მთავარი,სიახლეები

„ბატონო ბიძინა, გვიშველე!“-საპროტესტო აქცია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან

26.01.2019
„ბატონო ბიძინა, გვიშველე!“-საპროტესტო აქცია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან

დღეს, 26 იანვარს, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობდნენ როგორც საავადმყოფოს მედპერსონალი, ასევე, მოქალაქეები.

საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილის განცხადებით, ხელისუფლება რესპუბლიკური საავადმყოფოს გასხვისებას აპირებს, რასაც ისინი არ ემხრობიან.

„ევექსი“ აპირებს რესპუბლიკურში შემოსვლას და ჩვენ არ ვართ ამის მომხრე, რადგან გვინდა, რომ გვქონდეს სახელმწიფო საავადმყოფო. მე რიგითი მოქალაქე ვარ და ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ რესპუბლიკურმა საავადმყოფომ შეინარჩუნოს თავისი პროფილი და კერძო მფლობელის ხელში არ გადავიდეს,“- გვეუბნება კარლო ტაკიძე.

აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არის ბუნდოვანი და ნათლად არ აფიქსირებენ პოზიციას, რაც საავადმყოფოს გასხვისების ეჭვებს ბადებს.

საპროტესტო აქცია ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ „ბათუმელებთან“ საუბარში განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს გაყიდვა არ იგეგმება და არსებობს კონკრეტული გეგმა ამ საავადმყოფოსთან დაკავშირებით.

მინისტრის თქმით, ბათუმის, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოები, საჩხერის სამედიცინო ცენტრი და ზუგდიდის რუხის კლინიკა, მოქცეული იქნებიან ერთიან კონცეფციაში და იქნება სახელმწიფო საკუთრებაში.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეკონსტრუქცია საბიუჯეტო თანხებით მიმდინარეობს და სამუშაოებს „საბა კონსტრაქშენი“ ასრულებს. საავადმყოფოს მშენებლობასთან დაკავშირებით „საბა კონსტრაქშენთან“ ხელშეკრულება 2016 წლის 18 იანვარს 22 მილიონ ლარზე გაფორმდა და მშენებლობა მიმდინარე წლის 18 მაისამდე უნდა დასრულებულიყო.

როგორც აქციის მონაწილეებმა დღეს განაცხადეს, ისინი საპროტესტო აქციას რამდენიმე დღეში ისევ განაახლებენ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: