცოცხლეც არ უნდოდა. ყველაფერი დაძლიეს ერთად. რითაც შეგვიძლია ჩვენც ვეხმარებით.
სხვა რომ არაფერი, მხოლოდ ამ ერთი ადამიანის, პაატას გადარჩენისთვის ღირდა ეს პროექტი.
ციფრების და სტატისტიკის მიღმა, რითაც წელს ვაჯამებთ, ადამიანები დგანან განსხვავებული ისტორიებით“, – ამბობს ხათუნა ბეჭვაია.
იმერეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის, ფონდ აფხაზინტერკონტის სოციალური მუშაკი, ინგა იმედაძე ამბობს, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის მსგავსად იმერეთშიც ყველაზე ხშირად პროექტს დასაქმებისა და მცირე ბიზნესის ხელშემწყობი მცირე გრანტებისთვის მიმართავენ, მოთხოვნადია იურიდიული და სამედიცინო დახმარების მიმართულებაც, ასევე სტაჟირების პროგრამები.
„მიუხედავად იმისა, რომ თითქოს იმერეთის რეგიონში დასაქმება ჭირს და სამუშაო ადგილებიც ბევრი არ არის, მაინც ვახერხებთ დავასაქმოთ ბენეფიციარები.
სტაჟირების მოქნილი სერვისი გვაქვს. შეგვიძლია ინდივიდუალურადაც მივაბაროთ მსურველები სხვადასხვა საქმის ოსტატებს.
ერთი შემთხვევა მახსენდება – მხოლოდ მანქანის მართვა იცოდა ერთმა ყოფილმა პატიმარმა და მთელი ცხოვრება მძღოლად მუშაობდა, მაგრამ მართვის უფლება 5 წლით ჩამოართვეს. ავტოსახელოსნოს მივამაგრეთ, ხელსაწყოები შევუძინეთ და ახლა ავტომობილების შემკეთებლად მუშაობს.
ყოფილი პატიმრების ოჯახის წევრებისთვის ხშირად მიუღებელია საკუთარი ოჯახის წევრის მდგომარეობა.ზოგი იღებს რეალობას, ზოგი არა. ზოგს ერცხვინება თქვას, რომ ოჯახის წევრი პატიმარია, ზოგს არა. ზოგიც სხვებისგან ითხოვს აღიარებას მაშინ, როცა თავად უჭირს სიმართლის თქმა გარშემომყოფებთან. სტიგმა იმდენად დიდია, რომ ხშირად ამბობენ, თითქოს მეუღლე უცხოეთშია და მისი გათავისუფლების შემდეგ უწევთ თქმა, რომ დაბრუნდა“, – ამბობს სოცმუშაკი იმერეთიდან.
თამარ ღლონტი ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის კოორდინატორია გურიაში. მისი თქმით, ამ რეგიონში ყოფილი პატიმრების ხელშემწყობი მსგავსი მასშტაბური პროექტი პირველად მოქმედებს. გვეუბნება, რომ „გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს“ მსგავს, ოღონდ უფრო მცირემასშტაბიან პროექტებზე უმუშავია,
თუმცა ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის სამიზნე აუდიტორია გაცილებით დიდია და მიზნად ისახავს, როგორც ყოფილი პატიმრების, ასევე მათი ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების რესოციალიზაციას ბევრი მიმართულებით.
„სასიამოვნო შეგრძნებაა, როცა ხედავ ადამიანების ცხოვრებაში ცვლილებას. თან ყველა მათგანს აქვს უდიდესი მადლიერების გრძნობა და ეს მეტი მოქმედებისკენ გვიბიძგებს.
მახსოვს ერთი შეჭირვებული ოჯახი, სადაც ახალ წელს პროდუქტი მივიტანეთ და ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა გვითხრა, რომ მათთვის ახალი წელი მხოლოდ კალენდარზე დგებოდა“, – ყვება თამარ ღლონტი.
აჭარაში პროგრამის კოორდინატორის, ნინო ხაჩიძის თქმით, დიდი მოთხოვნა იყო სამედიცინო დახმარების მიმართულებაზე. ყოფილი პატიმრების დიდი ნაწილი საჭიროებდა ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენას. სამედიცინო კვლევებიც ხელმისაწვდომი იყო პროექტის ფარგლებში და ბენეფიციარები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ დიდი ხანია ექიმისთვის უსახსრობის გამო არ მიუმართავთ.
ნინო ხაჩიძე, ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის კოორდინატორი
როგორც ნინო ამბობს, თვითდასაქმებისთვის დახმარება პროგრამის ფარგლებში 200-ზე მეტ ბენეფიციარს გაუწიეს.
პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამის სიმბოლოდ ერთი ბენეფიციარი წარმომიდგენია, რომელიც ხეზე კვეთის ოსტატია და უამრავი წინააღმდეგობა დაძლია, მოვიდა სულ სხვანაირი და გახდა სხვა. დიდი ხანი გაატარა საპატიმროში, გათავისუფლების შემდეგ ყველასგან და ყველაფრისგან გაუცხოებული იყო. ჩვენთან რომ მოვიდა ვუხსნიდით, რომ შეგვეძლო დახმარება. გაოგნებული გვეკითხებოდა – ,,რატომ?“ ვერ იგებდა, რა მიზნით გვსურდა მისი დახმარება.
მისი ნდობის მოსაპოვებლად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა. თვითდასაქმების კომპონენტში ჩაერთო. ახლა ეს ადამიანი ხისგან საეკლესიო ნივთებს ამზადებს. სამედიცინო დახმარებას ვუწევთ, იურიდიული
მომსახურებითაც სარგებლობს. მებრძოლია, ბევრი მოინდომა. პროექტის სახე ჩვენთვის ეს ბენეფიციარია“, – ამბობს ნინო.
ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი 2019 წლის ნოემბერში სრულდება. დარჩენილი ცხრა თვის განმავლობაში გურიასა და იმერეთში სოციალური საწარმოების შექმნა იგეგმება, სადაც ყოფილი პატიმრები, მათი ოჯახის წევრები და პრობაციონერები დასაქმდებიან. საწარმოს მიზანი ბენეფიციართა გრძელვადიანი დასაქმება და რეგიონებში მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა იქნება.
მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.
შუახევის მუნიციპალიტეტში აგრომომსახურების ცენტრი აშენდება. აგროპროექტების მართვის ცენტრმა სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 221 685 ლარია. ცენტრი დაბა შუახევში, რუსთაველის ქუჩის N31-ში აშენდება.
აგრომომსახურების ცენტრის მშენებლობა და ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 დღეში უნდა დასრულდეს.
წინადადებების მიღება 2019 წლის 10 თებერვალს დაიწყება და 15 თებერვალს დასრულდება.
ადგილი შუახევში, სადაც აგრომომსახურების ცენტრი უნდა აშენდეს / ფოტო ტენდერიდანაგრომომსახურების ცენტრი შუახევში / ვიზუალური ხედი პროექტიდან
ბათუმში, 2019 წლის 27 იანვრის მდგომარეობით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხი აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებული სპეციალური სადგურის მონაცემებით, წინა დღეებთან შედარებით გაუარესებულია მყარი ნაწილაკების [PM10 და PM2,5] შემცველობის მხრივ. ამ ნაწილაკების შემცველობა ჰაერში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით დღეს, 17 საათისთვის იყო ძალიან ცუდი და ცუდი.
ბათუმში ჰაერის ხარისხის გასაკონტროლებლად განთავსებულია რამდენიმე სადგური, რომელთაგან ერთზე [აბუსერიძის ქუჩა] ჰაერის დამბინძურებლებზე დაკვირვება მიმდინარეობს საათობრივად, ხოლო დანარჩენ 5 სადგურზე – გარკვეული პერიოდულობით.
საათობრივი დაკვირვების სადგურის მონაცემებით, 27 იანვარს, თუ არ ჩავთვლით ზემოთ ნახსენებ მყარ ნაწილაკებს, სხვა დამაბინძურებლების შემცველობა ჰაერში არის კარგი [აზოტის დიოქსიდი] და ძალიან კარგი [ოზონი, გოგირდის დიოქსიდი, ნახშირბადის მონოქსიდი].
ბათუმში ხუთი სადგური, სადაც პერიოდულად ხდება ჰაერის დამაბინძურებლებზე დაკვირვება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, განთავსებულია რუსთაველის ქუჩაზე [დრამატულ თეატრთან], ანგისის პოლიციის შენობასთან, ლ. ასათიანის ქუჩაზე [ყინულის სახლთან], მაიაკოვსკის ქუჩაზე [ტერმინალის ცენტრალურ შესასვლელთან] და ფერიის მთაზე [საბაგიროს სადგურთან].
ამ სადგურებიდან ბოლო მონაცემები მიღებულია 2018 წლის ნოემბერში. ამ დროისთვის კი, ჩამოთვლილი სადგურებიდან პირველ ოთხ ადგილზე დამაკმაყოფილებელი იყო აზოტის დიოქსიდის შემცველობა ჰაერში, ხოლო ტერმინალთან ბენზოლის შემცველობაც. ყველაზე სუფთა კი ჰაერი ფერიის მთაზე დაფიქსირდა.
რაც შეეხება ტყვიის შემცველობას ჰაერში.
სამინისტროს ინფორმაციით „დედაქალაქის ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის მონიტორინგი ყოველთვის მიმდინარეობდა და ეს მაჩვენებელი სულ მცირე ბოლო ათი წლის მანძილზე არ აჭარბებს ევროპულ ზღვრულ მნიშვნელობას. მეტიც, ჩატარებული კვლელვების მიხედვით, ტყვიის კონცენტრაცია ატმოსფერულ ჰაერში ყოველწლიურად კლებულობს და დადგენილ ნორმასთან შედარებით ძალიან მცირეა. ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის მონიტორინგი 2014 წლიდან ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავშიც მიმდინარეობს.“
სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული [ბათუმში განლაგებული დაკვირვების სადგურების] მონაცემებით, ჰაერის ტყვიით დაბინძურება ბათუმში არ ფიქსირდება.
ჰაერის ხარისხი ბათუმში / წყარო: გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
2019 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდება ტექნიკური რეგლამენტი „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების – სურსათის ეტიკეტირების წესის შესახებ“, რაც სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მომხმარებლის ინფორმირებულობის გაზრდასა და მისი უფლებების დაცვას ემსახურება.
ახალი რეგულაციით, იზრდება ეტიკეტზე დასატანი სავალდებულო ინფორმაციის ჩამონათვალი. ასევე, ახალი რეგულაციის მიხედვით:
[checklist]
განისაზღვრა ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის შრიფტის ზომა და სურსათის შესახებ ინფორმაციის ფორმა [ზუსტი, მკაფიო, მომხმარებლისათვის ადვილად გასაგები] და ადგილი [თვალსაჩინო];
განისაზღვრა მოთხოვნები სურსათის კვებით და ენერგეტიკულ ღირებულებასთან [საკვები ნივთიერებების, ვიტამინებისა და მინერალების მითითება] დაკავშირებით;
ალერგიის ან მომეტებული მგრძნობელობის გამომწვევი ზოგიერთი ნივთიერების ან პროდუქტის გამოყენების შემთხვევაში, განისაზღვრა აღნიშნული ნივთიერებების ეტიკეტზე განთავსების წესი, რომლის მიხედვითაც სხვა ჩამონათვალისგან აღნიშნული ინგრედიენტი გამოყოფილი უნდა იყოს [შრიფტით/ფონით/სტილით/ფერით];
სურსათის შესახებ ინფორმაციაში არ უნდა იყოს არანაირი მინიშნება დაავადების განკურნების ან სურსათის სამკურნალო თვისებების შესახებ [გარდა ბუნებრივ მინერალურ წყლებთან და განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების სურსათთან დაკავშირებული ინფორმაციისა];
ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაცია არ უნდა იყოს გადაფარული [წარწერით, გრაფიკული გამოსახულებით ან სხვა მასალით].
[/checklist]
სურსათის შესახებ ინფორმაციის განთავსებაზე პასუხისმგებელია ბიზნესოპერატორი, მათ შორის იმპორტიორი.
ნებისმიერ სურსათს, რომელიც განკუთვნილია საბოლოო მომხმარებლისათვის ან საზოგადოებრივი კვების ობიექტისათვის მისაწოდებლად, თან უნდა ახლდეს ინფორმაცია აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში საჯარო სკოლის მშენებლობა, რომელიც 2017 წელს დაიწყო, სამი თვის წინ უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამშენებლო სამუშაოები დღემდე გრძელდება. სარფის საჯარო სკოლის მოსწავლეები კი მშენებლობის დაწყებიდან დღემდე გონიოს საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში სწავლობენ.
სკოლის მშენებლობას ზედამხედველობს შპს „აჭარკაპმშენი“, რისთვისაც სამინისტროს მასთან 7500 ლარზე აქვს ხელშეკრულება გაფორმებული. კომპანიის დირექტორის, გია კახიანის ინფორმაციით: „უშუალოდ პროექტში რაიმე ცვლილება არ შესულა. კომპანიამ თავად გააგრძელა სამუშაოების დასრულების ვადა, ალბათ რამე პრობლემა ჰქონდა… დღეის მდგომარეობით მშენებლობა უკვე დასრულების ფაზაშია“.
სარფის საჯარო სკოლის ახალი შენობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია სწორედ „აჭარკაპმშენმა“ მოამზადა, რისთვისაც აჭარის განათლების სამინისტრომ მას 8744 ლარი გადაუხადა.
სარფის საჯარო სკოლის დირექტორის, ირმა მგელაძის ინფორმაციით, მშენებლობის დროს „იყო გარკვეული პრობლემები, ძირითადად უამინდობა“, რის გამოც სამშენებლო პროცესი გახანგრძლივდა.
თუმცა, სატენდერო პირობის თანახმად, ვადის ცვლილების [გაზრდის] საფუძველს არ წარმოადგენს თოვლი, წვიმა და სხვა მსგავსი მეტეოროლოგიური მოვლენები, ასევე, ობიექტის მიმდებარედ მიმდინარე სხვა სამუშაოები [3 თვე ზამთრის პერიოდი იმ 15-თვიან პერიოდში იყო გათვალისწინებული, რა პერიოდშიც სკოლის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო].
„მშენებლობა თითქმის დასრულებულია. მცირე სამუშაოებია დარჩენილი. ალბათ, თებერვლის ბოლომდე ესეც დასრულდება, შემდეგ დალაგებას დასჭირდება გარკვეული დრო და იმედი მაქვს, მარტის თვიდან ახალ შენობაში სასწავლო პროცესი დაიწყება,“ – გვითხრა ირმა მგელაძემ.
სარფის საჯარო სკოლაში, სარფიდან და კვარიათიდან, სულ 138 მოსწავლე ირიცხება. სკოლის დირექტორის თქმით, გონიოში არც გადაადგილების და არც სასწავლო პროცესის ჩატარების მხრივ, პრობლემები არ ექმნებათ.
სარფის საჯარო სკოლის მშენებლობაზე ტენდერი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2017 წლის აპრილში გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 მილიონ 871 ათას 477 ლარი იყო.
ტენდერში 6 კომპანია მონაწილეობდა. ხელშეკრულება კი სამინისტრომ შპს „დამბასთან“ 1 მილიონ 759 ათას ლარზე 2017 წლის 12 ივლისს გააფორმა. სკოლის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში [2018 წლის ოქტომბერში] უნდა დასრულებულიყო.
ამ ხელშეკრულებაში, დოკუმენტების მიხედვით, ცვლილება 6-ჯერ შევიდა. ექვსივე შემთხვევაში სამინისტროსა და კომპანიას შორის შეთანხმებაში აღნიშნულია, რომ მიწოდების [ანუ შენობის დასრულების] ვადა – 2018 წლის 12 ოქტომბერი – რჩებოდა უცვლელი.
ბოლო შეთანხმებით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა გახანგრძლივდა და 2018 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად, 2019 წლის პირველი მარტით განისაზღვრა.
მშენებელი კომპანიისთვის, შესყიდვების გვერდზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, ხელშეკრულების თანხა: 1 759 000 ლარი მთლიანად [1 758 998.79 ლარი, ანუ 100%-ით] არის გადარიცხული აჭარის ბიუჯეტიდან. აქედან 297 600 ლარი კომპანიას გასული წლის დეკემბერში ავანსად გადაურიცხეს.
„ბათუმელების“ ზარს, შპს „დამბას“ მიერ შესყიდვების გვერდზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე არავინ უპასუხა.
სარფის საჯარო სკოლის ახალი შენობა / 26.01.2019სარფის საჯარო სკოლის ახალი შენობა [მარცხნივ]/ 26.01.2019
მთავარი ფოტო: სარფის საჯარო სკოლის კაფსულის ჩაგდება / აჭარის მთავრობის ფოტო არქივიდან
ბათუმში, ს. ზუბალაშვილის, ლ. ასათიანისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე დასრულდება, ამის შესახებ „ბათუმელებს“ მშენებელ კომპანიაში უთხრეს.
ბათუმში, ხელოვნების უნივერსიტეტის უკან მდებარე ტერიტორიაზე, ახალი სკვერის მოსაწყობად ტენდერი საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 1 375 451 ლარით გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულად „მონოლითი-2005“ გამოცხადდა, რომელთანაც ხელშეკრულება 2018 წლის 31 დეკემბერს გაფორმდა, ღირებულებით – 1 100 362 ლარი.
ხელშეკრულების მიხედვით, ახალი სკვერის მოწყობა 2019 წლის პირველ ივლისამდე უნდა დასრულდეს, თუმცა კომპანია სკვერის მოწყობას თვენახევრით ადრე გეგმავს.
„სადღაც 2019 წლის მაისის შუა რიცხვებში დავასრულებთ ალბათ სკვერის მოწყობას. ყველაფერი ზუსტად ისე კეთდება, როგორც სატენდერო პირობებით და პროექტით არის გათვალისწინებული,“ – ამბობს მერაბ დოლიძე, „მონოლითი-2005“-ის დირექტორი.
2019 წლის 26 თებერვალს შუახევში, გოგინაური ჰესის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება. მდინარე მოდულისწყალზე 4,72 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური [გოგინაური ჰესი] უნდა აშენდეს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გოგინაური ჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე სამინისტროში შპს „ალტერ ენერჯიმ“ წარადგინა.
„აღნიშნული პროექტის გარემოსდაცვით გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგინაურსა და სოფელ მაწყვალთას ადმინისტრავიული ერთეულების შენობებში გაიმართება საჯარო განხილვა.
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე, შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
პროექტის დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნები და მოსაზრებები, ასევე, შეგიძლიათ წარუდგინოთ სამინისტროს არაუგვიანეს 2019 წლის 15 მარტის ჩათვლით,“ – აცხადებს სამინისტრო.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
[checklist]
2019 წლის 26 თებერვალი, 12:00 საათი, სოფელ მაწყვალთას ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.
2019 წლის 26 თებერვალი, 15:00 საათი, სოფელ გოგინაურის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.
„გოგინაური ჰესის პროექტის განხორციელება იგეგმება შუახევის მუნიციპალიტეტში. ჰიდროტექნიკური ნაგებობები მოეწყობა მდინარე
მოდულისწყალზე, რომელიც სათავეს შავშეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე იღებს (2700 მ-ზე ზ.დ.), ხევას მთის ჩრდილო-დასავლეთით და მდ. ჩირუხისწყალს მარცხნიდან უერთდება.
ჰესის სათავე წყალმიმღები კვანძის და მცირე ზომის შეგუბების მოსაწყობად შერჩეულია მდინარის კვეთი ზღვის დონიდან დაახლოებით 950 მ ნიშნულზე. სათავე ნაგებობის განთავსების ტერიტორიიდან უახლოესი საცხოვრებელი სახლები (სოფლები კარაპეტი და კვიახიძეები) მდებარეობს აღმოსავლეთით და დასავლეთით, 510-665 მ მანძილის დაშორებით (პირდაპირი მანძილი).
სადაწნეო სადერივაციო მილსადენის საპროექტო ტრასა განლაგდება მდ. მოდულისწყლის ხეობაში მდ. ჩირუხისწყლის შესართავამდე, მონაცვლეობით მარჯვენა და მარცხენა ტერასებზე, ხოლო შემდგომ (ბოლო მონაკვეთი), ჰესის შენობამდე, მდ. ჩირუხისწყლის ხეობის მარცხენა ტერასაზე. დაახლოებით შუა მონაკვეთზე მილსადენი ახლოს გადის საცხოვრებელ სახლებთან. დაცილების უმოკლესი მანძილი – 60 მ. თუმცა მილსადენის დერეფანი გადის საცხოვრებელ სახლებთან შედარებით დაბალ ნიშნულებზე.
ჰესის შენობა და გამყვანი არხი საპროექტო გადაწყვეტილების მიხედვით განლაგდება მდ.ჩირუხისწყლის ხეობის მარცხენა ფერდის მიმდებარედ, ჭალისზედა პირველ ტერასაზე. პირდაპირი დაცილების მანძილი უახლოეს საცხოვრებელ სახლამდე (სოფ. გოგინაური) 705 მ-ია“.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში სრულად იხილეთ ამ ბმულზე:
გოგინაური ჰესის განთავსების ტერიტორიის სიტუაციური სქემა / წყარო: გზშ-ის დოკუმენტი
დღეს, 27 იანვარს, აჭარის სანაპირო ზოლსა და მაღალმთიანეთში დღისით მოსალოდნელია, ძირითადად, ცვალებადი მოღრუბლოლობა უმეტესად უნალექოდ;
27 იანვრის საღამოს 21 საათიდან 28 იანვრის 21 საათამდე კი ასევე ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით დროგამოშვებით ზოგან წვიმა, მაღალ მთაში თოვა.
აღნიშნულ პერიოდში იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში, ღამით ზოგან შედარებით ძლიერი – 17-22 მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა:
სანაპირო რაიონებში ღამით 5-10, დღისით 11-16 გრადუსი სითბო,
მთიან რაიონებში ღამით 3 გრადუსი ყინვა 2 გრადუსი სითბო, დღისით 3-8 გრადუსი სითბო.
ზღვაზე იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში; ღამით ზოგან 15-20მ/წმ-ში, დროგამოშვებით წვიმა, დღისით უმეტესად უნალექოდ. ხილვადობა ღამით 4-10კმ, დღისით კარგი. ტალღის სიმაღლე 7-12დმ [2-3 ბალი]. ზღვის წყლის ტემპერატურა 8,2 გრადუსი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 და 30 იანვარს აჭარის ზღვისპირა და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
ბათუმში, მწვანე კონცხის, კახაბრისა და გონიო-კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულებში სხვადასხვა დროს სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციოდ ორი ტენდერია გამოცხადებული. სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 900 797 ლარია. ტენდერები საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა.
იმ ტენდერით, გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობები და მისამართები, სადაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 584 120 ლარია, შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
მეორე ტენდერში კი, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 316 677 ლარია. მისამართები და სამუშაოების მოცულობები ნახეთ ბმულზე.
ორთავე ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 10 თებერვალს დაიწყება და 15 თებერვალს შეწყდება.
აღნიშნულ დასახლებებში არაერთ ადგილზე სხვადასხვა სახის, ძირითადად გამაგრებითი [სანიაღვრეები, კედლები] სამუშაოებია ჩასატარებელი. კონკრეტული სამუშაოების პროექტები და ხარჯთაღრიცხვა თან ახლავს სატენდერო პირობებს.
სამუშაოები, რომლის საგარანტიო ვადა ორი წელი იქნება, გამარჯვებულებთან ხელშეკრულების დადებიდან 210 დღეში უნდა დასრულდეს.
ბათუმის ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ორი ექიმისთვის საექიმო საქმიანობის შეჩერებას, ხოლო დაწესებულებაზე გაცემული ლიცენზიის გადახედვას ითხოვენ. განცხადება, რომელიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში 25 იანვარს შევიდა, მედიაციის შემდეგ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს გადაეგზავნება.
3 დღის ნიკოლოზ გოგაძის მშობელი, გოგიტა გოგაძე, იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს, რომლებმაც, მისი თქმით, მისი შვილის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნეს.
„ჩემს მეუღლეს 23 იანვარს გაუკეთეს საკეისრო კვეთა ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში. ბავშვი დღის 14:30 საათზე გაჩნდა საკეისრო კვეთით, სრულიად ჯანმრთელი. მივიღეთ მილოცვები, ექიმებს მადლობა გადავუხადეთ. სადღაც შვიდის ნახევარი იყო, ბავშვი დედაჩემს ვანახე და წავედით სახლში. ღამის თერთმეტ საათზე მირეკავენ და მეუბნებიან, ბავშვს პრობლემები შეექმნაო. თურმე ბავშვს დაეწყო კრიზისი, შვიდი საათის შემდეგ და მთელი ოთხი საათი არ გაგვაგებინეს. ახლა იმას ამბობენ, იმიტომ არ დავრეკეთ, რომ არ შეშინებულიყავითო. არადა, ადრე რომ ეცნობებინათ, ჩვენ მაშინვე წავიყვანდით და შეიძლება ასე არ გართულებულიყო ბავშვის მდგომარეობა. „მედინაში“ რომ გადავიყვანეთ, ორი დღე იყო აპარატზე შეერთებული. მარცხენა ფილტვი ჰქონდა დახურული. ახლა უკეთაა, საავადმყოფოშია ისევ, თუმცა საკვების მიღება დაიწყო. აქამდე გადასხმებით კვებავდნენ,“ – გვიყვება ბავშვის მამა გოგიტა გოგაძე.
გოგიტა გოგაძის თქმით, მის მეუღლეს 15 თებერვალს უწევდა მშობიარობა, 23 იანვარს კი მხოლოდ გეგმიურ გამოკვლევებზე მივიდნენ სამედიცინო დაწესებულებაში, რა დროსაც მკურნალმა ექიმმა და გინეკოლოგმა საკეისროს გაკეთება გადაწყვიტეს.
„მიზეზი გვითხრეს, მუცელში წყალი აღარაა და რომ დავაყოვნოთ შეიძლება ფატალური შედეგი დადგესო. რომელი მშობელი არ დათანხმდება მაგას. ხელი მოვაწერე თანხმობას საკეისრო კვეთაზე. ახლა, როცა ვეკითხები ექიმებს, რატომ გაუკეთეთ ასე სასწრაფოდ საკეისრო კვეთათქო, სხვადასხვა მიზეზს მეუბნებიან. არცერთი მიზეზი ერთმანეთს არ ემთხვევა,“ – ამბობს გოგიტა გოგაძე.
გარდა ექიმებისა, გოგიტა გოგაძეს პრეტენზია აქვს თავად სამედიცინო დაწესებულებასთან. მისი თქმით, დაწესებულება ვერ ახერხებს ახალშობილისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას და არ არის შესაბამისად აღჭურვილი. გოგიტა გოგაძის თქმით, კლინიკას რომ შესაბამისი აღჭურვილობა ჰქონოდა, ადრეულ სტადიაზე აღმოაჩენდა ახალშობილს რა ტიპის დახმარება სჭირდებოდა.
„როდესაც ექიმებს ვეკითხებოდი, რამ გამოიწვია ჩემი შვილის ასეთ მდგომარეობათქო, პასუხს ვერ მცემდნენ. კლინიკა „მედინაშიც“, სადაც ბავშვი გართულების შემდეგ გადაიყვანეს, სხვადასხვა ვერსიას გვეუბნებიან, ბოლოს რაც გვითხრეს, ინფექცია მოხვდა და მაგ მიზეზით დაეხურა ბავშვს ფილტვიო. ინფექცია გასაგებია საიდან მოხვდებოდა. იმ სამშობიაროში, რომელშიც ჩემმა მეუღლემ იმშობიარა, ახალშობილი ბავშვების ოთახთან ახლოს მიმდინარეობს რემონტი. კედელს ტეხავდნენ და მტვერი მოდიოდა ბავშვების ოთახისკენ. შეიძლება მაგანაც გამოიწვია ეს ინფექცია, არ ვიცი. დღეში ალბათ 50-60 მნახველია. ბავშვები სადაც არიან, ის კარები იღებოდა და ალბათ ხვდებოდა ბავშვების ოთახში. ჩვენ რომ ვიჩივლეთ, მერე დაკეტეს კარები და მოაშორეს ცემენტი,“ – ამბობს გოგიტა გოგაძე.
„ბათუმელები“ კომენტარისთვის იმ სამედიცინო დაწესებულებას დაუკავშირდა, სადაც აღნიშნული შემთხვევა მოხდა. ექიმებმა, გინეკოლოგმა და ნეონატოლოგმა ინტერვიუზე უარი თქვეს. თუმცა ისინი მზად არიან სამედიცინო რეგულირების სააგენტოს კითხვებს უპასუხონ. მომხდარ ფაქტზე კომენტარი გააკეთა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელმა:
„ნეონატალური სამსახურის რეგიონალიზაციის სამი დონე არსებობს: პირველი, მეორე და მესამე. მესამე დონე არის ყველაზე მაღალი. სამი თვეა, რაც ავიღეთ რეგიონალიზაციის მეორე დონე და დამერწმუნეთ, მეორე დონის კლინიკას რაც მოეთხოვება, აბსოლუტურად ყველაფერი გვაქვს.
ექიმები მოიქცნენ აბსოლუტურად პროფესიონალურად და სწორად. და თუ რაიმეს ჰქონდა არასწორს ადგილი, ამას შესაბამისი კომპეტენტური ადამიანები და ორგანო განიხილავს. თუმცა მე როგორც კლინიკის ხელმძღვანელს, მქონდა საუბარი ჩემს ექიმებთან, ყველაფერი იყო ჩვენების, საჭიროების მიხედვით და პროფესიონალურად გაკეთებული.
ის, რომ ბავშვი გადაიყვანეს [სხვა კლინიკაში] ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ ჩვენ შესაბამისი აღჭურვილობა არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს მეორე დონის აღჭურვა, ბავშვის მდგომარეობამ მოითხოვა დონის შეცვლა და ამიტომ გადავიყვანეთ“.
დაწესებულების ხელმძღვანელის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს სამშობიაროში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს:
„სამშობიარო [შენობის] მეორე სართულზეა განთავსებული. მესამე სართულზე საჭიროება გახდა კარის ღიობის გაფართოების. რა მტვერი უნდა შეექმნა გარეთ სადარბაზოში, ისიც ზედა სართულზე? რა მტვერი უნდა ყოფილიყო, რომ ის ბავშვებთან მოსულიყო? ამის თქმა არც უნდა იკადროს ვინმემ. მთელი სული და გული ჩავდეთ ამ სამედიცინო ცენტრში და ვერ მივიღებთ იმ შენიშვნას, რომ აქ რამე შესაბამისი გარემო არ არის“.
ვიდრე სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო არ განიხილავს ამ საჩივარს, „ბათუმელები“ არ ასახელებს არც ექიმების ვინაობას და არც კლინიკას, რომლებსაც ახალშობილის მშობელი სააგენტოში უჩივის.
ათი წლის წინ, როცა ბათუმის ძველ ქუჩებში საუკუნის წინ აგებული, ორ-სამსართულიანი შენობების ნგრევა და მათ ადგილას მრავალსართულიანი კორპუსების ჩადგმა გადაწყდა, რამდენიმე ბათუმელმა ხმამაღლა დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ქალაქის კულტურული მემკვიდრეობა იშლებოდა და ბათუმი საკუთარ თავს კარგავდა.
ბოლო წლებში ბათუმში ამ ჯგუფის ხმა კიდევ უფრო გაძლიერდა, რამდენიმე ადამიანის ნაცვლად ძველი ბათუმის დაცვის აუცილებლობაზე სულ უფრო მეტი ადამიანი საუბრობს. ისინი მართავენ აქციებს, ხვდებიან ხელისუფლებას და ბიზნესმენებს, საუბრობენ მედიასთან.
წლებია მათი მთავარი მოთხოვნა ბათუმის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნებაა. ეს მოთხოვნა ხშირად მოდის წინააღმდეგობაში ხელისუფლების და ბიზნესის ინტერესებთან, რადგან ბათუმში სამშენებლო ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი საქმეა, შენობა ქალაქის ცენტრში კი – მომგებიანი კაპიტალდაბანდება.
ჯგუფი, რომელიც ძველი ბათუმის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ცდილობს, სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანებს აერთიანებს. ისინი ამ საქმეში ანაზღაურებას არ იღებენ, ამბობენ, რომ, უბრალოდ, არ შეუძლიათ შეეგუონ ძველი ბათუმის წაშლას.
მათი მისამართით არაერთი ბრალდება ისმის, მათ შორის ყველაზე ხშირად:
„ეწინააღმდეგებიან ქალაქის განვითარებას“
„არაპროფესიონალები არიან“
„სად იყვნენ აქამდე“
„ფულის გამო აკეთებენ“
შოთა გუჯაბიძე და ნინო ინაიშვილი პირველები იყვნენ მათ შორის, ვინც ღიად განაცხადა, რომ ძველი ბათუმი ნადგურდებოდა. 2011 წელს მათ თანამოაზრეები შემოიკრიბეს და საზოგადოება „ბათომი“ დაარსეს. ეს არის პირველი და ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაცია აჭარაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე მუშაობს, თუმცა ძირითადად – ენთუზიაზმზე.
„ბათომს“ პროფესიით არქეოლოგი ნინო ინაიშვილი ხელმძღვანელობს. ის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს. ნინო ამბობს, რომ ისინი არა ქალაქის განვითარებას, არამედ ბათუმის უსისტემო, ქაოტურ განაშენიანებას და კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის ხარჯზე ე.წ. „განვითარებას“ ეწინააღმდეგებიან.
ნინო ინაიშვილი. ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი
ნინო ინაიშვილი: „რაც ბათუმში ხდება, არ არის განვითარება. გარდა იმისა, რომ კულტურული მემკვიდრეობა და ისტორიული განაშენიანება ნადგურდება, ამ ყველაფერს ძალიან ბევრი პრობლემა მოაქვს: ტრანსპორტის მოძრაობა, ქალაქის განიავება, საზოგადოებრივი სივრცეების დაკარგვა და ასე შემდეგ, ეს მუშაობს დომინოს პრინციპით.“
ბოლო წლებში ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად ოცამდე აქცია გაიმართა. ზოგ მათგანს სულ რამდენიმე მონაწილე ჰყავდა, მაგალითად – აქციას ბათუმის ფოსტის დასაცავად, ზოგს კი – რამდენიმე ასეული.
ფოსტის ისტორიული შენობიდან ბათუმში მხოლოდ ფასადი დარჩა, მისი შენარჩუნება ბათუმელებმა ვერ შეძლეს, თუმცა ბრძოლა ძველი ბათუმის გადასარჩენად ხან გამარჯვებითაც სრულდება.
მაგალითად, ასე მოხდა 2014 წელს, როცა აჭარის მთავრობამ ბათუმის ბულვარში, რომელიც უკვე 130 წლისაა, სასეირნო ბილიკის გაუქმება და მწვანე ზოლში კაფე-ბარებისა და ხელოვნური ჩანჩქერის განთავსება გადაწყვიტა. მაშინ კულტურული მემკვიდრეობის დამცველების ორგანიზებით ბათუმში არაერთი აქცია გაიმართა, ფეისბუქზე დაიგეგმა ჰეშთეგკამპანია – #სამივე, რომლის ფარგლებშიც ადამიანები იღებდნენ ფოტოს, რომელზეც ჩანდა სამი თითი, იმის ნიშნად, რომ ემხრობოდნენ ბათუმის ძველ ბულვარში სამივე ხეივნის შენარჩუნებას და კამპანიაში ჩართვას სთხოვდნენ სამ მეგობარს. ფეისბუქკამპანიაში ასობით ადამიანი ჩაერთო, ბათუმში გაიმართა ხალხმრავალი აქციაც და საბოლოოდ მთავრობამ უარი თქვა სახე ეცვალა ბათუმის ბულვარისათვის.
კამპანია #სამივეს ფარგლებში გადაღებული ფოტო ბათუმის ბულვარში. ფოტო: ნინო ჩხაიძე
კამპანია #სამივესინიციატორი შოთა გუჯაბიძე იყო, რომელიც წლებია ბათუმის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა ეძლევა: საჯარო შეხვედრებსა თუ დისკუსიებში, მედიაში თუ სოციალურ ქსელებში. შოთა პროფესიით რეჟისორია, წლებია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობს, დაწერილი აქვს წიგნი ძველ ბათუმზე – „ბათომი“, ასევე, ფოტოგრაფი და ძველი ბათუმის ფოტოკოლექციონერია.
შოთასთვის არაერთხელ შეუხსენებიათ, რომ იგი პროფესიით არქიტექტორი ან ურბანისტი არ არის და ამ საკითხზე საუბრისას კომპეტენცია არ ჰყოფნის. „სად იყავი აქამდე?“ – ესეც ხშირად უკითხავთ მისთვის.
შოთა გუჯაბიძე: „არ ვიცი როდის გავჩერდი, როდის არ ვთქვი რამე. „ვაღიარებ“, რომ რეჟისორი ვარ და ამ ასაკში ვერ გავხდები ურბანისტი ან არქიტექტორი. მე ვიცი, რომ არ შეიძლება ის, რაც ხდება. კაცის მოკვლა რომ არ შეიძლება, ამის დასამტკიცებლად აუცილებლად იურისტი უნდა ვიყო? რაც შეეხება კითხვას – „აქამდე სად იყავი“, დიდი მადლობელი ვარ ნატა ფერაძის [სამოქალაქო აქტივისტი, „პარტიზანული მებაღეობის“ წევრი], რომლის პასუხის შემდეგ ამ შეკითხვამ იკლო.“
შოთა გუჯაბიძე. აქცია „არა ბათუმის ჩაბეტონებას“ ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი
შოთას არ უკვირს, რომ ძველი ბათუმის დასაცავად ბათუმში არ გამოდის ბევრი ადამიანი. ამას თავისი მიზეზები აქვსო, ამბობს. ძველი შენობების დანგრევის სურვილი ხშირად იქ მცხოვრები ადამიანების სურვილიც არის, რომელთაც საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების სწრაფი შესაძლებლობა ეძლევათ. ბიზნესმენი მათ უფრო დიდ ბინასთან ერთად კომპენსაციას სთავაზობს და ორსართულიანი სახლის ადგილას რვა, ცხრა ან კიდევ უფრო მრავალსართულიანი სახლი შენდება. ასე იცვლის ბათუმი იერსახეს.
შოთა ამბობს, რომ ძველი ბათუმის დაცვა მისი ბუნებრივი რეაქციაა იმაზე, რაც ქალაქში ხდება – ადამიანი რაღაცის შეცვლას სულ უნდა ეცადო და ეს ცვლილება არაფერია, თუ არა უმრავლესობის წინააღმდეგ წასვლა, რაც არც ისე კომფორტულია, მაგრამ საჭიროო.
ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა რომ „კომფორტული“ და „წახალისებული“ საქმე არ არის, ამას მთავრობისა და ბიზნესმენების განცხადებებიც მოწმობს, რაც პერიოდულად გაისმის ამ ჯგუფის მისამართით. „ვიწრო ჯგუფის უსუსური მცდელობა“, „გამოწვდილ ხელს კბენთ“… – მთავრობის სხვადასხვა წევრისაგან ეს და მსგავსი საჯარო შეფასებები კულტურული მემკვიდრეობის დამცველებს არაერთხელ მოუსმენიათ.
„მე ვფიქრობ ლოგიკური რეაქცია მათი მხრიდან, სხვა რა ქნან?! მაშინ უნდა აღიარონ, რომ კანონს არღვევენ“, – ამბობს შოთა.
ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის დამცველების ხმა პერიოდულად ძლიერდება. ეს განსაკუთრებით მაშინ არის შესამჩნევი, როცა საქმე საჯარო სივრცეებს ეხება. ასე მოხდა ბულვარის დაცვის დროს და და ასე მოხდა მაშინაც, როცა ბათუმში აქტივისტებმა შექმნეს საინიციატივო ჯგუფი – „გადავარჩინოთ რვაფეხა“. ბათუმის ბულვარში მდებარე კაფე „რვაფეხა“, რომელიც წლების მანძილზე ბათუმის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად მიიჩნეოდა, ასე გადაარჩინეს დანგრევას. ამჟამად ბათუმში „რვაფეხას“ რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ზეინაბ დიასამიძე აქციაზე. ფოტო: ფეისბუქგვერდი „დაიცავი ძველი ბულვარი“
პროფესიით ექიმი ზეინაბ დიასამიძე თითქმის არც ერთ აქციას არ ტოვებს, რომელიც ძველი ბათუმის გადასარჩენად იმართება, მისთვის სწორედ ბათუმის „რვაფეხა“ იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოტივაცია, რამაც აქციებში მონაწილეობისკენ და მეტი ჩართულობისკენ უბიძგა.
ზეინაბ დიასამიძე: „ჩემს თვალწინ ირღვეოდა ხელოვნების ნიმუში, ეს არ იყო მხოლოდ ქალაქის მეხსიერება და ჩემი ბედნიერი ახალგაზრდობა, ეს იყო კულტურული მემკვიდრეობის ნიმუში, რომელიც უნდა შენახულიყო და ამის ნაცვლად მიიღეს მისი ლიკვიდაციის გადაწყვეტილება. ამან გამოიწვია ჩემი აღშფოთება. „რვაფეხას“ წინ უძღოდა პირველი საავადმყოფოს რღვევა და გადაკეთება, ფოსტის შენობის გაყიდვა, ანუ მთელი არქიტექტურა, ქალაქის სავიზიტო ბარათები ჩემს თვალწინ იშლებოდა, ირღვეოდა, ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით ხდებოდა გაჩუქება.“
ბოლო სამი წელია ძველი ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დამცველები არა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე, არამედ ბათუმში რეკრეაციული ზონების დასაცავადაც იბრძვიან და სხვა საკითხებზეც, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ეხება ბათუმის განაშენიანებას.
პროფესიით ჟურნალისტი ირმა ზოიძე ამბობს, რომ მწვანე საფარის, საჯარო სივრცეების დაცვა ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის მომიჯნავე თემებია და ეს ბუნებრივად მოხდა. ირმას ხმა ბათუმის საკრებულოს სხდომებზე და სხვადასხვა შეხვედრაზე ხშირად და ხმამაღლა ისმის. მას ბევრი შეკითხვა აქვს და ამბობს, რომ კომპეტენტურ პასუხებს წლებია ვერ იღებს, ამიტომაც აღმოჩნდა იმ აქტივისტებს შორის, რომლებიც ძველი ბათუმის დაცვას ცდილობენ.
ირმა ზოიძე: „ეს არ არის ჩემი პირადი ინტერესი, ქუჩაში იმიტომ არ გამოვდივარ, რომ ფულის და კარიერის გაკეთება მინდა, ვცდილობ, დავიცვა კულტურული მემკვიდრეობა და არა მარტო, იმიტომ, რომ გავა დრო და მომავალი თაობა გვკითხავს, კი მაგრამ, როცა ქალაქი იცვლებოდა ასე რადიკალურად, თქვენ სად იყავით? პოსტსაბჭოთა ადამიანები მიჩვეული არიან, რომ ვიღაც რაღაცას არეგულირებს, ზრუნავს. ფაქტია, რომ ასე არ არის. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი თავი და ჩვენი ქალაქი. მივედით ეტაპზე, როცა ადამიანების ხმა უნდა შევკრიბოთ და გავაგონოთ თვითმმართველობას, ხელისუფლებას, რომ ეს არ არის მხოლოდ რამდენიმე ადამიანის პროტესტი.“
ძველი ბათუმის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დამცველები არა მხოლოდ თემატურ აქციებში, არამედ სხვა აქტივობებშიც მონაწილეობენ. 2016 წლის ზამთარი, დიდთოვლობა ბათუმში, აქტივისტების ჯგუფი ბულვარში ხეებს თოვლისგან ათავისუფლებს, რომ ტოტების დამტვრევას გადაარჩინონ. დათო ტრაპაიძის ფოტო
ბათუმის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დამცველები მხოლოდ აქციებითა და საჯარო განხილვებში მონაწილეობით არ შემოიფარგლებიან. ბოლო წლებში მათ არაერთხელ მიმართეს სასამართლოს კონკრეტული შენობის დასაცავად.
ნათია აფხაზავა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტს ხელმძღვანელობს ბათუმში. კითხვაზე, რა გახდა თავის დროზე მიზეზი, რის გამოც წლებია კულტურული მემკვიდრეობის დაცვას უწევს ადვოკატირებას, ბათუმის ფოსტის შენობაო – ამბობს.
ნათია აფხაზავა. ფოტო: Soundspring
ნათია აფხაზავა: „ერთ დღეს ჩამოვიარე და მივხვდი, რომ შენობა, რომელთანაც მთელი ბავშვობა მაკავშირებდა, იქცა სრულიად უცხოდ, უფრო მეტიც – მონსტრად. ბავშვობაში მე და ბებო თითქმის ყოველ კვირა დავდიოდით ფოსტაში, რომ დაგვერეკა ბიძასთან ან გაგვეგზავნა საახალწლო ბარათები. შიგნით როცა შეხვიდოდი, სხვა სურნელი თუ განწყობა იყო, გარედან კი სულ გინდოდა, რომ დაკვირვებოდი.“
საორგანიზაციო ჯგუფის ფოტოაქცია – #ჩემიფოტოძველბათუმში. ფარგლებშიც ფოტოგრაფებმა აქციის მონაწილეებს ძველი ბათუმის ქუჩებში გადაუღეს ფოტოები. „დაიცავი ძველი ბათუმი“, „ნუ ანგრევ“ – ეს იყო სოციალური კამპანიის მთავარი გზავნილი. კამპანიის ადრესატი ბათუმის მერია იყო, რომლისგანაც საინიციატივო ჯგუფი ძველი ბათუმის ტერიტორიაზე მშენებლობაზე მორატორიუმს მოითხოვდა. მორატორიუმი არ შედგა.
ბოლო, ყველაზე გახმაურებული აქცია ბათუმის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დამცველებმა ოქტომბერში გამართეს ევროპის მოედანზე. აქციის მიზეზი ბათუმის რივიერაზე დაგეგმილი ექვსი ცათამბჯენის მშენებლობა გახდა.
აქციიდან ორი თვის შემდეგ, ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს 22 წლის სტუდენტი მარი მუთიძე ბათუმში, ევროპის მოედანზე მეგობრებთან ერთად იმიტომ გავიდა, რომ საპროტესტო აქციაგაემართა. მარიმ ასე ბათუმის რივიერაზე ცათამბჯენების მშენებლობა გააპროტესტა:
მარი მუთიძე: „რამდენიმე წელია ყველაფერმა ქაოსური სახე მიიღო. თითქოს რაღაც ძალა ცდილობს ბათუმი მთლიანად გადარეცხოს და ზემოდან უცხო ქალაქი დააშენოს, რასაც, ალბათ, გაგვიჭირდება ბათუმი ვუწოდოთ. ვიფიქრე, ახალი წლის ღამეს ევროპის მოედანზე თუ გავიდოდით პოსტერებით, ასე მთავრობა დაინახავდა, რომ ამ საზეიმო წუთებშიც კი არიან ბათუმში ადამიანები, რომლებსაც ქალაქის ქაოსური განაშენიანება ძალიან აღელვებთ.“
31 დეკემბერი. აქცია ბათუმის მთავარ ნაძვის ხესთან.
მთავრობა ბათუმის ქაოსური განაშენიანებით უკმაყოფილო ადამიანებს ხედავს. მეტიც, მთავრობის ნდობით აღჭურვილი სპეციალისტებიც კი მიიჩნევენ, რომ ბათუმში მშენებლობების თვალსაზრისით საგანგაშო მდგომარეობაა, ხოლო სამშენებლო პროექტებს „ურბანულ კატასტროფას“ უწოდებენ, თუმცა ბათუმს განაშენიანების გენერალური გეგმა, რომელსაც ქალაქის მთავრობა დაეყრდნობა ახალი მშენებლობის დროს, უკვე 14 წელია არ აქვს. ქაოსური მშენებლობები ბათუმში ისევ გრძელდება და ის სივრცეც სულ უფრო პატარავდება, რომელსაც ძველ ბათუმს უწოდებენ.
მ. აბაშიძის ქუჩიდან ბათუმის რივიერა, ზღვა და მთები მოსჩანს. ექვსი ცათამბჯენის აშენების შემთხვევაში, ძველი ბათუმის ქუჩიდან ეს ხედი დაიკარგება. ფოტო: საზოგადოება „ბათომი”