მთავარი,სიახლეები

გიბრუნდება თუ არა თანხა, როცა ორმოცი/მეტი წლის ხარ და დაგროვებით საპენსიო სქემიდან გამოხვედი 

05.01.2019
გიბრუნდება თუ არა თანხა, როცა ორმოცი/მეტი წლის ხარ და დაგროვებით საპენსიო სქემიდან გამოხვედი 

დასაქმებულს, რომელიც 2018 წლის 6 აგვისტოსთვის იყო 40 და მეტი წლის, მაგრამ არ სურს იყოს დაგროვებითი პენსიის სქემის მონაწილე, შეუძლია, 2019 წლის პირველი აპრილიდან პირველ ივნისამდე პერიოდში, მიმართოს საპენსიო სააგენტოს და გავიდეს სქემიდან. პირველი ივნისის შემდეგ კი მას სქემიდან გასვლის უფლება აღარ ექნება და ავტომატურად დარჩება ამ სქემის მონაწილედ.

დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვა სქემიდან გამოსულ პირს ნებისმიერ დროს შეუძლია, გამოსვლა აღარ.

სქემიდან გასვლის უფლება არ აქვთ იმ დასაქმებულებს, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოსთვის არ შესრულებიათ 40 წელი.

რაც შეეხება საპენსიო შენატანს [ხელფასის 2% თვეში], რომელიც დამსაქმებელს შეაქვს დასაქმებულის სახელით მის საპენსიო ანგარიშზე – სქემიდან გასვლის შემთხვევაში, შეტანილი თანხა, შესაბამისი ხარჯების გამოკლებით დაიბეგრება და უკან დაუბრუნდება დასაქმებულს. თანხის დაბრუნების წესს საპენსიო სააგენტო განსაზღვრავს.

ანუ, თუ თქვენ 2018 წლის 6 აგვისტოსთვის იყავით 40 ან მეტი წლის, ამასთან თქვენი დაუბეგრავი ხელფასი არის 1000 ლარი და მაისის ბოლოს გადაწყვიტეთ გახვიდეთ სქემიდან, თქვენს საპენსიო ანგარიშზე ჯამში შეტანილი 100 ლარიდან [20-20 ლარი ყოველთვიურად], უკან დაგიბრუნდებათ 80 ლარამდე [საშემოსავლოსა და მომსახურების თანხის გამოკლებით].

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე შეტანილ თანხას [2-2%] უკან დაიბრუნებს დამსაქმებელიც და სახელმწიფო ხაზინაც, იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული მიმდინარე წლის პირველ ივნისამდე უარს იტყვის სქემაში მონაწილეობაზე.

დაგროვებით საპენსიო სქემაში 2019 წლის პირველი იანვრიდან ავტომატურად ჩაერთო ყველა დასაქმებული – 60 წლამდე კაცები და 55 წლამდე ქალები. ეს კანონის მოთხოვნაა და დასაქმებულის დაუბეგრავი ხელფასის 2%-ს დამსაქმებელი მის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად გადარიცხავს მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში. ასე გაგრძელდება მომდევნო თვეებშიც, თუ დასაქმებული მიმდინარე წლის აპრილში ან მაისში არ გამოვა სქემიდან.

დაგროვებით საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით მონაწილეობენ დასაქმებულები, რომელთაც კანონის ამოქმედების თარიღამდე [2018 წლის 6 აგვისტო], შეუსრულდათ 60 წელი მამაკაცების შემთხვევაში და 55 წელი ქალბატონების შემთხვევაში. ასეთი პირები ავტომატურად არ წევრიანდებიან დაგროვებით საპენსიო სქემაში, თუმცა მათ საშუალება აქვთ დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვის სურვილის შემთხვევაში განცხადებით მიმართონ საპენსიო სააგენტოს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: