მთავარი,სიახლეები

ახალშობილის მშობელი ორ ექიმსა და ერთ სამედიცინო დაწესებულებას უჩივის

26.01.2019 • 4960
ახალშობილის მშობელი ორ ექიმსა და ერთ სამედიცინო დაწესებულებას უჩივის

ბათუმის ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ორი ექიმისთვის საექიმო საქმიანობის შეჩერებას, ხოლო დაწესებულებაზე გაცემული ლიცენზიის გადახედვას ითხოვენ. განცხადება, რომელიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში 25 იანვარს შევიდა, მედიაციის შემდეგ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს გადაეგზავნება.

3 დღის ნიკოლოზ გოგაძის მშობელი, გოგიტა გოგაძე, იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს, რომლებმაც, მისი თქმით, მისი შვილის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნეს.

„ჩემს მეუღლეს 23 იანვარს გაუკეთეს საკეისრო კვეთა ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში. ბავშვი დღის 14:30 საათზე გაჩნდა საკეისრო კვეთით, სრულიად ჯანმრთელი. მივიღეთ მილოცვები, ექიმებს  მადლობა გადავუხადეთ. სადღაც შვიდის ნახევარი იყო, ბავშვი დედაჩემს ვანახე და  წავედით სახლში. ღამის თერთმეტ საათზე მირეკავენ და მეუბნებიან, ბავშვს პრობლემები შეექმნაო. თურმე ბავშვს დაეწყო კრიზისი, შვიდი საათის  შემდეგ და მთელი ოთხი საათი არ გაგვაგებინეს. ახლა იმას ამბობენ, იმიტომ არ დავრეკეთ, რომ არ შეშინებულიყავითო. არადა, ადრე რომ ეცნობებინათ, ჩვენ მაშინვე წავიყვანდით და შეიძლება ასე არ გართულებულიყო ბავშვის მდგომარეობა. „მედინაში“ რომ გადავიყვანეთ, ორი დღე იყო აპარატზე შეერთებული. მარცხენა ფილტვი ჰქონდა დახურული. ახლა უკეთაა, საავადმყოფოშია ისევ, თუმცა საკვების მიღება დაიწყო. აქამდე გადასხმებით კვებავდნენ,“ – გვიყვება ბავშვის მამა გოგიტა გოგაძე.

გოგიტა გოგაძის თქმით, მის მეუღლეს 15 თებერვალს უწევდა მშობიარობა, 23 იანვარს კი მხოლოდ გეგმიურ გამოკვლევებზე მივიდნენ სამედიცინო დაწესებულებაში, რა დროსაც მკურნალმა ექიმმა და გინეკოლოგმა საკეისროს გაკეთება გადაწყვიტეს.

„მიზეზი გვითხრეს, მუცელში წყალი აღარაა და რომ დავაყოვნოთ შეიძლება ფატალური შედეგი დადგესო. რომელი მშობელი არ დათანხმდება მაგას. ხელი მოვაწერე თანხმობას საკეისრო კვეთაზე. ახლა, როცა ვეკითხები ექიმებს, რატომ გაუკეთეთ ასე სასწრაფოდ საკეისრო კვეთათქო, სხვადასხვა მიზეზს მეუბნებიან. არცერთი მიზეზი ერთმანეთს არ ემთხვევა,“ – ამბობს გოგიტა გოგაძე.

გარდა ექიმებისა, გოგიტა გოგაძეს პრეტენზია აქვს თავად სამედიცინო დაწესებულებასთან. მისი თქმით, დაწესებულება ვერ ახერხებს ახალშობილისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას და არ არის შესაბამისად აღჭურვილი. გოგიტა გოგაძის თქმით, კლინიკას რომ შესაბამისი აღჭურვილობა ჰქონოდა, ადრეულ სტადიაზე აღმოაჩენდა ახალშობილს რა ტიპის დახმარება სჭირდებოდა.

„როდესაც ექიმებს ვეკითხებოდი, რამ გამოიწვია ჩემი შვილის ასეთ მდგომარეობათქო, პასუხს ვერ მცემდნენ. კლინიკა „მედინაშიც“, სადაც ბავშვი გართულების შემდეგ გადაიყვანეს, სხვადასხვა ვერსიას გვეუბნებიან, ბოლოს რაც გვითხრეს, ინფექცია მოხვდა და მაგ მიზეზით დაეხურა ბავშვს ფილტვიო. ინფექცია გასაგებია საიდან მოხვდებოდა. იმ სამშობიაროში, რომელშიც ჩემმა მეუღლემ იმშობიარა, ახალშობილი ბავშვების  ოთახთან ახლოს მიმდინარეობს რემონტი. კედელს ტეხავდნენ და მტვერი მოდიოდა ბავშვების ოთახისკენ.  შეიძლება მაგანაც გამოიწვია ეს ინფექცია, არ ვიცი. დღეში ალბათ 50-60 მნახველია. ბავშვები სადაც არიან, ის კარები იღებოდა და ალბათ ხვდებოდა ბავშვების ოთახში. ჩვენ რომ ვიჩივლეთ, მერე დაკეტეს კარები და მოაშორეს ცემენტი,“ – ამბობს გოგიტა გოგაძე.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის იმ სამედიცინო დაწესებულებას დაუკავშირდა, სადაც აღნიშნული შემთხვევა მოხდა. ექიმებმა, გინეკოლოგმა და ნეონატოლოგმა ინტერვიუზე უარი თქვეს. თუმცა ისინი მზად არიან სამედიცინო რეგულირების სააგენტოს კითხვებს უპასუხონ. მომხდარ ფაქტზე კომენტარი გააკეთა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელმა:

„ნეონატალური სამსახურის რეგიონალიზაციის სამი დონე არსებობს: პირველი, მეორე და მესამე. მესამე დონე არის ყველაზე მაღალი. სამი თვეა, რაც ავიღეთ რეგიონალიზაციის მეორე დონე და დამერწმუნეთ, მეორე დონის კლინიკას რაც მოეთხოვება, აბსოლუტურად ყველაფერი გვაქვს.

ექიმები მოიქცნენ აბსოლუტურად პროფესიონალურად და სწორად. და თუ რაიმეს ჰქონდა არასწორს  ადგილი, ამას შესაბამისი კომპეტენტური ადამიანები და ორგანო განიხილავს. თუმცა მე როგორც კლინიკის ხელმძღვანელს, მქონდა საუბარი ჩემს ექიმებთან, ყველაფერი იყო ჩვენების, საჭიროების მიხედვით და პროფესიონალურად გაკეთებული.

ის, რომ ბავშვი გადაიყვანეს [სხვა კლინიკაში] ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ ჩვენ შესაბამისი აღჭურვილობა არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს მეორე დონის აღჭურვა, ბავშვის მდგომარეობამ მოითხოვა დონის შეცვლა და ამიტომ გადავიყვანეთ“.

დაწესებულების ხელმძღვანელის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს სამშობიაროში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს:

„სამშობიარო [შენობის] მეორე სართულზეა განთავსებული. მესამე სართულზე საჭიროება გახდა კარის ღიობის გაფართოების. რა მტვერი უნდა შეექმნა გარეთ სადარბაზოში, ისიც ზედა სართულზე? რა მტვერი უნდა ყოფილიყო, რომ ის ბავშვებთან მოსულიყო? ამის თქმა არც უნდა იკადროს ვინმემ. მთელი სული და გული ჩავდეთ ამ სამედიცინო ცენტრში და ვერ მივიღებთ იმ შენიშვნას, რომ აქ რამე შესაბამისი გარემო არ არის“.

ვიდრე სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო არ განიხილავს ამ საჩივარს, „ბათუმელები“ არ ასახელებს არც ექიმების ვინაობას და არც კლინიკას, რომლებსაც ახალშობილის მშობელი სააგენტოში უჩივის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: