მთავარი,სიახლეები

ვის და როდის შეუძლია დატოვოს დაგროვებითი საპენსიო სქემა

25.01.2019 • 4217
ვის და როდის შეუძლია დატოვოს დაგროვებითი საპენსიო სქემა

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, თუ პირი 2018 წლის 6 აგვისტოსთვის იყო 40 და მეტი წლის, ამასთან არ იყო დასაქმებული და შემდეგ დასაქმდა, ის ავტომატურად ერთვება საპენსიო სქემაში სამი თვის განმავლობაში. ამ სამი თვის შემდეგ, მომდევნო ორ თვეში კი შეუძლია გამოვიდეს სქემიდან.

მაგალითად, თუ თქვენ 2018 წლის 6 აგვისტოს იყავით 40 და მეტი წლის და დასაქმდით, ვთქვათ, 2018 წლის 6 აგვისტოდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, 2019 წლის იანვარ-მარტში დაგროვებითი პენსიის სქემაში ჩართვას კანონი გავალდებულებთ, 2019 წლის 1 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით პერიოდში კი შეგიძლიათ გამოხვიდეთ დაგროვებითი პენსიის სქემიდან.

მეორე მაგალითი. ვთქვათ,  2018 წლის 6 აგვისტოს იყავით 40 და მეტი წლის და დასაქმდით ვთქვათ 2019 წლის 1 იანვრიდან შემდგომ პერიოდში ნებისმიერ დროს. ამ შემთხვევაში დასაქმებიდან 3 თვის განმავლობაში ავტომატურად ერთვებით სქემაში, ამ სამი თვის გასვლის შემდეგ კი, მომდევნო ორი თვის განმავლობაში შეგიძლიათ დატოვოთ სქემა.

უფრო გასაგები რომ იყოს, „თუ პირი 2018 წლის 6 აგვისტოსთვის იყო 40 და მეტი წლის, არ იყო დასაქმებული და დასაქმდა, ვთქვათ, 2020 წლის ივნისში. ასეთი დასაქმებული ამავე წლის ივნისში, ივლისსა და აგვისტოში ავტომატურად ხდება დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე, თუმცა, მას უფლება აქვს ამავე, ანუ 2020 წლის 1 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში დატოვოს სქემა“, – განმარტავენ საპენსიო სააგენტოში.

ის, ვინც 2018 წლის 6 აგვისტომდე იყო დასაქმებული და ამასთან 40 და მეტი წლის, მას უფლება აქვს სქემა დატოვოს მხოლოდ 2019 წლის 1 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით პერიოდში.

სქემიდან გასვლის შემთხვევაში უნდა მიმართოთ საპენსიო სააგენტოს.

თუ, სქემაში ჩართული პირი, აღნიშნულ ორთვიან პერიოდში არ დატოვებს სქემას, ის ვეღარ გამოვა და რჩება მუდმივად სქემაში.

ის, ვინც ამ ორთვიანი პერიოდით ისარგებლებს და გამოვა სქემიდან, მას უფლება აქვს ნებისმიერ დროს ხელახლა ჩაერთოს სქემაში, თუმცა ამის შემდეგ სქემიდან ვეღარ გამოვა.

კანონით, იმ პირებს, რომელთა ასაკი 2018 წლის 6 აგვისტოსთვის არ აღემატებოდა 40 წელს, დაგროვებითი სქემიდან გამოსვლის უფლება არ აქვთ.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/163729/

https://batumelebi.netgazeti.ge/news/176392/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: