განათლება,მთავარი,სიახლეები

რას გულისხმობს მანდატურის „ახალი მიდგომები“ სკოლაში

25.01.2019
რას გულისხმობს მანდატურის „ახალი მიდგომები“ სკოლაში

„უსაფრთხო სკოლის“ პროექტის ფარგლებში, საქართველოს განათლების სამინისტრო დამატებით, ორი ახალი ფსიქოლოგიური ცენტრის გახსნას აპირებს სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში. სამინისტროს განცხადებით, ცენტრებში მაღალი კვალიფიკაციის ბავშვთა ფსიქიატრები და სოციალური მუშაკები იმუშავებენ.

მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, „უსაფრთხო სკოლის“ ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მოსწავლეთა ემოციურ მდგომარეობაზე ზრუნვას.

მინისტრი ასევე ამბობს, რომ ამავე პროექტის ფარგლებში, სკოლებში „დაინერგება თვისობრივად ახალი მიდგომა“, რომელიც ამერიკელ პარტნიორებთან ერთად შეიმუშავეს.

რას გულისხმობს ახალი მიდგომები? – „ბათუმელები“ შეეცადა უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებას როგორც სამინისტროში, ასევე მანდატურის სამსახურში, თუმცა ინფორმაცია არც ერთმა უწყებამ არ მოგვაწოდა.

წინასწარი მონაცემებით, „უსაფრთხო სკოლის“ პროექტი ითვალისწინებს სკოლებში მანდატურების მეტალოდეტექტორებით აღჭურვას. შესაბამისად, მინისტრი აცხადებს, რომ უსაფრთხო სკოლის ბიუჯეტი წინა წლებთან შედარებით სამჯერ გაიზარდა, თუმცა კონკრეტულად რამდენი ლარია გათვალისწინებული მანდატურების დეტექტორებით, სკოლების კი ვიდეოთვალით აღჭურვაზე, სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზებში არ წერია.

ბატიაშვილი ასევე აცხადებს, რომ ქმნიან ისეთ ელექტრონულ პროგრამას, რომელიც სასკოლო პროცესში მშობლის, სკოლის ადმინისტრაციის, მანდატურისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობას უზრუნველყოფს.

„პროგრამა მათ შესაძლებლობას მისცემს მოსწავლის შესახებ ინფორმაცია ელექტრონულ რეჟიმში მიიღონ“, – დასძენს მინისტრი.

მინისტრის თქმით, პროექტის ფარგლებში „ყალიბდება თვისებრივად ახალი მანდატური“. თუმცა, რა იგულისხმება ამაში, განმარტებას არც სამინისტროში აკეთებენ და არც მანდატურის სამსახურში… ერთადერთი ის არის ცნობილი, რომ თუ მანდატურს არ გაუვლია შსს-თან თანამშრომლობის საფუძველზე შექმნილი ახალი სასწავლო მოდული, პოლიციის აკადემიაში გადაამზადებენ.

„გარდა ამისა, გაგრძელდება იმ საჯარო სკოლების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების მომზადება, რომლებიც სკოლაში შევლენ“.

სამინისტროს ცნობით, 2019-2020 წლებში მანდატურები დამატებით 260 საჯარო სკოლაში შევლენ.

„უსაფრთხო სკოლის“ პრეზენტაცია თბილისში
ფოტო: განათლების სამინისტრო

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: