მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემას სახელი შეეცვლება და ახლა უკვე „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი“ დაერქმევა. ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში – „ახალი დღე“ განაცხადა.
შუკაკიძის თქმით, ცვლილებების შედეგად გაუქმდა მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი. პედაგოგი მას სურვილის მიხედვით შეავსებს, მაგრამ აღარ იქნება სავალდებულო.
როგორც ბერიკა შუკაკიძე ამბობს, მასწავლებლის პროფესიული განვითარების დღეს მოქმედი სქემა ძალაში იქნება 2019 წელსაც. შესაბამისად, პედაგოგს, რომელსაც სტატუსის ამაღლება ამ სქემით გათვალისწინებული კრედიტქულების დაგროვებით ჰქონდა გადაწყვეტილი, შეუძლია ეს მოდელი გამოიყენოს.
მოუწევს თუ არა პედაგოგს ერთხელ მიღებული სტატუსის შენარჩუნებაზე ზრუნვა? – ბერიკა შუკაკიძე ამბობს: „არ შეიძლება მასწავლებლის პროფესიული განვითარება შეჩერდეს, ეს იმდენად ცვალებადი სფეროა. პედაგოგი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს და ეცნობოდეს სიახლეებს.
ეს პროცესი რომ არ შეჩერდეს, ჩვენ ვიფიქრეთ ასეთი რამ, რომ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ სათანადო კრედიტქულები დაგროვილი იმისთვის, რომ სტატუსი შეიცვალონ, ჩვენ მათ საშუალებას მივცემთ, პროფესიული განვითარების გზით შეინარჩუნონ თავიანთი სტატუსი“.
ბერიკა შუკაკიძის თქმით, იმ მასწავლებლებთან დაკავშირებით, რომლებმაც ვერ დააგროვეს კრედიტების საკმარისი რაოდენობა, სკოლა გადაწყვეტს, რა მიმართულების პროფესიული განვითარება სჭირდებათ მათ.
„თუ მასწავლებელს აქვს კლასის მართვაში პრობლემა და უნდა გახდეს უკეთესი, სკოლა ან ჩვენი ცენტრი უზრუნველყოფს მისთვის ტრენინგსერვისს. თუ პედაგოგი გაივლის ამას დადებითად, ეს იქნება საკმარისი იმისთვის, რომ მასწავლებელმა შეინარჩუნოს სტატუსი“, – განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ.
როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, სქემაში დაგეგმილი ყველა სიახლის შესახებ ცენტრი პრეზენტაციას პირველ თებერვალს გამართავს.
ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურმა ქალაქის შემოსასვლელში, ესტაკადის მიმდებარე ტერიტორიაზე, 38 ძირი გიგანტური ტუია და 36 ძირი ირმის რქა დარგო. სამსახურის ცნობით, მსგავსი აქცია ქალაქში ყოველკვირეულად გაიმართება, ჯამში კი, 2019 წლის ბოლომდე ბათუმში 4000-მდე ხე-მცენარის დარგვა იგეგმება.
ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების“ სამსახურის ცნობით, წელს აქცენტი მარადმწვანე ხე-მცენარეებზე გაკეთდება. მცენარეების შესაძენად ტენდერები ეტაპობრივად გამოცხადდება.
წამლის სააგენტოს ცნობით, ევროკავშირის ქვეყნების ბაზრიდან გამოთხოვას დაექვემდებარა რამდენიმე სერიის სხვადასხვა ფარმაცევტული პროდუქტი, მათ შორის ერთი – ჰეპარინ ნატრიუმი პანფარმა 25 000 ს.ე./5 მლ (5 000 ს.ე./მლ) 5მლ ინტრავენური საინექციო ხსნარი, რომლის ვარგისიანობის ვადა 2020 წლის პირველ იანვრამდე იყო.
სააგენტოს ცნობით, ევროკავშირის ქვეყნებიდან მედიკამენტი შესაძლოა კონტამინაციის, დაბინძურების გამო იქნა გამოთხოვილი.
„ჰეპარინ ნატრიუმი პანფარმა 25 000 ს.ე./5 მლ (5 000 ს.ე./მლ) 5მლ ინტრავენური საინექციო ხსნარი ფლაკონი №10“ სერია: 50207; ვარგისობის ვადა: 01.2020წ. მწარმოებელი „Rotexmedica GmbH Arzneimittelwerk“ გერმანია. სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი „PANPHARMA S.A.“ საფრანგეთი – ზემოაღნიშნული, 50207 სერიის მქონე ფარმაცევტული პროდუქტი ექვემდებარება საქართველოს ბაზრიდან გამოთხოვას“, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღეს, 21 იანვარს, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ბათუმის პორტში აშშ-ის სამხედრო ხომალდი Donald Cook-ი შემოვიდა.
Donald Cook-ი (DDG 75) სარაკეტო გამანადგურებელია, რომლის ეკიპაჟში 306 მეზღვაურია. ეს ხომალდის მეორე ვიზიტია საქართველოში. პირველად აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი Donald Cook-ი ბათუმის ნავსადგურში 2007 წელს იმყოფებოდა.
ხომალდი Donald Cook-ი მონაწილეობას მიიღებს უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საჩვენებელ ქმედებებში, რომელიც ემსახურება აშშ-ის ევროპული სარდლობისა და მეექვსე ფლოტის მიზნებს. Donald Cook-ის კაპიტანი მეთიუ პაუელია.
ამერიკული ხომალდი ბათუმის ნავსადგურში რამდენიმე დღე დარჩება.
ლიბიაში ქართველ მეზღვაურს ეძებენ. დავით რაზმაძე 7 იანვარს გაუჩინარდა, თუმცა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ამის შესახებ 16 იანვარს შეატყობინეს.
დავით რაზმაძე მარშალის დროშის ქვეშ მცურავ გემ MV Dogan Bey -ზე მუშაობდა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გემი ლიბიის ნავსადგურ Misurata-ში იმყოფებოდა, როცა ქართველი მეზღვაური გემბანიდან ღამით, მორიგეობის დროს გაუჩინარდა.
„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა შესაძლო გზით ცდილობს სიტუაციის გარკვევას, ვმუშაობთ ყველა მიმართულებით. დღეს გემთმფლობელის წარმომადგენელი ჩავიდა ლიბიაში, რათა ადგილზე გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები“, – მოგვწერეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოდან.
დავით რაზმაძის ოჯახი გორში ცხოვრობს, თუმცა, როგორც სააგენტოში გვითხრეს, თავად ბათუმში გაიზარდა. დავით რაზმაძე 23 წლისაა. ის გემზე სამუშაოდ პირველად 3 თვის წინ წასულა.
ხულოს მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის „გოდერძის უღელტეხილი-მწვანე ტბა-დიდაჭარის იაილა“ დარჩენილი მონაკვეთის რეაბილიტაცია იგეგმება. ტენდერი [მეორე ეტაპის] სამუშაოების შესყიდვაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტმა გამოაცხადა.
სამუშაოს შესრულების ვადაა 120 კალენდარული დღე სამუშაოს დაწყებიდან. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს არაუგვიანეს 2019 წლის 20 მაისისა. თუმცა, ხელსაყრელი კლიმატური პირობების არსებობის შემთხვევაში შეუძლია სამუშაოები დაიწყოს 2019 წლის 20 მაისამდე პერიოდშიც.
ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 2 თებერვალს დაიწყება და 7 თებერვალს დასრულდება.
დეპარტამენტის ინფორმაციით, გოდერძის უღელტეხილი-მწვანე ტბა-დიდაჭარის იაილას გზის [კმ0+000-კმ3+250 მონაკვეთზე] რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2018 წელს დასრულდა, რისთვისაც 2 549 987 ლარი დაიხარჯა.
ბათუმში, მაღაზია “სანტა ესპერანსაში” ქართველი ავტორის, ნეფერტარის (ნინო ჭიპაშვილი) პირველი წიგნის, “ბედუინის” პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი ავტორის სადებიუტო ნაწარმოებია. თავიდან ის ჩაფიქრებული იყო როგორც ლიტერატურული თამაში, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში ერთ-ერთ ქართულ ლიტერატურულ პორტალზე ქვეყნდებოდა.
სათავგადასავლო რომანი უდაბნოში დაკარგული ახალგაზრდა ქართველი ქალის ისტორიას მოგვითხრობს, რომელსაც თავს ათასი ფათერაკი გადახდება. საჰარაში, საფარიტურზე წასული ქალი, აღმოაჩენს რომ ტური ადამიანების გამტაცებლების მიერაა ორგანიზებული. გაიქცევა და უდაბნოში დაიკარგება. მოგვიანებით კი ბედუინს შეხვდება, რომელიც მას უდაბნოსგან თავის დაღწევაში ეხმარება.
წიგნის ავტორის თქმით, ნაწარმოების ინსპირაცია ეგვიპტეში მოგზაურობა გახდა, რომლის დროსაც მწერალს ერთი ღამის გატარება უდაბნოში, მარტოს მოუწია.
ბათუმში, ევროპის მოედანზე, პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა დღეს, 20 იანვარს, კარავი გაშალეს.
„ეს იქნება ერთგვარი სიმბოლო ამ პროტესტის. ჩვენ დღის ბოლომდე მოვიფიქრებთ, რას გავაკეთებთ, რა ფორმა მიეცემა პროტესტს,“ – გვითხრა საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ალეკო თევზაძემ.
კარავში, აქციის ორგანიზატორების თქმით, ახალი ტერმინალის მშენებლობის საწინააღმდეგო ხელმოწერები შეგროვდება. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, ხელმოწერებს აჭარის მთავრობას გადაუგზავნიან: „შესაძლოა პეტიციის სახე მივცეთ, ამასთან, თუ საჭირო გახდა შიმშილობასაც დავიწყებთ“.
„კარავი იქნება აქ მანამ, ვიდრე არ მივიღებთ პირობას, რომ ახალი ტერმინალი არ აშენდება,“ – ამბობენ აქციის ორგანიზატორები.
„ეს იყო კლოუნადა“ – ამ სიტყვებით დაიწყო საპროტესტო აქცია ბათუმში ახალი ტერმინალის წინააღმდეგ დღეს, 20 იანვარს. აქციის ორგანიზატორებმა ასე უმაღლესი საბჭოს წევრის, ლადო მგალობლიშვილის ქმედება შეაფასეს, რომელმაც გუშინ, „აჭარის ტელევიზიის“ პირდაპირ ეთერში კარბამიდი შეჭამა.
მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა გოგებაშვილის ქუჩა გადაკეტეს და მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ.
——–
ვრცლად, ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის შესახებ იხილეთ ამ ბმულზე.
აქციის მონაწილეები ბათუმში, ევროპის მოედანზე / 20.01.2019აქციის მონაწილეებმა ბათუმში, ევროპის მოედანზე „ანტიქიმიური კარავი“ გაშალეს / 20.01.2019
აქციის მონაწილეებმა ბათუმში, ევროპის მოედანზე „ანტიქიმიური კარავი“ გაშალეს / 20.01.2019
ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან მოსაბრუნებელი კვანძის მშენებლობაზე 2018 წლის ოქტომბერში გამოცხადებული ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიამ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებს დისკვალიფიკაცია მისცა და ხელახალი ტენდერი 2019 წლის 18 იანვარს გამოაცხადა.
ახალ ტენდერში მოსაბრუნებელი კვანძის ასაშენებლად გათვალისწინებული სავარაუდო თანხის ოდენობა – 4 485 415 ლარი – არ შეცვლილა. თუმცა, როგორც კომისიის ოქმშია აღნიშნული, შეიცვალა გარკვეული მოთხოვნები პრეტენდენტთა გამოცდილებასთან და მათ ფინანსურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით, ასევე დაზუსტდა სხვა მოთხოვნები.
ამჯერად წინადადებების მიღება 2019 წლის 21 თებერვალს დაიწყება და 26 თებერვალს დასრულდება. მშენებლობის ვადები არ შეცვლილა – მოსაბრუნებელი კვანძი ხელშეკრულების გაფორმებიდან რვა თვეში უნდა აშენდეს.
მოსაბრუნებელი გზა მახინჯაურის მხრიდან გვირაბის თავზე გადაივლის, თუმცა 2018 წელს ტენდერი ისე გამოაცხადეს, რომ სახელმწიფოს კერძო მესაკუთრეებისგან ის ნაკვეთები არ ჰქონდა გამოსყიდული, სადაც ამ გზამ უნდა გაიაროს.
აღნიშნული გზა გადის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ 7910 კვ/მ და კერძო საკუთრებაში არსებულ 2620 კვ/მ მიწის ნაკვეთებზე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ კერძო ნაკვეთებს 8-10 მესაკუთრე ჰყავს.
მოსაბრუნებელი გზის მოსაწყობად სამუშაოები 2017 წელს დაიწყო და იმავე წელს უნდა დასრულებულიყო. სამუშაოები დაიწყეს, თუმცა დროულად ვერც გეოლოგიური დასკვნა დაიდო, ვერც პროექტი და არც ის თანხა აღმოჩნდა საკმარისი, რაც კვანძის ასაშენებლად გათვალეს.
გზის გარკვეული ნაწილის მშენებლობაზე და შესაბამის კვლევა-პროექტირებაზე დეპარტამენტმა 2,5 მილიონი ლარი უკვე დახარჯა. სამშენებლო სამუშაოები კომპანია „გზამ“ შეასრულა [„გზა“ 2018 წელს გამოცხადებულ ტენდერშიც მონაწილეობდა, თუმცა კომისიამ მასაც დისკვალიფიკაცია მისცა].
ავტოტრანსპორტის მოსატრიალებელი კვანძი გვირაბთან მახინჯაურის მხარეს გაკეთდება. „მახინჯაურიდან გასული ავტომანქანა, საჭიროების შემთხვევაში, გვირაბის მისასვლელიდან უკან დაბრუნებას ამ კვანძის საშუალებით შეძლებს. ეს კვანძი უფრო ქალაქში მოძრაობისთვისაა გათვლილი“ – ამბობენ დეპარტამენტში.
მთავარი ფოტო: ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბი. ადგილი, სადაც მოსაბრუნებელი კვანძი უნდა აშენდეს / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გოგებაშვილის ქუჩა გადაკეტეს. ისინი მსვლელობით აჭარის მთავრობის სახლისკენ მიდიან.
აქციაზე იმყოფებიან პოლიციელებიც. მათ აქციის მონაწილეებისთვის ხელი არ შეუშლიათ, როცა მსვლელობის გამო ქუჩის ერთ მხარეს ავტომანქანების მოძრაობა შეწყდა.
აქციის ორგანიზატორების თქმით, საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთანაც გაიმართება, რომლის შემდეგაც „ანტიქიმიური კარავი“ გაიშლება ევროპის მოედანზე. კარავში ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ ხელმოწერებს შეაგროვებენ.
აქციის მონაწილეებმა ქუჩა გადაკეტეს, ისინი აჭარის მთავრობის შენობასთან გადაინაცვლებენ / 20.01.2019აქციის მონაწილეებმა ქუჩა გადაკეტეს, ისინი აჭარის მთავრობის შენობასთან გადაინაცვლებენ / 20.01.2019
აქციის მონაწილეებმა ქუჩა გადაკეტეს, ისინი აჭარის მთავრობის შენობასთან გადაინაცვლებენ / 20.01.2019
ამ თემაზე:
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტება, მიმდინარე წლის 14 იანვარს გააკეთა. თორინკე რიჟვაძის განმარტებას გაეცანით აქ:
„ეს იყო კლოუნადა“ – ამ სიტყვებით დაიწყო საპროტესტო აქცია ახალი ტერმინალის წინააღმდეგ დღეს, 20 იანვარს. აქციის ორგანიზატორებმა ასე უმაღლესი საბჭოს წევრის, ლადო მგალობლიშვილის ქმედება შეაფასეს, რომელმაც გუშინ, „აჭარის ტელევიზიის“ პირდაპირ ეთერში კარბამიდი შეჭამა. აქციის ორგანიზატორების შეფასებით, დეპუტატი უპასუხისმგებლოა.
საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს და თქვეს, რომ აქციებს პერმანენტული ხასიათი ექნება, თუკი ტერმინალის მოწყობას მაინც დაიწყებენ.
აქციის ორგანიზატორების თქმით, ახალი ტერმინალით გადაზიდავენ არა მხოლოდ კარბამიდს, რომელიც უსაფრთხოა, არამედ სხვა ქიმიურ ნივთიერებებსაც, რომლებიც ფეთქებადსაშიშია.
„ბათუმი გაქრება ტურისტული ობიექტების რუკიდან… ეს კი არა, შესაძლოა საერთოდ დაბად იქცეს. ასეთი რამ მომხდარა კიდეც,“ – მიმართა აქციის მონაწილეებს ალეკო თევზაძემ.
კიდევ ერთი აქცენტი, რაც დღევანდელი აქციის ორგანიზატორების მიერ გაჟღერდა, პროტესტის პოლიტიკისგან დამოუკიდებლობაა.
„ჩვენ არავის დაკვეთას არ ვასრულებთ,“ – ირწმუნებიან აქციის ორგანიზატორები.
იმავეს ამბობენ აქციაზე მყოფი მოქალაქეებიც. მათ გვითხრეს, რომ არ სჯერათ ვერსიის, რომლის მიხედვითაც ტერმინალით ქიმიური ნივთიერების გადატანა საფრთხეს არ შეიცავს.
საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც გრძელდება.
ახალი ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია ბათუმის პორტთან / 20.01.2019ახალი ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია ბათუმის პორტთან / 20.01.2019ახალი ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია ბათუმის პორტთან / 20.01.2019ახალი ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია ბათუმის პორტთან / 20.01.2019ახალი ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია ბათუმის პორტთან / 20.01.2019ახალი ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია ბათუმის პორტთან / 20.01.2019ახალი ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია ბათუმის პორტთან / 20.01.2019ახალი ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია ბათუმის პორტთან / 20.01.2019ახალი ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია ბათუმის პორტთან / 20.01.2019ახალი ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია ბათუმის პორტთან / 20.01.2019ახალი ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია ბათუმის პორტთან / 20.01.2019
ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის ასაშენებლად, ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა კერძო კომპანიას 15 128 კვ/მ ფართობი აღნაგობის უფლებით უკვე გადასცა. ტერმინალის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას ხელი 2018 წლის 22 მარტს მოეწერა. ახალი ტერმინალი ცენტრალური აზიიდან მინერალური სასუქების ტრანზიტისთვის იქნება განკუთვნილი.
პროექტი ითვალისწინებს სატრანზიტო ტერმინალისა და სასაწყობე ობიექტების მშენებლობას მინერალური სასუქების მიღების, შენახვისა და გადატვირთვის მიზნით. ხელშეკრულებას ორი ხელმომწერი ჰყავს, ბათუმის საზღვაო ნავსადგური და საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია Wondernet Exspress-ი.
ყაჩაღობის ფაქტზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა 22 წლის ე.კ. დააკავა. პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებულმა ბათუმში სამი სუპერმარკეტი დააყაჩაღა.
გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა ბათუმში მდებარე ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან, დანის მუქარით, მოლარეს 900 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იმავე დღეს ე.კ.-მ ბათუმში კიდევ 2 სუპერმარკეტი დააყაჩაღა, საიდანაც 829 ლარი და სიგარეტები გაიტაცა.
სამართალდამცველებმა ე.კ. დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს დააკავეს. ამოღებულია დანა ნივთმტკიცების სახით.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტებზე საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ჰ. აბაშიძის, ლუკა ასათიანის, ვაჟა-ფშაველას, აჭარისწყლის შესახვევი, ბაგრატიონის ჩიხი, გონიოს, თ. გორგილაძის, ლადო ასათიანის ჩიხი, ლუკა ასათიანის შესახვევი, მ. ვარშანიძის შესახვევი, პ. მელიქიშვილის ჩიხი, ლ. გელაძის, პ. მელიქიშვილის მე-2 შესახვევი, ნ. გვარიშვილის, ს. ხიმშიაშვილის ქუჩის N109-113, ურეხის ქუჩა, ურეხის ჩიხი, დ. თავდადებულის შესახვევი, მ. ვარშანიძის 1-ლი შესახვევი – ეს ბათუმის იმ ქუჩების ჩამონათვალია, რომელთა რეაბილიტაციის დაწყებას და კეთილმოწყობას ქალაქის მერია 2019 წელში გეგმავს.
შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე ბათუმის მერიის ა[ა]იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 8 385 492 ლარია. წინადადებების მიღება 2019 წლის 6 თებერვალს დაიწყება და 11 თებერვალს შეწყდება. ტენდერი აუქციონის გარეშე ტარდება.
პირობის თანახმად, სამუშაოების სრული შესრულება უნდა განხორციელდეს 450 კალენდარული დღის განმავლობაში, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან.
თუ რა მოცულობის სამუშაოები უნდა ჩატარდეს აღნიშნულ ქუჩებსა თუ ცალკეულ მონაკვეთებში, მოცემულია ტენდერის ტექნიკურ პირობებში.
სატენდერო პირობებში ასევე აღნიშნულია:
„თითოეულ ობიექტზე სამუშაოები უნდა განხორციელდეს მას შემდეგ, რაც ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი შემსყიდველის მხრიდან მიიღებს წერილობით შეტყობინებას სამუშაოების დაწყების თაობაზე, რომელშიც განსაზღვრული იქნება სამუშაოების დაწყების კონკრეტული თარიღი და სამუშაოების შესრულების კონკრეტული ვადა კონკრეტულ ქუჩაზე ან მონაკვეთზე;
ტენდერში გამარჯვებულ მიმწოდებელს უნდა შეეძლოს სამუშაოების დაწყება ერთდროულად მინიმუმ ორ და მაქსიმუმ სამ ობიექტზე შემსყიდველის მხრიდან წერილობითი შეტყობინების მიღებიდან;
შემსრულებელს საკუთარი სურვილის შესაბამისად შეუძლია სამუშაოების წარმოება ერთდროულად სამზე მეტ ობიექტზე, ანუ სამშენებლო სარეკონსტრუქციო სამუშაოებს დაქვემდებარებულ ობიექტებზე სამუშაოების დაწყების მაქსიმუმის ციფრი შემსრულებელი ორგანიზაციის მხრიდან შეზღუდული არ არის“.
შესრულებული სამუშაოების საგარანტიო პერიოდი შეადგენს 24 თვეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან; საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში კი მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ დადგენილ ვადაში მოახდინოს გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვა ისე, რომ შესრულებული სამუშაოები სრულ შესაბამისობაში იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან.
– – – – – –
„ჭაობის დასახლებაში“ კიდევ ერთი, გიორგი ბრწყინვალის ქუჩის კეთილმოწყობისთვის ქალაქის 2019 წლის ბიუჯეტში 6 471 900 ლარია გათვალისწინებული.
ამავე დასახლებაში სხვა, 8 ქუჩის კეთილმოწყობაზე ტენდერი ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველომ 2018 წლის ივლისშიც გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 მილიონ 587 866 ლარი იყო. ბაგრატიონის შესახვევი, გურამიშვილის ქუჩა, გურამიშვილის შესახვევი, მელიქიშვილის I შესახვევი, ოსტროვის I შესახვევი, სააკაძის ქუჩა, სააკაძის შესახვევი, ჩოლოყაშვილის II შესახვევი. სამუშაოები იმ მიზეზის გამო ვერ დაიწყო, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ ეს ტენდერი შეაჩერა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ირანის სამი მოქალაქე დააკავეს.
1996 წელს დაბადებულ ს.ჰ.-ს, 2000 წელს დაბადებულ მ.გ.-ს და 1981 წელს დაბადებულ მ.ს.-ს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ. დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ამოიღეს: მორფინის და კოდეინის მარილის შემცველი ნივთიერება, 60 აბი „სუბოქსინი“, ბუპრენორფინის შემცველი ფხვნილი, 1,38 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ (მარილი) ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“ – აცხადებს შსს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21, 22 და 23 იანვარს ბათუმსა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში უმეტესად მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
უნალექო ამინდი შენარჩუნდება ბათუმსა და რეგიონის მაღალმთიანეთში დღეს, 20 იანვარს.
20 იანვრის 21 საათიდან 21 იანვრის 21 საათამდე კი აჭარის ზღვისპირა ზოლსა და მთიან რაიონებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში;
ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში ღამით 0-5, დღისით 7-12 გრადუსი სითბო, მთიან რაიონებში კი, ღამით 5-10 გრადუსი ყინვა, დღისით 2 გრადუსი ყინვა, 3 გრადუსი სითბო.
რაც შეეხება ზღვის პროგნოზს – იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, უმეტესად უნალექოდ, ხილვადობა კარგი. ტალღის სიმაღლე 5-10დმ. [2-3 ბალი], ზღვის წყლის ტემპერატურა 8.2 გრადუსი.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში ამ დროისთვის წითელას მხოლოდ ორი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა დაავადების პრევენციის მიზნით სამედიცინო დაწესებულებები უქმე დღეებშიც მუშაობენ.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა და ვირუსისგან ერთადერთი თავდაცვა არის ვაქცინაცია.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩასატარებლად მიმართონ თავიანთ ოჯახის ექიმებს, ვაქცინაცია 15 წლამდე ასაკი ბავშვებში ტარდება აცრის სტატუსის გათვალისწინებით, ხოლო 15 წლის ზემოთ სტატუსის მიუხედავად, ვაქცინაცია ნებისმიერი ასაკის პირისათვის უფასოა.
წითელას საწინააღმდეგო აცრას ექვემდებარებიან რისკ-ჯგუფის წარმომადგენლები – სამედიცინო პერსონალი, დაავადებულთან კონტაქტში მყოფი და იმუნიტეტის არმქონე პირები.
აჭარაში აცრის ჩატარება, მათ შორის შაბათ-კვირის ჩათვლით, შესაძლებელია შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში:
ბათუმში:
[checklist]
შპს “ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკა”, მის: ტბელ აბუსერიძის ქ. N2
შპს “საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი”, მის: ბარათაშვილის ქ. N30
სს “სამედიცინო კორპორაცია ევექსი – ბათუმის პოლიკლინიკა”, მის: ს. ხიმშიაშვილის ქუჩა N 20.
შპს “კორპორაცია ევექსი-ქობულეთის რეგიონული საავადმყოფო”, მის: ქ. ქობულეთი, მ.აბაშიძის ქ. N18
[/checklist]
ქედაში:
[checklist]
შპს “კორპორაცია ევექსი – ქედის სამედიცინო ცენტრი”, მის: დაბა ქედა, რუსთაველის ქ. N14
[/checklist]
შუახევში:
[checklist]
შპს “კორპორაცია ევექსი – შუახევის სამედიცინო ცენტრი”, მის: დაბა შუახევი, რუსთაველის ქ. N32
[/checklist]
ხულოში
[checklist]
შპს “კორპორაცია ევექსი – ხულოს სამედიცინო ცენტრი”, მის: დაბა ხულო, აღმაშენებლის ქ. N3
[/checklist]
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, „წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა, გადაეცემა ჰაეროვანი გზით ან ინფიცირებული ადამიანის ცხვირ-ხახის სეკრეტთან პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტით და გამოირჩევა მაღალი კონტაგიოზურობით (გადამდებლობით). კლინიკურად წითელა ხასიათდება ცხელებით, მაკულოპაპულოზური [არავეზიკულური] გამონაყრით და სიმპტომებით ზედა სასუნთქი გზების მხრივ (ხველება, რინიტი ან კონიუნქტივიტი) და სერიოზულ გართულებებს იწვევს. ვირუსთან კონტაქტის შემდეგ ავადდება იმუნიტეტის არმქონე ინდივიდების 90%-ზე მეტი“.
აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ლადო მგალობლიშვილმა, როგორც თავად ირწმუნება, ქიმიური ნივთიერება კარბამიდი შეჭამა. ლადო მგალობლიშვილმა ეს იმის საილუსტრაციოდ გააკეთა, რომ ამ ნივთიერების გადატანა იგეგმება ბათუმის ახალი ტერმინალიდან და ის უსაფრთხოა. გარკვეული ჯგუფი ბათუმის პორტში ტერმინალის მშენებლობას აფასებს, როგორც „ბათუმზე ქიმიურ შეტევას“ და, შესაბამისად, ახალ მშენებლობას აპროტესტებს. ლადო მგალობლიშვილს პირდაპირ ეთერში ოპონირებას უწევდა ალექსანდრე თევზაძე, რომელიც საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორია.
ლადო მგალობლიშვილის აზრით, ეს საპროტესტო აქციები დაფინანსებულია და რუსული პროპაგანდის ნაწილია: „მე სასუქი ახლა მაქვს თან წამოღებული, რასაც უწოდებენ მკვლელს. ეს შეუძლია სტუმარმა [ალექსანდრე თევზაძემ] წაიღოს და არის თუ არა ეგრეთ წოდებული კარბამიდი შეამოწმოს ლაბორატორიაში… ვითომ აი ეს სასუქი ხალხს კლავს, ამის გადაზიდვა ხალხს კლავს. აი, თქვენს თვალწინ… არის თუ არა ეგრეთ წოდებული კარბამიდი, აი ახლა ვიღებ და გადავყლაპე“.
ნივთიერების გადაყლაპვის შემდეგ, ლადო მგალობლიშვილმა ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს უწოდა მატყუარები და ისინი გააკრიტიკა: „ეს არის ირიბად რუსული პროპაგანდა, დაფინანსებული კამპანია.. აი, ეს არის ზუსტად ის ნივთიერება, რისი ტერმინალიც ბათუმში უნდა აშენდეს და რაც უნდა გადაიზიდოს და რაც მე პირდაპირ ეთერში შევჭამე. აი, ამის გადაზიდვაზეა მხოლოდ საუბარი და არანაირ სხვა რამეზე. დანარჩენი არის საკითხის ულტრირება, არის ტყუილი. ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რომელიც არის დაფინანსებული. ორგანიზატორს მე, პირადად, ვთხოვ დაასახელოს ის ფინანსები, რითაც ესენი ამ კამპანიას ახორციელებენ ბათუმში, ბანერებს აკრავენ, სივრცეებს ქირაობენ და საიდან მოდის ეს ფული დაასახელონ. ეს არის საქართველოს ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი. ქვეყანა ამით მიიღებს 25 მილიონ შემოსავალს. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამას ეწინააღმდეგება, ის ეწინააღმდეგება ეკონომიკის განვითარებას… იძულებული გავხდი და ეს გავაკეთე, რადგან არ შეიძლება ამით ხალხის დაშინება, არ შეიძლება შვილების მომავალზე ხალხის დაშანტაჟება“.
„ბათუმელების“ მიერ მოპოვებული ოფიციალური დოკუმენტებით ახალი ტერმინალიდან კარბამიდის გარდა სხვა ნივთიერებების გადაზიდვაც იგეგმება. სპეციალისტების განმარტებით, ეს ნივთიერებები სოფლის მეურნეობაში ახლაც გამოიყენება.
როგორც დაანონსებულია, ახალი ტერმინალის მშენებლობას ბათუმში აქციით ხვალ გააპროტესტებენ.
ახალი ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას გაეცანით აქ.
დილით ექვსზე უკვე სამსახურში უნდა იყვნენ, უნიფორმა ეცვათ და ქარბუქში, თავსხმასა თუ სიცხეში ქალაქს უნდა ასუფთავებდნენ. მეეზოვეებისთვის ამინდს მნიშვნელობა არ აქვს. ქუჩები ნებისმიერ დროს უნდა კრიალებდეს. დილით, როცა შენ 9 საათზე გამოდიხარ სახლიდან და დაგვილი ქუჩის გავლით სამსახურისკენ მიიჩქარი, მათ საქმე დამთავრებული აქვთ.
როგორც მეეზოვეები ამბობენ, ხიდან ჩამოცვენილი გამხმარი ტოტებისა და წიწვების დაგვა ყოველდღიურად ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა ძალიან ხშირად ხვდებათ ტროტუარებსა და გაზონებზე დაყრილი სიგარეტის ნამწვები, თუნუქის, მინის ბოთლები და ცელოფნის პარკები, მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაში ნაგვის დაყრა 80-დან 1000 ლარამდე ჯარიმდება.
67 წლის მეეზოვე, დანიელ კახიძე ფიქრობს, რომ ეს კანონი ბათუმში კარგად ვერ მოქმედებს, რადგან რეალობა ხშირად აჩვენებს, რომ გამვლელები ჯარიმის არსებობის მიუხედავად ნარჩენების, განსაკუთრებით კი სიგარეტის ნამწვების ქუჩაში დაყრას არ ერიდებიან.
„ხანდახან მითხოვია ქუჩაში გამვლელისთვის, ახალდაგვილია, არ დააგდო -მეთქი, მაგრამ აბა თქვენ რისთვის ხართო, გავულანძღივარ. არ ვუსმენ, არც ვბრაზდები, ჩემს საქმეს ვაკეთებ.
სადაც ტაქსები დგანან იქ მეტი ნაგავი გროვდება, სიგარეტის ნამწვებს, ბოთლებს ხშირად ადგილზევე ტოვებენ. ნარჩენებს ხანდახან პირდაპირ მანქანიდანაც ისვრიან, არადა ეს დაყრილი თეთრი „ბიჩოკები“ ხომ იცით რა საშინლადაც ჩანს.
იმედია, გამოსწორდება ხალხი. ბევრ ტურისტს უთქვამს ჩემთვის, რომ ბათუმი მაინც სუფთა ქალაქია ჩვენი წყალობით, ეს მახარებს.
დილით 6-დან 9 საათამდე ვმუშაობთ, მერე ვისვენებთ და 2-დან 6-მდე ისევ გამოვდივართ. დასასუფთავებელ უბანს თვეში ერთხელ გვიცვლიან. ყოვედღიურად გორგილაძის ქუჩას ვგვი.
მეეზოვეები, რომ არ ვიყოთ სამ დღეში ქალაქში ვეღარ გაივლით, ისეთი ამბავი იქნება”, – ამბობს 67 წლის დანიელ კახიძე.
ნათელა გუჯაბიძე 55 წლისაა, მთელი მისი ოჯახი დასუფთავების სამსახურში მუშაობს. თვითონ და მისი ქმარი მეეზოვეები არიან, შვილი კი ნაგვის მანქანაზე მუშაობს. ამბობს, რომ ყველაზე რთული ქარიშხალში მუშაობაა, როცა დაგვილი ნაგავი ეფანტება და თავიდან აგროვებს. ამ დროს დამატებით უწევს მუშაობა საქმის დასასრულებლად.
ნათელა გუჯაბიძე, მეეზოვე
„კარგ ამინდში მუშაობას რა უნდა, ადვილია. ზოგი უფრთხილდება ჩვენს შრომას, ზოგი არა. უცხოელები უფრო ერიდებიან ნარჩენების ქუჩაში დაყრას ჩვენებთან შედარებით.
ტურისტებს ურნით რომ დავუნახივარ, დიდ მანძილზე დამდევნებიან, რომ ნარჩენი ამ ურნაში ჩაეყარათ.
მეეზოვეებისადმი დამოკიდებულება შეიცვალა. ადრე დამლაგებლებს, დამსუფთავებლებს სხვანაირად გვიყურებდნენ. ახლა ხშირად მადლობას გვიხდიან ქალაქზე ზრუნვისთვის. ვის არ ესიამოვნება. მსიამოვნებს.
ორ ცვლაში ვმუშაობ და 560 ლარია ჩემი ხელფასი. ისე, გვეუბნებიან, მოიმატებს ხელფასიო. ცხოვრებისთვის ბევრია საჭირო, თან ყველაფერი გაძვირდა. რას ვიზამთ, რაც არის ეს არის”, – გვეუბნება ნათელა გუჯაბიძე.
ყველაზე ახალგაზრდა მეეზოვე, ვისაც ბათუმის ქუჩაში შევხვდით, 38 წლის მერაბ შევარდნაძეა. მერაბი ხუთი წლის წინ ჩამოვიდა ქობულეთიდან ბათუმში საცხოვრებლად და მას შემდეგ ქალაქის ქუჩებს ასუფთავებს.
„დილით ბულვარს ვალაგებ, საღამოს გორგილაძის ქუჩის ნაწილს. 560 ლარი მაქვს ხელფასი, დამატებით პრემიებსაც ვიღებთ წელიწადში ოთხჯერ. პრემია ხელფასის ოდენობისაა.
ცუდია, როცა ქუჩაში ნაგავს ყრიან, მაგრამ ყოველთვის მოქალაქეებს ვერ დაადანაშაულებ, ზოგან ყუთები არაა და ადამიანს ძალიანაც რომ უნდოდეს ვერ იპოვის, სად ჩააგდოს ნარჩენი. ბულვარში ნინოშვილის მიმდებარე ტერიტორიასაც ვასუფთავებ. ბულვარის იქეთ, ადმინსტრაციასთან ახლომახოლო მხოლოდ ერთი ნაგვის ურნა დგას, შესაბამისად, ქუჩაში ყოველთვის მეტი ნარჩენი მხვდება დაყრილი“.
ბათუმის ქუჩებს ყოველდღიურად სამასამდე მეეზოვე გვის. მათი უმრავლესობა შუახნის ან ასაკოვანია.
საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „ბათუმის აეროპორტი“ და „თბილისის აეროპორტი“ – ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ერაყისა და ბანგლადეშის მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგების დათვალიერებისას, ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ აეროპორტებში, მიმდინარე წლის 15-17 იანვარს, სულ 37 აბი და 100 კაფსულა ამოიღეს.
საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში არასამთავრობო ორგანიზაციების ორი წარმომადგენლის შესარჩევად განაცხადების მიღება დაიწყო. განცხადებების წარდგენის შემდეგ, თვის ბოლოს, მესამე სექტორი საჯარო სხდომაზე შეარჩევს დავების საბჭოს წევრებს. განცხადებების მიღება 25 იანვრამდეა შესაძლებელი.
შესყიდვების სააგენტო ორგანიზებას უწევს ნებისმიერი საჯარო დაწესებულების საბიუჯეტო შესყიდვას. დავების განხილვის საბჭო კი საჩივრებს განიხილავს, რომლის ავტორი შესაძლებელია იყოს როგორც შემსყიდველი ორგანიზაცია, ასევე, მიმწოდებელი კომპანია.
საბჭოს წევრს სამართლის ან ეკონომიკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი უნდა ჰქონდეს და არ უნდა წარმოადგენდეს რომელიმე შემსყიდველ ან მიმწოდებელ ორგანიზაციას. ის არ უნდა წარმოადგენდეს ამ ორგანიზაციებს და არც მათი საკონსულტაციო მომსახურებით უნდა იყოს დაკავებული.
„არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ საბჭოს წევრების ვაკანტური ადგილების დაკავება შესაძლებელია მხოლოდ არჩევნების წესით. შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან საბჭოს წევრობის კანდიდატების განაცხადთა მიღების შემდგომ ჩატარდება არჩევნები. არჩევნები იმართება საჯაროდ. საბჭოს წევრთა არჩევნებში აქტიური საარჩევნო უფლებით მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებმაც ამ მიზნით წინასწარ გაიარეს რეგისტრაცია. ერთი არასამთავრობო ორგანიზაციიდან ხმის მიცემა შეუძლია მხოლოდ ერთ წარმომადგენელს. ხმის მისაცემად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა თან უნდა იქონიოს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი/მოწმობა. არჩევნების დანიშვნის დრო და ადგილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დამატებით ეცნობებათ,“ – აღნიშნულია შესყიდვების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე.
დავების საბჭოს წევრის საქმიანობა არ არის ანაზღაურებადი.
„ამ პოზიციის ანაზღაურების გარეშე არსებობა ამცირებს ხარისხობრივ მაჩვენებელს, რადგან საქმე მოცულობითი და დატვირთულია. შესაბამისად, დატვირთული საქმიანობიდან გამომდინარე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ უხელფასოდ მუშაობა არის იმ რეზულტატის მიღების შესაძლებლობის მომტანი, რის გამოც გაითვალისწინა კანონმდებელმა თავის დროზე არასამთავრობო ორგანიზაციის კვოტა დავების საბჭოში,“ – მიიჩნევს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი, ორგანიზაცია „იურიდიული მრჩევლის“ ხელმძღვანელი.
გიორგი ხიმშიაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ დავების საბჭოს ფორმირების პროცესში პარლამენტი უნდა იყოს ჩართული:
„მაღალია იმის ალბათობა, რომ პოლიტიკურ ინტერესებთან აფილირებული არასამთავრობოს წარმომადგენელი შეიძლება მოხვდეს საბჭოში. ეს რისკები მაქსიმალურად უნდა შემცირდეს.
ვფიქრობ, საპარლამენტო რგოლის შემოტანა უმჯობესია, რაც გაზრდის საბჭოს ლეგიტიმაციის ხარისხს. ზოგადად, დავების საბჭოს სრული შემადგენლობას უნდა აკომპლექტებდეს პარლამენტი, რადგან სწორედ დავების საბჭოა ის უწყება, რომელიც კონტროლს უწევს ათეულობით მილიონი ლარის ხარჯვას“.
„მამუკა ხაზარაძესთან ერთ კომპანიაში ვართ პარტნიორები, მაგრამ მე ძალიან აპოლიტიკური ვარ და ახლა ამაზე საუბარი არ მინდა…“ – გვიპასუხა ბიზნესმენმა გიორგი ზარიძემ, კომპანია Wondernet Express-ის დირექტორმა. ეს კომპანია ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობას გეგმავს, რასაც საზოგადოების ერთი ჯგუფი აპროტესტებს. გუშინ, 18 იანვარს, ბათუმის მერიაში ახალი ტერმინალის მშენებლობის თემაზე საჯარო დისკუსია გაიმართა. დისკუსიას გიორგი ზარიძეც ესწრებოდა.
„ბათუმელების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, გიორგი ზარიძე ასევე სააქციო საზოგადოება „ვანდერნეთ ლოჯისთიქის“ დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. ამ საბჭოს თავმჯდომარეა დიმიტრი აბდუშელიშვილი, მისი მოადგილე – ალიშერ იკრამოვი. სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი მამუკა ხაზარაძეა, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი. უშუალოდ „ვანდერნეთ ლოჯისთიქის“ დამფუძნებლები კი არიან კომპანიები: „ვანდერნეთ ექსპრესი“, „თიბისიეიჩ ანაკლია“, ასევე, აშშ-ში რეგისტრირებული „კონტი ინტერნეიშენალი“, რომელიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმშიც“ შედის.
ხომ არ უკავშირდება ახალი ტერმინალის წინააღმდეგ არსებული პროტესტი „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას? – ვკითხეთ გიორგი ზარიძეს.
„არ ვიცი, ვისი დაკვეთაა ეს. ისეთი სტატიები გამოვიდა, რომ ლამის ნატო-ს ტერმინალი შენდება და მალე წყალქვეშა ნავების მოწყობასაც დაგვაბრალებენ… მარტო ბიზნესის კუთხით რომ შევხედოთ, დავხარჯეთ 100 მილიონი იმიტომ, რომ ვიჯდეთ ბომბზე?“ – გვითხრა გიორგი ზარიძემ. მას მამუკა ხაზარაძის შესახებ კითხვა გავუმეორეთ, თუმცა კითხვას ისევ არ უპასუხა. საუბრის შეწყვეტის მიზეზად მან ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა და ინტერვიუს დღეისთვის დაგვპირდა.
დღეს, 19 იანვარს, გიორგი ზარიძემ ჩვენს სატელეფონო ზარს აღარ უპასუხა. „ვფიქრობ, ყველა კითხვას ამომწურავად გავეცით პასუხი,“ – მოგვწერა მან. გიორგი ზარიძემ, ასევე, შემოგვთავაზა ჩვენს კითხვებს წერილობით უპასუხოს.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, „თიბისის ბანკის” საქმეზე გამოძიება ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში წარმოებულ კამპანიას კი გაეცანით აქ.
ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის ასაშენებლად, ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა კერძო კომპანიას 15 128 კვ/მ ფართობი აღნაგობის უფლებით უკვე გადასცა. ტერმინალის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას ხელი 2018 წლის 22 მარტს მოეწერა. ახალი ტერმინალი ცენტრალური აზიიდან მინერალური სასუქების ტრანზიტისთვის იქნება განკუთვნილი.
პროექტი ითვალისწინებს სატრანზიტო ტერმინალისა და სასაწყობე ობიექტების მშენებლობას მინერალური სასუქების მიღების, შენახვისა და გადატვირთვის მიზნით. ხელშეკრულებას ორი ხელმომწერი ჰყავს, ბათუმის საზღვაო ნავსადგური და საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია Wondernet Exspress-ი.
ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, ტანსაცმლის მაღაზია „ბრენდ ჰაუსი“ გაქურდეს. შემთხვევა გუშინწინ, 17 იანვარს მოხდა.
„მაღაზიის კარი ჩვეულებრივად დაგვხდა გაღებული, როგორ გახსნეს – არ ვიცი, დაზიანებული არაფერია, მხოლოდ მაგიდის უჯრა იყო ძალით გახსნილი. როცა მაღაზია გახსნეს, ღამის თერთმეტს ოცი წუთი აკლდა, სიგნალიზაცია ჩაირთო, თუმცა დაცვის პოლიციის მოსვლამდე ტანსაცმელი და კასაში დატოვებული ფული უკვე წაღებული იყო,“ – გვიყვება მაღაზიის კონსულტანტი.
მაღაზიიდან დაახლოებით 250 ლარის ღირებულების კაცის ტანსაცმელი და 110 ლარი წაიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შესაბამისად მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. დაკავებული ამ დრომდე არავინაა.
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა თურქეთის ორი მოქალაქე საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით სარფში დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულებმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დღეს, 19 იანვარს მართლმადიდებელი ქრისტიანები ნათლისღებას აღნიშნავენ. ბათუმში მრევლმა ნათლისღება ზღვაში შესვლით აღნიშნა. ადამიანები, სიცივის მიუხედავად ზღვაში შევიდნენ და წყალში ჩაყვინთეს. ამ პროცესს “ზღვაში შთაფლვას” უწოდებენ. წესის მიხედვით ზღვაში სამჯერ უნდა ჩაყვინთო.
მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანები თავდაპირველად ზღვის სანაპიროზე შეიკრიბნენ და ილოცეს. ლოცვის დამთავრების შემდეგ კი ზღვაში შევიდნენ.
ნათლისღება – ბავშვები ლოცულობენ ზღვის პირას ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელებინათლისღება ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელებინათლისღება ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელებინათლისღება ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელებილოცვის შემდეგ მორწმუნეები ზღვაში შევიდნენ ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელებინათლისღება ბათუმში ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელებიწესის მიხედვით მორწმუნეები ზღვაში სამჯერ ყვინთავდნენ ნათლისღება ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელებიზღვიდან ამოსულები კი კოცონთან თბებოდნენზღვაში მომლოცველთან უსაფრთხოებას საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახური უზრუნველყოფდა ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელებინაპირზე კი მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურინათლისღება ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელებინათლისღება ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელებინათლისღება ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
„ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო დავა კვლავ ჭიანურდება, რაც სასამართლო გზით მუსლიმი თემის დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობას არსებითად ართულებს,“ – აღნიშნულია ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის EMC მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მუსლიმმა თემმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისს მიმართა, მას შემდეგ, რაც ბათუმის მერიამ უარი თქვა ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის გაცემაზე. მუსლიმი თემი მიღებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის და დისკრიმინაციულობის კუთხით სასამართლოში დავობს. სასამართლოში მუსლიმი თემის ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი EMC და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI წარმოადგენენ.
2017 წლის ივნისიდან ამ დრომდე სასამართლომ ამ საქმეზე მხოლოდ ერთი სხდომა გამართა – 2018 წლის 20 თებერვალს. სასამართლო პროცესის გადადების მიზეზი ბათუმის მერიის მიმართვა გახდა, რომლის მიხედვითაც, ლაშა კომახიძე მუსლიმ თემთან მოლაპარაკებას გამართავდა. მხარეთა შორის შეთანხმება ვერ შედგა და ამის შესახებ სასამართლოს ეცნობა, თუმცა ამ დრომდე სასამართლოს მორიგი სხდომა არ ჩაუნიშნავს.
ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი მიუთითებს კანონმდებლობაზე, რომლის მიხედვითაც სასამართლო მსგავსი კატეგორიის საქმეს განიხილავს განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 2 თვეში განიხილავს. განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეზე კი, დავის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს 5 თვემდე. მოცემულ შემთხვევაში სარჩელის შეტანიდან 20 თვის განმავლობაში მხოლოდ ერთი სასამართლო სხდომაა ჩატარებული.
„სასამართლოების გადატვირთულობის პრობლემის მიუხედავად, მიგვაჩნია, რომ სასამართლო აღნიშნულ საქმეში დავის განხილვის ყველა გონივრულ ვადას არღვევს. ეს გარემოება საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და მუსლიმი თემისთვის მეჩეთის მშენებლობის საჭიროების გათვალისწინებით, ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისადმი უნდობლობას აღრმავებს,“ – აღნიშნულია ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ახალი რომანის „ბედუინის“ ავტორი ნინო ჭიპაშვილი [ნეფერტარი] ბათუმელ მკითხველს დღეს, 19 იანვარს, 18 საათზე შეხვდება. შეხვედრა ბათუმში, წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსაში“ გაიმართება.
„ბედუინი“ რამდენიმე თვის განმავლობაში შედიოდა ბესტსლერების ხუთეულში „სანტა ესპერანსას“ წიგნის მაღაზიებში. ეს არის სათავგადასავლო რომანი, რომელშიც უდაბნოში მარტო დარჩენილი ორი ადამიანის გაუმხელელი სიყვარულის ძალიან საინტერესო ამბავია მოთხრობილი. იგი არაერთ ისტორიულ, გეოლოგიურ-გეოგრაფიულ ცნობასა და ლეგენდას შეიცავს საჰარასა და მის ბინადრებზე.
წიგნის ანოტაციის მიხედვით, „ბედუინი“ სხვა თვალით დაგანახებთ სრულიად უცხოსა და შორეულ სამყაროს და ცვლის დამკვიდრებულ წარმოდგენას „ერთფეროვანი“ და „უსიცოცხლო“ უდაბნოს შესახებ.
წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსა” ბათუმში გამსახურდიასა და კოსტავას ქუჩების გადაკვეთაში მდებარეობს [კ. გამსახურდიას 19/მ. კოსტავას 34].
“ჩვენ ძალიან თანამედროვე ტერმინალი უნდა ავაშენოთ… ეს განავითარებს ეკონომიკას და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს”, – მიმართა ბათუმის მერიაში შეკრებილებს კომპანია Wondernet Express-ის პროექტის მენეჯერმა, ჯალელ ავეზოვმა. ეს ის კომპანიაა, რომელიც ბათუმის პორტში ახალ ტერმინალს აშენებს.
ახალი ტერმინალის მშენებლობის თემაზე დღეს, 18 იანვარს, ბათუმის მერიაში საჯარო დისკუსია გაიმართა.
კომპანია Wondernet Express-ის ხელმძღვანელმა, გიორგი ზარიძემ პრეზენტაციის დროს თქვა, რომ ახალ ტერმინალს დაახლოებით 80 თანამშრომელი დასჭირდება.
რაც შეეხება ეკონომიკას – კომპანიის ხელმძღვანელობამ ხაზი გაუსვა იმას, რომ ყოველწლიურად ნავსადგურის და რკინიგზის შემოსავალი 25 მლნ დოლარით მოიმატებს და, ამას გარდა, გემების მომსახურება გაიზრდება.
დღევანდელ შეხვედრაზე კომპანია “გამა კონსალტინგის” წარმომადგენელმაც ისაუბრა. ამ კომპანიამ გარემოსდაცვითი სკრინინგის ანგარიში მოამზადა.
“აქამდე კარბამიდი ტრადიციულად, ღია წესით გადაიტვირთებოდა. ახლა საუბარია დახურული წესით მის გადატანაზე,” – აღნიშნა ექსპერტმა ჯუღული ახვლედიანმა.
უსაფრთხოების დემონსტრირებისთვის დღევანდელ შეხვედრაზე გრანირებული კარბამიდი მიიტანეს ტერმინალის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებმა.
რატომაა საჭირო კარბამიდის დახურული წესით გადატანა, ან მიწისქვეშა “ბუნკერები” 6 მეტრის სიღრმეზე, თუ საფრთხე არ არსებობს? – ჯუღული ახვლედიანმა შეკითხვაზე გვიპასუხა, რომ ამ ფორმით მაქსიმალურად გამოირიცხება გარემოს დაბინძურების რისკი.
ექსპერტ ჯუღული ახვლედიანის განმარტებით, ერთადერთი საფრთხე მხოლოდ ატმოსფერული გაფრქვევაა, თუმცა ეს რისკი დაზღვეულია შესაბამისი სავენტილაციო სისტემების მოწყობით.
“მიწისქვეშა ბუნკერების მოწყობის დროს, შესაძლოა, ნავთობით ისტორიულად დაბინძურებული უბნები აღმოჩნდეს, ესეც გათვალისწინებულია…” – დასძინა ჯუღული ახვლედიანმა.
“მარტო კარბამიდის შემოტანა არ იგეგმება. საუბარია ამონიუმ ნიტრატზე, რომელიც იგივე დინამიტია. თქვენ ბათუმს სვამთ ბომბზე. ბათუმი ტურისტული რუკიდანაც გაქრება”, – თქვა შეხვედრაზე ალეკო თევზაძემ. იგი ახალი ტერმინალის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორია.
“ჩვენი პროექტი პირდაპირ ურტყამს რუსულ პორტებს…” – ჩაილაპარალა გიორგი ზარიძემ, Wondernet Express-ის გენერალურმა დირექტორმა. თუმცა, ეს პასუხი ალეკო თევზაძეს აღარ მოუსმენია. მან კითხვის დასმის შემდეგ დარბაზი დატოვა – “პასუხი ისედაც ვიციო”.
გიორგი ზარიძის თქმით, საუბარია მხოლოდ კარბამიდის გადაზიდვაზე. იგივეს ირწმუნება ბათუმის მერი. ლაშა კომახიძის თქმით, კომპანიამ მხოლოდ კარბამიდის საწყობის მოწყობის ნებართვის მისაღებად მიმართა მერიას.
“ჩვენ მხოლოდ კარბამიდზე გვქონდა შეკვეთა. ნებართვის გარეშე სხვა ნივთიერებას ვერ შემოიტანენ,” – დასძინა ექსპერტმა ჯუღული ახვლედიანმა, რომელმაც უსაფრთხოების კუთხით დასკვნა დადო.
Wondernet Express-ის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა თანხმობა საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფი ჩაერთოს ამ პროცესში. ამ ინიციატივით გიორგი ზარიძეს ბათუმის მცხოვრებმა მაია სურმანიძემ მიმართა, რომელიც ასევე საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მონაწილეა.
„მგონი, ბევრ შეკითხვას გაეცა პასუხი,“ – დასძინა ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ შეხვედრის დასასრულს.
ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის ასაშენებლად, ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა კერძო კომპანიას 15 128 კვ/მ ფართობი აღნაგობის უფლებით უკვე გადასცა. ტერმინალის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას ხელი 2018 წლის 22 მარტს მოეწერა. ახალი ტერმინალი ცენტრალური აზიიდან მინერალური სასუქების ტრანზიტისთვის იქნება განკუთვნილი.
პროექტი ითვალისწინებს სატრანზიტო ტერმინალისა და სასაწყობე ობიექტების მშენებლობას მინერალური სასუქების მიღების, შენახვისა და გადატვირთვის მიზნით. ხელშეკრულებას ორი ხელმომწერი ჰყავს, ბათუმის საზღვაო ნავსადგური და საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია Wondernet Exspress-ი.
ბათუმში, ერას მოედანზე ამ წუთებში [17:45] მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. პოლიციაში ცრუ განგაში შევიდა იმის თაობაზე, რომ თითქოს ბათუმის ევროპის მოედანზე კაცი დაჭრეს.
ცრუ განგაშის შესახებ „ბათუმელებს“ სასწრაფო სამედიცინო სამსახურში უთხრეს, თუმცა ამ წუთებში პოლიცია მაინც აგრძელებს მოედანზე მყოფი პირების გამოკითხვას.
ვითიბი ბანკის მხარდაჭერით საქართველოში პირველად ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ონლაინმაღაზია გაიხსნა, სადაც ქართული ფეხბურთის ქომაგებს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალური ეკიპირების და საგულშემატკივრო ატრიბუტიკის შეძენა ონლაინრეჟიმში, ვებგვერდზე – www.funshop.ge შეუძლიათ.
მაღაზიაში შესაძლებელია ეროვნული ნაკრების სათამაშო და გულშემატკივართა მაისურების, შარვლების, გამოსასვლელი ზედების და სხვა პროდუქციის შეძენა. ონლაინმაღაზიაში ბავშვებისთვის შექმნილი პროდუქციაც არის წარმოდგენილი. უფასო მიტანის სერვისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, პროდუქციის შეძენიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში არის შესაძლებელი.
ვითიბი ბანკი 2016 წლიდან არის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი, ქართული სპორტის მხარდაჭერა ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებას წარმოადგენს. ფედერაციასთან ერთად, გულშემატკივრებისთვის კიდევ არა ერთი სიახლის შეთავაზება გვაქვს დაგეგმილი. ფეხბურთი ჩვენს ქვეყანაში ყველაზე პოპულარული სპორტია და შესაბამისად დარწმუნებულები ვართ, რომ ქართული ფეხბურთის ქომაგებისთვის ასეთი მაღაზიის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია – განაცხადა ვითიბი ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა მაჭავარიანმა.
ვითიბი ბანკი ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს.საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.
„ბათუმელების“ ინფორმაციით ბათუმის ბულვარის დირექტორის პირველი მოადგილე დავით სურგულაძე იქნება. ბულვარის დირექტორის კიდევ ორი მოადგილის თანამდებობებს კი სოფო გუჯაბიძე და სოფიო ლაზიშვილი დაიკავებენ.
დავით სურგულაძეს საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება აქვს. ბოლოს კი ლაზიკა კაპიტალში საქმიანობდა.
სოფო გუჯაბიძე ბოლო პერიოდამდე აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ის მთავრობის აპარატში შვებულებიდან აღარ დაბრუნდა.
სოფიო ლაზიშვილის სახელი აქამდე ერთხელ უკვე იყო დაკავშირებული ბათუმის ბულვართან – მისი ხელმოწერა ფიქსირდება იმ სკანდალურ დოკუმენტზე, რომლითაც ბათუმის ბულვარში ეგრეთ წოდებული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის ნებართვა გაიცა. მაშინ სოფო ლაზიშვილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში მუშაობდა. ამ პროექტმა 2011 წელს საზოგადოებაში დიდი პროტესტი გამოიწვია.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ბულვარის დირექტორის მოადგილეები გამარტივებული კონკურსის წესით შეარჩია.
დღეს, 18 იანვარს, განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ბერიკა შუკაკიძემ პედაგოგების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში დაგეგმილ ცვლილებაზე ისაუბრეს.
მინისტრის თქმით, პედაგოგებს სტატუსის ასამაღლებლად აღარ დასჭირდებათ კრედიტქულების დაგროვება და კონკრეტული სტატუსის მისაღებად ისინი გამოცდებს ჩააბარებენ.
თუმცა, პრეზენტაციისას, არც მინისტრს და არც ცენტრის ხელმძღვანელს პასუხი ბევრ კითხვაზე არ გაუციათ.
მაგალითად იმაზე, დარჩება თუ არა კვლავ სქემაში გარედაკვირვება, 2019 წელს სტატუსის გაუმჯობესების მიზნით, კონკრეტულად რა გზის გავლა მოუწევთ პედაგოგებს, რა გამოცდას ჩააბარებენ, რამდენს, შეუნარჩუნდებათ თუ არა პედაგოგებს დღეს არსებული სტატუსები (წამყვანის, უფროსის, მენტორის) თუ თავიდან მოუწევთ სტატუსების მოპოვება, რა ნიშნით მოემატებათ პედაგოგებს ხელფასი და ა.შ.
მასწავლებელთა პროფესიულ განვითარების ეროვნულ ცენტრში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, რომ ამასთან დაკავშირებით პირველ თებერვალს კიდევ იგეგმება პრეზენტაცია და დეტალებზე იქ ისაუბრებენ.
რას ნიშნავს სქემაში განხორციელებული ცვლილება და რას მოუტანს ის განათლების სისტემას? ამ საკითხის შეფასება ვთხოვეთ განათლების სპეციალისტს სიმონ ჯანაშიას.
მისი აზრით, კრედიტქულების დაგროვების სისტემა აქამდეც გასაუქმებელი იყო, რადგან:
„პირველი იმიტომ, რომ ის გამოცხადებულ მიზნებს ვერ პასუხობდა, – არ ეხმარებოდა მასწავლებლებს განვითარებაში, რადგან მასწავლებლების დიდი ნაწილის უმთავრესი ინტერესი განვითარება კი არა, იმ მოვალეობების შესრულება გახდა, რომელიც მათ შემოსავლის გაზრდაში დაეხმარებოდა.
მეორე, სისტემა იმიტომ იყო გასაუქმებელი, რომ ბევრი რესურსი მიდიოდა პროცედურების დაცვის შემოწმებაზე. სჯობს ეს რესურსები წარიმართოს მასწავლებლის განვითარებასა და ახალი მასწავლებლების მოზიდვაზე.
შემოწმებაზე დახარჯული დიდი ფინანსური რესურსების მიუხედავად, ეფექტი მაინც არ იყო, რადგან მასწავლებლების ნაწილი საკუთარის ნაცვლად სხვის ნაშრომს წარადგენდა“.
სიმონ ჯანაშიას შეფასებით, ამ სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ასევე იყო ის, რომ ხელს უწყობდა არაკომპეტენტური მასწავლებლების სისტემაში ყოფნას. „ამიტომ, ვფიქრობ, რომ სქემა უნდა გაუქმებულიყო.
როგორც მედიაში გაჟღერდა, პრეზენტაციაზე ითქვა, რომ სტატუსის მინიჭება გამოცდების საფუძველზე მოხდება, თითოეული სტატუსის შესაბამისად. რამდენად არის ეს კარგი, დასაფიქრებელია, რადგან ცენტრალიზებული სტატუსები, ჩემი აზრით, არასწორია. უნდა იყოს ხელფასის კატეგორიები და არა სტატუსები,“ – ამბობს სიმონ ჯანაშია.
„ბათუმელების“ კითხვაზე, კონკრეტულად რითი უნდა განისაზღვროს ხელფასის მატება, სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ ხელფასის ზრდის ძირითადი ფაქტორი უნდა იყოს პედაგოგის განათლება, გამოცდილება, ფუნქცია (არა მხოლოდ სწავლება, არამედ სხვა მასწავლებლების განვითარება და ა.შ), დადასტურებული კომპეტენცია და სხვა.
„მთავარი და გადამწყვეტი აქ უნდა იყოს ფუნქციები, რომლებიც სკოლაში წყდება. სხვაგვარად, გვექნება ისევ ის სისტემა, სადაც დირექტორი ქირაობს მასწავლებელს, ხოლო სახელმწიფო აწინაურებს მას, რაც უაზრობაა“.
ჯანაშიას აზრით, დღევანდელი სისტემა არის სრულიად ირაციონალური, რადგან „ამ სისტემით წელიწადში, მასწავლებელთა ხელფასის მოსამატებლად დაახლოებით 50 მილიონი ლარი იხარჯებოდა.
თუ პროფესიული განვითარების სქემას ჩავთვლით, როგორც მთავრობის პროგრამას, რომ პროფესიაში მასწავლებლის უნარები და მოტივაცია გაზრდილიყო, მაშინ გამოდის, რომ ბოლო სამ წელიწადში ამ მიზნით დაახლოებით 300 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამ თანხით კი უკეთესის გაკეთება შეიძლებოდა“.
სიმონ ჯანაშიას თქმით, ხელფასების მატების მხრივ ევროპის ქვეყნებში განსხვავებული სისტემა მუშაობს, „მაგრამ ამგვარი სქემა სადაც შემოიღეს, ყველგან სერიოზული პრობლემები გაუჩნდათ და მაშინვე გააუქმეს.
ხელფასი, ძირითადად, გამოცდილებით და კვალიფიკაციის მიხედვით განისაზღვრება,“ – გვეუბნება ის. მისი თქმით, ასევე, არის სისტემები, სადაც მასწავლებლის დატვირთვა არ არის მიბმული საათებზე და მასწავლებელი ვალდებულია, სრულ ან ნახევარ განაკვეთზე იმუშაოს.
ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში, სათნოების ქუჩაზე ოთხსართულიანი, ყვითლად შეღებილი შენობა დგას. შენობაში შშმ პირთა სარეაბილიტაციო დღის ცენტრია. დილაობით აქ მიკროავტობუსებს 60-მდე ადამიანი მოჰყავთ, ბავშვები და ზრდასრულები. ზოგიერთ მათგანს ცერებრალური დამბლა აქვს, ზოგიერთს – ღრმა გონებრივი ჩამორჩენა.
ამავე შენობაშია მარტოხელა დედათა და ბავშვთა თავშესაფარიც, რომელიც ერთადერთია აჭარაში. აქ, ძირითადად, ის ქალები ცხოვრობენ შვილებთან ერთად, რომელთა დახმარებაზე მამებმა, დედებმა, და-ძმებმა და ნათესავებმა მას შემდეგ თქვეს უარი, როცა ქალმა შვილი გააჩინა. აქ მცხოვრები ქალები მარტოხელა დედები არიან ან ის დედები, რომელთაც წასასვლელი არსად აქვთ.
დღის ცენტრსა და მარტოხელა დედათა თავშესაფარს ნანა საყვარელიძე ხელმძღვანელობს. ის პროფესიით პედიატრია, წლების წინ მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლში დირექტორად მუშაობდა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სარეაბილიტაციო პროგრამების საჭიროებაზე ჯერ კიდევ მაშინ დაფიქრდა, როცა საქართველოში მსგავსი პრაქტიკა არ არსებობდა. მერე საქართველოში ბავშვთა სახლები დაიხურა და ნანა საყვარელიძე იდეის განხორციელებას შეუდგა, სახელმწიფოს თანადაფინანსებით აჭარაში შშმ პირთა დღის პირველი ცენტრი გახსნა 2007 წელს.
თუმცა ეს მარტივად არ მომხდარა. ცენტრის გახსნას წინ უძღოდა კვლევა 2004-2006 წლებში.
„ეს იყო დიდი კვლევა აჭარის მასშტაბით. აღმოვაჩინეთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების უმრავლესობა სახლის გარეთაც არ იყო ნამყოფი. ძირითადად, ჩაკეტილები იყვნენ სახლში, ეშინოდათ გარემოსი და მშობლებს ჰქონდათ უზარმაზარი სტიგმა, არ იყო ელემენტარული ინფორმაციაც კი. 2007 წელს გადავწყვიტეთ გაგვეხსნა დღის ცენტრი შშმ ბავშვებისთვის, სადაც ისინი შეძლებდნენ დღის გატარებას, საჭირო უნარ-ჩვევების შეძენას, ხატვას, სიმღერას, გართობას, გამოვიდოდნენ ჩაკეტილი სივრციდან.“
სამედიცინო ასოციაცია „თანას“, რომელსაც ნანა საყვარელიძე ხელმძღვანელობს, შენობა დღის ცენტრის გასახსნელად არ ჰქონდა, მაგრამ იჯარით მოახერხეს ორსართულიანი სახლის აღება ბათუმის გარეუბანში და იქვე გახსნეს შშმ პირთა დღის პირველი ცენტრი ბათუმში, რითაც ათეულობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვსა და მოზარდს მიეცა სწავლის, ვარჯიშის, მკურნალობისა და გართობის საშუალება მეგობრულ, არასტრესულ გარემოში.
„სულ რვა ბავშვი იყო თავიდან და ზუსტად მახსოვს, როგორ მოვიდნენ პირველად ბავშვები, შეშინებულები, შებოჭილები და რა სწრაფად მოეხსნათ ეს შიში. ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ მოკლე დროში. ინფორმაცია მალე გავრცელდა დღის ცენტრის შესახებ და რვა ბავშვის ნაცვლად უკვე 25 ბავშვი დადიოდა დღის ცენტრში.
ბავშვები აწყობდნენ კონცერტებს, გამოფენებს, ისინი აღარ იყვნენ მხოლოდ სახლში ჩაკეტილები. მშობლებიც ხედავდნენ, როგორ შეიცვალნენ მათი შვილები“, – ყვება ნანა საყვარელიძე.
მიუხედავად სწრაფი და კარგი შედეგისა, ნანა საყვარელიძე ამბობს, რომ ეს საკმაოდ რთული პერიოდი იყო:
„ერთხელ შევხვდი ერთი თანამდებობის პირს, რას აკეთებთ დღის ცენტრში, ცეკვავთ და მღერითო – მითხრა. პირველ ეტაპზე ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ბავშვები როგორმე გამოგვეყვანა ოჯახებიდან და მშობლებს ჰქონოდათ ამოსუნთქვის საშუალება. დასავლეთის მაგალითები მიგვანიშნებს, რომ არის კარგი შედეგები ამ მიმართულებით. მალევე დადგა საკითხი არა მხოლოდ ჩართულობის, არამდე ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, ამიტომაც გავაკეთეთ რეაბილიტაციის ცენტრიც, სადაც სხვადასხვა სპეციალისტის: ფსიქოლოგის, ნევროპათოლოგის, ლოგოპედის ჩართულობით მუშაობენ ბავშვებთან. გვინდოდა, ეს მომსახურებები მოგვექცია ერთ სივრცეში, რომ მშობელს არ ეწვალა ბავშვის აქეთ-იქეთ ტარებისას.
ვმუშაობთ მშობლებთანაც. ზოგიერთ მათგანს ხელი აქვს ჩაქნეული. რა თქმა უნდა, უყვართ საკუთარი შვილები, მაგრამ ბევრს არ სჯერა, რომ რაიმე გამოვა.
ჩვენთან, ჯგუფებში, ძირითადად არიან ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვები და ბავშვები გონებრივი განვითარების ღრმა ჩამორჩენით. ხან მეკითხებიან, არ გიჭირს აქ მუშაობაო?! არადა, იმდენად დადებითი აურა მოდის ამ ბავშვებიდან… სულ პატარა წარმატებასაც გიზიარებენ, გაჩვენებენ – აი, ნახე რა გავაკეთე. ძალიან უყვართ, როცა მათთან ვცეკვავ, ვერთობი, ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს ეს და ასეთ დროს ვფიქრობ, რომ რაღაცას ვაკეთებ, მცირეს, მაგრამ მაინც.“
2013 წელს ხელისუფლებამ სამედიცინო ასოციაცია „თანას“ ათი წლის ვადით გადასცა შენობა, სადაც „თანამ“ დღის სარეაბილიტაციო ცენტრი გახსნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და მარტოხელა დედათა და ბავშვთა თავშესაფარი. შენობის გარემონტებასა და კეთილმოწყობაში „თანას“ თურქეთის განვითარების სააგენტო „თიკა“ დაეხმარა.
ახლა დღის ცენტრში დღის ორი ცენტრია, ბავშვებისა და უფროსებისთვის. თითოეულ დღის ცენტრში 30 ბენეფიციარია. დღის ცენტრის ბენეფიციარები დილას სახლიდან ცენტრამდე მიკროავტობუსით მოჰყავთ, საღამოს კი ისევ სახლში მიჰყავთ. 18 წლამდე შშმ პირთათვის სარეაბილიტაციო პროგრამას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს, პროგრამას 18 წელს გადაცილებული ასაკის ბენეფიციარებისთვის კი – ბათუმის მერია.
„18 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, ძირითადად, მძიმე გონებრივი ჩამორჩენის მქონე პირები არიან. ვასწავლით სახლის დალაგებას, სუფრის გაწყობას, მარტივი საკვების მომზადებას… ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანი უნდა რეალიზდეს, თავის თავს მოუაროს, ფულის ნიშანი იცოდეს, შეეძლოს მაღაზიაში წასვლა, პროდუქტის შეძენა…“ – ამბობს ნანა საყვარელიძე.
ერთ ბენეფიციარზე სახელმწიფო დაფინანსება დღის ცენტრში 11 ლარია. ამ თანხაში შედის ტრანსპორტირების, ორჯერადი კვების, სპეციალისტების მუშაობისა და კომუნალური გადასახადების ხარჯები.
„ცხადია, ყველა ხარჯი ვერ იფარება ამ პროგრამით, ჩვენ გვაქვს სხვა პროგრამებიც, რომელთა დახმარებითაც ვცდილობთ ბიუჯეტის შევსებას. კარგი პერსონალი გვყავს. ვთვლი, რომ მათი ანაზღაურება დღესაც ცოტაა, მაგრამ ჩვენ ამ თანხიდან რომ გადავიხადოთ მათი ხელფასებისთვის, ბავშვებისთვის თანხა აღარ დარჩება. სამწუხაროდ, ბევრი ორგანიზაცია საქართველოში ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდა და დაიხურა“, – ამბობს ნანა საყვარელიძე.
“შემოდგომის ზეიმი” შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრ “თანაში”
შეიცვალა თუ არა საზოგადოების დამოკიდებულება 2007 წლიდან დღემდე? – კითხვაზე ნანა საყვარელიძე პასუხობს, რომ ცვლილებები არის, თუმცა არა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს:
„ჯერ კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი, განსაკუთრებით სკოლებში, მშობლებთან… არ შეიძლება მშობელმა უარი თქვას იმაზე, რომ მის შვილთან კლასში იჯდეს შშმ ბავშვი. მერე არის საზოგადოების დამოკიდებულება – „ვაიმე რა ცოდოა“. ცოდოა იმიტომ, რომ ჩვენ ვერ ვქმნით პირობებს, სადაც მას თავისუფლად შეეძლება ცხოვრება.
შვედეთში ვიყავით სტუმრად ქალთან, რომელიც კუნძულზე მარტო ცხოვრობდა და აბსოლუტურად უვლიდა საკუთარ თავს, მიუხედავად მძიმე ფიზიკური შეზღუდულობისა, იმიტომ რომ გამოყენებული იყო ტექნოლოგიები. კვირაში ერთხელ მიდიოდა ექთანი და ნახულობდა, რაიმე ხომ არ სჭირდებოდა. რამდენიმე დღის წინ ვნახე ვიდეო, ვიტირე. იაპონიაში კაფეში რობოტები ემსახურებიან სტუმრებს და ამ რობოტებს თვალებით, მზერით მართავენ შშმ პირები სახლიდან, მუშაობენ, ანაზღაურებას იღებენ.
ყველა ადამიანს სჭირდება იყოს ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თავი იგრძნოს საზოგადოების წევრად, იყოს რეალიზებული, საჭირო, სასარგებლო. ეს შესაძლებელია, არ არის ძალიან ძვირი, რომ ადამიანებს ხელი შუვუწყოთ, დავასაქმოთ, მაგრამ არა ქაღალდზე, როგორც ხშირად ხდება ჩვენთან.
ჩვენთან სტრატეგია არსებობს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ მხოლოდ ქაღალდზე. იგივე კანონი, რომელიც გამოვიდა ადაპტირების შესახებ, არსებობს, მაგრამ არ სრულდება. ძველი შენობების ადაპტირება და გადაკეთება რომ ძნელია, გასაგებია, მაგრამ როცა ახალი შენდება, ხომ შეიძლება იყოს ადაპტირებული? არ უნდა იბარებდნენ არაადაპტირებულ შენობებს. იგივე ავტობუსების თემა – კარგია, როცა ავტობუსი ადაპტირებულია, მაგრამ გაჩერებაა არაადაპტირებული. ასეთი რამ სტიგმას კი არ ებრძვის, პირიქით, აძლიერებს.
გავიაროთ და ვნახოთ, რამდენი ქუჩაა ადაპტირებული ბათუმში?! ბაგრატიონი ხომ ახლა გაკეთდა, სადმე არის პანდუსი? ჩვენ ყველა მოვხუცდებით, პანდუსი არ არის მხოლოდ შშმ პირებისთვის, ესაა მოხუცებისთვის, დედებისთვის, რომელთაც ჩვილი ბავშვი გადაჰყავთ ეტლით, ეს მთავრობამ უნდა გაისიგრძეგანოს და საზოგადოებამაც – ეს ჩვენი ქვეყანაა ხომ?!“
სათნოების ქუჩაზე მდებარე შენობაში, დღის ცენტრის გარდა, დედათა და ბავშვთა თავშესაფარიცაა, სადაც ახლა 10 დედა და 12 ბავშვი ცხოვრობს. თავიდან თავშესაფარი მხოლოდ მარტოხელა დედებისა და მათი შვილებისათვის იყო, თუმცა წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ პროგრამა გააფართოვა.
ჩვენი მიზანია ქალებს, რომლებიც მხოლოდ იმიტომ დარჩნენ ოჯახის მხარდაჭერის გარეშე, რომ შვილი გააჩინეს ან არ გააჩნიათ შემოსავალი და თავშესაფარი, მივცეთ განათლება ან მოვუძებნოთ სამსახური. თუ ბავშვი უკვე ერთი წლისაა და დედას სურს დასაქმება, ბავშვი რჩება აღმზრდელთან და დედა გადის სამსახურში, მათ აქვთ თავშესაფარი, კვება, აუცილებელი ნივთები. ახლა ვიწყებთ თურქული ენის კურსს, რადგან არის ამის მოთხოვნა ბაზარზე.
მე ყველა მათგანის ოჯახის წევრს ვხვდები. იმაზე გვიწევს საუბარი, რომ ქალმა თუ ბავშვი გააჩინა, ამისთვის სახლიდან გასაგდები არ არის. რომ ქალი, რომელსაც ჰყავს დედა [თუმცა დედები ხშირად ასეთ დროს ოჯახის წნეხის ქვეშ არიან], მამა, ძმები, დები, ქუჩაში რჩებიან იმის გამო, რომ შვილი გააჩინეს.“
თავშესაფარში მცხოვრებ ქალებს მუშაობის დაწყების შემდეგ შეუძლიათ ბინა იქირაონ ან შეიძინონ და თავშესაფარი დატოვონ, თუმცა ეს ასე არ ხდება. ერთი ადამიანის ანაზღაურებით ბინის დაქირავების ან ყიდვის შესაძლებლობა და იმავე დროს ყველა საჭირო ხარჯის დაფარვა რთულია, ამიტომაც ქალებს თავშესაფრის დატოვება უჭირთ. ნანა საყვარელიძე ამბობს, რომ ამ საკითხის ადვოკატირება აუცილებელია:
„მოტივირებულ მშობელს, რომელიც მუშაობს, დაინტერესებულია თავშესაფრიდან გასვლით, სახელმწიფო უნდა დაეხმაროს. ბათუმის მერია ახორციელებს ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამას [ე.წ. იაფი სახლი], ჩვენი რეკომენდაციით მინდა ჩართონ რამდენიმე მშობელი ამ პროგრამაში. ტყუილად ჩვენ არავის მივცემთ რეკომენდაციას. ამჟამად ჩვენთან, თავშესაფარში ცხოვრობს ქალი, რომელიც ორ ადგილას მუშაობს და შეძლებს პროგრამის ფარგლებში ბინისათვის თანხის გადახდას, მაგრამ ჩვეულებრივ პირობებში მსგავსი, მოტივირებული მშობლები ბინის ყიდვას ვერ შეძლებენ და ეს ძალიან ცუდია, რადგან თუ ადამიანი ფიქრობს – რაც არ უნდა ვიმუშაო, ბინას მაინც ვერ ვიყიდი, ის თავს ჩიხში გრძნობს, მისი მოტივაცია მაღალი ვერ იქნება. წელიწადში ერთ-ორი ბინა ასეთი ქალებისთვის რომ იყოს გათვალისწინებული, ეს იქნება დიდი სტიმული მათთვის და სახელმწიფოც მოიხსნის ტვირთს. მაინც სტიგმა აქვთ ადამიანებს, რომ თავშესაფარში ცხოვრობენ. როცა ადამიანს უნდა თავად შეინახოს საკუთარი თავი, მუშაობს, ყველაფერს აკეთებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, სახელმწიფო მას უნდა დაეხმაროს ამაში.“
იანვრის პირველ ნახევარში დღის ცენტრში არდადეგებია. ნანა საყვარელიძე ამბობს, რომ ეს პერიოდი დღის ცენტრის ბენეფიციარებს არ უყვართ, რადგან ერთმანეთს ვერ ნახულობენ და, ძირითადად, სახლში უწევთ ყოფნა.
„საუკეთესო შემთხვევაში მინდა ათი წლის შემდეგ ამ ბავშვებს შეეძლოთ დამოუკიდებლად გადაადგილება, დამოუკიდებლად ცხოვრება, რომ არ იყოს მათი მარტო დარჩენის, არარეალიზებულობის შიში. თუ ჩვენ გვინდა გავხდეთ განვითარებული მსოფლიოს ნაწილი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე უნდა ვიზრუნოთ. სხვა გამოსავალი არ არსებობს“, – ამბობს ნანა საყვარელიძე.
ავტომანქანის ტექნიკური დათვალიერება ბანკომატთან მომსახურების საფასურის გადახდით იწყება. ავტომანქანის რეგისტრაციის შემდეგ, მძღოლი ცენტრის შემინული კედლის მიღმა რჩება და იქედან აკვირდება, როგორ ამოწმებენ ავტომობილს ინსპექტორები და კომპიუტერული მოწყობილობები.
ბათუმში ტექნიკური ინსპექტორების გავლა სულ ოთხ ცენტრშია შესაძლებელი. ჩვენ ერთ-ერთ ცენტრში – შპს „გივა“-ში გავეცანით ინსპექტირების პროცედურას.
თავდაპირველად მფლობელის გარეშე დარჩენილ ავტომანქანას ინსპექტორი ვიზუალურად აკვირდება. „პლანშეტში ვინიშნავ, აქვს თუ არა ავტომობილს შესამჩნევი დაზიანება, მაგალითად, საქარე მინის, საბურავების და ასე შემდეგ. ამის შემდეგ ავტომანქანა მთავარ კომპიუტერულ მოწყობილობასთან გადადის“, – გვიხსნის ინსპექტორი ირაკლი ტაკიძე.
ვიზუალური დათვალიერების გარდა მოწმდება მონაცემების შესაბამისობა ავტომანქანის ტექნიკურ პასპორტთან.
პირველად თქვენს ავტომანქანას გამონაბოლქვს შეუმოწმებენ. „კომპიუტერული მოწყობილობა აჩვენებს, რამდენად შეესაბამება გამონაბოლქვი დადგენილ სტანდარტს. მთავარია, მომწამვლავი ნივთიერების ემისია არ დაფიქსირდეს,“ – ამბობს გიორგი კალანდარიშვილი, „გივას“ ინსპექტორი.
გამონაბოლქვის შემოწმების შემდეგ, ავტომანქანას სხვა ინსპექტორი ასევე კომპიუტერული მოწყობილობით სამუხრუჭე სისტემას უმოწმებს, შემდეგ – რხევის დეტექტორის დრო დგება. ინსპექტორი ვიზუალურად, სპეციალური თხრილიდან ათვალიერებს ავტომანქანის სავალ ნაწილსაც.
ფინალური ეტაპი ფარების შემოწმებაა. სპეციალური მოწყობილობა ფარების გამართულობას ადგენს.
„საბოლოოდ მონაცემები ერთიან ბაზაში იყრის თავს. თუკი ყველაფერი წესრიგშია, ტექნიკური დათვალიერება ჩაბარებულად ითვლება, თუ არა, მაშინ მფლობელს ერთი თვე ეძლევა პრობლემის მოსაგვარებლად,“- გვიხსნის ინსპექტირების ცენტრის ხარისხის მენეჯერი, თემურ ფაღავა.
რა გამორიცხავს „ჩაწყობას“? – ინსპექტირების ცენტრში გვითხრეს, რომ მათაც სმენიათ ფულით საქმის ჩაწყობის შესახებ, თუმცა ამას გამორიცხავენ.
„ამ პროცესს აკვირდება ოთხი ვიდეოთვალი. მონაცემები იგზავნება ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრში, მათ შორის, ვიდეოჩანაწერები,“ – ამბობს თემურ ფაღავა.
ტექნიკური დათვალიერების მიუკერძოებლად ჩატარების კიდევ ერთ არგუმენტად ცენტრში კომპიუტერული სისტემა დაგვისახელეს. თუმცა, როგორც ვნახეთ, რამდენიმე ეტაპზე ავტომანქანის შეფასება მხოლოდ ინსპექტორის კეთილსინდისიერ შეფასებაზეა დამოკიდებული.
„გამოდის, რომ ადამიანმა რამდენიმე ინსპექტორი უნდა მოისყიდოს. აქ ყველა ეტაპს თავისი ინსპექტორი ჰყავს. გამორიცხული არაფერია, მაგრამ ჩვენთან ასე არ ხდება,“ – გვითხრა თემურ ფაღავამ.
ინსპექტირების ცენტრ „გივაში“ დღეში დაახლოებით 100 ავტომანქანა მოწმდება. ცენტრის რეგისტრატურაში გვითხრეს, რომ ინსპექტირებაზე მისული ავტომანქანების უმრავლესობა გამოცდას წარმატებით აბარებს.
„ისე არ მოდიან, თუკი ავტომანქანა გაუმართავია. იციან, რომ ტყუილად ფული უნდა დახარჯონ,“ – დასძინეს ინსპექტორებმა.
მსუბუქი ავტომანქანების შემოწმება 60 ლარი ღირს, ავტომანქანები კი, რომელთა ტვირთამწეობაც სამტონა-ნახევარზე მეტია – 100 ლარი; დიდი სამგზავრო ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები – 100 ლარი; მისაბმელიანი მანქანები – 60 ლარი.
თუკი ავტომანქანა ინსპექტირებას ვერ გაივლის, მას ერთთვიანი გამოსასწორებელი ვადის გასვლის შემდეგ ამავე ფასში შეუძლია შემოწმების ხელახლა გავლა.
„დაახლოებით 300-400 ლარი დამიჯდა ავტომანქანის შეკეთება საიმისოდ, რომ ინსპექტირება გამევლო. ხარჯია, მაგრამ საჭიროა,“ – გვითხრა რეგისტრატურაში მყოფმა ერთ-ერთმა მძღოლმა, ლაშა ლობჯანიძემ.
ზოგიერთმა მძღოლებმა გვითხრა ისიც, რომ ტექნიკური ინსპექტირების მოთხოვნა სამართლიანია, მაგრამ ხელისუფლებამ, პირველ რიგში, გზების ხარისხს უნდა მიხედოს.
ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო პირველი იანვრიდან გახდა. ათვლის წერტილი ავტომობილის საქართველოში რეგისტრაციის თარიღია. მაგალითად, თუ თქვენ ავტომანქანა ორი წლის წინ – 15 აგვისტოს დაარეგისტრირეთ, კანონმდებლობით მიხედვით, 15 აგვისტომდე ვალდებული ხართ ტექნიკური შემოწმება გაიაროთ. თუ შემოწმებას თავს აარიდებთ, ან მას ვერ გაივლით, თქვენი მანქანის ნომერი ერთიან ბაზაში გამოჩნდება და მას ქუჩებში პატრულ-ინსპექტორების გარდა, ე.წ. „ჭკვიანი ვიდეოკამერები“ დააფიქსირებენ. ჯარიმა – 50 ლარია.
დღეს, 18 იანვარს, დღის მეორე ნახევარში ბათუმში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში, ჰაერის ტემპერატურა 6-11 გრადუსი სითბო.
18 იანვრის 21 საათიდან 19 იანვრის 21 საათამდე კი აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ღამით 0-5, დღისით 6-11 გრადუსი სითბო, მაღალმთიან რაიონებში ღამით 5-10 გრადუსი, დღისით 0-5 გრადუსი ყინვა.
ზღვაზე იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის ქარი, მაქსიმუმ 11 მ/წმ-ში, ხილვადობა კარგი, ტალღის სიმაღლე 7-12 დმ. [2-3 ბალი], ზღვის წყლის ტემპერატურა 8.5 გრადუსი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 20 და 21 იანვარს აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ქალაქ ქობულეთის სანაპირო ზოლში ზღვისპირა პარკის მოწყობაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. სატენდერო თანხა ამჯერად 2 929 454 ლარია, რაც პირველი ტენდერთან შედარებით 82 ათასამდე ლარით ნაკლებია. პირველად გამოცხადებული ტენდერი ქობულეთის სატენდერო კომისიამ შეწყვიტა. კომისიას წინა ტენდერში ერთ-ერთმა კომპანიამ შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოშიც უჩივლა.
ამჯერად, ახალი ტენდერი მუნიციპალიტეტმა 2019 წლის 17 იანვარს გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 3 თებერვალს დაიწყება და 8 თებერვალს შეწყდება.
ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 300 დღეში კი, პარკის მოწყობა უნდა დასრულდეს. პარკი იმ პროექტის მიხედვით უნდა მოეწყოს, რაც სატენდერო დოკუმენტებს თან ახლავს.
ტენდერის პირობით, ამჯერადაც შესაძლებელია ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, 2019 წლის 01 ივლისიდან 2019 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, შეჩერდეს სამუშაოების მიმდინარეობა [გარკვეული ეტაპები] და გაგრძელდეს ტურისტული სეზონის დასრულებისთანავე.
ქობულეთის სანაპირო ზოლში, მდინარე აჭყვიდან სატუმრო „ჯორჯია პალასამდე“, 850 მეტრზე, ზღვისპირა პარკის მოსაწყობად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გასულ წელს 3 მილიონ 11 ათას 440 ლარი გამოიყო და ტენდერიც გამოცხადდა.
დავების საბჭომ მომჩივანი კომპანიის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სატენდერო კომისიამ კი ტენდერში მონაწილე სამ კომპანიას მისცა დისკვალიფიკაცია, 2018 წლის 18 დეკემბერს კი, ტენდერი საერთოდ შეწყვიტა.
ტენდერის შეწყვეტის ოქმში ვკითხულობთ, რომ ქობულეთის სანაპირო ზოლში ნაპირდამცავი საფეხურებიანი კედლის სარეაბილიტაციო სამუშაოებმა განაპირობა ზღვისპირა პარკის საპროექტო დოკუმენტაციის გადახედვა და ტენდერის პირობებში ცვლილებების შეტანა, რაც მიმდინარე ტენდერის პირობებში შეუძლებელი იყო.
საქართველოს განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა უქმდება. „პედაგოგებს ხელი უნდა შევუწყოთ საკლასო ოთახში შემოქმედებითობისთვის და არა შევუშალოთ“, – განაცხადა მინისტრმა დღეს, 18 იანვარს, განათლების სფეროში დაგეგმილი ცვლილებების პრეზენტაციისას.
პრესრელიზში, რომელიც „ბათუმელებს“ სამინისტროს პრესსამსახურმა მოაწოდა, ნათქვამია, რომ პედაგოგები სტატუსის შესანარჩუნებლად კრედიტქულებს აღარ დააგროვებენ.
„ჩვენი პრიორიტეტი და ორიენტირი მოსწავლე, მისი განვითარება და პედაგოგია, რომელიც ამას უზრუნველყოფს. არსებული სქემა კი ამის საშუალებას და შედეგს არ იძლევა, ის დღეს მხოლოდ ხელის შემშლელი ფაქტორია.
მასწავლებლები გათავისუფლდებიან ბიუროკრატიისგან და შეექმნებათ საშუალება, მეტი შემოქმედებითობისთვის. რამდენად კარგია მასწავლებელი, უნდა ჩანდეს გაკვეთილზე და არა ქაღალდებში“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
მინისტრის თქმით, ცვლილება ეტაპობრივად განხორციელდება, რათა არ მოხდეს პროცესის რღვევა მათთვის, ვინც უკვე ჩართულია სქემაში. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ უქმდება თვითშეფასების კითხვარიც, რომელიც ნებაყოფლობითი გახდება.
„ბათუმელების“ კითხვაზე, – როგორ მოხდება კარიერულ სქემაში პედაგოგების წინსვლა, თუკი კრედიტქულების დაგროვების სქემა აღარ იქნება? ამ კითხვაზე სამინისტროში ჯერჯერობით პასუხი არ აქვთ.
სამინისტროში ვერც იმას აზუსტებენ, სავალდებულო გახდება თუ არა საგნობრივი გამოცდები პედაგოგებისთვის.
დეტალურ ინფორმაციას „ბათუმელები“ პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მოგაწვდით.
მინისტრის გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს განათლების სამინისტროსგან გამოგზავნილი დოკუმენტი