კვირის ამბები

საინიციატივო ჯგუფი: ვითხოვთ რვაფეხას რესტავრაციას, ძეგლის სტატუსს და შენარჩუნებას

05.12.2014 • 2257
საინიციატივო ჯგუფი: ვითხოვთ რვაფეხას რესტავრაციას, ძეგლის სტატუსს და შენარჩუნებას

 

ნათია აფხაზავა:  “ჩვენი მოთხოვნაა “რვაფეხას” რესტავრაცია და შენარჩუნება იმ ადგილზე, სადაც ის არის. მეორე მოთხოვნაა ის, რომ პროცესი აუცილებლად იყოს გამჭვირვალე და ამ პროცესში ჩართული იყოს ჩვენი წარმომადგენელი, რათა ვნახოთ თუ რა მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს. მესამე – რაზეც ჩვენ ვიწყებთ მუშაობას არის ის, რომ შენობას უნდა მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, რადგანაც მას აქვს ყველა ნიშანი იმისა, რომ ის იყოს ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. გარდა ამისა, იმის დასადგენად, ექვემდებარება თუ არა “რვაფეხა” რესტავრაციას, მნიშვნელოვანია შეიქმნას დამოუკიდებელი კომისია, სხვა და სხვა წევრების მონაწილეობით, რომელიც შეაფასებს რვაფეხის რესტავრაციის შესაძლებლობას”.

სოფო ჟღენტი: „გუშინ გაჟღერდა რვაფეხას გადატანასთან დაკავშირებით ინფორმაცია, რაც მიუღებელია, იმიტომ, რომ თავად მთავრობის წარმომადგენლები წინააღმდეგობაში მოდიან თავის განცხადებებთან – თუ ადრე ამბობდნენ, რომ ნაგებობა 90%-ით დაზიანებულია და მისი რესტავრაციაც კი შეუძლებელია, გადატანა როგორღა მოხდება მაშინ ისე, რომ იგი არ განადგურდეს? თან ეს არ არის ჩვეულებრივი ძეგლი, რომელსაც გადავიტანთ, ეს არქიტექტურული ნაგებობაა, რომელიც კონკრეტულ სივრცეშია დადგმული. მოვუწოდებ მთავრობას, რომ იგი იყოს უფრო ღია თავის გადაწყვეტილებებში და გაითვალსწინოს საზოგადოების მოთხოვნა, იმიტომ რომ ეს არ არის 10 მოქალაქის მოთხოვნა, ეს ძალიან ბევრი ადამიანის გადაწყვეტილება და სურვილია, რაც მათი აქტიურობიდანაც ჩანს”.

ირაკლი ბაკურიძე: “ხვალ, 2 საათზე, რვაფეხას მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება აქცია, სადაც ვიკრიბებით ადამიანები, რომლებსაც აღელვებთ “რვაფეხას” და ბათუმის ბედი. მოვუწოდებ ყველას, ვისთვისაც სულერთი არ არის, რომ მოვიდეს, შემოგვიერთდეს და ერთად დავიცვათ “რვაფეხა””.

საინიციატივო ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ “ბათუმელებთან” ერთ-ერთ ინტერვიუში ირაკლი ჩავლეიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება “რვაფეხას” შენარჩუნებასთან დაკავშირებით, რომელიც მან 2014 წელს, ჯერ კიდევ საკრებულოს თავმჯდომარეობისას გააკეთა, არ შეესაბამება სიმართლეს – „ის ამბობს, რომ ეკონომიკის სამინისტროს იმ პირობით გადასცა ბათუმის საკრებულომ მიწა, რომ მოხდებოდა ტერიტორიის განკარგვა ისე რომ “რვაფეხა” შენარჩუნდებოდა, რადგან საზოგადოებრივი ინტერესი ამ ნაგებობის მიმართ არის ძალიან მაღალი. თუმცა, მე მინდა საზოგადოებას ვაჩვენო N83 განკარგულება, სადაც არ არის საუბარი იმაზე, რომ რვაფეხა უნდა შენარჩუნდეს. ამ განკარგულებაში ეს ნაგებობა საერთოდ არ არის ნახსენები” – ამბობს სოფო ჟღენტი.

 

გადაბეჭდვის წესი