მთავარი,სიახლეები

პროექტი, რომელიც ადამიანების ცხოვრებას ცვლის

28.01.2019 • 1598
პროექტი, რომელიც ადამიანების ცხოვრებას ცვლის

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს დემოკრატიის ინსტიტუტი სამ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად უკვე ორი წელია ახორციელებს აჭარაში, იმერეთში, გურიასა და სამეგრელო-ზემო-სვანეთში. პროექტი კიდევ 9 თვეს, 2019 წლის ნოემბრამდეგრძელდება.ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი მიზნად ისახავს ბენეფიციართა რეინტეგრაციას სამედიცინო და იურიდიული დახმარების, დასაქმების ხელშეწყობის გზით.

ოთხივე რეგიონის კოორდინატორები და სოციალური მუშაკები, რომლებმაც ბენეფიციარებთან: ყოფილ პატიმრებთან, მათი ოჯახის წევრებთან და პრობაციონერებთან იმუშავეს, პროექტის ორი წლის შედეგებს აფასებენ.

„ფონდ თანაზიარის“კოორდინატორი, ხათუნა ბეჭვაია ამბობს, რომ პროექტის ამოქმედებისას მთავარი გამოწვევა პოტენციურ ბენეფიციარებამდე ინფორმაციის მიწოდება და ხმის მიწვდენა იყო, რისთვისაც მათ ძალისხმევა არ დაუშურებიათ. მისივე თქმით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ყოფილი პატიმრები ყველაზე ხშირად ორგანიზაციას თვითდასაქმებისა და მცირე ბიზნესის ხელშემწყობი გრანტებისთვის მიმართავენ, ასევე ახალი პროფესიის შესაძენად. პროექტის ფარგლებში კი, ტრენინგ-სემინარების საშუალებით, სწრაფი სწავლების საშუალებებია ხელმისაწვდომი.

შედარებით ნაკლებად მოთხოვნადი იყო სამედიცინო მომსახურება და იურიდიული კონსულტაციები, თუმცა ამ მიმართულებით დაინტერესებული ბენეფიციარებიც იყვნენ.

ხათუნა ბეჭვაია. ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის კოორდინატორი, სამეგრელო-ზემო სვანეთში

„გაუცხოება და დეპრესია ჩვეულებრივი მდგომარეობაა ყოფილი პატიმრებისთვის. ყველაზე მკაფიოდ, ამ ორი წლის განმავლობაში თავს გადამხდარი ისტორიებიდან ერთი მახსენდება, როცა ბენეფიციარმა დამირეკა და მითხრა, თავის მოკვლას ვაპირებ და იცოდე, რომ ასე გადავწყვიტეო. მივვარდით მასთან სახლში და სისხლით მოსვრილი ოთახი დაგვხვდა. გაგვიმართლა, რომ სასწრაფო დახმარების მანქანა მალე მოვიდა და გადარჩა. ეს კაცი ყოფილი პატიმარია.

23 წელი გაატარა საპატიმროში, მოხუც მამას უვლიდა, რომელიც გარდაეცვალა. მეზობლებმა, ახლობლებმა, ყველამ დაუკეტა ოჯახის კარი და სრულიად მარტო დარჩა, იმედი აღარაფრის ჰქონდა, მასთან ბევრი ვიმუშავეთ. ახლა ოჯახი ჰყავს, ცოლი შეირთო და შვილს ელოდება. ოჯახის შექმნა რომ გადაწყვიტა, პირველად სოცმუშაკებს გაგვაცნო საცოლე. საოცარი ტრანსფორმაცია მოხდა. მეორედ რომ მივედი მათთან, სულ სხვა სახლი დამხვდა: სუფთა და თბილი გარემო, პირველი სტუმრობისგან განსხვავებული, როცა პაატას სახლი ნასახლარს ჰგავდა და სიცოცხლეც არ უნდოდა. ყველაფერი დაძლიეს ერთად. რითაც შეგვიძლია ჩვენც ვეხმარებით.

სხვა რომ არაფერი, მხოლოდ ამ ერთი ადამიანის, პაატას გადარჩენისთვის ღირდა ეს პროექტი.

ციფრების და სტატისტიკის მიღმა, რითაც წელს ვაჯამებთ, ადამიანები დგანან განსხვავებული ისტორიებით“, – ამბობს ხათუნა ბეჭვაია.

იმერეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის, ფონდ აფხაზინტერკონტის სოციალური მუშაკი, ინგა იმედაძე ამბობს, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის მსგავსად იმერეთშიც ყველაზე ხშირად პროექტს დასაქმებისა და მცირე ბიზნესის ხელშემწყობი მცირე გრანტებისთვის მიმართავენ, მოთხოვნადია იურიდიული და სამედიცინო დახმარების მიმართულებაც, ასევე სტაჟირების პროგრამები.

„მიუხედავად იმისა, რომ თითქოს იმერეთის რეგიონში დასაქმება ჭირს და სამუშაო ადგილებიც ბევრი არ არის, მაინც ვახერხებთ დავასაქმოთ ბენეფიციარები.

სტაჟირების მოქნილი სერვისი გვაქვს. შეგვიძლია ინდივიდუალურადაც მივაბაროთ მსურველები სხვადასხვა საქმის ოსტატებს.

ინგა იმედაძე, სოცმუშაკი, იმერეთი – „ფონდი აფხაზინტერკონტი“

ერთი შემთხვევა მახსენდება – მხოლოდ მანქანის მართვა იცოდა ერთმა ყოფილმა პატიმარმა და მთელი ცხოვრება მძღოლად მუშაობდა, მაგრამ მართვის უფლება 5 წლით ჩამოართვეს. ავტოსახელოსნოს მივამაგრეთ, ხელსაწყოები შევუძინეთ და ახლა ავტომობილების შემკეთებლად მუშაობს.

ყოფილი პატიმრების ოჯახის წევრებისთვის ხშირად მიუღებელია საკუთარი ოჯახის წევრის მდგომარეობა.ზოგი იღებს რეალობას, ზოგი არა. ზოგს ერცხვინება თქვას, რომ ოჯახის წევრი პატიმარია, ზოგს არა. ზოგიც სხვებისგან ითხოვს აღიარებას მაშინ, როცა თავად უჭირს სიმართლის თქმა გარშემომყოფებთან. სტიგმა იმდენად დიდია, რომ ხშირად ამბობენ, თითქოს მეუღლე უცხოეთშია და მისი გათავისუფლების შემდეგ უწევთ თქმა, რომ დაბრუნდა“, – ამბობს სოცმუშაკი იმერეთიდან. 

თამარ ღლონტი ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის კოორდინატორია გურიაში. მისი თქმით, ამ რეგიონში ყოფილი პატიმრების ხელშემწყობი მსგავსი მასშტაბური პროექტი პირველად მოქმედებს. გვეუბნება, რომ „გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს“ მსგავს, ოღონდ უფრო მცირემასშტაბიან პროექტებზე უმუშავია,

თუმცა ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის სამიზნე აუდიტორია გაცილებით დიდია და მიზნად ისახავს, როგორც ყოფილი პატიმრების, ასევე მათი ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების რესოციალიზაციას ბევრი მიმართულებით.

„სასიამოვნო შეგრძნებაა, როცა ხედავ ადამიანების ცხოვრებაში ცვლილებას. თან ყველა მათგანს აქვს უდიდესი მადლიერების გრძნობა და ეს მეტი მოქმედებისკენ გვიბიძგებს.

მახსოვს ერთი შეჭირვებული ოჯახი, სადაც ახალ წელს პროდუქტი მივიტანეთ და ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა გვითხრა, რომ მათთვის ახალი წელი მხოლოდ კალენდარზე დგებოდა“, – ყვება თამარ ღლონტი.

აჭარაში პროგრამის კოორდინატორის, ნინო ხაჩიძის თქმით, დიდი მოთხოვნა იყო სამედიცინო დახმარების მიმართულებაზე. ყოფილი პატიმრების დიდი ნაწილი საჭიროებდა ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენას. სამედიცინო კვლევებიც ხელმისაწვდომი იყო პროექტის ფარგლებში და ბენეფიციარები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ დიდი ხანია ექიმისთვის უსახსრობის გამო არ მიუმართავთ.

ნინო ხაჩიძე, ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის კოორდინატორი

როგორც ნინო ამბობს, თვითდასაქმებისთვის დახმარება პროგრამის ფარგლებში 200-ზე მეტ ბენეფიციარს გაუწიეს.

პროგრამას დასაქმებისთვის, ძირითადად,ხეზე კვეთის ოსტატები, ხელოსნები, ავტომობილების შემკეთებლები, ხელნაკეთი ნივთების დამზადებითა და აგროპროექტებით დაინტერესებული პირები მიმართავენ.

პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამის სიმბოლოდ ერთი ბენეფიციარი წარმომიდგენია, რომელიც ხეზე კვეთის ოსტატია და უამრავი წინააღმდეგობა დაძლია, მოვიდა სულ სხვანაირი და გახდა სხვა. დიდი ხანი გაატარა საპატიმროში, გათავისუფლების შემდეგ ყველასგან და ყველაფრისგან გაუცხოებული იყო. ჩვენთან რომ მოვიდა ვუხსნიდით, რომ შეგვეძლო დახმარება. გაოგნებული გვეკითხებოდა – ,,რატომ?“ ვერ იგებდა, რა მიზნით გვსურდა მისი დახმარება.

მისი ნდობის მოსაპოვებლად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა. თვითდასაქმების კომპონენტში ჩაერთო. ახლა ეს ადამიანი ხისგან საეკლესიო ნივთებს ამზადებს. სამედიცინო დახმარებას ვუწევთ, იურიდიული

მომსახურებითაც სარგებლობს. მებრძოლია, ბევრი მოინდომა. პროექტის სახე ჩვენთვის ეს ბენეფიციარია“, – ამბობს ნინო.

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი 2019 წლის ნოემბერში სრულდება. დარჩენილი ცხრა თვის განმავლობაში გურიასა და იმერეთში სოციალური საწარმოების შექმნა იგეგმება, სადაც ყოფილი პატიმრები, მათი ოჯახის წევრები და პრობაციონერები დასაქმდებიან. საწარმოს მიზანი ბენეფიციართა გრძელვადიანი დასაქმება და რეგიონებში მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა იქნება.

 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: