მთავარი,სიახლეები

დაისჯება ექიმი, რომელიც მშობელს შვილის აცრას გადააფიქრებინებს

25.01.2019 •
დაისჯება ექიმი, რომელიც მშობელს შვილის აცრას გადააფიქრებინებს

2019 წელს ძალაში შევიდა კანონი, რომელიც სავალდებულო იმუნიზაციას ითვალისწინებს. 22 იანვარს კი, ჯანდაცვის მინისტრმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც დადგინდა იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც დასაქმების მსურველი ვალდებული იქნება ჩაიტაროს სავალდებულო იმუნიზაციით გათვალისწინებული ყველა აცრა. სავალდებულო იმუნიზაციას ექვემდებარებიან ბავშვებიც.

ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის, მარინა ბაიდაურის განცხადებით, დაისჯება ყველა ექიმი, რომელიც მშობელს შვილის აცრას გადააფიქრებინებს.

ქალბატონო მარინა, აქვს თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს კონკრეტული ბერკეტი იმის გამოსავლენად, ნამდვილად ურჩევენ თუ არა ცალკეული ექიმები მშობლებს, რომ არ აცრან თავიანთი შვილები?

ახალი ბრძანების ამოქმედებამდე, დაახლოებით ორი წლის წინ შევიტანეთ ცვლილება 359-ე დადგენილების ტექნიკურ რეგლამენტში, რომელიც მაღალი რისკის შემცველ სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობას ეხება. ამ ცვლილების მიხედვით, იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული ვაქცინაცია უზრუნველყოს.

თუ ამას ვერ უზრუნველყოფენ და, ამასთან, დადასტურდება, რომ ექიმი ვაქცინაციის მსურველ მშობელს ურჩევს არ აცრას შვილი, დაისჯება, რადგან ეს იქნება ზემოთ აღნიშნული ბრძანების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა, რომელიც სავალდებულო იმუნიზაციას ითვალისწინებს.

რა ფორმით დასჯაზეა საუბარი?

ამ დადგენილების ადმინისტრირებას რეგულირების სააგენტო ახორციელებს, ამიტომ იქნება ჯარიმა თუ სხვა ტიპის სანქციები, ეს საკითხები განხილვის პროცესშია. სამინისტრო მუშაობს უფრო იმ მიმართულებით, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს სავალდებულო აცრები. ეს იმას ნიშნავს, რომ არცერთი ბავშვი არ უნდა დარჩეს აცრის გარეშე.

როდის შეუძლია ექიმს უარი უთხრას მშობელს ბავშვის აცრაზე?

სავალდებულო იმუნიზაციის დოკუმენტში არის უკუჩვენებების ან დროებითი უკუჩვენებების ჩამონათვალი. უარის შემთხვევაში, მიზეზები უნდა იყოს გაწერილი და დასაბუთებული ამ დოკუმენტის მიხედვით.

არის დროებითი უკუჩვენებებიც, რომელიც გადავადებას მოითხოვს და არის მუდმივი უკუჩვენებები. პროფილაქტიკური აცრების კალენდარში ეს ყველაფერი წერია.

აცრების კალენდრით განსაზღვრული ჩამონათვალი არის სავალდებულო. სავალდებულო იმას კი არ ნიშნავს, რომ თუ მშობელმა არ აცრა, მშობელი უნდა დავსაჯოთ, სავალდებულობაა ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ბავშვი თუ მოზრდილი, ვისაც ეხება ვაქცინაციის კალენდრით გათვალისწინებული აცრა, იყოს აცრილი მაქსიმალურად.

ეს იმას ნიშნავს, რომ მშობელს მაინც შეუძლია უარი თქვას ვაქცინაციაზე?

დიახ, შეუძლია.

ბავშვი ხომ საფრთხის წინაშე დგას ასეთ შემთხვევაში?

გეთანხმებით, მაგრამ ბრძანებაში არის ძალიან დეტალური ჩანაწერი, რომელიც ამბობს, რომ თუკი მშობელი უარს ამბობს ვაქცინაციაზე, მან უნდა შეავსოს უარის თქმის ფორმა, სადაც უნდა დაასაბუთოს უარის მიზეზი. „მე ვიცი, რომ აუცრელობის შემთხვევაში ჩემს შვილს შეიძლება დაემართოს მძიმე დაავადება ან მოკვდეს, იმის გამო რომ არ ავცერი“, – ასეთ ფორმაზე ხელისმომწერი მშობლების რაოდენობა იქნება მინიმალური. მაგრამ ისეთი ფორმა, სადაც იქნება ჩანაწერი, რომ ექიმმა ურჩია აცრებზე უარის თქმა, სავარაუდოდ, არ იქნება და ალბათ არც დაწერს.

სოციალურ ქსელში ხშირად წერენ მშობლები რომ: „აცრა იწვევს აუტიზმს“, „მძიმე დაავადებებს“, „ექიმმა არ მირჩია“ და ასე შემდეგ. თუ მშობლის არგუმენტები არის ზედაპირული და დაუსაბუთებელი, მაინც აქვს მას უფლება შვილი აცრების გარეშე დატოვოს?

ამ შემთხვევაში ექიმის ვალდებულებაა დაარწმუნოს მშობელი ვაქცინის ხარისხიანობასა და მის მნიშვნელობაში. თუ პირიქით მოიქცევა და დადასტურდება, რომ ექიმმა გადაარწმუნა მშობელი, რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონდა რომ შვილი აეცრა, ექიმი დაისჯება.

თქვენ თქვით, რომ იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებები არიან ვალდებული უზრუნველყონ სავალდებულო აცრები. როგორ ხდება მონიტორინგი და თუკი ბავშვის დაავადების შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ ის აუცრელია, ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა – მშობელს თუ ექიმს?

ჩატარდება მოკვლევა, რატომ დარჩა ბავშვი აუცრელი. ასეთ საკითხებზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა და უახლოეს პერიოდში კიდევ იქნება დამატებითი დოკუმენტები მიღებული, რომელიც აცრების სავალდებულოობას კიდევ უფრო გაამყარებს.

მაგალითად, საბავშვო ბაღში ან სკოლაში მიღებისას სავალდებულო იქნება იმუნიზაციის ცნობის წარდგენა. რა თქმა უნდა, არავაქცინირებულ ბავშვს არ ავუკრძალავთ საბავშვო ბაღში მიღებას, მაგრამ შესაძლებელია იყოს მსჯელობა იმაზე, რომ მივცეთ ვადა აცრების ჩასატარებლად.

როცა ექიმი ეუბნება პაციენტს, რომ არ გინდა აცრა, ეს არის სამედიცინო მომსახურების ხარვეზი და ინფორმაციის არასწორი მიწოდება.

ეს დაახლოებით ისეთივეა, რაც ტექნიკური რეგლამენტის პირობების ან 385-ე დადგენილების დარღვევა, რომელიც სტაციონალური დაწესებულებებისთვის არის განსაზღვრული და ამ წესის დარღვევაც არის დასჯადი.

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგს რაც შეეხება, ტექნიკური რეგლამენტის  სანებართვო  პირობები ადგენს შერჩევითი კონტროლის წესს. ეს ნიშნავს, რომ წლის განმავლობაში რეგულირების სააგენტო შეადგენს გეგმას, თუ რომელი დაწესებულებებს შეეხებათ შერჩევითი კონტროლი და შემოწმება.

თუ შემოვიდა რაიმე საჩივარი და დამატებით იქნა ინფორმაცია მოწოდებული, რა თქმა უნდა, ეს დაწესებულებებიც შევა სიაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: