მთავარი,სიახლეები

სარფში ახალი სკოლის მშენებლობას საძირკველს ოფიციალურად ჩაუყრიან

01.09.2017
სარფში ახალი სკოლის მშენებლობას საძირკველს ოფიციალურად ჩაუყრიან

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში საჯარო სკოლის ახალი შენობა შენდება. დღეს, პირველ სექტემბერს, სკოლის მშენებლობის საძირკვლის ჩაყრის ცერემონია გაიმართება.

სკოლის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში 6 კომპანია მონაწილეობდა. ხელშეკრულება კი აჭარის განათლების სამინისტრომ შპს „დამბასთან“ 1 მილიონ 759 ათას ლარზე, 2017 წლის 12 ივლისს გააფორმა. სკოლის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში [2018 წლის ოქტომბერში] უნდა დასრულდეს.

სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფის საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობის სამუშაოებზე საავტორო ზედამხედველობის შესყიდვას სამინისტრო ტენდერის გარეშე აპირებს. შესასყიდი მომსახურების ღირებულება შეადგენს 7500 ლარს. სამინისტრომ უკვე მიმართა შესაბამისი თანხმობის მისაღებად შესყიდვების ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც სამინისტროს პასუხი 5 სექტემბრამდე უნდა გასცეს.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით: „საპროექტო დოკუმენტაცია 2015 წელს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით მომზადებული იქნა სს „აჭარკაპმშენი“-ს მიერ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სოფელ სარფის საჯარო სკოლის შენობის საპროექტო დოკუმენტაციის საავტორო უფლება ეკუთვნის „აჭარკაპმშენს“ და მის გარდა არცერთ სხვა პირს მასში ცვლილებების შეტანის უფლება არ აქვს. შესაბამისად, არ არსებობს ალტერნატივა მომსახურების სხვა პირისაგან შესასყიდად. აღნიშნული მომსახურების მოწოდება „აჭარკაპმშენი“-ს ექსკლუზიური უფლებამოსილებაა“.

შპს „დამბას“ სარფში ახალი სკოლის მშენებლობისთვის შესაბამისი სამუშაოები დაწყებული აქვს.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, პირველ სექტემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სკოლის მშენებლობას ჩაუყრის საძირკველს: „კაფსულის ჩაგდების ცერემონიალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის მთავრობის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები“.

მთავრობის ინფორმაციით „სკოლა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. დამონტაჟდება ლიფტი, კეთილმოეწყობა ეზო და ღია სპორტული მოედანი. შენობა გათვლილია 250 მოსწავლეზე. 2017 წლის მდგომარეობით სარფის საჯარო სკოლაში 137 მოსწავლე ირიცხება, მათ შორის – 9 პირველკლასელი. სკოლაში დასაქმებულია 25 პედაგოგი. პირველი ქართული დაწყებითი სკოლა ამ სოფელში 1925 წლის 1 სექტემბერს გაიხსნა. 1939 წელს კი დაწყებითი სკოლა გადაკეთდა საშუალო სკოლად. 1954 წელს კი აშენდა ახალი კორპუსი სკოლისთვის… “

2018 წლის ოქტომბრამდე, ანუ მშენებლობის დასრულებამდე, სარფის სკოლის მოსწავლეები გონიოს საჯარო სკოლაში გადანაწილდებიან. სარფის საჯარო სკოლის დირექტორის, ირმა მგელაძის ინფორმაციით, მოსწავლეები გონიოს სკოლაში მეორე სმენაში ისწავლიან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეები უზრუნველყოფილი იქნებიან ტრანსპორტით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: