მთავარი,სიახლეები

ბათუმში ავტომანქანების ტექდათვალიერების ცენტრი შაბათ-კვირასაც იმუშავებს

25.01.2019
ბათუმში ავტომანქანების ტექდათვალიერების ცენტრი შაბათ-კვირასაც იმუშავებს

ბათუმში ავტომანქანების ტექდათვალიერების ცენტრი „გივა“ შაბათ-კვირასაც იმუშავებს. როგორც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების [პტი] ცენტრ „გივაში“ განაცხადეს, ეს გადაწყვეტილება მომართვიანობის გაზრდის გამო მიიღეს.

„გივა“ ავტომანქანის მძღოლებს შაბათ-კვირას დილის 10 საათიდან დღის 3 საათამდე მოემსახურება. ჩვეულებრივ სამუშაო დღეებში კი სერვისცენტრი დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე მუშაობს.

ინსპექტირების ცენტრ „გივაში“ დღეში დაახლოებით 100 ავტომანქანა მოწმდება. ცენტრის რეგისტრატურაში ამბობენ, რომ ინსპექტირებაზე მისული ავტომანქანების უმრავლესობა გამოცდას წარმატებით აბარებს.

მსუბუქი ავტომანქანების შემოწმება 60 ლარი ღირს, ავტომანქანები კი, რომელთა ტვირთამწეობაც სამტონა-ნახევარზე მეტია – 100 ლარი; დიდი სამგზავრო ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები – 100 ლარი; მისაბმელიანი მანქანები – 60 ლარი.

თუკი ავტომანქანა ინსპექტირებას ვერ გაივლის, მას ერთთვიანი გამოსასწორებელი ვადის გასვლის შემდეგ ამავე ფასში შეუძლია შემოწმების ხელახლა გავლა.

ავტომანქანების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება [ტექდათვალიერება] სავალდებულო პირველი იანვრიდან გახდა. ათვლის წერტილი ავტომობილის საქართველოში რეგისტრაციის თარიღია.

მაგალითად, თუ თქვენ ავტომანქანა ორი წლის წინ – 15 აგვისტოს დაარეგისტრირეთ, კანონმდებლობით მიხედვით, 15 აგვისტომდე ვალდებული ხართ ტექნიკური შემოწმება გაიაროთ.

თუ შემოწმებას თავს აარიდებთ, ან მას ვერ გაივლით, თქვენი მანქანის ნომერი ერთიან ბაზაში გამოჩნდება და მას ქუჩებში პატრულ-ინსპექტორების გარდა, ე.წ. „ჭკვიანი ვიდეოკამერები“ დააფიქსირებენ. ჯარიმა – 50 ლარია.

ამ თემაზე:

რას შეუმოწმებენ თქვენს ავტომანქანას ტექდათვალიერების ცენტრში [ვიდეო]

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: