მთავარი,სიახლეები

ისევ უცნობია, როდის გადმოასვენებენ ლიბიაში დაღუპულ მეზღვაურს საქართველოში

25.01.2019
ისევ უცნობია, როდის გადმოასვენებენ ლიბიაში დაღუპულ მეზღვაურს საქართველოში

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ვერ ასახელებენ თარიღს, თუ როდის იქნება შესაძლებელი ლიბიაში დაღუპული მეზღვაურის, დავით რაზმაძის საქართველოში ჩამოსვენება.

როგორც “ბათუმელებს” საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განუცხადა, მეზღვაურის გადმოსვენება მიმდინარე ექსპერტიზის გამო ყოვნდება.

“ლიბიის პროკურატურიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ გარდაცვლილის ცხედარს ამჟამად უტარდება პათოლოგიურ-ანატომიური ექსპერტიზა. პროცესი დაწყებულია და ექსპერტიზის დასრულებისთანავე გამოძიება მიიღებს გადაწყვეტილებას ცხედრის გადმოცემაზე, რის შემდეგაც გადმოვასვენებთ საქართველოში. იმის გამო, რომ პროცესმა შეიძლება რამდენიმე დღე წაიღოს, ამ ეტაპზე ზუსტ თარიღს ვერ გვეუბნებიან, როდის იქნება შესაძლებელი გადმოსვენება,” – ამბობს ვლადიმერ კონსტანტინიდი.

მისივე თქმით, ჯერ დადგენილი არ არის ვინ გაიღებს გადმოსვენების ხარჯებს.

“კანონმდებლობით გვაქვს დადგენილი პროცედურა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეების გადმოსვენებას უზრუნველყოფს ქართული მხარე. დღეს ვარკვევთ, რამდენადაა მზადყოფნა გემთმფლობელი კომპანიის მხრიდან აღნიშნულის განხორციელებაზე. ორივე ვერსია განიხილება,” – ამბობს ვლადიმერ კონსტანტინიდი.

ქართველი მეზღვაური, მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ თურქულ გემ MV Dogan Bey-ზე მუშაობდა. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გემი ლიბიის ნავსადგურ Misurata-ში იმყოფებოდა, როცა ქართველი მეზღვაური გემბანიდან გაუჩინარდა ღამით, მორიგეობის დროს. ფაქტი მოხდა 7 იანვარს, მაგრამ დავით რაზმაძის ახლობლებს მეზღვაურის დაკარგვის შესახებ მხოლოდ 16 იანვარს შეატყობინეს. სამძებრო სამუშაოების შედეგად მეზღვაურის ცხედარი 21 იანვარს იპოვეს.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მეზღვაურის გარდაცვალების მიზეზი.

დავით რაზმაძეს საქართველოში ჰყავს ბებია, რომელიც გორში ცხოვრობს. სხვადასხვა მედიის ცნობით, მეზღვაურის დედა უცხოეთში მუშაობს. თავად კი ბათუმში, ბიძასთან გაიზარდა.

დავით რაზმაძის მამა, ზაზა რაზმაძე 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს, დაბომბვის შემდეგ გადაღებული ცნობილი ფოტოს გმირი იყო. ფოტოზე ის გარდაცვლილ ძმას დასტიროდა. თავად ზაზა რაზმაძე 2014 წელს კარალეთში, დევნილთა დასახლებაში გარდაიცვალა უბედური შემთხვევის შედეგად.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: